„მავთუხლართებისა და კედლების დამაბალანსებელი“ ინიციატივა

„მავთუხლართებისა და კედლების დამაბალანსებელი“ ინიციატივა

სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელსაც არა მხოლოდ ქართული საზოგადოება არამედ დასავლეთიც დადებითად შეხვდა, უკვე პარლამენტშია.

მთავრობის საკანონმდებლო პაკეტით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ პირთათვის სავაჭრო-ეკონომიკურ ოპერაციებში მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველყოფის და სხვადასხვა სერვისებზე წვდომის გაფართოების მიზნით, ახალი სტატუს-ნეიტრალური მექანიზმი იქმნება.

ცვლილება ცხრა კანონში ხორციელება და აქამდე არსებული რეგულაციისა და პრაქტიკისგან განსხვავებით, პირადი ნომრით რეგისტრირებულ პირს შესაძლებლობა ექნება, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ნეიტრალური მოწმობის ან სხვა დოკუმენტის წარდგენის გარეშეც, მის ხელთ არსებული, იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის პროცესის დროს გამოყენებული დოკუმენტებით მიმართვის შემთხვევაშიც, გამარტივებულად ისარგებლოს შემდეგი სერვისებით: მეწარმე სუბიექტად რეგისტრაცია და ეკონომიკური საქმიანობის წარმოება; გადამხდელად რეგისტრაცია (საგადასახადო შეღავათებით); გრანტის მიღება; საბანკო სერვისებით სარგებლობა; ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია; სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიღება; უმაღლესი განათლების მიღება; პროფესიული გადამზადების პროგრამებში მონაწილეობა; გარკვეულ სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატია.

სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, სამშვიდობო ინიციატივა სამი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება, ეს არის ვაჭრობა გამყოფი ხაზების გასწვრივ; ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა და გამარტივება; კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებთათვის სხვადასხვა სერვისსა და სიკეთეზე ხელმისაწვდომობის გამარტივება.

„ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის შემდეგ, მავთულხლართებით დაშორებული ბევრი ადამიანი ჩამოართმევს ხელს ერთმანეთს“, - მიიჩნევს უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, თავის დროზე ერგნეთის ბაზრობა ხელისუფლებას ლეგალურ ფორმაში რომ გადაეტანა და „თავი სხვა რაღაცეებით არ ჰქონოდა გამოტენილი, შეიძლება დღეს აბსოლუტურად სხვა შედეგი ყოფილიყო“.

მათიკაშვილის აზრით, სწორედ ეს ნაბიჯები გახლავთ მავთუხლართებისა და კედლების დამაბალანსებელი.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა აცხადებს, რომ გამოწვევები იქნება, მაგრამ თანმიმდევრული მუშაობა სტრატეგიის სწორი მექანიზმების საშუალებით განხორციელების საშუალებას მოგვცემს. მისივე განცხადებით, ამ ინიციატივას საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს.

„ახალი სამშვიდობო ინიციატივა არის კარგად გააზრებული და შედეგზე ორიენტირებული ინიციატივა. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ იმ სიკეთეებზე და კონცეფციაზე და ვიზიარებთ იმას, რომ არის სწორად გადადგმული ნაბიჯი“, - მიიჩნევს ქაცარავა.

არჩილ თალაკვაძის განმარტებით, აფაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მცირე მეწარმეებს შეეძლებათ ისარგებლონ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით გათვალისწინებული პრივილეგიებით, მათ შორის ევროკავშირში.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას დადებითად აფასებს, თუმცა ამ თემის ირგვლივ პიარკამპანიის წარმოებას შეცდომად მიიჩნევს.

როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, სამშვიდობო ინიციატივით განსაზღვრულ თემებზე მუშაობა, მათ შორის, კვიპროსის, მოლდოვასა და ტაივანის მაგალითების შესწავლა მისი მინისტრობის პერიოდშიც მიმდინარეობდა და კარგია, რომ პოლიტიკის მემკვიდრეობითობა შენარჩუნებულია.

თუმცა, ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ პიარკამპანიით ინიციატივების ხორცშესხმის შესაძლებლობა თავიდანვე დაიბლოკა.

„ამან „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი გამახსენა. 2005 წელს კვირა არ გავიდოდა, რომ რაღაც ინიციატივა არ ყოფილიყო, თანაც ეს ჟღერდებოდა ვაშინგტონში, ბრიუსელში, სტრასბურგში, ხოლო აფხაზები და ოსები ბრაზდებოდნენ: ჩვენ რატომ არ გვითანხმებთო. სამწუხაროდ „დეჟავუ“ დამემრთა... ასეთი პიარკამპანიებისას აპლოდისმენტები მოდის დასავლეთისგან, მაგრამ აფხაზები და ოსები ყოველთვის იკეტებიან. ამიტომ უნდა გქონდეს ელემენტარული გამოცდილება, რომ იცოდე, კარგი წამოწყება პირველ დღესვე დაიმარხება, თუ არასწორი ნაბიჯი გადადგი“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ოსური მხარე ამ ინიციატივას უარყოფითად შეხვდა ჯერ კიდევ საქართველოს მთავრობაში პირველად გაჟღერების შემდეგ და ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინვე სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა.

ოსური მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ახალი ინიციატივა არის მორიგი პიარ-აქცია და უხეში მცდელობა, საქართველო საერთაშორისო საზოგადოების თვალში, როგორც მშვიდობისმოყვარე სახელმწიფო წარმოაჩინონ, რომელსაც კონსტრუქციული ხელისუფლება ჰყავს.

„საქართველოს ხელისუფლება მიხვდა, რომ უახლოეს პერსპექტივაში სამხედრო გზით სამხრეთ ოსეთის „დაბრუნება“ შეუძლებელია და ტაქტიკის შეცვლა გადაწყვიტა. ახლა დღის წესრიგში მშვიდობიანი დარეგულირების კონცეფციაა - „თანამშრომლობის გზით ჩართულობის სტრატეგია“ და რიგი მშვიდობიანი ჰუმანიტარული ინიციატივები, რომლებსაც ოფიციალური თბილისი ძალიან აქტიურ რეკლამას უკეთებს მსოფლიო მასშტაბით“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ექსპერტი, ლევან გერაძე აღნიშნავს, სწორი ინიციატივაა და იძლევა მეორე მხარის დაინტერესების შესაძლებლობას. მისივე შეფასებით, თუ ქართული მხარე ამ ინიციატივებს განახორციელებს, ეს უკვე იქნება წინაპირობა გარკვეული ძვრებისთვის.

„კარგი იქნებოდა, თუ ამ ინიციატივის მომზადებაში ჩართულები იქნებოდნენ აფხაზები და ოსებიც, მაგრამ მათი ფორმალური წარმომადგენლების ჩართვის გარეშეც შეუძლია ქართულ მხარეს მოიფიქროს სისტემა, თუ როგორ ჩაერთონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები ამ სიკეთეებით სარგებლობის პროცესში, რომელსაც ქართული სახელმწიფო სთავაზობს თავის მოქალაქეებს“- აღნიშნავს გერაძე.