„მეფედრონი“ - ეს გახლავთ აბაზანის მარილი, რომელსაც დღეს ნარკორეალიზატორები ყიდიან. ეს გახლავთ საკმაოდ ძლიერი ფსიქოსტიმულატორი, რომელიც მიღებიდან რამდენიმე საათში იწვევს ჰალუცინაციებს, ფსიქიკის დარღვევას, მძიმე ფსიქოზს და სიკვდილს. ბოლო ორი კვირის სტატისტიკა კი საგანგაშოა. სხვადასხვა კლინიკებში მოხვედრილი ახალგაზრდები ახალი თაობის სასიკვიდლო ნარკოტიკის „მეფედრონის“ ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.
შემთხვევა ლეტალურად დასრულდა, გარდაცვლილთა შორის არის გოგონა. სამი ახალგაზრდა კი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. ნარკომომხმარებლები პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ თბილისში „მეფედრონის“ ყიდვა ყოველგვარი პრობლემის გარეშე არის შესაძლებელი და შსს ჯერჯერობით ამ პრობლემას ვერ უმკლავდება. ამასობაში ახალი თაობის მომაკვდინებელი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“ საქართველოში აქტიურად ვრცელდება, რაც სიკვდილით მთავრდება.
არასამთავრობო ორგანიზაციები ნარკოპოლიტიკის რეფორმის გაჭიანურებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და მმართველი გუნდისგან რეპრესიული პოლიტიკის შეცვლასა და საკანონმდებლო ორგანოში საკითხზე მსჯელობის დაწყებას ითხოვენ. არსებული პრობლემების რეალურად გადაჭრის გზას არასამთავრობო სექტორი სწორედ სახელმწიფოს პოლიტიკის შეცვლაში ხედავს.
არასამთავრობოები ყველა ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციას და ნარკოტიკული დანაშაულისთვის არსებული სასჯელების სისტემურად შემსუბუქებას ითხოვენ. მათივე მოთხოვნაა, რომ ქვეყანამ ძალიან დიდი რესურსი და აქცენტები უნდა მიმართოს მკურნალობაზე, რეაბილიტაციაზე.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა გადაიხედოს, მაგრამ არა ისე, რომ უკლებლივ ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაცია და ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს.
„ნარკოპოლიტიკა, რა თქმა უნდა, უნდა გადაიხედოს, მაგრამ არა იმ სახით, რომელიც საზოგადოების ნაწილში არის გავრცელებული, რომ უკლებლივ ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაცია და ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს. ნარკოპოლიტიკის გადახედვა ნიშნავს, რომ შემცირდეს მიწოდება და შემცირდეს მოთხოვნა, ანუ ზიანი“, - აცხადებს დავით სერგეენკო.
for.ge-სთან საუბრისას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე ისეთი ნარკოპოლიტიკის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს, რომელიც ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარებას შეამცირებს და არა პირიქით გაზრდის:
„ნარკოპოლიტიკა და ნარკოკანონმდებლობა - ეს ეხება არა მხოლოდ ნარკომომხმარებლებს, არამედ საზოგადოების იმ უდიდეს ნაწილს, რომელიც ნარკოტიკებს არ მოიხმარს. აქ ნარკოპოლიტიკის და კანონმდებლობის დაყვანა იქამდე - დავიჭიროთ, თუ არ დავიჭიროთ, თავშივე არასწორია. რა თქმა უნდა, ნარკომომხმარებელი ციხეში არ უნდა იჯდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დეკრიმინალიზაციას ნარკოტიკების პოპულარიზაციით არ უნდა მივიაღწიოთ.
რაც ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს და ესეც ალბათ მიზანმიმართულად ხდება...
- ბევრი ცნობადი სახე გამოდის და საუბარობს ზოგიერთი ნარკოტიკის და მაგალითად მარიხუანას „უსაფრთხოებაზე“ და ამ დროს მის „უსაფრთხოებაზე“ საუაბარი არის საფრთხის შემცველი. იმიტომ, რომ იგივე მარიხუნა იწვევს ფსიქიკურ აშლილობებს, ჰალუცინაციებს, კოორდინაციის დარღვევას, არაადეკვატურ ქცევას, ემოციურ ეგზალტაციას და მასზე ფიქსირდება ძალიან მყარი დამოკიდებულება. მომხმარებელთა 30% გადის მძიმე ნარკოტიკების მოხმარებაზე. ასე რომ, ჩვენ პირველ რიგში სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას.
მედია საშუალებებში მიმდინარეობს ნარკოტიკების „უსაფრთხოების“ პოპულარიზაცია. როცა ჩვენ ასე ღიად ვსაუბრობთ ნარკოტიკების „უსაფრთხოების“ თემაზე, რა თქმა უნდა, ის ახალგაზრდებისათვისაც უფრო მიმზიდველი ხდება. რა თქმა უნდა, ვაღიარებ და არაერთხელ მითქვამს, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა არის შესაცვლელი, მაგრამ პირველ რიგში სწორი ანალიზი უნდა გაკეთდეს.
რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე საუბრობს ა-ო და ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის რეფორმის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. იმისათვის, რომ შემცირდეს ნარკოტიკების მოხმარება, რა გზა უნდა დასახოს ხელისუფლებამ?
- ქვეყანაში არის რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, მაგრამ არა იმდაგვარი, როგორც საზოგადოებას მიეწოდება. მნიშვნელოვანია სწორად დავისახოთ მიზანი, რომ შემცირდეს ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარება. ამისათვის პირველ რიგში, საჭიროა, სწორი ინფორმაცია, იმდაგვარი საკანონმდებლო რეგულაციები, რომ არ წაახალისოს არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ გამსაღებელიც, რომ არ მოხდეს ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარების აფეთქება. იმიტომ, რომ თუ ხელმისაწვდომობა გაიზარდა, ეს პარალელურად ზრდის მიწოდებას. ამიტომ რეგულაციები უნდა იყოს სწორი.
საჯარიმო სახდელების კოდექსი უნდა იყოს ადეკვატური და ისახავდეს მიზანს. არ უნდა იყოს არც სიმბოლური და არც იმდაგვარი, რომ მომხმარებელმა ან ოჯახმა ვერ შეძლოს მისი გადახდა და მთავარი მიზანი დაზიანდეს. ასევე, უნდა იქნას დოზები დაზუსტებული, თუ რომელი ნარკოტიკის რა დოზით მოხმარების შემთხვევაში არ დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მაგრამ აქაც გათვალისწინებული უნდა იყოს ჯერადობაც.
არ შეიძლება მოქალაქემ ჯიბით ატაროს ნარკოტიკი, თუნდაც მცირე დოზით და ამბობდეს, რომ ეს არის მისი პირადი მოხმარებისათვის. რა თქმა უნდა, გამსაღებელი არასოდეს არ ამბობს, რომ ის ასაღებს, ამბობს, რომ ეს არის მისთვის. ამიტომ არის საჭირო დოზების დაზუსტება. ასევე პოპულარიზაცია უნდა გავაკეთოთ არა ნარკოტიკების და მისი მოხმარების, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესზე. უნდა შევქმნათ სამედიცინო სერვისები, რომ მივეხმაროთ ნარკომომხარებელს გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. მაგრამ ეს მისი სურვილიც უნდა იყოს და არა ის, რომ გამსაღებელმა და ზოგიერთმა ნარკოლოგმა ჩათვალოს - მეტი პაციენტი, მეტი ფული.
ამდაგვარი მასშტაბური პროექტი საჭიროებს ფინანსურ რესურსებს და სახელმწიფოს აქვს კი ამის რესურსი?
- მაგალითად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პორტუგალიის მაგალითზე, პორტუგალიამ პირველ რიგში სწორი კამპანია აწარმოა ჯანსაღი ცხოვრების წესზე და სწორად საუბრობდა ნარკოტიკების საფრხეებზე. მაგრამ ამ მასშტაბურ პროექტში თითო მოქალაქეზე და არა თითო ნარკომომხმარებელზე ჩადო, დაახლოებით, 40 ევრო. ეს რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეზე გადაითვალოთ, დაახლოებით 140 მილიონი ევროა, როცა ჩვენი ჯანდაცვის ბიუჯეტი არის დაახლოებით 800-900 მილიონი. ჩვენ ფინანსურადაც სწორად უნდა გავთვალოთ.
კანონპროექტი რომელიც იყო შემოთავაზებული, ამ დოკუმენტს ვაფასებ როგორც საფრთხის შემცველს. იყო მაღალი რისკი, რომ მისი მიღების შემთხვევაში ქვეყანაში გაიზრდებოდა ნარკოტიკების მოხმარება. ამიტომ, სწორად დააყენა პარლამენტმა საკითხი და დიდი განხილვები არ გაგრძელებულა. თუმცა, ნარკოპოლიტიკა უნდა იქნას სწორად დაგეგმილი და მისი მიზნი უნდა იყოს ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარების შემცირება. 2013 წლის შემდეგ თანმიდევრულად ვახორციელებთ ნარკოპოლიტიკას, თუმცა, უფრო სწრაფი ტემპებით ჯობია.
რას გულისხმობთ?
- 2012-2013 წლების შემდეგ გარკვეული ლიბერალური დამოკიდებულება უკვე შეინიშნება. მაგალითად, საპატიმრო სასჯელები არის შემცირებული. აქვე აღვნიშნავ, რომ სასჯელის ზომა კიდევ უნდა გადაიხედოს, ისევ მაღალია სასჯელი. ასევე სამჯერ არის შემცირებული ტესტირებაზე მოქალაქეების გადაყვანის რიცხვი. ადრე წელიწადში ფიქსირდებოდა დაახლოებით 60 ათასი გადაყვანა, დღეს ეს აღწევს 20-22 ათასს. აქედან 1/3 ნარკოტიკების მოხმარება ფიქსირდება.
მინისტრის ბრძანებით დღეს საფუძვლიანი ეჭვის გარეშე მოქალაქეს ვერავინ ვერ გადაიყვანს შემოწმებაზე. თუმცა, არც მისი შეუმოწმებლობა არ შეიძლება და არ შეიძლება ქუჩაში ნარკომომხმარებლებმა თავის ნებაზე იარონ. ეს ფორმა გარკვეულწილად, უკვე არის ნარკოტიკების პოპულარიზაცია, როდესაც სხვა არამომხმარებელი ახალგაზრდა უყურებს, რომ სკვერში ზის ადამიანი ნარკოტიკული თრობის ქვეშ და ის არანაირ კონტროლს არ ექვემდებარება, ეს შეიძლება ვიღაცისთვის წამახალისებელიც კი აღმოჩნდეს.
როდესაც ქვეყანაში არის არასახარბიელო სოციალური ფონი, უმუშევრობა არის მაღალი, იგივე სტრესული სიტუაცია და ა.შ. არასწორად, მაგრამ ზოგჯერ გამოსავალს ეძებენ იმაში, რომ ისინი ეძლევიან ნარკოტიკულ თრობას. ვფიქრობ, რომ სწორად უნდა დავგეგმოთ ნარკოპოლიტიკა. კანონპროექტში, რომელიც პარლამენტში იყო შემოტანილი, მთავარი კითხვა და განსჯის საგანი იყო - დავიჭიროთ, თუ არ დავიჭიროთ. ამაზე ყველა ვთანხმდებით - არ დავიჭიროთ, მაგრამ არ გავავრცელოთ ნარკოტიკები.