ნარკოტიკების ე.წ. სამალავები თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ადგილებში იყო მოწყობილი. შს სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა.
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მთავარ პროკურატურასთან ერთად, 2 თვის განმავლობაში განხორციელებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ვარკეთილსა და გლდანში 1991 წელს დაბადებული ქალბატონი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი, სწორედ ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით დააკავეს.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას ინტერნეტის გამოყენებით ახდენდნენ. პოლიცია, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მეშვეობით, ბრალდებულთა გადაადგილების მარშრუტებს აკვირდებოდა, სწავლობდა დანაშაულებრივი საქმიანობის ტაქტიკას და ფინანსურ რესურსებს. ასევე, განხორციელდა რამდენიმე ე.წ. საკონტროლო შესყიდვა.
შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განაცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ნარკოტიკების შეძენის მსურველები ბრალდებულებს ერთ-ერთი ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით უკავშირდებოდნენ. სასურველი ტიპის და ოდენობის ნარკოტიკის შეკვეთის შემდეგ, მყიდველი ბრალდებულებისგან იღებდა შეტყობინებას, სადაც მითითებული იყო ანგარიშის ნომერი და თანხის ოდენობა.
ანგარიშზე თანხის ასახვის შემდეგ, ნარკოტიკის შეძენის მსურველებს იმავე აპლიკაციის მეშვეობით ეგზავნებოდათ ფოტოშეტყობინება, შეძენილი ნარკოტიკის ადგილმდებარეობისა და მისამართის მითითებით. გამოძიებამ დაადგინა ეს ადგილები, ნარკოტიკების ე.წ. სამალავები, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იყო მოწყობილი.
ქალბატონის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, სამალავებში დასატოვებლად გამზადებული 43 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული. ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად კი - ე.წ. სამალავებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, 19 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ეს ბრძოლა კიდევ უფრო გამკაცრდება. მისი თქმით, მსჯელობა, თითქოს „მეფედრონი“ კლავს და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკი ან „ჰეროინი“ - არა, ისევე, როგორც დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე, მხოლოდ ახალისებს ნარკოდანაშაულს.
„ამგვარი მსჯელობა, ისევე, როგორც დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე, მხოლოდ ახალისებს ნარკოდანაშაულს, ახდენს ნარკოტიკების პროპაგანდას და ხელს უშლის პრევენციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ეს ბრძოლა დღევანდელი გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო გამკაცრდება. შსს-ს პოზიცია არის, რომ მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს დეკრიმინალიზაცია არ უნდა შეეხოს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო თვლის, რომ შსს, ჯანდაცვის სამინისტრო ვერ მოაგვარებს პრობლემას, თუკი არ გავაცნობიერეთ, რომ რეალურად ბუნებაში არ არსებობს რეკრეაციული და საკლუბო, გასართობი ნარკოტიკები, მათ შეუძლიათ ისეთივე ფატალური შედეგები გამოიღონ, როგორც სხვა ჯგუფის ნარკოტიკებმა. მისი თქმით, თუ ობიექტური თვალით შევხედავთ შსს-ს მიერ დაკავებულ გამსაღებელთა რაოდენობას, ეს აქტივობა ვერ ჩაითვლება სუსტად და არაეფექტურად.
„ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ცალსახად მინდა ვთქვა და მოვუწოდო ყველას, რომ ცნება კლუბური და რეკრეაციული ნარკოტიკი რეალურად არ არსებობს. არანაირი მკაფიო, მეცნიერული ზღვარი არ არის კლუბურ და არაკლუბურნარკოტიკებს შორის. მიდგომა არის ორივესადმი ერთნაირი, მაქსიმალურად ზიანის შემცირება, მაქსიმალურად სწრაფი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, ნებისმიერი ნაბიჯი მიწოდებისა და მოხმარების შემცირებისკენ უნდა იყოს მიმართული“, - აცხადებს დავით სერგეენკო.
ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით რჩება რამდენიმე შეუთანხმებელი საკითხი, საჭიროა პოზიციების შეჯერება და ამის შემდეგ დაიწყება საჯარო სხდომები.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განაცხადებით, არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც შეთანხმება არის საჭირო.
„ამ დღეებში იგეგმება შეხვედრა, რომელზეც ვფიქრობ, შეთანხმება იქნება. რაც შეეხება იმას, რომ შეიძლება თუ არა იყოს ალტერნატიული კანონპროექტი, შეიძლება იყოს. დოზები არის საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ შეუთანხმებელი რჩება. ეს არის ასევე დეკრიმინალიზაციის საკითხი და ამაზე ჯერ ერთი პოზიცია არ არის. ამ საკითხზე იყოფა პოზიციები, ამიტომ ამას სჭირდება შეჯერება.
საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას, კანაფის ტიპის ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით მოხმარების დეკრიმინალიზაცია უკვე მოახდინა, რაც სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამის ცვლილებაში იქნება ასახული, მაგრამ დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს ლეგალიზაციას. რჩება რამდენიმე საკითხი, რომელზეც საჭიროა პოზიციების შეჯერება და ამის შემდეგ დავიწყებთ საჯარო სხდომებს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, იმაზე უარესი არაფერი შეიძლება ხდებოდეს, როდესაც რეალურად, სამართალდამცავებმა და საზოგადოებამ არ იცის, როგორ ნარკოპოლიტიკას ატარებს ხელისუფლება. მისი თქმით, ამ ვითარებაში შეიძლება ვიღაცამ ხელი მოითბოს, ხოლო ვიღაც რეპრესიული პოლიტიკის მხვერპლი გახდეს.
„აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ კანონპროექტის განხილვამ ერთი თვით გადაიწიოს - აქ საუბარია იმაზე, რომ ფაქტობრივად წელიწადზე მეტია, კანონპროექტი პარლამენტში დევს და არაფერი ხდება. ამაზე უარესი რეალურად არ შეიძლება ხდებოდეს იმ თვალსაზრისით, რომ უმრავლესობის და ხელისუფლების გზავნილი საზოგადოების მიმართ, სამართალდამცავების, ნარკორეალიზატორების მიმართ არის ბუნდოვანი.
როდესაც ამბობთ, რომ „ჩვენი პოლიტიკა მომხმარებლების მიმართ რეპრესიული არ არის და საკმაოდ მკაცრია ნარკორეალიზატორების მიმართ“, სინამდვილეში გამოდის პირიქით, რომ ნარკორეალიზატორები არიან საკმაოდ პრივილეგიურ მდგომარეობაში და მათთვის რეალურად არის ვითარება, როდესაც საკმაოდ ხელგაშლილები არიან“, - აცხადებს სერგო რატიანი.