Harley-Davidson-ის საუკუნოვანი ეპოპეა

Harley-Davidson-ის საუკუნოვანი ეპოპეა

Harley-Davidson-ის მოტოციკლები მთელს მსოფლიოშია განთქმული. თავისი 107 წლიანი არსებობის განმავლობაში კომპანიამ არაერთი სიძნელე დაძლია, მაგრამ თავისი განუმეორებელი სტილისათვის, რითაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა, არასოდეს უღალატია.

ამერიკელი ბაიკერი

მეოცე საუკუნის დასაწყისში მოტოციკლების წარმოება ძირითადად ევროპაში გახლდათ თავმოყრილი. ამერიკის კონტინენტზე იგი, შეიძლება ითქვას, ჩანასახოვან მდგომარეობაში იყო. მიუხედავად ამისა, როცა ძმებმა უოლტერ და არტურ დევიდსონებმა უილიამ ჰარლეისთან ერთად თავიანთი პირველი მოტოციკლი ააწყვეს, აშშ-ში უკვე არსებობდა მოტოციკლების მწარმოებელი სხვა კომპანიები. მათგან გამორჩეული 1901 წელს დაარსებული Indian Motorcycle Co იყო, რომელიც მრავალ წლის განმავლობაში Harley-Davidson-ის მთავარი კონკურენტი გახლდათ.

მაშ ასე, 1903 წელს ჩიკაგოს გარეუბანში, პაწაწინა ფარდულში, რომლის კარზეც ლურსმნით ამოკაწრული იყო Harley Davidson Motor Company, დევიდსონებმა და ჰარლეიმ, რომლებსაც ის იყო 20 წელი შეუსრულდათ, პირველი მოტოციკლი დაამზადეს. კაცმა რომ თქვას, ეს უფრო ველოსიპედი იყო, რომელიც ერთცილინდრიანი ძრავით გახლდათ აღჭურვილი. იგი მათმა მაგობარმა შეიძინა. იმავე წელს კიდევ სამი მოტოციკლი დამზადდა და, შეიძლება ითქვას, კომპანიის ისტორიაში პირველი გვერდი გადაიფურცლა.

1904 წელს 8, ერთი წლის შემდეგ 16, 1906 წელს კი უკვე 50 მოტოციკლი დამზადდა. ისინი იმ დროისათვის პოპულარული შავი მოტოციკლებისაგან განსხვავებით ნაცრისფრად იყო შეღებილი. იმ პერიოდის ბაიკერებმა მათ „ჩუმი, ნაცრისფერი მეგობარი“ შეარქვეს, რადგან ისინი ფერის გარდა ძრავის დაბალი ხმაურით გამოირჩეოდა.

წარმატებით ფრთაშესხმულმა მეგობრებმა წარმოება გააფართოვეს და გარკვეული, მნიშვნელოვანი ტექნიკური სიახლეები დანერგეს. კერძოდ, 1908 წელს გამოშვებული მოდელები ვაკუუმიანი სარქველებით და განთქმული ძლიერი, V-Twin-ის ძრავით იყო აღჭურვილი და კონკურენტების ნაწარმისაგან ამით გამოირჩეოდა.

10-იანი წლების დასაწყისში Harley-Davidson-მა შეიმუშავა ორსიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი და ძრავის მოცულობა 1200 კუბურ სმ-მდე გაზარდა. 20-იანი წლების დასაწყისში კი გამოჩნდა V-ტიპის ძრავით აღჭურვილი მოდელები. აღსანიშნავია, რომ ამ სისტემის ძრავმა მართლაც ძალიან გაამართლა და დიდი მოწონება დაიმსახურა.

სამწუხაროდ, მალე დადგა „შავი ორშაბათი“ - 1929 წლის 29 ოქტომბერი, ამერიკული საფონდო ბირჟების ვარდნის დღე და დაიწყო დიდი დეპრესია. აღმავლობის გზაზე მდგარ კომპანიას მძიმე დროება დაუდგა, გაყიდვებმა სამჯერ იკლო, მაგრამ Harley-Davidson გაკოტრებას გადაურჩა, მაშინ როცა ბევრი კონკურენტი დაიხურა. და როცა 30-იანი წლების შუაში ეკონომიკური სიტუაცია სტაბილური გახდა, Harley-Davidson მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან მოთხოვნილება შეთავაზებას აღემატებოდა.

ამ პერიოდში კომპანიამ ახალი, მძლავრი, 1000 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრავებით აღჭურვილი მოდელები გამოუშვა. გარდა ამისა, ახალი მოტოციკლები გადაცემათა ოთხსიჩქარიანი კოლოფით და იმ დროისათვის რევოლუციური სიახლით - ბენზინის ბაკზე განლაგებული ხელსაწყოთა დაფით გამორჩეოდა. ეს მოდელები ძლიერ პოპულარული გახდა.

დაკარგული და მოპოვებული დამოუკიდებლობა

1941 კომპანიამ ქვიშასა და უგზოობის პირობებში სამგზავრო მოტოციკლი დაამზადა, რომელიც ბაზარზე მოთხოვნილებით შემდგომი 12 წლის განმავლობაში სარგებლობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს სიახლეებმა იკლო, კომპანია ძირითადად ძველ მოდელებს აწარმოებდა და არმიულ შეკვეთებზე მუშაობდა. 1948 წელს შეიქმნა ახალი მოდელი Penhead, რომლითაც კომპანიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. იგი აღჭურვილი იყო ახალი კონფიგურაციის, ალუმინის სარქველიანი ძრავით და ახალი ტიპის ამორტიზატორებით.

50-იანი წლებიდან მოყოლებული Harley-Davidson-ს იაფ და ეკონომიურ ევროპულ და იაპონურ მოტოციკლებთან კონკურენცია ძალიან უჭირდა. ამიტომ, რამდენიმე მოდელის წარმოების შეჩერება გადაწყდა. 1965 წელს კომპანია სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა, კიდევ უფრო მწვავე გახდა უცხოელ კონკურენტებთან ბრძოლა. Harley-Davidson-ს ძალიან გაუჭირდა, გაყიდვების მოცულობამ და შემოსავალმა ძალიან იკლო, ფინანსური მდგომარეობა გვარიანად გაუარესდა.

Harley-Davidson-ის ხელმძღვანელობა კორპორაციული მყიდველების ძებნას შეუდგა. ისინი გამოსავალს სხვა ფირმასთან გაერთიანებაში ხედავდნენ. 1969 წელს კომპანიამ American Machine and Foundry (AMF) შეიძინა Harley-Davidson-ის აქციების საკონტროლო პაკეტი და მის ფაქტიური მფლობელი გახდა. ახალ მეპატრონეებს განსხვავებული ხედვა ჰქონდა, მათი აზრით, მომავალი მცირელიტრაჟიან მოტოციკლებს ეკუთვნოდა. ახალ მოდელებს Harley-Davidson-თან სახელის გარდა საერთო არაფერი ჰქონდა.

ამ ნოვაციამ იაპონელ კონკურენტებთან ბრძოლაში გარდატეხა ვერ შეიტანა. 70-იანმა წლებმა აჩვენა, რომ AMF-ის ხელმძღვანელობით Harley-Davidson არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა. საბოლოოდ, 1981 წელს Harley-Davidson-ის დირექტორთა საბჭომ აქციების უკან გამოსყიდვა გადაწყვიტა, რაც 1981 წელს განხორციელდა.

ხარისხიანი და განუმეორებელი მოტოციკლების მწარმოებელი კომპანიის იმიჯის დაბრუნება იოლი არ იყო. Harley-Davidson-მა ადრინდელი პოლიტიკა დაიბრუნა და ბაზარს რამდენიმე წარმატებული ტექნიკური სიახლე და ახალი მოდელი შესთავაზა. 80 და 90-იან წლებში კომპანიამ სიძნელეების დაძლევა მოახერხა და გაფართოვებაზე ზრუნვაც დაიწყო. 1993 წელს შეძენილ იქნა სპორტული მოტოციკლების მწარმოებელი Buell Motorcycle Co და დაიწყო წარმოების განვითარებად ქვეყნებში გადატანა.

სწორედ ეს უკანასკნელი გახდა გადამწყვეტი სიძნელეთა დასაძლევად და კიდევ ერთი კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელიც Harley-Davidson-ს 21-ე საუკუნის დასაწყისში შეექმნა. საბოლოოდ, კომპანიამ თავისი განუმეორებელი იმიჯი და მსოფლიო ბაზარზე მყარი პოზიცია შეინარჩუნა.