შს სამინისტრო მძიმე ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგია. შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ზოგიერთი ჯგუფები გარკვეული ნარკოტიკული საშუალებების ნაკლებად მავნებლობაზე საუბრობენ, რაც მინისტრის მოადგილის განცხადებით, ნარკოდანაშაულს ახალისებს.
„ეს ადამიანები ამბობენ, რომ მაგალითად, პირობითად ვამბობ, „მეფედრონი“ კლავს და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებები ან კიდევ ჰეროინი, არ კლავს. მიგვაჩნია, რომ ასეთი მსჯელობები, ისევე, როგორც დაუსრულებელი საუბარი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე, მხოლოდ და მხოლოდ, ახალისებს ნარკოდანაშაულს, მხოლოდ და მხოლოდ ახდენს ნარკოტიკების პროპაგანდას“, - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.
ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობოები კომიტეტებში ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობის ერთი თვით გადადებას აპროტესტებენ და ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ 10 დღეში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით რეალური ნაბიჯები არ გადაიდგმება, ისინი პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ და შიმშილობას დაიწყებენ.
„რამდენიმე თვეა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას ვითხოვთ, თუმცა უშედეგოდ. პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას და იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც საკუთარი პოპულისტური განცხადებებით და ირაციონალური მოლოდინებით შეეწინააღმდეგა რეფორმის პროცესს, რომელიც პლატფორმის მიერ იქნა ინიცირებული. ამიტომ ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო უნდა აგოს ხელისუფლებამ პასუხი და იმ დაწესებულებებმა, სადაც ხელმისაწვდომობა არის ნარკოტიკული ნივთიერებების“, - აცხადებს კოკა ლაბარტყავა.
არასამთავრობო ორგანიზაციის პროტესტს იზიარებს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელი ნარკოპოლიტიკა კვლავ არ არის ადეკვატური. დეპუტატი ამბობს, რომ ხელისუფლება ვერ იცავს ახალგაზრდებს და ასევე, გამსაღებლებს სათანადოდ ვერ სჯის.
„სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება ვერ ახორციელებს შესაბამის პოლიტიკას იმისთვის, რომ დაიცვას ჩვენი ახალგაზრდები ერთი მხრივ, მათი სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკული საშუალებების შემოდინებისგან ქვეყანაში და მეორე მხრივ, დღევანდელი ნარკოპოლიტიკა კვლავ არ არის ადეკვატური იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დაეხმაროს მომხმარებელს იმისთვის, რომ დაანებოს თავი სიცოცხლის სახიფათო და მავნე ჩვევას და მეორე მხრივ, ადეკვატურად დასაჯოს გამსაღებლები“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ სახელმწიფო კრიტიკული ზღვარის წინაშე დგას, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება ჩარევა. მისი თქმით, ხელისუფლებას მოუწევს გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები.
„ერთი მხრივ, მათ უნდა დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადონ ნარკორეალიზატორებს და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი იმისთვის, რომ საბოლოოდ შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა, მოხდეს მისი ლიბერალიზება და გარდა ამისა, სახელმწიფომ პირდაპირ გამოავლინოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს მომხმარებლების რეაბილიტაციას“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თემაზე, ერთიანი პოზიცია ისევ არ არის. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ცვლილებები ვერ განხორციელდება მანამ, სანამ ერთიანი პოზიციის შეჯერება არ მოხდება. ერთ-ერთი პრობლემურ საკითხად კვლავ დოზირების საკითხი რჩება.
ასევე, ეს არის დეკრიმინალიზაციის საკითხი, ყველა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების და ამ საკითხზე არ არის ჯერ ერთი პოზიცია. ულტიმატუმი მიუღებელია პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მესამე სექტორის მიზანს ნარკომომხმარებლების რიცხვის ზრდა წარმოადგენს.
„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, სწორედ ამ ფონზე, როცა გარკვეული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აანონსებენ ულტიმატუმს და აცხადებენ თითქოსდა, უკიდურეს ზომას პროტესტის, რათა მიაღწიონ იმას, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდოს იმ კანონმდებლობით, რომელსაც ისინი სთავაზობენ სახელმწიფოს.
მმართველმა გუნდმა ისეთი ნარკოპოლიტიკა უნდა შეიმუშაოს, რომ ნარკომომხმარებელთა რიცხვი შემცირდეს. სამართლებრივი რეგულაციები უნდ იყოს იმდაგვარი, რომ ქვეყანაში შემცირდეს ნარკოტიკების მოხმარება, არ დავიჭიროთ, მაგრამ არ გავავრცელოთ“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ამბობს, რომ შს სამინისტრომ ყოველდღიურ რეჟიმში უნდა იმოქმედოს. მისი თქმით, ბოლო სპეცოპერაცია ერთ-ერთი პატარა ლიფსიტაა და ასეთი ძალიან ბევრია. მისი თქმით, შეიცვალა თვითონ შემოტანის გზები, ძალიან კარგად ორგანიზებული არიან.
„ამიტომ, შსს მუდმივ რეჟიმში უნდა იყოს. როგორ ჩანს, ძალიან ბევრი ნარკოტიკი შემოდის ქვეყანაში და მოთხოვნაც არის. უნდა შემცირდეს მოთხოვნა. ამას, მარტო შსს ვერაფერს უშველის, უნდა შეიქმნას სარეაბილიტაციო და სამკურნალო საშუალებები. ასევე, უნდა შეიცვალოს კანონიც, რადგან ის კანონი, რომელიც დღეს არის, არ მუშოაბს. ფაქტია, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს. რა მიმართულებით და როგორ უნდა შეიცვალო, შეტანილია კანონპროექტი, რომელიც არ მოსწონთ. ვიღაცამ სხვა კანონპროექტი შეიტანოს. მაგრამ არავის მაგალითი არ არის საინტერესო. მთავარია ქართულ რეალობას მოარგონ ის, რაც ქვეყანაში ხდება“, - ამბობს სიხარულიძე.
როგორც ნარკოლოგი აცხადებს, საქართველოს შემთხვევაში დასჯამ და რეპრესიამ შედეგი არ მოიტანა. პირიქით, ვითარება უარესდება. შესაბამისად, მისი თქმით, რაღაცა შესაცვლელია.
„არსებობენ სიტუაციურად ადექციური ქცევის ადამიანები, უბრალოდ უნდა ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია, რას და როგორ იღებენ. ისეთ ნარკოტიკს იღებენ, რომელსაც მათი აზრით ნაკლები ზიანი მოაქვს. მაგრამ, სამწუხაროდ, მათ აძლევენ იმ ნარკოტიკს, რომელსაც ძალიან მძიმე შედეგები მოაქვს. ნარკოტიკი ყველა არის ნარკოტიკი და ყველას მოაქვს ზიანი. უბრალოდ, არის ნარკოტიკი, რომელსაც შედარებით ნაკლები ზიანი მოაქვს და არის ნარკოტიკი, რომელსაც უფრო მეტი ზიანი მოაქვს. ყველა ფსიქოაქტიური ნივთიერება რომელიც მოქმედებს, საზიანოა ადამიანის ორგანიზმისთვის“, - აღნიშნა ზურაბ სიხარულიძემ.