სიკვდილი თბილისის კლუბებში

სიკვდილი თბილისის კლუბებში

მარნეულსა და ფონიჭალაში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 7 ნარკორეალიზატორი დააკავეს. for.ge-ს ინფორმაციით, პოლიციამ დღესვე გლდანში, კერძოდ გმირ კურსანტთა ქუჩაზე, სადაც დევნილთა საერთო საცხოვრებელი მდებარეობს, ერთი ნარკორეალიზატორი დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გარდა ამისა, დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ჯ.ე. რომელსაც დაკავებისას სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი „ექსტაზის“ 393 აბი აღმოაჩნდა. ასევე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქე, ვ.ვ. დაკავებულისგან ამოღებულია 12 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ და 4 კაფსულა „მეტადონი“.

საქართველოში, ახალი თაობის სასიკვდილო ნარკოტიკის „მეფედრონის“ მიღებით გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ მისი რეალიზაცია ინტერნეტ გვერდით ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ხდება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დრომდე ვერ დაადგინა, ვინ დგას სასიკვდილო ნარკოტიკებით ვაჭრობის უკან, როგორ და რა გზით ხვდება აბაზანის მარილი, იგივე „მეფედრონი“ ღამის კლუბ „ბასიანში“, სადაც რამდენიმე ახალგაზრდა  გარდაიცვალა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მეგი გოცირიძე ამტკიცებს, რომ აღნიშნული კლუბი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ეკუთვნის. გოცირიძეს ბრალდებაში არ ჩამორჩა „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელიც ღამის კლუბ „ბასიანის“ დახურვას და მისი ხელმძღვანელების დაკავებას ითხოვს. ნათელაშვილი ამტკიცებს, რომ კლუბი ბერა ივანიშვილს ეკუთვნის და მას სწორედ ყოფილი პრემიერის შვილი მფარველობს. ბრალდებას უარყოფს ბერა ივანიშვილი, რომელიც „ფეისბუქის“ პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს. როგორც ბერა ივანიშვილი ამბობს, არანაირი კავშირი არ აქვს კლუბის მფლობელებთან და არასდროს ყოფილა ამ დაწესებულებაში.

„მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მათ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს: ვიცი, თქვენ ჩემი სტატუსი არც გაგაწითლებთ და არც მონანიების სურვილს აღგიძრავთ, ვინაიდან თქვენმა არაერთმა რეპლიკამ, სტატუსმა და მოგონილმა ზღაპარმა დამარწმუნა ამაში. მაგალითად, ქალბატონ მეგი გოცირიძეს არც მაშინ შერცხვენია, როცა გამოგონილი ამბავი მამას ინსულტის შესახებ მთელი მონდომებით აიტაცა და აპიარა და არც მაშინ, როცა, თითქოს სამძიმრის სახით, გვირგვინი დადო ბებიას სახლის ჭიშკართან.

რომ არა ის ორი ფაქტორი, რომ ქალბატონი ბრძანდებით და ასაკით ბებიად მეკუთვნით - საქმეს სხვანაირად წარვმართავდი და პასუხსაც გაგებინებდით, თუმცა თქვენდამი ჩემი ასეთი ყურადღება ძალიან დიდი პატივი იქნებოდა. ისიც ვიცი, თქვენნაირი მენტალობის ადამიანებს მორალის თემები არც ესმით და არც აწუხებთ.

მივმართავ მათ, ვინც პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე, ვალდებულნი არიან ესმოდეთ რას ნიშნავს უსაფუძვლო ბრალდება და ცილისწამება. ჟურნალისტებს: სანამ ჩემ წინააღმდეგ ცილისმწამებელ ინფორმაციას გამოიყენებთ, ერთი დამამტკიცებელი საბუთი მაინც მოიძიეთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ნამდვილად მოგთხოვთ პასუხს კანონის ფარგლებში.

დაბოლოს, ვისაც შეგიძლიათ თეთრის შავისგან გარჩევა და სიმართლის დანახვა: კლუბი „ბასიანი“ ჩემი არასდროს ყოფილა, არც რამე კავშირი მაქვს მის მფლობელებთან და არასდროს ვყოფილვარ ამ დაწესებულებაში. პირადად მე და მთელს ჩემს ოჯახს დიდი სურვილი გვაქვს ამ კლუბში მომხდარი „მკვლელობების“ გამოძიებისა და დამნაშავეების სასტიკი დასჯის. იმედია ასეც მოხდება. მე კი გულწრფელად თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას. მუდამ თქვენი ბერა“, - წერს ბერა ივანიშვილი.

რაც შეეხება ღმის კლუბ „ბასიანს“, მის გარშემო ძალიან ბევრი კითხვები ჩნდება. არსებული ინფორმაციით, შს სამინისტრო უკვე სწავლობს კლუბის გარშემო არსებულ ინფორმაციას. საჯარო რეესტრის მონაცემებით ამ კლუბის მფლობელი ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელბახიანის ძმის შვილი,ზვიად გელბახიანია, ის 10%-ის მფლობელია, მაგრამ როგორც ჩვენი წყარო ამბობს, სწორედ გელბახიანი არის მთავარი ფიგურანტი და, რომ ეს კლუბი გელბახიანების ოჯახური ბიზნესია. რაც შეეხება კლუბის მესაკუთრეებს, ასე გამოიყურება - აკაკი ხურციძე 50%; ნიკო ნიკოლაძე 10%; ნათია ორაშვილი 10%; ზვიად გელბახიანი 10%; ივანე გეთია 10%; ვახტანგი გოცაძე 10%.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ყველა მეპატრონე ყოფილ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია. თავის მხრივ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე შს მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და დარწმუნებულია, რომ ნარკობიზნესს ხელისუფლებაში მფარველი ჰყავს. აცხადებს, რომ ის უმაღლესი ჩინოვნიკი უნდა იყოს.

„პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ ამ კრიმინალური დაჯგუფების უკან, ვისაც ახალი ნარკოტიკული საშუალება შემოაქვს, მფარველობს ვიღაც და ეს ვიღაც უმაღლესი თანამდებობის პირია. არ შეიძლება ნარკოტიკები ასეთი სისწრაფით, ასეთი რაოდენობით ასე თავისუფლად ვრცელდებოდეს ქვეყანაში, არ იყოს დაჭერილი და დასჯილი არც ერთი ადამიანი, თუ მის უკან არ დგას მაღალჩინოსანი, რომელიც მფარველობს და ხელს უწყობს ნარკობიზნესს“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, კლუბურ და რეკრეაციულ ნარკოტიკს შორის არანაირი მკაფიო მეცნიერული ზღვარი არ არსებობს. მინისტრის განცხადებით, ორივე ნარკოტიკისადმი მიდგომა უნდა იყოს ერთნაირი, რაც ზიანის შემცირებას გულისხმობს. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, მინისტრის განცხადებით, ნებისმიერი ნაბიჯი მიწოდებისა და მოხმარების შემცირებისკენ უნდა იყოს მიმართული. დავით სერგეენკომ პრეპარატ „ნალოქსონის“ რეცეპტული სისტემიდან ამოღებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს კითხვა საერთოდ არ უნდა გაჩენილიყო.

„ნალოქსონი“ არის სელექტიური, მიზანმიმართული ოპიატების მოქმედების შემაბრუნებელი, რევერსის მქონე მედიკამენტი. ხოლო ის ნარკოტიკები, რომელიც გამოიყენება, ძირითადად არის ფსიქოტროპული ჯგუფის, რომელზეც „ნალოქსონი“ არანაირი სახით არ მოქმედებს. პირიქით, შეიძლება სამედიცინო დახმარებამ აქცენტირება მცდარად გადაიტანოს „ნალოქსონის“ ძებნაზე და რეალური დამხარება დაიკარგოს“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ბიუროს გადაწყვეტილებით კი, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადა კიდევ ერთხელ - ამჯერად ერთი თვით გადაიწია. ვადის ერთი თვით გადაწევის საკითხი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ დასვა, რაც უმრავლესობამ გაიზიარა. ვოლსკის შეფასებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დაპირისპირების საკმაოდ მძლავრი ტალღა შეიქმნა და კანონპროექტის ამ ფონზე განხილვა მიზანშეწონილი არ არის.

„ვატყობთ, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ეს რადიკალიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა. დაპირისპირების საკმაოდ მძლავრი ტალღა შეიქმნა. დღეს რამდენიმე განცხადება მოვისმინე იმის თაობაზე, რომ თითქოს ეს ფატალური შედეგი კანონის მიუღებლობით არის განპირობებული, რაც სიმართლისგან ძალიან შორს არის. აქედან გამომდინარე, ვთხოვე ინიციატორებს, გადაგვეწია კიდევ ერთხელ, არ შეიძლება დაპირისპირების ასეთი ხარისხის დროს კანონზე მსჯელობის დაწყება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმა მარტივად გადასაწყვეტი არ არის, არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ მისი თქმით, პრინციპულ და მთავარ საკითხებზე შეჯერება მოხერხდეს. ბესელიას თქმით, ხელისუფლებას არ აქვს რეპრესიული პოლიტიკა მომხმარებლების მიმართ და არის შეურიგებელი ნარკორეალიზატორების მიმართ.

„ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი პროპაგანდა იყოს მომხმარებლებისთვის - რაღაცნაირად შევძლოთ, საზოგადოებრივი განწყობით და საზოგადოებრივი ძალისხმევით მოვახერხოთ და წინასწარი პრევენციული მექანიზმების ჩართვით, ასეთი ფატალური შედეგები თავიდან ავირიდოთ. რაც შეეხება ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის პროცესს, არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ ვადის გაგრძელება იმას ნიშნავს, რომ ამ პროცესში და ამ პერიოდში არაფერი არ ხდება. მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა მთავრობასა და პარლამენტს შორის. ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. უბრალოდ ეს საჯაროდ არ ჩანს. გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ საბოლოო კონსენსუსამდე მივიდეთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ინფორმაციით, ახალი ნარკოტიკული საშუალებები, რომელთაც ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა, მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ ვრცელდება.

„ნარკოტიკი კლავს და დღეს, იმ სიტუაციაში, როდესაც ჯერ კიდევ უცნობი ნივთიერება შემოსულია ბაზარზე, კლავს არა წლების მერე, არამედ დაუყოვნებლივ, საათების განმავლობაში. იმდენად ძლიერია, რომ ერთი ქვიშის მარცვლის ოდენობის პრეპარატმა შეიძლება, ადამიანი მოკლას. ჩვენი ინფორმაციით, ეს პრეპარატები ვრცელდება სხვადასხვა დასახელების, კლუბური თუ არაკლუბური მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ და ამის შედეგად ბევრი ადმიანი, ვინც ინფორმაციას არ ფლობს, იღუპება და მომავალში კიდევ შეიძლება დაიღუპოს, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, არ გამოიყენოს ნარკოტიკული საშუალებები“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.

რაც შეეხება იმ ვერსიას, რომ ახალი ნარკოტიკი გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, რათა ლიბერალური ნარკოპოლიტიკის დანერგვას ხელი შეუშალოს, ზოიძე აცხადებს, კონსპირაციული თეორიების მომხრე არ არის, მაგრამ თუ ასეთი რამე ხდება, შს სამინისტროს გამოძიებისკენ მოუწოდებს.