კომპიუტერული თამაშები და სისასტიკე მოზარდებში

კომპიუტერული თამაშები და სისასტიკე მოზარდებში

კომპიუტერული აგრესიული თამაშები ჩვენი საუკუნის მძიმე სენად იქცა, რომელიც მოზარდის ფსიქიკას ცვლის. ამ თამაშების ძირითადი არსი დახოცვაა და, რაც მეტს მოკლავ, მით უფრო წარმატებული ხარ. არის თამაშები, რომელთა მიზანიც სამყაროს გადარჩენაა. თუმცა ამ კეთილშობილური მიზნის უკან, ასევე, უხვადაა ძალადობა და სამყაროს გადარჩენის მისაღწევად ნაცისტების, ტამპლიერების, რობოტების დახოცვა უწევს მოზარდს.

ერთ-ერთი სასტიკი თამაშია „Mortal Kombat“. მსგავსი აგრესიული თამაშების შემდეგ შედეგი არ აყოვნებს და უბრალო გართობა უმალვე ძალადობისკენ მიდრეკილებად გადაიქცევა.

შემთხვევითი არ არის, რომ ანდერს ბრეივიკის მიერ ნორგეგიაში განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ ნორვეგიელებმა ტერორიზმთან ბრძოლის ერთ-ერთ ფორმად ძალადობის ამსახველი თამაშებისა და მულტფილმების გაყიდვიდან ამოღება დაისახეს მიზნად. ბრეივიკი ხომ მასტერკლასს სწორედ კომპიუტერული თამაშების საშუალებით გადიოდა.

ინტერნეტთამაშები მხოლოდ სხვა ადამიანის მიმართ ძალადობისკენ არ უბიძგებს მოზარდს. ინტერნეტთამაში „ლურჯი ვეშაპი“ თვითდაზიანებას და თვითმკვლელობას ახალისებს. ტერმინი „ლურჯი ვეშაპი“ ნაპირზე გარიყულ ვეშაპთა ფენომენისგან მომდინარეობს, რომელიც თვითმკვლელობასთანაა მიმსგავსებული. თამაში 50 დღე გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში ე.წ. კურატორები ისეთი „ექაუნთებიდან“ აძლევენ მოზარდებს „დავალებებს“, რომელთა იდენტიფიცირებაც შეუძლებელია. ნავარაუდევია, რომ 50 დღის შემდეგ თამაშის მონაწილემ თავი უნდა მოიკლას. ხოლო, ვისაც თამაშიდან გასვლა სურს, ოჯახის წევრების ანგარიშსწორებით ემუქრებიან. ზოგიერთი დავალების შესასრულებლად მოზარდი მაღალსართულიანი კორპუსის სახურავზე უნდა ავიდეს, უნდა გაიღვიძოს დილის 4.20 საათზე, ელაპარაკოს ვეშაპს და სხვა.

მას შემდეგ, რაც საქართველოში რამდენიმე მოზარდმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, „ლურჯი ვეშაპის“ ზეგავლენაზე გაჩნდა ეჭვი. თუმცა გამოძიების დასრულების შემდეგ შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომ, დღეის მდგომარეობით, ქართულ ინტერნეტში ე.წ. „ლურჯი ვეშაპის“ არსებობის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

დამშვიდების მიზეზი არ აქვს ონლაინთამაშის - „ლურჯი ვეშაპის“ გამო 9 თვის წინ ტრაგიკულად დაღუპული და მე-13 სართულიდან გადამხტარი 13 წლის გოგონას დედას, რომელიც მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სირაქლემას პოზიციაშია. კერძოდ, სამინისტროს საინფორმაციო კამპანიაც არ უწარმოებია ონლაინსაფრთხეების შესახებ, რომელსაც მოზარდები სუიციდამდე მიჰყავს დაშინებით, შანტაჟითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით.

როგორ უნდა დავიცვათ მოზარდები ონლაინთამაშების მავნე ზეგავლენისგან?

არასამთავრობო ორგანიზაცია „სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, მკვლევარი მუხრან გულიაშვილი ბავშვებთან უკვე წლებია მუშაობს და მიიჩნევს, რომ, როცა ბავშვები ასეთ სიტუაციაში ერთვებიან და არასწორ საქციელს ავლენენ, მათ „ბეგრაუნდს“ უნდა დავაკვირდეთ. ძალიან ხშირად აღმოჩნდება, რომ ასეთ ოჯახებში არსებობს გარკვეული პრობლემები, ან დედა არ იმყოფება საქართველოში, ან მამა და ბავშვები ყურადღების გარეშე რჩებიან.

„ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რაც უბიძგებს მოზარდს, განსაკუთრებით, თინეიჯერულ ასაკში რაღაც ახალი ეძებოს, მთელი დღის განმავლობაში გარეთ იყოს და არ დაკავდეს იმით, რითიც უნდა იყოს წესით დაკავებული -სწავლით, სპორტით. სახელმწიფოს როლს იმაში ვხედავ, რომ უფასო საგანმანათლებლო წრეები, ასევე, სპორტული წრეები (კალათბურთი, ფეხბურთი) გაუხსნას იმ ბავშვებს, ვისაც თანხის გადახდა არ შეუძლია. ეს ბავშვები რაღაცით უნდა დაკავდნენ და არ ჰქონდეთ სურვილი, სხვა რამისკენ გაიხედონ. ბევრ ბავშვს აქვს ეს ინტერესი, მაგრამ მათ მშობელს ფინანსური საშუალება არ აქვს, ატაროს შვილი წრეებზე. ეს წრეები კი საკმაოდ ძვირია და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ხელმიუწვდომელია. განათლება მხოლოდ იმას არ გულისხმობს, რომ კონკრეტული საგნები ასწავლონ სკოლაში. სახელმწიფომ ცოტა მეტად უნდა გადახედოს თავის სისტემას და ოჯახებს დაეხმაროს, რათა მათ მეტი ყურადღება მიაქციონ შვილებს და მისცენ ნორმალური განათლება“, - აღნიშნა მუხრან გულიაშვილმა For.ge-სთან საუბარში.

რაც შეეხება განათლების სამინისტროს მიმართ საყვედურს, რომ სამინისტროს საინფორმაციო კამპანიაც კი არ უწარმოებია ონლაინსაფრთხეების შესახებ, მუხრან გულიაშვილი ეჭვობს, ასეთმა პიარკამპანიამ რამეს უშველოს. პირიქით, შეიძლება, უფრო დაინტერესდეს ბავშვი ამ თამაშებით. ცხადია, მოზარდი ქუჩაში რომ დგას და არაფრითაა დაკავებული, სკოლაშიც დაბალი აკადემიური მოსწრება აქვს, ის რაღაც უკანონობაში იქნება ჩათრეული. კრიმინალში მოზარდების ჩათრევა კი არანაკლები დანაშაულია, ვიდრე ონლაინთამაშები.

მკვლევარი კიდევ ერთი ინიციატივით გამოდის, თუ სახელმწიფოს საშუალება ექნება, სკოლის ასაკის ბავშვები კვებითაც უზრუნველყოს. ამით მოზარდი ყურადღების ობიექტად იგრძნობს თავს, სკოლაშიც დიდხანს დარჩება და გაკვეთილების შემდეგაც დაესწრება კონკრეტულ წრეებს. საზღვარგარეთ სკოლებში მოზარდების კვება აპრობირებული მეთოდია. ფინეთის სკოლებში სტომატოლოგიური მომსახურებაცაა.

„არ ვიცი, ასეთი აგრესიული საიტები ვინ მოიგონა და რისთვის. არც ის ვიცი, რატომ უნდა სურდეს ვიღაცას მოზარდების სუიციდამდე მიყვანა. „ლურჯი ვეშაპი“ იქნება, თუ სხვა თამაში, ფაქტია, რომ თანამედროვე სამყარო ბევრ შესაძლებლობას სთავაზობს მოზარდებს. მოზარდებმა თავად უნდა შეძლონ ამის კრიტიკულად შეფასება და სკოლა ამ მხრივაც უნდა დაეხმაროს მათ. იმის გამო, რომ ასაკობრივი ზღვარი ძალიან დიდია პედაგოგებსა და მოზარდებს შორის, პედაგოგთა ნაწილი ასაკობრივად დასცილდა ჩვენს მომავალ თაობას. ჩვენთან პედაგოგის საშუალო ასაკი 49 წელია და ტექნოლოგიურად მოსწავლეებმა ზოგჯერ გაცილებით მეტი იციან, ვიდრე მასწავლებლებმა, მაგრამ პირადად მე ბევრი მასწავლებელი ვიცი, რომელიც ყურადღებას არ აკლებს მოზარდებს და გაცილებით იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე სახელმწიფო ამას უნაზღაურებს. ამიტომ პედაგოგებისკენ ხელს არ გავიშვერდი“.

ბავშვთა ფსიქოლოგი ქეთი მაყაშვილი For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ნებისმიერი კომპიუტერული თამაშისთვის დიდი დროის დათმობა მავნეა. ეს ერთეულთა პრობლემა არ არის და მთლიანად ახალგაზრდა თაობის პრობლემაა. რა თქმა უნდა, უფრო მოზრდილი ასაკობრივი ჯგუფის ხალხიცაა ამაში ჩართული, მაგრამ ახალგაზრდობისთვის ეს ძალიან მავნეა. რაც უფრო პატარაა ბავშვი და ჩამოუყალიბებელი აქვს ტვინი, მით უფრო რთული შედეგის მომტანია ეს ყველაფერი. მოზარდები ჰორმონალურ ფონზე გაუწონასწორებლები არიან, ამიტომ ძალიან პატარა რაღაცასაც შეუძლია გარკვეულ მდგომარეობამდე მიიყვანოს მოზარდი. მოზარდების ფსიქიკური მდგომარეობის გაფრთხილება აუცილებელია.

„ამ ასაკში მოზარდისთვის ავტორიტეტები ხდებიან მეგობრები და თანატოლები. ისინი არ არიან ლმობიერები ერთმანეთის მიმართ სწორედ იმიტომ, რომ ყველანაირ კომპიუტერულ თამაშს თამაშობენ და ყველა მათგანი თვლის, რომ ურთიერთობის უხეში მოდელია საჭირო. ისინი არ ზოგავენ ერთმანეთს და, საბოლოო ჯამში, ბავშვს არ აქვს პრობლემების გადალახვის შესაძლებლობა. კომპიუტერული თამაში ცვლის მათ ქცევით პატერნებს და ისინი უკვე თავს ვეღარ ართმევენ საკუთარ ქცევით პატერნებს. ერთმანეთთან ურთიერთობის არასწორი ნიმუშებიდან ვეღარ გამოდიან და ერთმანეთს აზიანებენ. დამაზიანებელი ქცევის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს კომპიუტერი, რადგან ყველა მოზარდი ჩართულია ამ საქმეში. ვიღაც უძლებს იმ აგრესიულ ქმედებას, რასაც მისი მეგობარი იჩენს მის მიმართ, ხოლო ვიღაც ვერ უძლებს. ასევე, მოზარდმა აგრესია შეიძლება ნახოს ტელევიზორში, ან სულაც ოჯახში, საზოგადოებაში, ანუ ყველგან შეიძლება ნახოს და ამან მიიყვანოს სავალალო შედეგამდე. ქსელური თამაშების დროს კი შეიძლება ბავშვებმა ერთმანეთი დააზიანონ“, - აღნიშნა ქეთი მაყაშვილმა.