“ვაა, პელე, ცოცხალი ხარ, ტო?!

“ვაა, პელე, ცოცხალი ხარ, ტო?!"

დღევანდელი საკვირაო მოგონებების მთავარი გმირი ცნობილი ქართველი მსახიობი კახი კავსაძე იქნება. გაგიკვირდებათ და ბატონ კახის ფეხბურთის მეფე - პელესთან „ჩინებული“ ურთიერთობა გააჩნია. ალბათ გახსოვთ თავის დროზე პოპულარული ქართული მხატვრული სურათი, რომლის მთავარი პერსონაჟიც ბრაზილიელი ჯადოქრის ახლობლობას იმტკიცებდა და დანაქადი საქმედაც აქცია - მილანის „სან სიროს“ სტადიონზე მწვანე მინდორზე გადავიდა, „მეფეს“ გულიანად ჩაეხუტა და ქართული ნაბადიც უფეშქაშა.

ბატონი კახი იმ ისტორიულ დღეს და პელესთან „ახლო ურთიერთობას“ თავად გაიხსენებს.

„კი, მართლია, ჩემო ბატონო, პელე ბევრჯერ ვნახე, მიშა ჭიაურელმა არ დამაყენა საშველი და მთელი ამბები გადავიტანეთ ფილმის გადაღების გამო. იმ ამბებს გიამბობთ, რაც ძირითადად კადრს მიღმა გადამხდა, თორემ ფილმი ყველას აქვს ნანახი.

პელეს მართლა დიდხანს ვდიეთ. გავიგეთ მოსკოვში ჩამოდის იაშინის იუბილეზეო და სასწრაფოდ გადავფრინდით, მაგრამ არ ჩამოვიდა. გადავიღეთ ბეკენბაუერი, ჩარლტონი და სხვანი.

მერე გვითხრეს, რიო-დე- ჟანეიროში წავიდაო, რაღაცები იქაც გადავიღეთ. გარინჩას საფლავზეც მივედით, ერთ პატარა სოფელშია დაკრძალული. საფლავზე წარწერაა: "გარინჩა, ხალხის სიხარული". გაუკვირდათ ჩვენი მისვლა, თურმე მის საფლავზე არავინ დადის.

ახლა გვითხრეს, რომში ნახავთ პელესო, მაშინვე რომის გზას დავადექით. ერთ სასტუმროზე მიგვითითეს, იქ ცხოვრობსო. სასტუმროს თანამშრომლებს ვუთხარით, პელეს ნახვა რომ გვინდოდა.

- ვისი ნახვა გინდათო?

- პელესი - მეთქი. ერთმა მეორეს დაუძახა: მოდი ერთი, ნახე რას ლაპარაკობენო? იმასაც ავუხსენით, რა გვინდოდა. როგორც გიჟებს ისე გვიყურებდნენ, დაგვცინეს. აქ რომც იყოს, რა, შეგიშვებთ თუ როგორ არის თქვენი საქმე, ახლავე დაახვიეთ აქედანო. წიხლი რო არ დაერტყათ ჭაჭებში, ჩქარა გამოვცვივდით.

მერე გავარკვიეთ, სულ სხვა სასტუმროში ჰქონია ნომერი. დაგვარიგეს, ვითომ ისე ხართ შესული, ტყუილად დასხედით ფოიეში, ორ საათზე ოთახიდან გამოვა და იქ დაიჭერთ, თორემ გამორიცხულია მიგიღოთო.

ჩვენც ვსხედვართ, არაფერს ვიმჩნევთ - რა გვინდა. შესრულდა ორი, სამის ნახევარი, არ ჩანს პელე. ძალიან ვინერვიულე და  ამ ნერვიულობაში ჩამეძინა. ოთხის ნახევარია და მიშა ჭიაურელის ყვირილი მესმის : კახიიი, მოდი ჩქარა, მოდიი...

ხმის მიმართულებით გავიქეცი და რას ვხედავ, მიშას კუთხეში ჰყავს მიმწყვდეული პელე, ხელებით იმგვარადაა გადაფარებული, კაი ბიჭია და დაუძვრეს.

ვააა, ისეა შეშინებული,, მივხვდი, მხოლოდ ერთი რამე უტრიალებს თავში - ნეტა არ მომკლავდნენ, ჯანდაბას, მომკლან, თავს მაინც ნუ მომაჭრიან.

თუ იყო შეშინებული ოცჯერ, ჩემი მივარდნით შიში 120- ზე აუვარდა. ბოხი ხმა აქვს და ბურტყუნებს საცოდავად. მიშა მეუბნება: ვუხსნი აქეთ გამოდი - მეთქი და ეს კიდევ სხვაგან მიდისო.

- ვერ ხედავ რა დღეშია? ხელები მაინც ჩამოსწიე...

პელეს თვალებში ნდობის ნაპერწკალმა გაუელვა, - მგონი ეს კაცი მიშველის, ყოველ შემთხვევაში , ხელს არ შეუწყობს ჩემს სიკვდილში ამ თეთრ კაცსო.

ქართულად ვეუბნები:

- არა გრცხვენია, როგორ იქცევი, რას ჰგავს შენი საქციელი, პელე? მიხვდა მტრულად რომ არ ვარ განწყობილი.

- პელე, აქეთ მოდი! - დაინახა თუ არა კამერა, ამოიბღავლა: ბუტუ, დუდუ, ეგრე გეთქვათო, რა? გამოვედით აქეთა მხარეს, დადგა აპარატის წინ, ვიმუსაიფეთ, გადაიღო მიშამ და ყანწი გავაძვრე:

- ეს, შენ, მიშა მესხისგან და მეტრეველისგან! მეტრეველი პრეზენტო!

- ოო, მეტრეველი, მეტრეველი... ათჯერ გაიმეორა.

სლავა მეტრეველი ის ფეხბურთელი იყო, რომელმაც ბრაზილიის ნაკრები სასტიკად გაამწარა ორი ბურთის შეგდებით და ეს ამბავი დღესაც ძაღლის ნაკბენივით ახსოვთ ბრაზილიელებს...

კი გადავიღეთ პელე, მაგრამ სისხლი თუ არ ჩამექცეოდა, არ მეგონა.

დავბრუნდით თბილისში, ვარ ჩემთვის წყნარად და ერთ მშვენიერ დღეს მიშა მეუბნება: განათება არ მომწონს და პელე თავიდან უნდა გადავიღოთო, მილანში წავიდეთ, მის 50 წლის იუბილეს იქ აღნიშნავენ, „სან სიროს“ სტადიონზე მსოფლიო და ბრაზილიის ნაკრები ხვდება ერთმანეთსო.

ახალ მილანში გამაქანა. ვაააა...

თეთრი ნაბადი და ნაბდის ქუდი წავიღეთ. სტადიონზე შესასვლელი ბილეთი სად გვქონდა, ერთი პოლიციელი დავაბით (იმ იტალიელმა პოლიციელმა შინაც მიგვიპატიჟა და გაგვიმასპინძლდა) და შეგვიყვანა სტადიონზე, იქ თქვენ თავს მიხედეთო.

წინ მე მივდივარ სტადიონზე, ნაბადი მაქვს მოხურული, ქუდიც მახურავს, ძაან იმპოზანტნი ვარ, რაა. უკან მომყვება მიშა და მისი ქალიშვილი, რომელიც თარჯიმნობას გვიწევდა.

ვაა, არავინ არაფერს მეუბნება, გავიარე უთვალავი პოსტი და კორდონი, სენატორი ვეგონე თუ ვინ, არ ვიცი. გააჩერებენ მიშას, დავსჭექ ჩემთან არიან!

ამგვარად მივაღწიე პელეს გასახდელამდე, შევაღე კარი და წევს ეს კუნაპეტივით შავი კაცი, მასაჟისტი კი მუხლებზე მასაჟს უკეთებს.

ბნელოდა იმ ოთახში გადაღებისთვის და მის გამოსვლას დაველოდეთ.

რომ გამოვიდა, მაშინვე ნაბადი მოვახურე და ნაბდის ქუდითაც გამოვპრანჭე „ჩვენი“ პელე. ეს ყველაფერი გადავიღეთ და მიშას ვუთხარი, აბა, ახლა კი წავიდეთ - მეთქი.

არაო, სტადიონიც უნდა გადავიღოო.

საიდანაც ფეხბურთელები გამოდიან, იქით გამამწესა, გამოსასვლელში პელე ისევ უნდა გამეჩერებინა.

დაიწყეს ფეხბურთელებმა გამოსვლა, მსოფლიო ნაკრებში რუსი გავრილოვი თამაშობდა, დამინახა და მიცნო, როგორ აბდულა ვარ და (მხ. ფილმი „ბელოე სოლნცე პუსტინიი“) დიდი პატივისცემით და მოწიწებით ჩამომართვა ხელი.

ალბათ, ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავიაო და მსოფლიო ნაკრების მთელმა მაშინდელმა ვარსკვლავებმაც დიდი ამბით ჩამომართვეს ხელი. ბრაზილიის ნაკრებიც გამოჩნდა, დავინახე პელე და ვეცი:

- როგორა ხარ, ბიჭო, ხომ კარგად ხარ?

- მუდა, უდა, დუდა... რაღაცას მეუბნება თავის ენაზე.

- გადაიღე მიშა? ვაა, დავიღალე ამდენი ნერვიულობით. წავიდეთ-მეთქი, ისევ ვეუბნები.

დაუკრეს ბრაზილიის ჰიმნი და მიშა მეუბნება: გადი მინდორზე და პელეს რამე უთხარი ყურში, ამ კადრის გარეშე აქედან არ წავალო.

- მიშა, გინდა, რომ მოგკლა? სად გავიდე, პოლიციელებმა თავში რამე რომ ჩამარტყან, მერე?! უხ, არ მომეშვა და მივედი პელესთან:

- აბა, შენ იცი, როგორ ითამაშებ, პელე!

- გრაცე, პრეზენტო, - მადლობა საჩუქრისთვისო. მეც ხელი დავარტყი მხარზე და გამოვედი მინდვრიდან.

- მიშა, გადაიღე?

- გადაირბინე სტადიონი, მიდი პელესთან და უსაყვედურე, ეს რა ჩაიდინეო? რაღაც უშნოდ ჩააწოდა ბურთი და შენი საყვედურიც უნდა გადავიღოო. ვააა...

- ახლა გაგიყვან სტადიონიდან და თავს მოგაჭრი, შენი სიკვდილით დამთავრდება მილანში მოგზურობა, „სან სიროს“  სტადიონზე ამოგასუნთქებ უკანასკნელად - მეთქი.

ისეთ დღეში ვიყავი, ლამის გავგიჟდი.

დავბრუნდით სასტუმროში და ნერვიულობისაგან ქანცგაწყვეტილი დავეგდე ლოგინზე.

გავიხედე და ძალიან ბედნიერი მიშა შემოდის ჩემს ნომერში:

- კახი, ღამის მილანი არ ვნახოთ?!

- გადი, თორემ, შენ... მიხვდა, რომ ძალიან ცუდად ჰქონდა საქმე, გავიდა და დილამდე აღარ გამოჩენილა. ძლივს დავმშვიდდი, ტო!

პელეს 50 წლის იუბილე მთელი მსოფლიოს ტელევიზიებმა გადასცეს, საქართველომაც აჩვენა. თბილისში რომ ჩამოვედი, ერთი მეგობარი მეუბნება:

- ბიჭო, კახი, ვიღაც დურაკმა თქვა, იტალიაში კახი იდგა სტადიონზეო. მეც დავენიძლავე, მილანში, თანაც სტადიონზე, კახის რა უნდოდა - მეთქი?

დიდ პურმარილზეა რა, ნაძლევი.

შე იდიოტო, თუ დარწმუნებული არ ხარ, რატომ რისკავ ამხელა ამბავს, დიახაც მე ვიყავი მილანში და თანაც სტადიონზე - მეთქი. ჯერ ენა ჩაუვარდა, მერე აყვირდა, რა ჯანდაბა გინდოდა იქაო?

მალე იკისრა წაგებული, აბა, როგორ?!

დღეს რომ პელე ვნახო , რას ვეტყოდი?

ვაა, პელე, ცოცხალი ხარ, ტო?!“