Procter & Gamble-ის სისუფთავის და სილამაზის დიდი ბიზნესი

Procter & Gamble-ის სისუფთავის და სილამაზის დიდი ბიზნესი

ამერიკული კომპანია Procter & Gamble მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელსაც განთქმული ჟურნალის Forbes-ის რეიტინგში 29-ე ადგილი უკავია. იგი საოჯახო და პერსონალური მოხმარების ბაზრის უპირობო ლიდერია და არაერთ საყოველთაოდ განთქმულ ბრენდს ფლობს.

საპნის ნოვატორი

1837 წელს აშშ-ს ეკონომიკაში მძიმე შიდაპოლიტიკური ვითარების გამო თითქმის კოლაფსური ვითარება შეიქმნა. სწორედ ამ მძიმე სიტუაციაში ორმა რისკიანმა ჯენტლმენმა – ინგლისელმა უილიამ პროქტერმა და ირლანდიელმა ჯეიმს გემბლმა გადაწყვიტეს დაეარსებინათ კომპანია და გამოეშვათ სანთლები და საპონი, რაც, მათი აზრით, ნებისმიერ დროსა და ვითარებაში მოთხოვნილებით სარგებლობდა.

უილიამი და ჯეიმსი საპონს გულმოდგინედ ხარშავდნენ და ცდილობდნენ მათი კომპანია არ გაკოტრებულიყო, ტექნოლოგიები დაეხვეწათ და პერსპექტიულად ექციათ. ბევრ ისეთ რამესაც აკეთებდნენ, რასაც ინოვაციას ეძახიან. მაგალითად, ეგზომ პრიმიტიული პროდუქციაც კი საფირმო ორიგინალობით გამოირჩეოდა. სხვების ნაწარმთან შედარებით მოსახერხებელი, ოდნავ უკეთესი, იაფი და ეფექტური იყო. შედეგად, ახალგაზრდა ფირმამ თავისი სიცოცხლისუნარიანობა დაადასტურა და ბაზრის გარკვეული სექტორი აითვისა. უილიამმა და ჯეიმსმა თავი გარკვეულ თანხას მოუყარეს და დიდი ქარხნის მშენებლობაც წამოიწყეს.

P&G ერთ-ერთი პირველი კომპანია გახლდათ, რომლის ყველა პროდუქცია საფირმო ლოგოტიპით იყო გაფორმებული. აშკარა იყო, რომ პროქტერს და გემბლს მარკეტინგი კარგად ესმოდათ. ამასთან, ისინი მშვენივრად იყენებდნენ რეკლამას და გაზეთებს სპეციალურ სტატიებსაც უკვეთადნენ.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა იოლად ეგუებოდა პირობების ცვლას, რაც იმდროინდელ არასტაბილურ აშშ-ში ჩვეულებრივი ამბავი იყო. P&G-ის განვითარება მას შემდეგაც ჩვეული ტემპით გაგრძელდა, რაც მას სათავეში პროქტერების და გემბლების მეორე თაობა ჩაუდგა. ფირმის ახალი თავკაცი ჯორჯ

პროქტერი ყველაფერს აკეთებდა წარმოების მოცულობისა და გასაღების ქსელის გასაფართოვებლად. ყელაფერ ამას ხელი რკინიგზის განვითარებამაც შეუწყო.

ისიც უნდა ითქვას, რომ მარკეტინგულ ექსპანსიას თან ახლდა ტექნოლოგიური სრულყოფისაკენ სწრაფვა. მეცხრამეტე საუკუნის 50-იან წლებში ჯეიმს გემბლ უმცროსის ხელმძღვანელობით P&G-მა კურსი სწორედ აქეთ აიღო. ამისათვის აშენდა სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია. უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში ასე ძალიან ცოტა კომპანია თუ იქცეოდა.

დიდი ბრენდოლოგია

მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში სანთლების მანუფაქტურის ზრდა თითქმის შეწყდა. ამიტომ, კომპანია იძულებული გახდა საპნის გარდა სხვა პროდუქციის გამოშვებაზე ეფიქრა. გარდა ამისა, აუცილებელი იყო კიდევ უფრო ფართო სარეკლომო კამპანიის წარმოება. შედეგად, P&G იქცა პირველ კომპანიად, რომელმაც ბრენდოლოგია დაამკვიდრა.

კომპანიის ერთ-ერთი პირველი ბრენდი საპონი Ivory გახლდათ. სწორი სარეკლამო კამპანიის წყალობით იგი ძალზე პოპულარული გახდა. საუკუნის მიწურულს კი უილიამ პროქტერმა თანამშრომლებს შესთავაზა მოგების განაწილების სისტემაში ჩართულიყვნენ და, შედეგად, P&G ღია ტიპის საზოგადო კომპანიად იქცა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში P&G-მა ერთ-ერთმა პირველმა ბიზნესში დანერგა სოციოლოგიური კვლევა და შექმნა ბაზრის შემსწავლელი დეპარტამენტი. გარდა ამისა, აითვისა რეკლამის ახალი საშუალებები, კერძოდ, კულინარული რადიო-შოუს სპონსორი ახალი ბრენდი Crisco გახდა. 1915 წელს კი კომპანიამ თავისი პირველი უცხოური ქარხანა კანადაში ააშენა.

ამგვარი მენეჯმენტი კომპანიამ შემდგომშიც შეინარჩუნა. 1939 წელს აშშ-ში ტელევიზიის გავრცელებიდან 5 თვის შემდეგ P&G-მა ბეისბოლის მატჩის ტრანსლაციისას თავისი პირველი ტელერეკლამა განათავსა. 1946 წელს გაყიდვაში გამოჩნდა კომპანიის ორი განთქმული ბრენდი - სარეცხი საშუალება Tide და შამპუნი Prell.

საერთოდ, მეოცე საუკუნის შუაში კომპანია საოცარ აღმავლობას განიცდიდა. 1956 წელს გაყიდვების მოცულობამ 1 მილიარდი დოლარი შეადგინა. 1961 წელს P&G-მა გამოუშვა განთქმული Pampers, რომელმაც მას უდიდესი წარმატება მოუტანა, ორი წლის შემდეგ კი კომპანიამ ყავა Folgers გამოუშვა და ამ ბაზარზე შეაბიჯა. კიდევ ოთხი წლის შემდეგ კი ბაზარზე გამოჩნდა სარეცხი საშუალება Ariel.

1980 წელს კომპანიის ბრუნვამ 10 მილიარდ დოლარს მიაღწია. სამი წლის შემდეგ გაყიდვაში გამოჩნდა კომპანიის კიდევ ერთი განთქმული პროდუქტი Always. 1985 წელს P&G-მა კომპანია Richardson Vicks შთანთქა, ორი წლის შემდეგ კი გამოშვა კბილის პასტები Blend-a-Med და Blendax.

80-იანი წლების ბოლოს კომპანიამ არაერთი უცხოური განყოფილება გახსნა. ამასთან, შექმნა პარფიუმერიისა და კოსმეტიკის ბაზრის ლიდერი ბრენდები Clarion, Cover Girl და Old Spice. 90-იანების დასაწყისში კი შეძენილ იქნა Max Factor და Beatrix. ამავე პერიოდში კომპანიამ შექმნა ახალი ბრენდი Pantene Pro-V. 1997 წელს P&G-მა გამოუშვა განთქმული Tampax და Head & Shoulders და შეიძინა Clarion და ცხოველების საკვების მწარმოებელი კომპანია Iams.

2003 წელს P&G-მა შეიძინა თმის მოვლის მსოფლიო ბაზრის ლიდერი კომპანია Wella AG. 2005 წელს კი შედგა საუკუნის გარიგება, როცა ხელში 57 მილიარდ დოლარად ჩაიგდო Gillette და მასთან ერთად ისეთი განთქმული ბრენდები, როგორებიცაა Braun, Duracell და Oral-B. ამ დროისათვის კომპანიის პორტფელში 300-ზე მეტი ბრენდია, რომელთა ბრუნვა 144 მილიარდ დოლარს აჭარბებს, კომპანიის კაპიტალიზაცია კი 204 მილიარდ დოლარს აღწევს.

მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ