„ნუ გეშინია შენი მეგობრების - ყველაზე უარეს შემთხვევაში, მათ შეუძლიათ გიღალატონ შენ; ნუ გეშინია შენი მტრების - ყველაზე უარეს შემთხვევაში, მათ შეიძლება მოგკლან შენ, გეშინოდეს გულგრილების - მხოლოდ მათი ჩუმი თანხმობით ხდება დედამიწაზე ღალატი და მკვლელობა! ჩვენს შემთხვევაში, თბილისის სიკვდილზეა საუბარი!“ - 1938 წელს დახვრეტილი მწერლის ბრუნო იასენსკის ამ სიტყვებით გამოეხმაურა თავის დროზე მიხეილ ჯიბუტი თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის განხილვას სამეცნიერო წრეებში და ამ წრეებში მოწონების დამსახურებას. ეს რამდენიმე თვის წინ იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, გენგეგმაში ბევრი არაფერი შეცვლილა, რაშიც ბრუნო იასენსკის რომანის - „გულგრილთა შეთქმულების“ სიტყვებით რომ გადმოვცეთ, ბრალი გულგრილ ინტელიგენციასაც მიუძღვის.
For.ge ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ მიხეილ ჯიბუტს ესაუბრა.
არის ასეთი მოსაზრება, რომ თავის დროზე „სითი ინსტიტუტი-საქართველო“ იმისთვის შეიქმნა, რომ თბილისის გენგეგმის შედგენის უფლება ექსკლუზიურად მიეღო და ამ გეგმაში თბილისის კი არა, მავანთა კერძო ბიზნესინტერესები გაეთვალისწინებინა. სინამდვილეში, რა არის ეს გენგეგმა -ფარსი თუ საქმიანი თამაში?
- მთავარია, რომ ის დოკუმენტი, რაც რეალურად არც არსებობდა, არ იქნა მიღებული.
რის საფუძველზე აცხადებთ, რომ დოკუმენტი რეალურად არ არსებობდა? „სითი ინსტიტუტის“ მიერ შედგენილი პროექტის ხარვეზებთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
- პირველი ხარვეზი იყო სწორედ საქართველოს ინტელიგენციაში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც ეს გეგმა განიხილეს და რატომღაც მოიწონეს. აქედან დაიწყო ჩემი დაინტერესება ამ გეგმის მიმართ.
მიიჩნევთ, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვებს ცინიკური ხასიათი ჰქონდა 2017 წლის ივლის-აგვისტოში?
- ფაქტობრივად, საქართველოს ინტელიგენციამ მოიწონა ის, რაც არც არსებობდა. აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, როგორი ინსტიტუტები და ინტელიგენცია ჰყავს საქართველოს, რომელთაც მიუტანეს რაღაც და მათ პირდაპირ მოიწონეს. ამ ადამიანებზე გამოყოფილი ფული რაში დაიხარჯა? სწორედ ეს არის საკითხავი. ვგულისხმობ იმას, რომ თავის დროზე ქვეყანამ გამოყო თანხები და გახადა ეს ადამიანები პროფესორები, აკადემიკოსები. თუმცა როგორ უბრუნებენ ისინი საკუთარ ქვეყანას ამ სიკეთეს თავიანთი ინტელექტუალური დასკვნებით? ეს არის ამ ისტორიაში მთავარი და ეს არის გულგრილობისა და უყურადღებობის მაჩვენებელი. ეს ისტორია აღარ უნდა განმეორდეს და ახლა რასაც შემოგვთავაზებს კახა კალაძე და მისი გუნდი, ადამიანებმა ყურადღებით უნდა წაიკითხონ. თბილისელები ჩართულნი უნდა იყვნენ თავიანთი მიწათსარგებლობის გეგმის განხილვისას.
როდესაც თბილისის მერია ნაკლოვანებებზე მიუთითებდა, აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ გენგეგმის პროექტში საკუთრების ცნება იგნორირებული იყო, არ იყო წარმოდგენილი ავარიული სახლების ჩანაცვლების, ასევე, ტრანსპორტის, გამწვანების სტრატეგია, არ იყო შემუშავებული რეკომენდაციების ხარჯთაღრიცხვა...
- დეტალებში შესვლა არ მინდა. მილიონმა ექსპერტმა დადო დასკვნა და, თითს დაადებენ თუ არა ამ თემას, ყველგან არსებობს დასკვნები, მათ შორის, ინგლისელების, ფრანგების. ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ გენგეგმის პროექტში უამრავი ხარვეზია. ხარვეზი კი არის ის, რომ, რაც კანონით იყო განსაზღვრული და, რაც უნდა ყოფილიყო გენგეგმაში მოცემული, ამ გენგეგმაში არაფერია ნათქვამი და არც ერთი კუთხით არ შეესაბამება იმ მოთხოვნებსა და სტანდარტებს, რაც არსებულ გენგეგმას სჭირდებოდა. ეს დადასტურდა და ამიტომაც უთხრეს „სითი ინსტიტუტს“ უარი. აქ არის ორი ნაწილი. ერთი გახლავთ ტექსტუალური ნაწილი, ხოლო მეორეა-რუკა. ორივე ნაწილში დაფიქსირებული იყო ათეულობით მძიმე შენიშვნა.
რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, ის საერთოდ ვერ აკმაყოფილებდა პროგნოზის ვერც ერთ მოთხოვნას. დემოგრაფიულ ნაწილშიც არ იყო გათვალისწინებული ისეთი მოვლენები, რაც დემოგრაფიის პროგნოზის კუთხითაც უნდა გაითვალისწინო. იყო ცდომილებებიც. შესაბამისად, თუ ქალაქს დაგეგმავ არასწორად, ბუნებრივია, მშენებლობა სწორად ვერ დაიგეგმება. იყო ისეთი შემთხვევებიც, რაც გეგმას ხდიდა პრაქტიკაში გამოუყენებელს. ამდენად, მერიამ დაინახა, რომ ამ გეგმით ის ვერ შეძლებდა ფუნქციონირების გაგრძელებას. ახლა კონკრეტულ ხარვეზთა გამოყოფა რომ დავიწყო, მერე მეტყვიან, რატომ შეეხე ერთ საკითხს და რატომ არ ისაუბრე მეორეზეო. თუმცა გეგმა ისეთნაირად იყო შედგენილი, რომ არასპეციალისტიც კი დაინახავდა, რომ ეს გამოუსადეგარი დოკუმენტი იყო და მას არ ჰქონდა ნორმატიული აქტის პროექტის სახე. სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ 1200 გვერდი არავის ჰქონდა წაკითხული, მათ შორის, იმათაც, ვინც კამათობდა ამ თემაზე.
ფიქრობთ, რომ „სითი ინსტიტუტს“ ჰყავს ლობისტები და მერიის ცალკეულ მაღაჩინოსანთა მხრიდან აქვს თანხმობა? მიუხედავად კახა კალაძის ხისტი მიდგომისა, ფაქტია, რომ ამ კომპანიას ვადა ორი თვით გაუგრძელეს.
- ლობისტების თაობაზე ვერაფერს გეტყვით. ეს მე არ ვიცი, მაგრამ საქართველოში, სადაც ასეთი პროექტებია, ალბათ, ვიღაცა ვიღაცას მხარს უჭერს.
ყოველ შემთხვევაში, 1-ელ ივნისამდე არ უნდა მიეცათ ვადა და საქმიდან მათი ჩამოშორება აჯობებდა?
- ეს რთული საკითხია, რადგან ერთია, ჩვენ გარედან რას ვფიქრობთ, ხოლო მეორეა, შიგნიდან როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. ფაქტია, რომ პროცესი დაწყებულია. ინფორმაციულად, ამ ინსტიტუტს აქვს ყველზე მეტი ინფორმაცია, მაგრამ მან ნორმალური დოკუმენტი არ დადო. არადა, პიროვნულად ეს ადამიანები ჩართულნი არიან ამ სფეროში და, როგორც ამბობენ, კომპეტენტურებიც არიან. ამიტომ ამ მასალის უარყოფას მერია, ალბათ, მოერიდა. თანაც, არის მეორე თემაც. ეს ხომ სადღაც რომელიღაც პლანეტიდან მოსული ხალხი არ გახლავთ. კახა კალაძის წინამორბედი მერი მუშაობდა სწორედ „სითი ინსტიტუტთან“. ამიტომ აქ შეიძლება იყოს გუნდური, შიდა კავშირები. მე არ ვიცი, ჩემთვის ძნელია დავამტკიცო, რას უკავშირდება „სითი ინსტიტუტისთვის“ ვადის გახანგრძლივება, თუმცა ადამიანთა დიდ რიცხვთან რომ არის დაკავშირებული, ეს აშკარაა.
ის, რაც ნარმანიას დროს უნდა მიეღოთ (და ეს გენგეგმა უნდა მიეღოთ სწორედ ნარმანიას მერობისას), იმავე შიდა გუნდში ვიღაცამ კალაძეს ჩაუწერა, როგორც პერსპექტიული წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილი. ანუ, თუ ეს გენგეგმა ნარმანიას უნდა მიეღო, მაშინ მომავალ მერს რატომ უნდა გადაებარებინა? ან კიდევ, თუ ნარმანია ამ გენგეგმას იღებდა, რატომ იღებდა მაინცდამაინც თავისი მმართველობის მეოთხე წელიწადს? მაშინ, როცა წინა გეგმით იმუშავეს 14-15-17 წლის განმავლობაში და დღესაც ის გეგმა მუშაობს. აქ მთელი პლასტებია.
რამდენად რეალურია მოსაზრება, რომ, თუკი ამ კომპანიას არ გაუგრძელებდნენ ვადას, მაშინ ქაოსური განაშენიანება დაიწყებოდა ქალაქში და კიდევ დამატებითი წლები დასჭირდებოდა ახალი გენგეგმის შედგენას?
- არავითარი ქაოსური მშენებლობა არ დაიწყებოდა. საქმე ისაა, რომ დღეს არსებობს მოქმედი გენგეგმა და კანონმდებლობაში ვაკუუმი არ იქმნება. ასე რომ, როგორც მოქმედებდნენ შარშან და წინა წლებში, ისე იმოქმედებდნენ ახლაც.
მაგრამ წინა წლების გენგეგმა ხარვეზიანი იყო. ამიტომაც გადაწყვიტეს მისი შეცვლა.
- რა მნიშვნელობა აქვს, აქ მთავარია, რომ ძველი გენგეგმის ნორმა დღესაც მოქმედებს. ამიტომ არავითარი საკანონმდებლო ვაკუუმი არ არსებობს. თუ არ მივიღებთ ახალ გენგეგმას, ისევ იმ ძველით ვიხელმძღვანელებთ. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში ქალაქმშენებლობის შესახებ კოდექსი არ არის. ეს კოდექსი დევს პარლამენტში და დიდი ხანია, იჭიმება მისი მიღება. ასე რომ, მთავარი პრობლემა კანონის არარსებობაშია. ამიტომ გაუგრძელებენ თუ არა „სითი ინსტიტუტს“ ვადას, არავითარი მნიშვნელობა ამას არ აქვს. ეს არაფერს ცვლის, ეს გეგმა რომც მიიღონ, ესეც არაფერს შეცვლის. რეალური სიტუაცია ამ გეგმის მიღება-არმიღებით არ იცვლება, მთავარია, რომ კანონი არ გვაქვს. რაც შეეხება ამ გეგმას, ცხადია, „სითი ინსტიტუტის“ მიერ შედგენილი ცუდი გეგმა არც უნდა მიგვეღო.
აქ ჩანს ძალიან სწორი და გაბედული ნაბიჯები ახალი მენეჯმენტის მხრიდან. ალბათ, ბევრი უხერხული მომენტი იყო იმასთან დაკავშირებით, რადგან კალაძის გუნდის წევრი იყო ნარმანია, ვინც ეს გეგმა დაუტოვა მემკვიდრეობად ახლანდელ მერს და კახა კალაძემ სწორედ ამაზე თქვა უარი. ეს კალაძისა და მისი გუნდის დიდი პლუსია.
მაგრამ ბოლომდე უარი მაინც არ გამოუვიდათ.
- კალაძემ თქვა უარი, მან „სითი პარკიც“ გააჩერა. ახლა ამბობენ, ამით რა შეიცვლებაო, მაგრამ ეს ურწმუნო თომასავითაა. რა შეიცვლება და „სითი პარკი“ შენ რომ გართმევდა ფულს, აღარ წაგართმევს. არსებობს გუნდი მერიაში, რომელიც საკუთარ ხალხს რაღაცას ეკითხება. ახლა ამას სჭირდება შეძახილი და თბილისელების ჩართულობა თბილისის მართვაში. ეს არ არის საფაშო ან საშახო, როდესაც თვითმმართველობაში ვიღაც მოვა და მას ემორჩილება მთელი ქალაქი. თვითმმართველობაში ყველა უნდა ჩაერთოს. თუმცა თვითმმართველობის მიმართ გულგრილობის ნიშანია, რაზეც დასაწყისში ვისაუბრე. უნივერსიტეტებმა უნდა ამოიღონ ხმა, ამდენი პროფესორი, აკადემიკოსი, მეცნიერი გვყავს, რომლებიც გაყუჩებულნი არიან. ან კარგი თქვან, ან ცუდი, არ უნდა შეუწყონ ხელი ცუდის კეთებას. უკვე დადასტურდა, რომ ამ მეცნიერებმა აგვისტოში მოიწონეს გენგეგმის პროექტი, რომელიც თურმე ცუდი ყოფილა. ამიტომ საზოგადოებამ და ჟურნალისტებმა კითხვები მათი მისამართით უნდა შეაბრუნონ და ჩვენს მეცნიერებს ჰკითხონ, ხალხო, რატომ იწონებდით გენგეგმის ამ პროექტს აგვისტოში? მე რომ ჩარხთან ვმუშაობ, ან მიწას ვთოხნი, შენ რომ ხარ პროფესორი, ხომ გევალება, სწორი დასკვნა მომცე? ეს არის მნიშვნელოვანი ლაიტმოტივი.