„მათ უნდა შეასრულონ საკუთარი მოვალეობა, ჩვენ არ უნდა დაგვიტოვონ სამართლის აღდგენის გზა“

„მათ უნდა შეასრულონ საკუთარი მოვალეობა, ჩვენ არ უნდა დაგვიტოვონ სამართლის აღდგენის გზა“

2004 წელს სოფელ ეცერში, სპეცოპერაციის დროს დაღუპული ევგენი და ომეხ აფრასიძეების საქმეზე გამოძიება დასრულდა. თუმცა, პროკურატურა საქმის გახსნილად გამოცხადებას და დამნაშვეების დაკავებას არ ჩქაროს. ზუსტად 10 თვეში კი, საქმეს ხანდაზმულობის ვადა ენიჭება. მოკლული ევგენი აფრასიძის მეუღლე და ომეხ აფრასიძის დედა დოდო აფრასიძე პროკურატურისგან შს ყოფილი მინისტრის, გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. ამ მოთხოვნით დოდო აფრასიძე მოქმედ პრემიერთან, გიორგი კვირიკაშვილთან და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შევხვედრას გეგმავს.

ვინ აფარებს ხელს ბარამიძეს და რას ელოდება პროკურატურა, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge დოდო აფრასიძეს ესაუბრა.

მთავარი პროკურატურა აცხადებდა, რომ აფრასიძეების საქმეზე გამოძიება საბოლოო შედეგს მალე გაასაჯაროვებდა, იყო მოლოდინი იმისა, რომ კონკრეტული პირების წინააღმდეგ აღიძრებოდა სისხლის სამართლის საქმე. მაგრამ წლები გადის და ამ მიმართულებით სიახლე არ არის. რა ხდება თქვენს საქმეში, რატომ გაჭიანურდა გამოძიება?

დოდო აფრასიძე: საქმის გამომძიებელმა თავისი საქმე უკვე გააკეთა, მაგრამ არ ვიცი რას ელოდება პროკურატურა. ჯერჯერობით პროკურატურიდან ძვრა არ არის. ამ დღეებში ვაპირებ პროკურატურაში მისვლას და იმის გარკვევას, რა ხდება ამ საქმის გარშემო. სიმართლე გითხრათ, პროკურატურის იმედი არ აქვს. რადგან ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა, იმედი მაქვს, რომ ჩემს საქმეს სვლა მიეცემა.

ივანიშვილი რა კავშირშია თქვენი საქმის გამოძიებასთან, ფიქრობთ, რომ გამოძიებაზე გავლენას იქონიებს მისი პოლიტიკაში დაბრუნება?

- რა თქმა უნდა. თავიდან გაიძახოდნენ აფრასიძეების საქმე, აფრასიძეების საქმეო, მაგრამ ბოლო ხანებში არ ვიცი რატომ არიან ასე გაჩერებულები. 10 თვეში საქმე გადადის ხანდაზმულობაში და მერე აღარც არაფერი არ იქნება. იმედი მაქვს, რომ საქმე წავა სასამართლოში და დამნაშავეები მიეცემიან პასუხისგებაში.

ქალბატონო დოდო, რითი ხსნით იმას, რომ გამოძიება დასრულებეულია, მაგრამ პროკურატურას ამ დრომდე არ ჰყავს დამნაშავეები და საქმეს გახსნილად არ აცხადებს?

- მოქმედი პირები, რომლებმაც ეს უბედურება თავს დაგვატეხეს, დღემდე პროკურატურაში და მთავრობაში არიან. ვფიქრობ, რომ ისინი აჩერებენ ამ საქმის მსვლელობას.

შეგიძლიათ დაასახელოთ ვინ არიან ეს ადამიანები?

- პირველი, ეს არის გია ბარამიძე, მართალია დღეს მთავრობაში არ არის, მაგრამ გავლენები აქვს პროკურატურაში. ეს პროკურორები და მოსამართლეები ყველანი ერთნი იყვნენ და არიან. როგორ ფიქრობთ, ახლა ისინი თავს გაიმტყუნებენ და მე გამამართლებენ?! მაგრამ გამომძიებელმა საქმეში დადო, რომ ჩვენ ვართ დაზარალებულები.

თქვენთვის თუ არის ცნობილი ბარამიძესთან მიმართებაში რას ამბობს გამოძიება?

- ბარამიძე იმდენ ტყულის იძახის, რომ გამაგიჟა მისმა ლაპარაკმა. ვიღაცეებს სახელები და გვარები უდევს ჯიბეში და იძახის ის მოკლეს, ეს მოკლესო. მის გარდა სხვა არავინ არ იძახის. რაში სჭირდება ასეთი ტყუილი არ ვიცი.

ბრალდებაზე, რომ ბარამიძემ მოკლა თქვენი შვილი და მეუღლე, გპასუხობთ ასეთი არგუმენტით, რომ ომეხ აფრასიძის შიშით სვანეთში სტუმარი ვერავის ვერ მიუყვანია, რომ თქვენი შვილი იყო საშიში კრიმინალი...

- გია ბარამიძე არის მკვლელი და ეს არის სიმართლე. აფრასიძეებს იძახი და საერთოდ არ ასახელებს ომეხის სახელს. ყველას ერთ ბრალდებას გვიყენებს. კი ბატონო, ომეხი ძებნილი იყო და ამას რად უნდა ლაპარაკი. მე არ უარვყოფ და არაც არასოდეს მითქვამს, რომ ომეხი ძებნილი არ იყო. მაგრამ მისი აყვანა ნებისმიერ დროს და ადგილას შეეძლოთ. ხელ-ფეხ შებორკილი დახვრიტეს ჩემი შვილი.

თუმცა, პროკურატურას არ აქვს ეს კითხები ბარამიძესთან. ამბობს, რომ თუ ვარ დამნაშავე, რატომ არ მისვამს კითხვებს პროკურატურაო, არის ამაში ლოგიკა. როგორ ხსნით იმას, რომ გამოძიებას კითხვები არ აქვს ბარამიძესთან მიმართებაში და ამის მიუხედავად თქვენ გაქვთ იმის მოლოდინი გამოძიება იტყვის, რომ ბარამიძე როგორც მაშინდელი შს მინისტრი და ამ სპეცოპერაციის ხელმძღვანელი, არის დამნაშავე და მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში? მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ მან გასცა აფარსიძეების დახოცვის ბრძანება...

- კი ბატონო სააკაშვილმა გასცა ბრძანება, მაგრამ თვითონ ბარამიძემ შეასრულა. ბრძნების გამცემი და შემსრულებელი ერთი არ არის? ისე დაგვესხნენ თავს და ისე დაგვიწყეს სროლა, გაფრთხილება არ ყოფილა, რომ ჩაბარებოდა პოლიციას.

სახლში მცირეწლოვანი ბავშვები და ქალები ვიყავით და არა მარტო ომეხი. ხელ-ფეხ შებორკილი ომეხი სხვის ეზოში დახვრიტეს. მერე თითი წააჭრეს და ბეჭედი მოხსენს; მკერდზე ფეხი დააბიჯეს და ყელსაბამი მოგლიჯეს. სად აქვთ ამათ სამართალი, ან როგორ შეიძლება მათი გამართლება?!

10 თვეში საქმე უკვე ხანდაზმული ხდება, მოლოდინი გაქვთ, რომ საქმე წავა სასამართლოზე და დამნაშავეები დაისჯებიან. მაგრამ თუკი თქვენი მოლოდინი არ გამართლდა, როგორი იქნება შემდეგი ნაბიჯი?

- იმ შემთხვევაში, თუკი პროკურატურამ შესაბამისი ნაბიჯები არ გადადგა, მერე რაც მოხდება იმაზე კრინტსაც ვერ დაძრავს ხელისუფლება, მთავრობა და პროკურატურა. მათ უნდა შეასრულონ საკუთარი მოვალეობა, ჩვენ არ უნდა დაგვიტოვონ სამართლის აღდგენის გზა. თუკი საქმეს ბოლომდე არ მიიყვანენ, მძიმე შედეგები მოჰყვება. გახსნან საქმე და დააკავონ დამნაშვეები, რას ელოდებიან.

ვიმეორებ, დამნაშვეებს და უშუალოდ ბარამიძეს მფარველები ჰაყვს პროკურატურაში, სხვა ვერაფერს ვერ დავარქმევ მათ ქმედებას. მხოლოდ დაზარალებულად ცნობას არ დავჯერდები. აუცილებლად პასუხი უნდა აგოს ბარამიძემ და არა მარტო მან, არამედ ყველამ, ვინც იქ იყო და სააკაშვილის მიერ გაცემული საშინელი დავალება შეასრულა. მე ყველას დასჯას მოვითხოვ და ამის შემდეგ უნდა ამინაზღაურონ ის ქონება, რაც დამიწვეს.

ელოდებოდით, რომ წლები დასჭირდებოდა საქმის გამოძიებას, რომელიც პრაქტიკულად გამოძიებული იყო?

- არა, ნამდვილად არა. მართალი ხართ, იმდენი ითქვა და დაიწერა ამ საქმეზე, რომ გამოსაძიებელი არაფერი არ არის. ბარამიძე ამბობს, რომ სვანეთში სტუმარი ვერ ადიოდა აფრასიძეების შიშითო. რეალობა კი ასეთია, სვანეთში თუ ვინმე მოდიოდა სტუმრად, ჩვენს ოჯახში რომ შემოსულიყო და არ მოვეკითხეთ, ისე უკან არავინ არ ბრუნდებოდა. დამიჯერეთ, ეს ასეა და ამას ყველა დაადასტურებს. ასევე ამბობს, რომ აფხაზეთის ომის დროს, როდესაც დევნილები უღელტეხილზე გადმოდიოდნენ აფრასიძეებმა ყველა დააყაჩღესო. დააყაჩაღეს კი არა, ჩემი მეუღლე და უფროსი ვაჟი ევგენი იყვნენ მაშინ მარტო სვანეთში. გოჩა და ომეხი საერთოდ არ იყვნენ იმ დროს სვანეთში. ჩვენ ე.წ. კამაზი გვყავდა და იმ კამაზით ჭუბერის უღელტეხილზე პური მიჰქონდათ და აქეთ ხალხი მოჰყავდათ. ის ხალხი ხელებს უკოცნოდა ევგენის და ჩემს მეუღლეს. ჩემი შვილის გარდა არავის არ ენდობოდნენ და ეს არის რეალობა.

ბარამიძე რომ აბდა-უბდას იძახის ვნახოთ ერთი ვის, ან რას დაამტკიცებს. ერთი ვინმე გამოიყვანოს ისეთი, რომელიც იტყვის, რომ ევგენმა დააყაჩაღა. ბარამიძეს ნამუსი არ აქვს. ოჯახი გამინადგურა, ქმარ-შვილი სადისტურად დამიხვრიტა, შედეგ დამიწვა, ამის მერე ბედავს და ტყუილებს გვაბრალებს.

გვამს ჩაუტარდა ესჰუმაცია. ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ამაზე, მაგრამ მიზეზი არ მივეცით პროკურატურას, იქნებ რაღაცაში წაგვადგეს-თქო და ესჰუმაციის უფლება მივეცით. ახლა ვარ პროკურატურის მოლოდინში. ამ კვირაში უნდა შევხვდე საქმის გამომძიებელს. ასევე ვაპირებ პრემიერ-მინისტრთან, ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას, სხვა გზა არ მაქვს. იცით, რომ არც სახლი მაქვს, არც კარი. კაციშვილი ჩემთან არ მოსულა და არ უკითხია სად ცხოვრობ, ბავშვები როგორ გაზარდე? მეტსაც გეტყვით, მე ვაპირებ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას. ყველას ვთხოვ, დამეხმარონ სამართლიანობის აღდგენაში.