მეტროსადგურები რომ მძიმე დღეშია, ამ მოსაზრებას დედაქალაქის მერი კახა კალაძეც იზიარებს. მისი თქმით, ცალკეულ მეტროსადგურთა რეაბილიტაციის პროცესი მათი შემოწმების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გაგრძელდება. საუბარია მეტროსადგურ „გურამიშვილზე“, „სამგორსა“ და „ავლაბარზე“, რომელთა სარეაბილიტაციო სამუშაოებიც თბილისის მერიამ მიმდინარე წლის 30 იანვარს ე.წ შეკიდული ჭერის ჩამონგრევის გამო შეაჩერა, რა დროსაც 11 ადამიანი დაშავდა.
იმხანად ბევრს საუბრობდნენ, რომ კომპანია „ყვარელმშენი“, რომელმაც „ვარკეთილის“ მეტროში სამუშაოები შეასრულა, „შავ სიაში“ იყო შეყვანილი და საეჭვო კომპანიად ითვლებოდა. სინამდვილეში, მეტრო „ვარკეთილში“ ჭერი საერთოდ არ იყო შესაცვლელი, რადგან იქ არსებული ბეტონის ჭერი არ მოითხოვდა პლასტიკატის აკვრას.
ჩვენს მეტროსადგურებში პლასტიკატების აკვრის მავნე ჩვევის დანერგვის შესახებ ადრეც ვწერდით, მაგრამ რა მდგომარეობაა დღეს დედაქალაქის მეტროში, ამის შესახებ სპეციალისტებს ვესაუბრეთ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი მიესალმება, რომ ქალაქის მერი არ მალავს ამ ინფორმაციას და რეალურად უყურებს მეტროსადგურებში პრობლემების არსებობას. მით უმეტეს, რომ ყველამ ვიხილეთ, რაც მეტრო „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევას მოჰყვა. ამდენად, ნებისმიერი საუბარი, თითქოს ჩვენს მეტროში საშიში არაფერია და ყველაფერი რიგზეა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„მნიშვნელოვანია ინვესტირება, საბიუჯეტო დანახარჯები დამატებით უნდა გამოიყოს იმისთვის, რომ მეტროსადგურები მოწესრიგდეს. განსაკუთრებით, ეს ეხება მეტროს ესკალატორებს, რომლებმაც თითქმის უკვე ამოწურეს თავიანთი რესურსი. ისინი 50-იან წლებშია გაკეთებული და, შეიძლება ითქვას, მეტი რესურსი არც გააჩნიათ. მიუხედავად იმისა, რომ სატრანსპორტო კომპანიის მაშინდელი ხელმძღვანელობა, პირდაპირი გაგებით, გვაკრიტიკებდა, თითქოს ჩვენ შარზე ვიყავით, სინამდვილეში, ზედაპირულად ვინც არის ჩახედული ამ საკითხში, ყველამ იცის, რომ პრობლემა არსებობს. ამიტომაც კარგია, რომ ქალაქის მერმა პირად კონტროლზე აიყვანა ეს საკითხი, ოღონდ საჭიროა არა ფასადური, არამედ ძირფესვიანი მხარდაჭერა, რადგან მეტრო არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, გადაადგილებისთვის ეფექტური სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც საცობი არ ეხება.
როდესაც ვსაუბრობთ, რომ თანამედროვე ქალაქებმა საცობი განმუხტეს, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველამ, ვინც შეძლო საცობის პრობლემის განმუხტვა და ნორმალური საგზაო მოძრაობის მიღება, სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტი განავითარა. ჩვენმა მგზავრებმა უნდა იმგზავრონ არა მარტო კომფორტულად, არამედ, პირველ რიგში, უსაფრთხოდ“, - აცხადებს დავით მესხიშვილი For.ge-სთან საუბარში.
ამასთან, მიიჩნევს, რომ დღეს ჩვენს მეტროში ჩადიან ის ადამიანები, რომლებმაც გადაადგილებისთვის სხვა გზა ვერ იპოვეს. პრაქტიკულად, იძულებით ვმგზავრობთ მეტროთი და იქ ჩასვლა არავის ეხალისება. ეს არის ყველაზე ცუდი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მეტრო ყველა განვითარებულ ქალაქში ერთ-ერთი პრესტიჟული, პოპულარული სატრანსპორტო საშუალებაა და მეტროთი მგზავრობის უცხოეთში არავის რცხვენია.
ტექნოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, ორგანიზაცია „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ ხელმძღვანელის ანზორ საკანდელიძის ინფორმაციითაც, თბილისის მეტროსადგურები მძიმე მდგომარეობაშია. For.ge-სთან საუბარში ანზორ საკანდელიძე აცხადებს, რომ ის კომპანია, რომელმაც მეტრო „ვარკეთილში“ სარემონტო სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, სხვა მეტროსადგურებშიც ახორციელებდა სამუშაოებს. ამიტომ მის მიერ განხორცილებული სამუშაოები შესამოწმებელია.
„საერთოდ, მე ვერ წარმომიდგენია, ვის მოუვიდა აზრად, რომ ის, რაც მეტროში კაპიტალურად და მედეგი მასალებით იყო მოპირკეთებული, ეს მასალები შეეცვალა. ეს მასალები მოხსნეს და ჩაანაცვლეს ხანძარსაშიში, ადვილად აალებადი მასალებით. ეს დანაშაულის ტოლფასია და გამოსაძიებელი ფაქტია. ჯერ ერთი, როგორ შეიძლებოდა შეკიდული ჭერის გაკეთება მეტროში და სივრცეების დაკარგვა?! მეტროში როდესაც ჩავდივართ, არაკომფორტულად ვგრძნობთ თავს, რადგან დახშულ სივრცეში ვხვდებით და ამ დროს ამ სივრცეს კიდევ უფრო გვიხშობენ. იქ, სადაც შეკიდული ჭერი გაკეთდა, მეტროსადგურის სიმაღლე შემცირდა. თანაც, ისეთი მასალებით აპირკეთებენ, რომელიც არ არის შემოწმებული, რაც აუცილებელია მოსაპირკეთებელი მასალებისთვის და, განსაკუთრებით, ისეთ პირობებში, როგორიც მეტროსადგურებშია.
იქ ხანძარი რომ მოხდეს, მისი ჩაქრობა, ხალხის ევაკუაცია ყველანაირად გართულებულია. სხვა ობიექტები ვერ მონახეს? რაღა მეტროსადგურებს ეცნენ? შეიძლებოდა, ადრინდელი მასალების უბრალოდ გადაღებვა, სხვანაირი ესთეტიკური სახის მიცემა, დიზაინის შეცვლა. ძირითადი რაც იყო იქ, სულ ბუნებრივი ქვის მასალები და ლითონი, იმისთვის ხელი არ უნდა ეხლოთ. მიწისქვეშა სამუშაოებში ასეთი მასალები ყველაზე მეტად ფასობს. არა მგონია, მეტროსადგურებში ჩამოხსნილი მარმარილოები უცხოეთში გაეტანოთ, ალბათ, კერძო პირებმა აგარაკებზე მოიხმარეს“, - აცხადებს ანზორ საკანდელიძე და განმარტავს, რაც ორი-სამი წლის წინ ქობულეთში ტრაგედია დატრიალდა, რომელიც შემდეგ თბილისსაც გადაედო, ასეთი ფაქტები არ გამოილევა, რადგან მშენებლობის სამინისტრო გაუქმდა და საპროექტო დოკუმენტაციის შედგენას ყურადღება არ ექცევა.
ანზორ საკანდელიძის თქმით, სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, გასასვლელები, სახანძრო კიბეები, ეს ყველაფერი პროექტებიდან ამოღებული იყო და მშენებლები თავს იმართლებდნენ, შენობა პროექტის მიხედვით ავაშენეთო. ცხადია, არავის აინტერესებს, რომ ეს პროექტები ნაკლულია. ამ დროს კი ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები უბრალო საკურსოებსა და სადიპლომოებშიც პროექტის ერთ-ერთ შემადგენელ მნიშვნელოვან ნაწილად ითვლებოდა.
„საქართველოში მშენებლობის სამინისტროს გაუქმების შემდეგ მთელი ეს სამსახურები მოიშალა. წინათ ხანძრისთვის მზად მუდამ უნდა ყოფილიყავი. შემოწმებისას სახანძრო კუთხეები უნდა ყოფილიყო გამოყოფილი, სახანძრო ინვენტარით, მზადყოფნაში მოყვანილი ცეცხლმაქრობებით. ფიტულივით კი არ უნდა დადებულიყო სახანძრო ინვენტარი, არამედ გამართული უნდა ყოფილიყო. ახლა კი სადმე მოხდება ხანძარი, ვიღაცას პასუხს აგებინებენ, დარტყმა ქვედა რგოლებზე გადადის, ზემოთ არავინ აგებს პასუხს“.