ე.წ. აბაზანის მარილმა, იგივე „მეფედრონმა“ კიდევ ორი ახალგაზრიდის სიცოცხლე შეიწირა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ახალი თაობის მომაკვდინებელი ნარკოტიკის გამოყენებით 10 ადამიანი გარდაიცვალა. ექიმები განმარტავენ, რომ ყველა შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაცია გახდა.
გამოძიება სსკ–ის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს პასუხი კითხვაზე – როგორ და რა გზით შემოდის საქართველოში მომაკვდინებელი ნარკოტიკი, მაშინ როდესაც ნარკომომხმარებლები პირად საუბარში ადასტურებენ, რომ მისი შეძენა პრობლემა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალების მიღებით გარდაცვლილთა რაოდენობამ პიკს მიაღწია, არასამთავრობო სექტორი ფირქრობს, რომ მიზეზი არასწორი ნარკოპოლიტიკა გახდა.
IDFI-ის მონაცემებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში რეგისტრირებული სისხლის სამართლის ნარკოტიკული დანაშაულების რაოდენობამ 34%-ით იკლო. IDFI-ის ანალიზის ძირითადი მიგნებები შემდეგია: ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე ქვეყნისვე გაცხადებულ სტრატეგიას, რომელშიც საუბარია მიწოდებისა და მოთხოვნის შემცირებაზე, ზიანის შემცირებაზე განათლებასა და რეაბილიტაციაზე, მაშინ, როდესაც არსებული პრაქტიკა დიდწილად მომხმარებლის დასჯაზეა ორიენტირებული.
IDFI-ის ანალიზის თანახმად, მაშინ, როდესაც ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაზე ათობით ათასი ადამიანი დაჯარიმდა, შსს–ს მიერ სტატისტიკის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის 2016 წელს მხოლოდ 10, ხოლო 2017 წელს – 36 პირი იყო დაკავებული. ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასა და გასაღებაზე დაკავებულ პირებს შორის ასეთი დიდი რაოდენობრივი განსხვავება აჩენს კითხვებს ქვეყნის ნარკოპოლიტიკის პრიორიტეტებთან მიმართებით.
ნარკოტიკების რეგულარულად მომხმარებელთა რიცხვი დაახლოებით 200–დან 250 ათასამდეა. არის კატეგორია, რომელიც ადრეული ასაკიდან გახდა ნარკოდამოკიდებული, თუმცა, ნარკოტიკებს მოხმარებას თავი დაანება, გავლენა იქონია არა მკურნალობამ, არამედ მონასტერმა. ასევე არის კატეგორია, რომელიც ამბობს, რომ მარიხუანას მომხმარებელია და არა ნარკოტიკის. არიან ისეთებიც, რომლებმაც ნარკოტიკული საშუალების მიღებას თავი დაანებეს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ დაიწყეს. ყველა მათგანი აცნობიერებს, რომ სიკვდილამდე ერთი ნაბიჯია, მაგრამ ამის მიუხედავად ნარკოტიკების მოხმარებაზე უარს ვერ ამბობენ. ცდილობენ, რომ ნარკოტიკული თრობა ქვეყანაში არსებულ არასახარბიელო სოციალურ ფონს, უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს დაუკავშირონ.
ეს რომ გამოსავალი არ არის, ამის შესახებ საუბრობს ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, ნარკობიზნესი დაინტერესებულია ბევრი მომხმარებელი ჰყავდეს, ამიტომ არ გამორიცხავს, რომ თანხებიდან გარკვეული ნაწილი ნარკოპროპაგანდას ხმარდებოდეს.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
საქართველოში ძალიან აქტუალურია საუბარი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე, მაგრამ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვითარება საგანგაშოა. იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობა. ამის მიუხედავად, არასამთავრობოები და პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ ითხოვს ნარკოლიბერალიზაციას. როგორ ფიქრობთ, რა ინტერესი აქვთ მათ, როდესაც ითხოვენ ნარკოლიბერალიზაციას?
რამაზ საყვარელიძე: ქვეყნის კულტურულ და ადამიანთა თვისებებს ალბათ, აქვს მნიშვნელობა იმისთვის, რომ ლიბერალიზაციის შედეგად მიიღო პოზიციური შედეგი და არა ნეგატიური, ანუ ნარკომანიის გაძლიერება. პირობების შესწავლა, ამ პირობების გაანალიზება - კერძოდ, აიყვანო მცირე ჯგუფში, მათში აკრძალო ნარკოტიკი და დააკვირდე რა მოხდება მერე – ასეთი სამუშაოებიც კი არ ჩატარებულა.
ფაქტიურად, ვიძახით უნდა მოხდეს ლიბერალიზაცია იმიტომ, რომ არსებობს ასეთი შანსი იმისა, რომ შეიძლება ლიბერალიზაცია კარგია. მაგრამ არანაირი კვლევა არ გვიწარმოებია. ეს იგივეა, წამალი მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ არსებობს შანსი ეს წამალი რაღაცას შველის, მაგარამ არ იცოდე შემდეგ როგორ იმოქმედებს. საკითხისადმი აი ასეთი მიდგომა, ჩემი აზრით, არის მცდარი. ჯერ სხვა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისათვის, რომ გადაწყვეტილება იყოს შედეგიანი.
არის კიდევ მეორე ასპექტი, კერძოდ, დაუშვა ნარკოტიკების ლიბერალიზაცია, მაგრამ, სამაგიეროდ რაღაცა მექანიზმები აამუშავო. ჩვენს რეალობაში მკაფიოა, რომ ასეთ მექანიზმად იმუშავა ეკლესიამ. მე არ მსენია რა შედეგი ჰქონდა სხვა ქვეყნებში ეკლესიას, მაგრამ საქართველოში ეკლესიას ნამდვილად აქვს გავლენა ამ მხრივ.
თუკი ნარკომანს გამოართმევ ნარკოტიკებს, ალბათ, აქვს მნიშვნელობა რითი ანაცვლებ ამ ნარკოტიკს, რას უპირისპირებ...
- რა თქმა უნდა. ნარკომანები ხშირად იძახიან, რომ სიგარეტიც ნარკოტიკია და ხომ იყიდებაო. ბევრი ქვეყანა სიგარეტის მოხმარებაზეც ამკაცრებს კანონს. თუკი ლიბერალიზაცია კარგია, რატომ სიგარეტზე არ ხდება ლიბერალიზაცია? რატომ არის, რომ ჯანმრთელ დასავლეთში სულ უფრო და უფრო მკაცრდება სიგარეტის მიმართ დამოკიდებულება? ეს ერთი და მეორე, იმისათვის, რომ სიგარეტს თავი დაანებო და მოწევისკენ სწრაფვა არ ჰქონდეთ ახალგაზრდებს, მთელ რიგ ქვეყნებში გაძლიერებულია სპორტული წრეები, მეცადინოებები სკოლებში. სპორტის მიმართულებით დროის ხარჯვით ჩანაცვლებულია ნარკომანიაზე და სიაგარეტზე მიდრეკილება.
ანუ, ერთ–ერთი შემაკავებელი ფაქტორია, რაც გამორიცხავს ნარკოტიკისკენ მიდრეკილებას?
– რასაკვირველია, პირობებშია ცვლილება შესატანი, ისევე როგორც თამბაქოსთან ბრძოლის კუთხით. საქართველოში უამრავი ადამიანია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის დამცველი და აქაც არსეობობს ლოგიკა - უზარმაზარი თანხები დევს ნარკობიზნესში. როგორც ბიზნესი, ნარკობიზნესიც დაინტერესებულია, რომ ბევრი მომხმარებელი ჰყავდეს და მის მომხმარებელს ხელს არაფერი უშლიდეს. არ არის გამორიცხული, რომ რეალიზატორი თანხებიდან რაღაც ნაწილს ასეთი საქმიანობისთვის, ანუ პროპაგანდისთვის ხარჯავდეს. ეს ისეთი ბრალდებაა, რომელზეც მტკიცებულება არ გვაქვს. ეს ბრალდება რეალური, ან მცდარი რომ იყოს, ორივე შემთხვევაში დასაფიქრებელია.
ნებისმიერი ცვლილება ნარკოლიბერალიზაციის მიმართულებით მოითხოვს კვლევით სამუშაოებს და მერე ალტერნატიული ფორმების შემოტანას. ახალგაზრდების დაინტერესებას.
ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანამ ძალიან დიდი რესურსი და აქცენტი უნდა მიმართოს მკურნალობაზე, რეაბილიტაციაზე, როდესაც საქმე ნარკოდამოკიდებულ ადამიანს ეხება. მაგრამ როგორ ფიქრობთ, ასე ძალიან რატომ ხდება მოთხოვნა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე? თუკი დაუშვა სახელმწიფომ ლიბერალიზაცია, რამდენად მოსალოდნელია, რომ უკუშედეგი ჰქონდეს მას?
-სპეციალური გამოკვლევების ჩატარების გარეშე შეუძლებელია და ამავე დროს ძალიან რთულია პასუხის გაცემა. ძალიან მცირე ქვეყანა ვართ და ვართ ქვეყანა, რომლის ახლაგაზრდობას ცოტა რამე გააჩნია ისეთი, სადაც შეიძლება თავისი ინტერესები ჩადოს. ფაქტიურად, ამ ლიბერალიზაციით ჩვენ ნარკომანიას გავუხსნით გზას.
რაც შეეხება ხელისუფლების მიმართ საყვედურს, ორი წლის წინ მიიღო კანონი, რომლის მიხედვით მკაცრად რეგულირდება სიგარეტის მოწევა და ამავე დროს ვსაყვედურობთ იმას, რატომ არ იღებს კანონს ნარკოლიბერალიზაციის შესახებ. სიგარეტიც ნაკოტიკია, თუ სიგარეტის შემთხვევაში გამკაცრების მომხრე ვართ, სხვა ნარკოტიკების და იგივე მარიხუანას ლიბერალიზაცია როგორ უნდა დავუშვათ? თუ ერთ შემთხვევაში ჯანმრთელობის კუთხით ვთვლით, რომ სიმკაცრე შედეგს მოიტანს, მეორე შემთხვევაში რატომ ვთვლილი, რომ დადებითი შედეგის მომტანი ლიბერალიზაცია იქნება?
სამწუხაროდ, ჩვენ არ გვიყვარს სწვალა. გაუნათლებლობა ის უბედურებაა, რომლიც ხელს უწყობს ნარკომანიაში ჩაბმას. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს გარშემო ბევრი მტერ-მოყვარეა ისეთი, რომელიც ისურვებდა საქართველოს ქართველების გარეშე. აგერ რუსეთის ხელისუფლება ასე ფიქრობს. ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ მეტოქე ქვეყანა სპეციალურად უხსნის კარებს ასეთ ფაქტებს და შენი გენოფონდის დაზარალებისთვის, შემცირებისთვის უშვებს ნარკოტიკებს ქვეყანაში, უფასოდაც კი. თუკი დავუშვებთ, რომ მტერს შეიძლება ეს სტრატეგია ჰქონდეს, პასუხი ნათელია – ლიბერალიზაცია მტრის წისქვილზე წყლის დასხმაა და დამღუპველია ქვეყნისთვის.
ახალი თაობის მომაკვდინებელი ნარკოტიკი „მეფედრონი“, რომელმაც რამდენიმე ახალგაზრდა შეიწირა, როგორც ირკვევა, უპრობლემოდ იყიდება ონლაინმაღაზიებში, ამას ადასტურებს შსს, მაგრამ მისი აღკვეთის წინაშე არის უძლური. როდესაც საქმე ეხება ნარკოტიკების ქვეყანაში შემოტანას, მუდმივად ჩნდება ასეთი ფრაზა, რომ ამის უკან არ დგას ერთი კონკრეტული ადამიანი, რომ ამის უკან დგანან შსს-ს მაღალჩინოსნები. რატომ პასიურობს გახარიას უწყება, მით უფრო, როდესაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მივიღეთ არაერთი გარდაცვლილი ადამიანი?
- ტელეფონზეც არაერთხელ მიმიღია შეთავაზება ნარკოტიკების შეძენაზე. რატომ ვერ უმკლავდება? – ალბათ, საკამრისი სიმკაცრით არ დგას საკითხი. როცა მთავრობა მინისტრთან ერთად მთელი სიმკაცრით დააყენებს ამ საკითხს და მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში, მინისტრი დატოვებს თანამდებობას, შემდეგ მინისტრი თავის ქვემდგომ სტრუქტურებთან დააყენებს საკითხს - რომ ისინიც დატოვებენ თანამდებობას და ა.შ. თუ ასეთი სიმკაცრით არ მოხდა საკითხის დაყენება და მარტო ის ითქმევა, რომ სასურველია მოვაგვაროთ და, თუ ვერ მოაგვარებთ ბევრი არაფერი მოხდებაო, მაშინ მივიღებთ მძიმე სურათს, იმაზე მძიმე სურათს რაც დღეს გვაქვს.
ამ ტიპის გადაწყვეტილებას წინ უნდა უძღოდეს იმის შესწავლა, რომელი გზით იშოვება ნარკოტიკი. თუ აღმოჩნდება, რომ ელექტრონული ინფორმაცია არის მნიშვნელოვანი წყარო, მაშინ უნდა იმოქმედონ სათანადოდ. არც ის არის გამორიცხული, რომ ნარკომანების ერთმანეთთან ურთიერთობა არის ინფორმაციის ძირითადი წყარო და არა ელექტრონული ინფორმაცია.
ნარკოლიბერალიზაციის პროპაგანდა ხდება მედია სივრცეში, მაგრამ საპირისპირო, რამდენად მავნე შეიძლება იყოს, ამის შესახებ არ არის საუბარი. ეს არ არის სახელმწიფოს ვალდებულება, რატომ ერიდება ხელისუფლება ამ თემაზე საუბარს?
- რა გითხრათ, ეს თემა დიდი ხანია არსებობს. საბჭოთა პერიოდშიც იყო საქართველოში ნარკომანიის თემა, მაგრამ ძლიერი იყო ნარკოლოგიური ცენტრი, რომელიც მერე დახურეს. პრობლემა მას მერე კიდევ უფრი გამწვავდა, რაც გაიხსნა საზღვრები. გითხრათ, რომ ამ კუთხით დიდად პროდუქტიული არის სახელმიწიფო-თქო, მოგატყუებთ. რაში უნდა გამოვლინდეს სახელმწიფოს აქტიურობა? – პრობლემის შესწავლა უნდა მოხდეს, უნდა მოხდეს მთელი ძალების მობილიზაცია - ექიმები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, პედაგოგები. საჭიროა ძლიერი ცენტრი, სადაც მოხდება პრობლემის შესწავლა, სხვების გამოცდილების გაზიარება. მერე ამ რეკომენდაციების გატარება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მკაცრად. ჩვენ არც ერთი გვაქვს, არც მეორე და არც მესამე. ათას სისულელეზე გაიგებ რეკლამას, მაგრამ ნარკოტიკებს ეს რეკლამა არ ეხება. ამიტომ, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ამან შეიძლება კატასტროფული შედეგი მოგვცეს, მით უმეტეს, იმ ფონზე როდესაც საქართველოს აქვს დემოგრაფიული პრობლემა. სამწუხაროდ, დემოგრაფიული პროგნოზი საკმაოდ მძიმეა.