ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შვეიცარია საბანკო საიდუმლოების, ან, უფრო მეტიც, როგორც თავად ალპური ქვეყნის მცხოვრებლები ირწმუნებიან, კლიენტთა პირადი ცხოვრების დაცვის სიმბოლოდ ითვლებოდა. მაგრამ, შვეიცარული საბანკო საქმის ეს ფუნდამენტი გამჭვირვალობისაკენ მოწოდებებისა და ზეწოლის შედეგად არცთუ დიდ ხანია დაიმსხვრა. მათ ფონზე შვეიცარული ფონზე შვეიცარული ფინანსური ინსტიტუტები ანაქრონიზმად გამოიყურებოდა.
აშშ–ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და მაღალი დონის საგადასახადო სისტემის მქონე სხვა ქვეყნების მოთხოვნის შედეგად გასული წლის ბოლოს შვეიცარელმა ბანკირებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ თავიანთ ძველ კრედოზე, რომელიც ეხება იმ კლიენტთა ანაბრების საიდუმლოების დაცვას, რომლებსაც სამშობლოში გადასახადებისაგან თავის არიდებაში ადანაშაულებენ. აქამდე ამგვარ ქვეყნებს ბევრად უფრო სერიოზული ბრალდების – მაქინაციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულება უნდა წარმოედგინათ. შვეიცარია ტრადიციულად ითვლებოდა კერძო კლიენტთა საყვარელ ნავსაყუდელად – მსოფლიოს მცხოვრებთა მთლიანი კერძო დანაზოგიდან, რომელიც 7 ტრილიონ დოლარს შეადგენს, მის ბანკებში 2 ტრილიონი დევს.
კანონი, რომელში ცვლილების შეტანას ბერნი დათანხმდა, 1934 წელს მიიღეს. თუმცა, მან მხოლოდ რატიფიცირება მოახდინა ასწლეულების განმავლობაში არსებული კონფედენციალობის დაცვის პრაქტიკისა. მრავალი წლის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ითვლებოდა, რომ საბანკო საიდუმლოების დაცვას ბევრად მეტი დადებითი მხარე აქვს, ვიდრე უაყოფითი. შვეიცარელ ბანკირებს თითქმის ნახევარი საუკუნე დასჭირდათ, რომ იმ ებრაელთა ანაბრების საიდუმლოება გაემჟღავნებინათ, რომლებიც ნაცისტებმა დახოცეს. საბოლოოდ, მათი მემკვიდრეებისათვის 1,25 მილიარდი დოლარის მოცულობის საკომპენსაციო ფონდი შეიქმნა. გარდა ამისა, შვეიცარიელები ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ, მაგრამ ამა თუ იმ ქვეყნისათვის საგასახადო კანონმდებლობის დამრღვევ პირთა შესახებ ინფორმაციის გაცემაზე მკაცრ უარს ამბობდნენ.
ცხადია, ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა. ჩვენ ხომ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელშიც ადამიანთა პირადი ინფორმაციის, მათ შორის ფინანსურის, გავრცელება უკვე ნორმად არის ქცეული. მარეგულირებელი ორგანობი, მათ შორის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების ამერიკული კომისია იმ ტოპ-მენეჯერთა შემოსავლის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას ითხოვს, რომელთა კომპანიათა აქციებით ბირჟებზე ვაჭრობენ. იმ მრავალრიცხოვანმა დახმარებებმა, რომლებიც ფინანსურ კომპანიებს ეწევა, კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობა მოითხოვა.
კაცმა რომ თქვას, სწორედ პირადი ინფორმაციის გახმოვანება დაედო საფუძვლად ისეთ ონლაინ-სამსახურებს, როგორებიცაა LinkedIn, Facebook ან MySpace. მათი მომსახურებით ასეულობით მილიონი ადამიანი სარგებლობს, რაც გამჭვირვალობის ატმოსფეროს ქმნის.
ამ ფონზე, შვეიცარელთა მიერ კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვა აშკარად ძველმოდურია. თუმცა, ისიც არ უნდა დავივიწყოთ, მრავალი წლის განმავლობაში რაოდენ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ ქვეყანამ ევროპის განვითარებაში. მაგალითად, ისეთი ქვეყნების, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია და გერმანია მოქალაქეების საბანკო საიდუმლოების დაცვა, როცა მათი მთავრობები ეროვნული ვალუტის დევალვაციას, ექსპროპრიაციის და საგადასახადო საგადასახადო ქვოტების შემოღებას ახდენდნენ ძალზე მნიშვნელოვანი იყო.
ცხადია, ვერავინ იტყვის, რომ გადასახადებისაგან თავის არიდება კარგია. თანაც, შვეიცარულ ბანკებში დიდ ხანს ინახებოდა ტირანებისა და დამნაშავეების კაპიტალი. ამასთან, ეს ქვეყანა კარგა ხანს სხვა ქვეყნების საგადასახადო დონის შემამსუბუქებლის როლს თამაშობდა – მათ მოქალაქეებს ხომ ყოველთვის შეეძლოთ პირადი კაპიტალი შვეიცარიაში გადაეტანათ, თუ სამშობლოში ბეგარისაგან ძალიან დაზარალდებოდნენ. შვეიცარელ ბანკირთა ასოციაციის თავკაცი ამას წინათ ტყუილად როდი აცხადებდა, უცხოური ქვეყნების მთავრობებმა დამნაშავე სარკეში უნდა ეძებონ, რადგან გადასახადებისაგან თავის ქრონიკული არიდება სახელმწიფოსა და მოქალაქეთა შორის არაჯანსაღი ურთიერთობის ნიშანიაო.
მაგრამ, შვეიცარიაში რომ ყველაფერი რიგზე არ იყო, ქვეყნის ფულის გათეთრების კონტროლის სამსახურის (MROS) ინფორმაციით, ამ ქვეყნის ფინანსური სისტემის გავლით გათეთრებული ფულის რაოდენობა გასულ, 2008 წელს გაორმაგდა და სარეკორდო 1,87 მილიარდ შვეიცარულ ფრანკს (1,24 მილიარდი ევრო) მიაღწია. ეს ციფრი „საეჭვო“ ტრანზაქციების საერთო მოცულობაზე მიუთითებს. ეგზომ მაღალი მაჩვენებელი პირველ რიგში, სამი შემთხვევის გამო დაფიქსირდა, რომლებშიც ცხრანიშნა თანხები, მთლიანობაში 700 მილიარდი ფრანკი ფიგურირებდა.
შვეიცარიის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას განსაკუთრებით მძაფრად აშშ და ევროკავშირი ითხოვდნენ. თებერვალში შვეიცარიის უმსხვილესმა ბანკმა UBS-მა ჯარიმა გადაიხადა და მასში ანგარიშის მქონე ამერიკელ მოქალაქეთა შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ამის შემდეგ ვაშინგტონმა კიდევ ერთი ვრცელი ჩამონათვალი წარმოადგინა.
საბანკო საიდუმლოების შესახებ დებატებისას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას დიდი ყურადღება არ დათმობია. საქმე ბევრად სერიოზულად იყო. გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა მუქარით ისიც კი განაცხადა, ძველად შვეიცარელთა ამგვარი საქციელი ჯარების შეყვანის მიზეზი იქნებოდაო. ამის შემდეგ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის ელჩი გამოიძახა და ნოტა გადასცა, მუქარისაგან თავი შეიკავეთო. მოკლედ, ორ ქვეყანას შორის სიტუაცია სერიოზულად დაიძაბა.
იძულებით ცვლილებათა მიუხედავად, შვეიცარელთა ეთიკის განუყოფელ ნაწილად კვლავ რჩება კონფიდენციალურობა. სოციოლოგიური გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ქვეყნის მოქალაქეები ბოლოდროინდელი ცვლილებების მიმართ არალოიალურად არიან განწყობილი. ისინი თვლიან, რომ საბანკო საიდუმლოების მინიმუმადე დაყვანა შვეიცარულ თვითმყობადობას ეწინააღმდეგება. ქვეყნის პრეზიდენტმა ჰანს-რუდოლფ მერცმა თანამემამულენი დაამშვიდა და განაცხადა, რომ შვეიცარული ბანკები უპირატესობას არ დაკარგავენ.
შვეიცარული ბანკების საქმიანობაში განხორციელებული ცვლილება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, თუ როგორ ცვლის თავისუფალი ინფორმაციის მიღების სურვილი ფუნდამენტალურ პრინციპებს. როგორც შვეიცარელები დარწმუნდნენ, პირადი ცხოვრების უფლებას დღეს მისი გამჭვირვალობის აუცილებლობა ცვლის. სხვებზე ბევრის ცოდნა მოთხოვნილებადაა ქცეული.