წელს ქვეყნის საშუალო სკოლების კურსდამთავრებულებმა კატასტროფული შედეგები აჩვენეს ფიზიკაში, ქიმიაში და მათემატიკაში. თანაც ეს საგნები ჩასაბარებლად აბიტურიენტთა რეკორდულად მცირე რაოდენობამ აირჩია. ამ ფონზე „სრულიად მოულოდნელს“ უწოდებენ განათლებისა სამინისტროს გადაწყვეტილებას, შენობიდან გააძევოს მრავალწლიანი ისტორიის და მსოფლიო სახელის მქონე ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი.
პოლიტიკური პარტია ახალი მემარჯვენეების განცხადებით, ის, რაც ხდება დღეს მეცნიერების ორგანიზაციის სფეროში: მეცნიერების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაჩანაგება, მეცნიერთა უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობა და მათი პრესტიჟის შელახვა, ამ გაუაზრებელი რეფორმების გაგრძელებაა და კიდევ უფრო მძიმე შედეგებს მოუტანს ქვეყანას.
ახალი მემარჯვენეები 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. მათი განცხადებით, 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების სტატისტიკური ანალიზის შედეგად, რომელიც საქართველოს განათლების სამინისტროს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრმა გამოაქვეყნა, ქვეყნის საშუალო სკოლების კურსდამთავრებულებმა კატასტროფული შედეგები აჩვენეს ფიზიკაში, ქიმიაში და მათემატიკაში: ფიზიკაში მინიმლური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 58%-მა, ქიმიაში - 38%-მა და მათემატიკაში - 33%-მა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს საგნები ჩასაბარებლად აირჩია აბიტურიენტთა რეკორდულად მცირე რაოდენობამ.
„ასეთი შედეგების ფონზე, თითქოს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს რეაქცია უნდა ყოფილიყო დაუყოვნებლივ სიტუაციაში გარკვევა და გამომწვევი შედეგების დადგენა, ასევე, სასწრაფოდ ზომების მიღება ქვეყანაში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონის ასამაღლებლად და ზოგადად, ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარებისთვის ხელშეწყობის გეგმის დასახვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მემარჯვენეების განცხადებით, ამ სიტუაციაში სრულიად მოულოდნელი იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილება, შენობიდან გააძევოს მრავალწლიანი ისტორიის და მსოფლიო სახელის მქონე ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი.
„სამინისტრომ არ იკმარა ის, რომ ამ ინსტიტუტს უკვე წაართვა ოთხსართულიანი შენობის ორი სართული და იქ ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და განათლების აკრედიტაციის ცენტრის განთავსებას აპირებს. ახლახან მან ინსტიტუტის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ აპირებს დაიკავოს შენობის პირველი სართულიც, სადაც ინსტიტუტის 75 წლის ისტორიის მქონე ბიბლიოთეკაა განლაგებული და იქ სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო განათავსოს.
სამწუხაროა, რომ სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ გააგრძელა ძველი ხელმძღვანელების მანკიერი სტილი, როდესაც ისინი არ ითვალისწინებდნენ განათლებისა და მეცნიერების ორგანიზაციის ექსპერტების, მეცნიერების, სპეციალისტების მოსაზრებებს და ატარებდნენ რეფორმებს, რომლებმაც, უკვე სრულიად აშკარაა, უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო საშუალო და უმაღლესი სკოლა, მეცნიერება საქართველოში“, – აცხადებენ ისინი.
მათი განცხადებით, ის, რაც ხდება დღეს მეცნიერების ორგანიზაციის სფეროში: მეცნიერების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაჩანაგება, მეცნიერთა უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობა და მათი პრესტიჟის შელახვა, ამ გაუაზრებელი რეფორმების გაგრძელებაა და კიდევ უფრო მძიმე შედეგებს მოუტანს ქვეყანას.
„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კარგად უნდა ესმოდეს, რომ ასეთ პირობებში ახალგაზრდა თაობას არც სურვილი გაუჩნდება და არც იმის შესაძლებლობა ექნება, წავიდეს მეცნიერებაში, რაც გამოიწვევს შეუქცევად შედეგებს: მალე აღარც პედაგოგთა შემდეგი თაობები გვეყოლება, რომლებიც შეძლებენ საბუნებისმეტყველო საგნები ასწავლონ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. ეს მძიმე დანაშაული იქნება ქვეყნის მომავლის წინაშე.
სამწუხაროა, რომ ამ თემით საერთოდ არ ინტერესდება საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი, რომელიც ვალდებულია საზღვრავდეს განათლებისა და მეცმიერების პოლიტიკას საქართველოში. მოვუწოდებთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შექმნას კომპეტენტური ჯგუფი ექსპერტებისგან, სპეციალისტებისგან, რომელიც ქვეყანაში არსებული სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის შესწავლის და ანალიზის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებებს მეცნიერების სწორი ორგანიზაციისთვის საქართველოში, – აცხადებენ ახალი მემარჯვენეები.
შეგახსენებთ, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ბოლო გამოსვლას, რომ ქვეყანაში აბიტურიენტთა საერთო მომზადების დონე გაუარესდა. როგორც მაია მიმინოშვილმა განაცხადა, გამოცდებში მონაწილე 36 500-მდე აბიტურიენტიდან, ამ დროის მონაცემებით, 3000 კონკურსს გამოეთიშა.
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდების შედეგებიც გამოაქვეყნა. მიმინოშვილის განცხადებით, 14 ათასი აბიტურიენტიდან, რომლებმაც მათემატიკა აირჩიეს, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა 34%-მა ვერ გადალახა, ფიზიკა მხოლოდ 81-მა აბიტურიენტმა აირჩია, თუმცა მათგან 58%-მა ვერ ჩააბარა. ქიმიის გამოცდაში მონაწილე 465 აბიტურიენტიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 38%-მა ვერ გადალახა.
მაია მიმინოშვილის შეფასებით, შედეგები დამაფიქრებელია, რადგან, ერთი მხრივ, ამ საგნების ჩაბარების მსურველ აბიტურიენტთა რაოდენობა იყო მცირე და, მეორე მხრივ, მსურველთა ნახევარმა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა, ყველაზე ცუდი შედეგები კი ფიზიკის გამოცდამ აჩვენა.
წლევანდელი გამოცდებისთვის ერთი გამოცდის დამატება და ისიც საბუნებისმეტყველო საგნებში შარშან გამოცდების დასრულების შემდეგ გადაწყდა. მოტივაცია კი ის გახლდათ, რომ აბიტურიენტებს შორის ამ საგნების ჩაბარების სურვილი გაზრდილიყო. რამდენად გამართლდა ეს მოლოდინი, არსებითად აჩვენა კიდეც წლევანდელმა გამოცდებმა. მაია მიმინოშვილის განცხადებით, საგამოცდო ტესტები შარშანდელთან შედარებით გამარტივებული იყო.
„ძალიან დამაფიქრებელია ეს შედეგები და ამას, პირველ რიგში, სერიოზული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება საბუნებისმეტყველო და მათემატიკის სწავლების კუთხით სკოლაში. 6 წლის განმავლობაში სულ იყო კითხვა, უმჯობესდება თუ უარესდება ჩვენი აბიტურიენტების მომზადების დონე. სულ ვამბობდი, რომ დრამატულად არც უმჯობესდება და არც უარესდება, წელს უნდა ვაღიარო, რომ შედეგები დამაფიქრებელია და გაცილებით დაბალია აბიტურიენტების მომზადების დონე, ვიდრე გასულ წლებში“, - ამბობს მაია მიმინოშვილი.