„ჩვენი ერი გაიზარდა საიმისოდ, რომ ერთმანეთს ცხვირ-პირში არ მივაბოლოთ, რაც, ელემენტარულად, ზრდილობის საკითხიცაა“

„ჩვენი ერი გაიზარდა საიმისოდ, რომ ერთმანეთს ცხვირ-პირში არ მივაბოლოთ, რაც, ელემენტარულად, ზრდილობის საკითხიცაა“

რას ველოდით და რა მივიღეთ 1-ლი მაისიდან დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევის აკრძალვის კანონის ამოქმედების შემდეგ? ჯერ სულ ორიოდე დღეა გასული და ამ აკრძალვას უკვე გამოუჩნდნენ მომხრეებიც და მოწინააღმდეგენიც. მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი, რომელიც თბილისში რესტორნებისა და ბარების მფლობელია, ამბობს, რომ საჯარო სივრცეში სიგარეტისა და ჩილიმის აკრძალვის პირველსავე დღეს სტუმრების რაოდენობა მის რესტორნებში იმის მესამედი იყო, ვიდრე სხვა დღეებში. ეს ნიშნავს, რომ მისი ბიზნესი შემცირდა.

სამაგიეროდ, მოწევის აკრძალვით კმაყოფილია ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. ის მიიჩნევს, რომ საქართველოში მოსახლეობის 80% თამბაქოს მოხმარების აკრძალვას მხარს უჭერს. მინისტრის თქმით, ძალზე რთული ჩამოსათვლელია ისეთი დაავადება, რომელზეც თამბაქოს ნეგატიური გავლენა არ აქვს.

როგორც ცნობილია, აკრძალვა შეეხება ფაქტობრივად ყველა დახურულ სივრცეს, გარდა კერძო საცხოვრებელი ბინებისა, თუკი ისინი ოფისებად არ გამოიყენება.

თამბაქოს მოწევის აკრძალვის შესახებ For.ge „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელ გიორგი ბახტურიძეს ესაუბრა.

თავის დროზე ჩვენთან საუბრისას ამბობდით, რომ საქართველოში თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით წელიწადში 11 ათასი ადამიანი იღუპებოდა, რასაც 3 ათასი პასიური მწეველის დაღუპვის ფაქტებიც ემატებოდა. ამის მიუხედავად, ცალკეული ადამიანები ბიზნესის კლების შესახებ ალაპარაკდნენ. ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის ფონზე ცალკეულ პიროვნებათა ბიზნესინტერესები გასათვალისწინებელია?

- სავარაუდოდ, თქვენ ლევან ჯიბღაშვილის განცხადებას გულისხმობთ, ის არის ჩილიმ-ბარების მფლობელი და მას დაახლოებით სამწლიანი პერიოდი ჰქონდა, რათი დაეინტერესებინა საკუთარი კლიენტები. მას აქვს ჩაის სერვისი, სხვა შეთავაზებებიც გააჩნია და, თუ მხოლოდ ჩილიმზე იყო მისი ბიზნესი აწყობილი, მაშინ ეს მისი პასუხისმგებლობაა. რაც შეეხება საზოგადოების 80%-ის მხარდაჭერას, ჯანდაცვის მინისტრმა ეს განცხადება ოთხ კვლევაზე დაყრდნობით გააკეთა. ეს კვლევები ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩატარდა. შესაბამისად, მოსახლეობის მხარდაჭერა მართლაც დიდია. უშუალოდ მწეველთა მონაცემებიც საინტერესოა, რესტორნებსა და ბარებში მოწევის მომხრე მწეველთა შორის 60%-ია, მაგრამ მწეველთა 40% მოწინააღმდეგეა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება რომელიმე მწეველმა პროტესტი გამოთქვას და არ მივიდეს რესტორანსა და ბარში, მაგრამ არამწეველთა მთელი არმიაა, რომელიც წლების განმავლობაში არ დადიოდა რესტორნებსა და ბარებში სწორედ იმ საშინელი მდგომარეობის გამო, რაც იქ ტრიალებდა სიგარეტის კვამლის თვალსაზრისით. შესაბამისად, ამიერიდან უფრო მზარდი იქნება სამასპინძლო ბიზნესის სტუმართა რიცხვი. ხოლო, თუკი ერთი დღით ვიღაც გამოვა და იტყვის, დაგვენგრა ბიზნესიო, ეს მიზანმიმართული პროვოკაციაა. მინიმუმ, ერთი წელი მაინც უნდა გავიდეს, რომ მთლიანობაში შევაფასოთ ეს სიტუაცია.

თამბაქოს მძლავრი ინდუსტრია წლების განმავლობაში ებრძოდა თამბაქოს წინააღმდეგ ჩატარებულ ყოველ კამპანიას. ეს ინდუსტრია საქართველოშიც ძლიერი იყო. ამჯერად ვითარება გამოსწორდება, თუ დახურულ შენობებში სიგარეტის მოწევას ცალკეული ადამიანები ისევ შეძლებენ?

- პირველ რიგში, ვისაც დაეტყობა ეს ყველაფერი, პასიური მწეველები იქნებიან, განსაკუთრებით, სამასპინძლო სფეროში დასაქმებული ათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქე, რომლებიც იმის გამო, რომ სხვა სამსახური არ აქვთ, იძულებულნი არიან, არაადამიანურ პირობებში იმუშაონ. წარმოიდგინეთ, ყოველდღიურად ადამიანმა 8-9 საათი ისუნთქოს საშინელი მომწამვლელი აირი, რა მდგომარეობაში იქნება ჯერ ფსიქოლოგიური, მერე ჯანმრთელობის თვალსაზრისით?! ეს აუტანელი მონური პირობებია. ასევე, ამოისუნთქავენ მწეველებიც, რომლებიც არ დადიოდნენ ბარებში იმის გამო, რომ სხვა მწეველების კვამლი არ სიამოვნებდათ. ისინი ეწეოდნენ ქუჩაში, მაგრამ სახლსა და რესტორანში არ ეწეოდნენ. ჩვენ მოწევასა და სიგარეტის შემოტანას არ ვკრძალავთ, აქ საუბარია, რომ საზოგადოებრივი დანიშნულების შენობაში ერთი წუთით ადგეს ადამიანი, გავიდეს გარეთ, დაიკმაყოფილოს თავისი ნარკომოთხოვნილება და ისევ დაუბრუნდეს პირვანდელ პოზიციას, რადგან დახურულ სივრცეში ბევრ ადამიანს უწევს ყოფნა და რატომ უნდა დაიჩაგროს სხვა ადამიანი? რატომ უნდა შეილახოს მისი სიცოცხლის უფლება?

ბევრი საუბრობს მწეველთა უფლებაზეც...

- ე.წ. მწეველთა უფლება საერთოდ არ არსებობს. არავის აქვს უფლება, ადამიანს მოუსწრაფოს სიცოცხლე ან დაუზიანოს ჯანმრთელობა. ამ ეტაპზე მწეველს შეუძლია გარეთა სივრცეში მოსწიოს. ეს გარე სივრცე არის ჩვენი ტერიტორიის 99%-ზე მეტი. წლების განმავლობაში 2 მილიონზე მეტი ადამიანი იჩაგრებოდა საქართველოში, ეს დრო უნდა დამთავრდეს. არაცივილური დამოკიდებულება, ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობა, თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრების აბუჩად აგდება უნდა დასრულდეს. მე მგონი, გაიზარდა ეს ერი იმისთვის, რომ ერთმანეთს არ მივაბოლოთ ცხვირ-პირში, რაც, ელემენტარულად, ზრდილობის საკითხიცაა.

ფიქრობთ, რომ თამბაქოს ინდუსტრიამ უკან დაიხია?

- ამას არ ვფიქრობ. იგივე ჯიბღაშვილები იქნებიან, რესტორანთა ასოციაციები, თუ მათ უკან მდგომი ადამიანები, ისინი აყვირდებიან. სხვათა შორის, სპეციალურად კიდევ საბანკეტო ბიზნესის ასოციაცია შექმნა თამბაქოს ინდუსტრიამ, ახლა მათაც აალაპარაკებენ, შავ პირს ააგორებენ, მაგრამ ამისთვის მზად ვართ. საზოგადოების 85% მცირე არ არის, ისინი თავად დაიცავენ თავს, სადაც საჭირო იქნება. ცხადია, კონფლიქტამდე საქმე არ უნდა მივიდეს. ნებისმიერმა არამწველმა, თუ მწეველმა, რომელსაც არ სიამოვნებს სხვისი კვამლი, უნდა მიმართოს სასტუმროს, რესტორნის, ცალკეული დაწესებულების მენეჯერს და მოსთხოვოს კანონის აღსრულება. მათ თავისუფალი მოქალაქეობრივი უფლება აქვთ, მიმართონ საპატრულო სამსახურს 112-ზე.

კანონის ამოქმედებიდან ერთ დღეში სამი საჯარიმო ოქმი გაფორმდა. ჯარიმები რამდენად ადეკვატურია?

- ძირითადი პასუხისმგებელია ორგანიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციამ არ გამოუძახა პატრულს, თავად ორგანიზაცია ჯარიმდება. მწეველის ჯარიმა კი კანონში ჩაწერილი არ არის. მოწევისთვის მწეველი პირდაპირ არ ჯარიმდება. მწეველი ჯარიმდება იმ შემთხვევაში, თუ ის წინააღმდეგობას გაუწევს ადმინისტრაციას და კონფლიქტში შევა მასთან. ამ შემთხვევაში, პატრული მას ხულიგნობის მუხლით შეუფარდებს შესაბამის სასჯელს. ჩემი აზრით, ჯარიმები საკმაოდ დაბალია, თუნდაც ბიზნესოპერატორებისთვის განკუთვნილი 500 ლარი შეიძლება არაფერს წარმოადგენდეს და რისკი არსებობდეს. თუმცა განმეორებით შემთხვევაში, ჯარიმა 1000 ლარია, ხოლო, თუ სისტემატური ხასიათი მიეცა მოწევას, ჯარიმა 2 000 ლარია, რაც სერიოზულ წნეხად დააწვება არაკეთილსინდისიერ, უპასუხისმგებლო მეწარმეს.

ეს შეიძლება უფრო გაკონტროლდეს ოფიციალურ დაწესებულებებში, მაგრამ კერძო სტრუქტურებში, სადაც არავინ არავის დააბეზღებს, რა მოხდება?

- ვერ დაგეთანხმებით, რადგან სახელმწიფო სტრუქტურებში უფრო მეტად იყო პრობლემა, ვიდრე კერძოში. ძალიან ბევრი კერძო ოფისი ვიცი, რომელიც წლების განმავლობაში თავისუფალია თამბაქოს კვამლისგან. ამ შემთხვევაში, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორს მოეთხოვება პასუხი. სამასპინძლო ბიზნესის ქართული ნაწილი ცოტა რთული და დაუმორჩილებელია, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ რეალურად ეს არის მათი თანამშრომლების სიცოცხლეზე ორიენტირებული კანონი და მისი დაუცველობა ნიშნავს, რომ მათთვის თანამშრომლების ჯანმრთელობა არაფერს წარმოადგენს. შენობაში მოწევა ყველგან აკრძალულია, თუმცა არის ზოგიერთი გამონაკლისი.

პენიტენციალურ სისტემაში ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს მინისტრს და მინდა, მადლიერება გამოვხატო მის მიმართ. მსჯავრდებული არ უნდა იყოს სასიკვდილო და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ, შესაბამისად, მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება და უკვე ნორმატიული აქტიც არსებობს, რომ არამწეველი პატიმრები მოთავსდნენ არამწეველთა საკნებში. თუ ახლა ისეთი პატიმარი აღმოჩნდება, რომელსაც მაინცდამაინც სურს, რომ მოსაწევთა საკანში იყოს, მისი თანხმობით ესეც შესაძლებელია.

ზოგიერთები ელექტრონულ სიგარეტს თამბაქოს ჩამანაცვლებლად განიხილავენ. ელექტრონული სიგარეტი ეფექტურია?

- რეალურად, ელექტრონული სიგარეტი თამბაქოს ჩამანაცვლებელი არ არის. ჩვეულებრივი თამბაქოს მსგავსად, ელექტრონული სიგარეტისა და ჩილიმის მოხმარება შენობებში აკრძალულია. ელექტრონული სიგარეტი არ გახლავთ თამბაქოზე თავის დანებების საშუალება, ეს ისევე კანცეროგენურია, როგორც ჩვეულებრივი თამბაქოს კვამლი და მისი მოხმარება დახურულ სივრცეში აკრძალულია. ასევე, მისი რეკლამა, პოპულარიზაცია, სპონსორობა აკრძალულია.