„როდესაც 240 კაცს ჰგონია, რომ ის საუკეთესო პრეზიდენტი იქნება, შეიძლება შეთანხმდნენ ერთ კანდიდატზე?“

„როდესაც 240 კაცს ჰგონია, რომ ის საუკეთესო პრეზიდენტი იქნება, შეიძლება შეთანხმდნენ ერთ კანდიდატზე?“

ხელისუფლებას, როგორც ჩანს, საპრეზიდენტო კანდიდატთა ფართო არჩევანი აქვს, შესაბამისად, რომელიმე მათგანზე შეჯერებას არ ჩქარობს და როგორც დედაქალაქის მერი აცხადებს, სახელისუფლებო კანდიდატის ვინაობა არჩევნებამდე ორი თვით ადრე გახდება ცნობილი. რა ნიშნით უნდა ცდილობდეს ხელისუფლება უმაღლესი ლეგიტიმაციის, თუმცა, შეზღუდული უფლებამოსილების მქონე, ქვეყნის რიგით, მესამე პირის შერჩევას და უკავშირდება თუ არა ეს რაიმე სირთულეს - ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.

სოსო ცისკარიშვილი: საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მიმართ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებას რამდენიმე წელია, თვალს ვადევნებთ და როგორც ჩანს, მმართველი გუნდი თავს ვალდებულად თვლის, აუცილებლად აკრიტიკოს ის. თუმცა, მესამე პრეზიდენტსაც არ აღიარებდა ქვეყნის მთავარ პოლიტიკოსად.

კონსტიტუცია აღარ აძლევს პრეზიდენტს იმის საშუალებას, რომ მთავარი პოლიტიკური ფიგურა იყოს...

- დავიდარაბა დაიწყო მაშინ, როდესაც იატაკქვეშეთში ვიღაცეებმა გადაწყვიტეს, საქართველო საპარლამენტო მმართველობის ქვეყნად ექციათ.

სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდს გულისხმობთ?

- სააკაშვილის კონსტიტუციაში იყო შესაბამისი წინაპირობა, მაგრამ დღეს რა უფლებამოსილებაც შერჩა ჩვენს საპრეზიდენტო სივრცეს, ახლოსაც ვერ მივა სააკაშვილის დანატოვართან. ყოველთვის დიდი კმაყოფილებით ამცირებდა „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის უფლებამოსილებებს და იქამდეც კი მივიდა, უშიშროების საბჭოც ზედმეტ უწყებად მიიჩნია. ხუთი წელია, ვერ შეეგუა „ქართული ოცნება“, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვერ იქნება პრივატიზირებული რომელიმე პირის მიერ.

ნახევრადსაპარლამენტო მმართველობაც ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს და ქვეყანას ხომ უნდა გაეკეთებინა არჩევანი, საპრეზიდენტო მოდელს ვტოვებდით თუ საპარლამენტო მმართველობაზე გადავდიოდით?

- ფაქტია, რომ ამ თემაზე მსჯელობა იმართება მხოლოდ იატკქვეშეთში - როგორც ჩანს, ეშინიათ, საჯაროდ რამე ისეთი არ წამოსცდეთ, რაც მათ კარიერას საფრთხეს შეუქმნის. არც ნაციონალებმა და არც „ქართულმა ოცნებამ“ არ ისურვა საქართველოს კონსტიტუციაში ყოფილიყო სიტყვა რეფერენდუმი და ხალხისთვისაც ეკითხათ, მმართველობის როგორი სისტემა სურდა.

როდესაც ძალაუფლება ერთი, კონკრეტული პარტიის ხელშია, მას თავისუფლად შეუძლია, სახელისუფლებო შტოებს შორის უფლებამოსილებების გადანაწილება. არც შედარებით მეტი ძალაუფლების მქონე პრეზიდენტი შეუშლიდა ხელს, ყოველ შემთხვევაში, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მაინც - უფრო ყურადღებით შეარჩევდნენ კანდიდატს... რა საფრთხე შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი, რომელმაც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, არა რეფერენდუმის გზით, არამედ იატაკქვეშეთში მიაღებინა ხელისუფლებას გადაწყვეტილება?

- როგორც ჩანს, ამ არჩევნებზეც რეკორდული რაოდენობის მქონე კანდიდატები იქნებიან დაფიქსირებული - საქართველოსა და თურქეთის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებს თუ შევადარებთ, საქართველოში დარეგისტრირებული იყო 44, ხოლო თურქეთში პრეზიდენტობის მხოლოდ 4 კანდიდატი.

დღეს თუ დააკვირდებით, პარლამენტის თითოეული წევრიც კი ცდილობს საკუთარი კანდიდატურის წარმოჩენას. ყველას რა თქმა უნდა, პრეზიდენტობა არა, მაგრამ საკუთარი კანდიდატის გაპრეზიდენტება მაინც სურს, რომ რაღაც სამომავლო გარანტია შეიქმნას. ხელისუფლების ყველა გუნდს სურს საკუთარი ძალის დემონსტრირება და რაკი ეს პროცესი დაიწყო, ამას ვეღარც პარტიის ახალი თავმჯდომარე შეაჩერებს და ვეღარც ვინმე სხვა.

უმრავლესობის რღვევა მაინც გარდაუვალია?

- შესაძლოა, არ გასაჯაროვდეს, მაგრამ ზურგსუკან საფრთხეს ყოველთვის იგრძნობენ. თანაც, პრეზიდენტს კი შეუკვეცეს უფლებები, მაგრამ საარჩევნო სისტემას მაინც არაფერი ეშველა - ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელიც ბოლო, რამდენიმე არჩევნებია, ტომრებით მიტანილ ბიულეტენებს არა თუ არ ამოწმებს, არამედ თითსაც არ აკარებს - მაშინ, როდესაც აშშ-ს ბოლო არჩევნების შემდეგ თითოეული ბიულეტენი გადაამოწმეს.

ასევე ეჭვს ტოვებს სახელისუფლებო მედიის მხრიდან თითქმის ზუსტად პროგნოზირება არჩევნებში ხმათა სავარაუდო რაოდენობის. ვფიქრობ, არჩევნების დემოკრატიზაციის მიმართულებითაც არ ჩანს პროგრესი.

კვლავ ვერ ხერხდება ძლიერი ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბება, რომლის არსებობაც ბევრ იმ პრობლემას მოაგვარებდა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ. დღეს აღარ არის შიშის ფაქტორი, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ ოპოზიცია გაძლიერების ნაცვლად, ლამის სულს ღაფავს. როგორ ფიქრობთ, რა უშლის ხელს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნას?

- ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებულ პრეზიდენტს თავს ესხმის არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ნომერ პირველი ოპოზიციური ძალაც. ლაჩრობა და დემოკრატია ერთად ვერ ძოვენ. ქვეყანაში სადაც ხელისუფლება იცვლება, მაგრამ პოლიტიკური სირცე მაინც ვერ ყალიბდება, ასეთი პერსპექტივა არც არსებობს. როდესაც ასეთი პატარა ქვეყნის იუსტიციის სამინისტროში ინახება 240 პოლიტიკური პარტიის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, იქ პოლიტიკური სივრცე ვერასდროს შეიქმნება - ეს პოლიტიკის შეურაცხყოფაა და შედეგებიც დროდადრო ვლინდება ხოლმე.

როდესაც 240 კაცს ჰგონია, რომ ის საუკეთესო პრეზიდენტი იქნება, შეიძლება შეთანხმდნენ ერთ კანდიდატზე? - ეს თეორიულადაც წარმოუდგენელია და სრულიად მკაფიოა, რომ ამჯერადაც „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იქნებიან მთავარი მოწინააღმდეგეები, დანარჩენებს კი პოლიტიკოსობანას თამაშის კიდევ ერთი შანსი მიეცემათ.

თეორიის მიხედვით, პარტიები, როგორც წესი, გარკვეული ჯგუფების ინტერესებს უნდა წარმოადგენდნენ. ჩვენთან, მაგალითად, განვითარებულია ფინანსური სექტორი, რომელიც საყრდენს ყოველთვის ხელისუფლებაში პოულობს. სხვა სფეროების განვითარება პოლიტიკური სივრცის შექმნასაც ხომ არ შეუწყობდა ხელს? საქართველოს აქვს ასეთი პოტენციალი?

- როგორც არ უნდა ვამაყობდეთ საკუთარი წარმატებებით, ერთი სამწუხარო რეალობა არ იცვლება - ქართული ბიზნესი მაშინაა მშვიდი და წარმატებული, როდესაც მისი თავკაცი პარლამენტის წევრია - გადახედეთ რამდენი ბიზნესმენია ჩვენს პარლამენტში და რომელს შეეშალა ხელი ბიზნესის კეთებაში? ან რომელი ლობირებს მცირე და საშუალო ბიზნესის წინსვლას?!

თუნდაც სადღაც, სიბნელეში მიმალულ კორუფციაზე როდესაც საუბრობს ერთი მედიასაშუალებაც კი, ესეც სპობს დემოკრატიული წინსვლის პერსპექტივას.

ხალხი უნდა ფიქრობდეს რა არის ქვეყანაში შესაცვლელი, თორემ ყველა პარტიაში ერთი პრონციპია - როდესაც მთავარი ლაპარაკობს და დანარჩენები უსმენენ.

რა თემებზეც ახლა ვსაუბრობთ, ეს აქტუალური იყო როგორც შევარდნაძის, ისე - სააკაშვილის საქართველოშიც. თქვენ ამბობთ, რომ ხალხის ხმა არ ისმის დღეს ქართულ პოლიტიკაში. არჩევნების გარდა რა მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ პოლიტიკაში ხალხი იყოს დომინანტი? ფაქტია, განვითარებულმა ქვეყნებმა ამას მეტ-ნაკლებად, მიაღწიეს...

- დავუშვით ამდენი პარტიის არსებობა და ეს პარტიები ერთმანეთის ქმედებებს კი არ აკრიტიკებენ, არამედ ხელისუფლებისკენ ილტვიან. რატომ არ ეზარებათ იმ ვალდებულებების აღება, რომელსაც სავარაუდოდ, ვერ შეასრულებენ?! – საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა ერთი გავრცელებული გამოთქმა - „ბლატი“ და ასეთი აზროვნება, როგორც ჩანს, დღევანდელი საქართველოსთვისაც საკმაოდ აქტუალურია.

გამოდის, რომ ქათმის და კვერცხის ისტორიას ვერ გავცდით და როდესაც საზოგადოება შევა პოლიტიკური სიმწიფის ხანაში პოლიტიკური ველიც შესაბამისი გახდება?

- პოლიტიკოსებს არ ჰქონდათ და არ აქვთ თვითკრიტიკის უნარი და უამისოდ, როგორც ვიყავით ლაფში, ასევე გავაგრძელებთ იქ ყოფნას. როდესაც რიგითი ამომჩეველი დაინახავს, რომ ის პრობლემა, რომელიც მას აწუხებს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისთვისაც აქტუალურია და ეს მის ქმედებაშიც ჩანს, მაშინ ყველაფერი თავის ადგილას დადგება.

ის ვიცით, სუფრაზე ვინ უნდა ავირჩიოთ თამადად, როდესაც იმასაც ვისწავლით, ვინ უნდა დავსვათ ქვეყნის სათავეში, მხოლოდ მაშინ შეიცვლება რაღაც.