ცალკეული პოლიტიკოსები, ექსპერტები მოუწოდებდნენ ბიძინა ივანიშვილს, თავად აეღო პასუხისმგებლობა პოლიტიკურ პროცესებზე, რადგან ქვეყანას პოლიტიკური პატრონი სჭირდებოდა და პოლიტიკური პატრონობა შეეძლო მხოლოდ იმ ადამიანს, ვისაც ხალხის მანდატი ექნებოდა. ამ მოწოდების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილმა პირადად არ აიღო ეს პასუხისმგებლობა და პრემიერად მამუკა ბახტაძე შემოგვთავაზა. რამდენად გონივრული იყო ეს არჩევანი და რას შეცვლის მამუკა ბახტაძე პრემიერის რანგში, ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ესაუბრა.
მოწოდების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილმა სხვა ადამიანს დააკისრა პრემიერის ტვირთი. რატომ მოხდა ასე? წარუმატებლობის შემთხვევაში, მისთვის საშიში აღმოჩნდებოდა პრემიერის სავარძელი?
- არა მგონია, ასე იყოს და, წარუმატებლობის შემთხვევაში, მისთვის საშიში გამხდარიყო პრემიერის სავარძელი. უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილს არ სურს, პირდაპირი მენეჯმენტით დაკავდეს. ჩვენთან ასეთი კონსენსუსი არსებობს და ეს ხელისუფლების ბრალია, ზუსტად კვირიკაშვილია ერთ-ერთი პასუხისმგებელი იმაზე, რომ საზოგადოებაში მუდმივად იყო განცდა, რომ ლამის თავისი ხელით მართავდა ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას. ასე ნამდვილად არ იყო. მეტსაც გეტყვით, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილებების 80%-ზე მეტის შესახებ არც კი იცოდა, არც ერეოდა ამაში, მაგრამ თვითონ კვირიკაშვილს აწყობდა ასეთ კომფორტში ცხოვრება, როცა ყველაფერი ბიძინას ბრალდებოდა, მათ შორის, კვირიკაშვილის შეცდომებიც. რა თქმა უნდა, ყველას აწყობს ასე, რომ რაღაც თამაში ითამაშოს და მისი თამაში სხვისი ბრალი აღმოჩნდეს. ასეთი მდგომარეობა განსაკუთრებული კომფორტია. ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ სურდა რეინტეგრაცია პოლიტიკაში, მაგრამ მან დაინახა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო შექმნილი და ამ ფორმით მოახდინა რეინტეგრაცია. მოახდინა იმ ფორმით, რა ფორმაც თავისთვის დასაშვებად ჩათვალა.
მაინც კითხვა კითხვად რჩება, ხომ არ სჯობდა, თავად ივანიშვილი გამხდარიყო პრემიერი და ამდენი სალაპარაკო არ გახდებოდა, რომ მან თავი აარიდა სირთულეებს და სხვა ადამიანს შეატოვა ეს სირთულეები?
- რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, ივანიშვილი გამხდარიყო პრემიერი, რადგან მაინც მასზეა პასუხისმგებლობა. თანაც, მე ვიცი ბიძინა ივანიშვილის მენეჯერული თვისებები და მისი პრემიერობა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა, მაგრამ ამ ადამიანს ეს არ უნდა, დაძალებით კი, გინდა თუ არა, პრემიერი გახდიო, არაფერი გამოვა. კი ბატონო, მან აიღო პასუხისმგებლობა, რადგან მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ ის მთავრობაზეცაა პასუხისმგებელი, რადგან სწორედ ის ახდენს მთავრობის ფორმირებას. ახლა ძალიან უკვირთ და ამბობენ, ბიძინა ივანიშვილს ვინ ეკითხება, პრემიერი ვინ გახდებაო? მეტი სიბრიყვე განა შეიძლება? სანამ კაცი პარტიის თავმჯდომარე გახდებოდა, ასეთი რამ მანამდე რომ ეთქვათ, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ ახლა, როცა პარტიის თავმჯდომარეა, ამ დროს მთელი ყაყანია ატეხილი, ვინ ეკითხება პრემიერის დანიშვნასო?
კვირიკაშვილის გადადგომა არც ვაშინგტონში მოუწონეს. აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი აცხადებს, რომ დემოკრატია წინ ვერ წავა, როცა ერთი ადამიანის უკმაყოფილების გამო პოსტს მთელი მთავრობის წევრები ტოვებენ. სხვათა შორის, 2016-ში იგივე კენეტ იალოვიცი გიორგი კვირიკაშვილს საკმაოდ ძლიერ ეკონომიკურ მენეჯერად ახასიათებდა, რომლის ხელშიც მთავრობამ დიდ წარმატებას მიაღწია.
- რაც შეეხება ვაშინგტონის პოზიციას, მეჩვენება, რომ ეს არის კონკრეტული დაკვეთა იმ ძალების მხრიდან, ვისაც არ მოეწონა ეს გადაადგილება. რა კომენტარებიც მესმის ვაშინგტონიდან (ეს არის ექსპერტების კომენტარები და არა სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენელთა კომენტარები), ეს არის ზუსტად დაფინანსებული კომენტარები. აქ არ ვგულისხმობ, რომ ამ ადამიანებს თანხა გადაუხადეს, უბრალოდ, ლობისტები მოქმედებენ, რომლებსაც არ აწყობთ საქართველოში მიმდინარე ცვლილებები. იმასაც ვხედავთ, როგორი კამპანიაა აგორებული მამუკა ბახტაძის წინააღმდეგ. რა გგონიათ, ამას ვიღაც შემთხვევით და სპონტანურად აკეთებს? სინამდვილეში, ამის უკან კონკრეტული ადამიანები დგანან, კონკრეტული ინტერესებით და კონკრეტული დაფინანსებით ხდება ეს ყველაფერი.
მამუკა ბახტაძე ახალგაზრდა, პოლიტიკაში გაუსვრელი ადამიანია, თუმცა მასაც მოუძებნეს მინუსი, რომ თურმე 2012 წელს გარკვეული თანხა შესწირა „ნაცმოძრაობის“ ყულაბას, რაც იმ პერიოდში „ნაცების“ ძალმომრეობით აიხსნა. არის ეს რეალური კომპრომატი მამუკა ბახტაძისთვის?
- ეს არ არის კომპრომატი და, რაც მთავარია, არ არის ახალი ამბავი. ამის შესახებ ვიცით 2013 წლიდან, ანუ იქიდან მოყოლებული, როდესაც მამუკა ბახტაძემ რკინიგზაში დაიწყო მუშაობა. ეს არ არის დამალული თემა და არ შეიძლება კომპრომატად ჩაითვალოს მაშინ, როდესაც ამ კომპრომატზე ის ხალხი ლაპარაკობს, ვისაც იმ რეჟიმის წარმომადგენლები გვერდით უსხედან პარლამენტში. მამუკა ბახტაძემ ტექნიკურად შეასრულა გარკვეული ოპერაცია იმ მოცემულობით, რაც იმ პერიოდში იყო. მას ეს იმიტომ არ გაუკეთებია, რომ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი იყო, ამას სხვა მიზეზი ჰქონდა და ეს იმ ადამიანებმაც კარგად იციან, ვინც ამაში დანაშაულს ხედავს. თუმცა დაკვეთაა ასეთი, რომ რაღაცნაირად მოხდეს მისი დისკრედიტირება. ეს ძალიან სულელური და არაეფექტური დაკვეთაა.
პრემიერ-მინისტრის ამპლუაში მამუკა ბახტაძე იქნება კი ისეთივე პრინციპული, როგორც ფინანსთა მინისტრობისას, როცა საქართველოს ეკონომიკის დამამუხრუჭებელი ბანკების მიმართ მკვეთრად უარყოფითი პოზიცია გამოხატა?
- იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ასე იქნება. სხვა გზა უბრალოდ არ არის. რამდენადაც მესმის, ბიძინა ივანიშვილის განწყობაც ისეთია, რომ იგი მზად არის, მისცეს ახალ მთავრობას იმდენი ძალაუფლება, რამდენის ზიდვასაც ისინი შეძლებენ. თავად მამუკა ბახტაძემ გარკვეული რეფორმისტული პოტენციალი გამოაჩინა. მას ჰქონდა საკმაოდ საინტერესო ინიციატივები საბანკო სფეროსთან მიმართებით, საგადასახადო სფეროში, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის თვალსაზრისით, სტარტაპებთან დაკავშირებით. მას ჰქონდა სწორი და ჯანსაღი ხედვა. ეს გარკვეულ საფუძველს ქმნის, რომ იგი შეიძლება წარმატებული იყოს. თუმცა მე მაინც ზომიერად ოპტიმისტი ვიქნები, რადგან როგორ გაუძლებს ამხელა პასუხისმგებლობას ადამიანი, ძნელია საბოლოო დიაგნოზის დასმა, სანამ ამას არ ნახავ მოქმედებებში.
გიორგი კვირიკაშვილს ლოიალური დამოკიდებულება და ახლობლობა ჰქონდა ბანკებთან. ალბათ, მამუკა ბახტაძის პრემირად გახდომა არ არის კარგი სიურპრიზი ბანკებისთვის.
- ამას არ ერქვა ლოიალური დამოკიდებულება. ჩვენ მივიღეთ სურათი, როდესაც ბანკებმა დომინირება დაიწყეს, ნაცვლად იმისა, რომ ისინი მომსახურებოდნენ ქართული ეკონომიკის განვითარებას, მისი დაკრედიტება მოეხდინათ, თანხები მიეცათ ეკონომიკის განვითარებისთვის. ბოლო წლებში ბანკების მოგება რატომ გაიზარდა? იცით, რას ნიშნავს მათი მოგების გაზრდა? ეს ნიშნავს, რომ ის ფული, რომელიც ბიზნესის რეალურ სექტორს მთელი პროდუქტიდან მოგების სახით უნდა მიეღო, გადაიქაჩა ბანკებში.
ამ დროს ბანკები არაფერს ქმნიან.
- არაფერს ქმნიან და ბიზნესი დარჩა მშრალზე, რადგან არაფრისგან არაფერი არ რჩება. ის მოგება ან ბიზნესს უნდა ენახა, ან ბანკებს, ამ დროს კი ბანკებში გადაიქაჩა ფული. ეს პრობლემურია, არ მინდა, ბანკებს რამე დავაბრალო, მაგრამ ბანკი იქნება თუ სხვა, თუკი შენ მისცემ ფულის შოვნის საშუალებას, რა თქმა უნდა, იშოვის ამ ფულს. საქმე ისაა, შენ ისეთი რეგულაციები გქონდეს, რომ ეს ყველაფერი ჰორიზონტალურად გადანაწილდეს და ყველამ მიიღოს იმდენი, რამდენსაც იმსახურებს, ანუ ვიღაცას არ უნდა მისცე პრიორიტეტი. კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში აშკარად იგრძნობოდა მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება ბანკებისადმი. სადღაც ეს გასაგები იყო, რადგან თვითონაც ბანკირია. საბოლოო ჯამში, ბანკები თავს არ იტკიებდნენ რეალურ სექტორთან კომუნიკაციისთვის და მთელი საქართველო, ფაქტობრივად, ლომბარდებად იქცა.
თუკი ბახტაძემ „დაარტყა“ ბანკებს, ბანკები ხომ არ გადაიყოლებენ ახალ პრემიერს? მით უმეტეს, რომ ბანკები უკვე მძლავრ სისტემად იქცნენ, ფინანსები კი ბევრ რამეს განსაზღვრავს ჩვენისთანა ღარიბ ქვეყანაში.
- ეს გასაგებია, თუმცა ბანკებს გაუჭირდებათ, რადგან ბახტაძეს არანაკლები ზურგი აქვს ბიძინა ივანიშვილისა და სხვების სახით. ყველა ბანკი ერთად რომ შევკრიბოთ, ბიძინა ივანიშვილის წონას მაინც ვერ გადაწონის. აქედან გამომდინარე, ბახტაძეს ამ საქმეში სერიოზული ზურგი ექნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბახტაძე ბანკებს მაინცდამაინც ომს დაუწყებს. არ დაუწყებს, უბრალოდ, იმ ჩარჩოებში მოაქცევს, რაც ცივილიზებული სამყაროსთვის დამახასიათებელია. არ მომწონს, როდესაც ბანკები არაპროფილური ბიზნესით არიან დაკავებულნი. ასეთი რამ არსად არ ხდება. ეს უნდა შეიცვალოს, რაც ბანკებისთვისაც კარგი იქნება. ფული არ არის მთავარი, წინ ხომ უნდა გაიხედონ? კი ბატონო, დღეს შეიძლება შენ ბევრის უფლება გქონდეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს შეიძლება პრობლემად გექცეს. თავად ბანკებს რად უნდათ ეს თამაში? ჩაეტიონ საკუთარ ტყავში, ნუ გამოძვრებიან თავისი ტყავიდან, რისი საშუალებაც მისცა თავის დროზე გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილი, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მადლიერებით არ წასულა პოსტიდან.
- ობიექტურობისთვის, მან თქვა მადლობა, მაგრამ გვარი და სახელი არ უხსენებია. სანამ პრემიერი იყო, მანამდე ბიძინა ივანიშვილს დითირამბებსა და სერენადებს უმღეროდა. ახლა სახელი და გვარიც არ ახსენა, უბრალოდ, მადლობა გადაუხადა თავმჯდომარეს, რაც სუსტი ადამიანისთვის დამახასიათებელი საქციელია. მან ვერ გაბედა მისი სახელის ხსენება.
ანუ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პრემიერის პოსტიდან წასული ორი განაწყენებული ადამიანი - კვირიკაშვილი და, როგორც ზოგიერთები ფიქრობენ, მისი წინამორბედი ღარიბაშვილი? საუბრობენ იმაზეც, რომ შეიძლება ოპოზიციაში წავიდეს კვირიკაშვილი.
- სად წავა კვირიკაშვილი, ეს უკვე არავისთვის საინტერესო არ არის. შეიძლება, ის წავიდეს პოლიტიკაში, მაგრამ არც პოლიტიკაში იქნება საინტერესო ისევე, როგორც პრემიერის რანგში არ იყო საინტერესო. რაც შეეხება ღარიბაშვილს, კი ბატონო, პირველ ეტაპზე შეიძლება იყო რაღაც დაძაბულობა, მაგრამ ახლა ის მშვენივრად გრძობს თავს, ის დღეს თავის ადგილზეა, საკუთარ საქმეს აკეთებს და არც ბიძინა ივანიშვილთან გაუფუჭებია მაინცდამაინც ურთიერთობა. ასე რომ, მე ვერ ვიტყოდი, რომ ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი ერთი ფენომენია, ღარიბაშვილი ბევრად უფრო ღირსეულად მოიქცა, ვიდრე კვირიკაშვილი.