„წავიდოდი და მეღორედ ვიმუშავებდი საზღვარგარეთ, ოღონდ ამათ მოვცილდე, მაგრამ არც აქედან მიშვებენ“

„წავიდოდი და მეღორედ ვიმუშავებდი საზღვარგარეთ, ოღონდ ამათ მოვცილდე, მაგრამ არც აქედან მიშვებენ“

საქართველოში ბანკებისგან გაუბედურებული უამრავი ადამიანია, რომელთაც სახელმწიფო (ანუ მოქალაქეების ნორმალური ცხოვრების გარანტი) ვერაფრით ეხმარება. ერთადერთი, ჩვენი ხელისუფალნი პერიოდულად სიტყვიერად კიცხავენ ბანკებს, მაგრამ გაკიცხვის შემდეგ სულ მალე ბანკები ხელისუფლებასთან საერთო ენას ნახულობენ და ნირვანაში ცხოვრობენ.

ბანკისგან დაზარალებული ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლის მერაბ ბაპაშვილის ტრაგედია ბანალურია. იგი თავდებში დაუდგა სხვა ადამიანს იმ იმედით, რომ ბანკი, რომელიც მას არ ენდობოდა და ას ლარსაც არ ასესხებდა, მის თავდებობაზე უარს იტყოდა. თუმცა თაღლითური სქემის წყალობით, ბანკი მის თავდებობას, მისდა გასაოცრად, დათანხმდა და დანარჩენი ორი თავდებისგან განსხვავებით, სწორედ მას დააკისრა  თანხის გადახდა. ასევე, ბინას დაადგა თვალი და ანგარიშებიც დაუყადაღა. მაშინ, როცა თავად იმ პიროვნებას, ვისაც მერაბ ბაპაშვილი თავდებში ჩაუდგა, არანაირი ანაზღაურება არ მოთხოვა. ბანკისგან დაზარალებულმა მერაბ ბაპაშვილმა სამართლს ვერსად მიაგნო, სამაგიეროდ, მიჰყვა ბანკის თაღლითურ სქემას და, როგორც თვითონ ამბობს, ეს სქემა გაშიფრა.

For. ge-სთან საუბარში მერაბ ბაპაშვილი  დეტალურად აღწერს იმ უსამართლობას, რაც ბანკებისა და სხვადასხვა ინსტანციის მოხელეებისგან იწვნია.      

- ბალანჩივაძის ქუჩის კუთხეში იყო რესტორანი, საბანკეტო დარბაზი, რომელსაც ემსახურებოდა ჯანსუღ ხაჟალია. 2013 წელს ჯანო ხაჟალიას ბანკიდან სესხის გამოტანა მოუნდა და თავდებობა  მთხოვა. იქვე, დოლიძის კუთხეში, „ნუგეშის“ უკან, არის სახაჭაპურე და იმ სახაჭაპურის მფლობელიც - ქალბატონი ნანულიც წაიყვანა თავდებში. ახლა ის სახაჭაპურე გაფორმებულია ნანულის შვილზე, ირინა ხავთასზე. გარდა ამისა, ჯანსუღ ხაჟალიას მესამე თავდებიც ჰყავდა, თავისი ვაჟი, ჯონდო ხაჟალია. ანუ სულ სამი თავდები ვართ. ჯანო ხაჟალიამ 3000 ლარი მისცა თავის ვაჟს, რადგან რძალს უნდა ემშობიარა და ქუთაისში გაგზავნა ტაქსით.

რატომ დათანხმდით ჯანსუღ ხაჟალიას თავდებობას? ხათრით ვერ უთხარით უარი და ადამიანური ურთიერთობიდან გამომდინარე ჩავუდექით თავდებში?

- თავდებში ჩადგომა არ მინდოდა. უბრალოდ, ერთად ვმუშაობდით, მართალია, ხელფასს არ მიხდიდა, მაგრამ ვეხმარებოდი და კარგი ურთიერთობა გვქონდა. მანამდე, რამდენჯერაც მივედი „პროკრედიტბანკში“, შევიტანე განაცხადი და 1000-დან 3000-მდე ლარი სესხად მოვითხოვე, ყოველთვის ასეთ პასუხს ვიღებდი, ჩვენი ბანკი თქვენ არ გენდობათ.

ე.წ. შავ სიაში იყავით შეყვანილი?

- არა, მაგრამ  მიზეზს არ მეუბნებოდნენ, თუ რატომ არ მენდობოდნენ. არადა, „პროკრედიტბანკში“ ვღებულობდი ხელფასს. ერთხელაც მივედი, 500 ლარის სესხება მინდოდა, კვლავაც უარი მითხრეს და მას შემდეგ არც გამაკარეს ახლოს. ჯანსუღ ხაჟალიას დასახმარებლად „პროკრედიტბანკში“ თავდების მიზნით სესხის გამოსატანად რომ მივედი, კრედიტოფიცერს ვუთხარი, რომ ამ თანხას ვერ დავფარავ, რადგან  500-ლარიანი ხელფასიდან 300 ლარს ვიხდი ბინის ქირაში. მიპასუხა, ეს არაფერი, ფორმალურიაო. მე ვიცოდი, რომ ბანკი, ყველა შემთხვევაში, უარს მეტყოდა, რადგან ას ლარზე არ მენდობოდნენ და ამხელა თანხის თავდებში ვინ ჩამაყენებდა? ამიტომაც მივყევი ხაჟალიას, მაგრამ თავდებში მაინც აღმოვჩნდი. ორი კვირის შემდეგ ვნახე ადვოკატი და ჩემი პრობლემის შესახებ ვამცნე, ვუთხარი, თავდებში აღმოვჩნდი და რა შეიძლება გავაკეთო-თქო? მიპასუხა, ვერაფერსაც ვერ გააკეთებ, რადგან შეკრულები არიან პოლიცია, პროკურატურა, პარლამენტი. გადის გარკვეული პერიოდი და ჯანსუღ ხაჟალიას გაუჭირდა. კრედიტოფიცერმა ანი აბაშიძემ დამირეკა, ხაჟალიას გაუჭირდა, დახმარება სჭირდება, თანხას ვერ იხდისო. სწორედ ანი აბაშიძემ გასცა თაღლითური სქემით ხაჟალიაზე თანხა და მეც თავდებში ჩამაყენა.

თუკი თანხის გაცემაზე აქამდე უარს გეუბნებოდნენ, ალბათ, თავდებშიც არ უნდა ჩაეყენებინეთ. ფიქრობთ, რომ ხაჟალია და კრედიტოფიცერი წინასწარ იყვნენ გარიგებულნი? 

- არ გამოვრიცხავ, ხაჟალია და აბაშიძე ერთმანეთში მოლაპარაკებულნი იყვნენ, თორემ როგორ შეიძლებოდა, 73 წლის კაცისთვის, ჯანო ხაჟალიასთვის, რომელსაც იმავე ბანკის 7 ათასი ლარის ვალი ჰქონდა, მიეცათ 17 ათასი ლარი? ჯერ ამაზეა ანი აბაშიძე პასუხსაგები. მანდ ასეთი სქემაა: მთავარია, ფული გაეცი, ოღონდ დიდი თანხა, პატარა თანხაზე საუბარი არცაა, რომ ბანკის კლიენტებს ქონება წაართვა.

ამის შემდეგ, გაუჭირდა ჯანოს, ყველანაირად დავუდექი გვერდში, საბანკეტო დარბაზი ავამუშავებინე ყიფშიძეზე, პურისა და წამლის ფულს ვაძლევდი, მობილურში თანხას ვურიცხავდი, რათა ეშოვა სამუშაო და ვალი გადაეხადა. ჯანსუღს ჰყავდა მანქანა, რომელიც გაყიდა. მე ვუთხარი, ბანკის ვალი 2 ათასი ლარიღაა დარჩენილი და ბარემ გადაიხადე-მეთქი. გაუთავებლად მატყუებდა, მანქანის მყიდველმა ფული არ მომცა, მითხრა, „პოსლეზე“ მოგცემო. ჯანო ხაჟალია ყიფშიძეზე რომ გადავიდა და აამუშავა საბანკეტო დარბაზი, რაიონიდან ვაჟმა რამდენჯერმე მოაკითხა.

ახლა ნახეთ, როგორ არიან ერთმანეთში შეკრულნი ჯანსუღი, მისი შვილი და საკრედიტო ოფიცერი და როგორი სქემით მუშაობენ. ჩემს თვალწინ შვილმა მამამისს მიუტანა და დაუყარა  ტანსაცმელი, ახლა სადაც გინდა, იქ იცხოვრეო. ვითომ გაიყარნენ. ამასობაში ჯანსუღის საქმე ყიფშიძის ქუჩაზეც ჩავარდა და ახლა ისანში დაიწყო მუშაობა, ისანში იშოვა საბანკეტო დარბაზი და კარგად მუშაობდა. ვაჟი, რომელიც ვითომც არ ელაპარაკებოდა, ისევ აკითხავდა. ისანში 3-4 თვე იმუშავა, შემდეგ ჩავარდა ეს საქმეც და წავიდა 

თემქაზე. იქაც გახსნა ასეთივე საბანკეტო დარბაზი, კარგად ამუშავდა, ყოველ ღამით ვაჟი მიდიოდა, აკითხავდა, ფულს ართმევდა, ესეც ეხმარებოდა. მე კი მეუბნებოდა, არ ვეხმარებიო. თუ არ ეხმარებოდა, ყოველ ღამით შვილი რას აკითხავდა?!

ამასობაში ბანკის ვალის გადახდაზე არ ფიქრობდა?

- არ ფიქრობდა. მისმა ბიჭმა მითხრა, მე სულ ფეხებზე მკიდია, არც სახლი მაქვს, არც კარი, ხომ არ დამიჭერენო. გავიდა რამდენიმე ხანი და თემქაზეც გაუჭირდა ჯანოს, რჩებოდა ვაგზალზე, ტოტალიზატორში. ერთხელ ცუდად გახდა, წნევამ დაარტყა, წაიქცა, თავი გაიტეხა. დამირეკა ჯანსუღმა, დაურეკე ჩემს რძალს, ამა და ამ ადგილას ვარ, ცუდად ვარ და მომხედოსო. მე დავურეკე, მისმა რძალმა მითხრა, ვნახავო, მაგრამ არ უნახავს. ისევ მე  ვაძლევდი პურის ფულს, ვეხმარებოდი. ბოლოს ღმერთის წყალობით სამუშაო იშოვა, ამუშავდა „თი-ბი-სი ბანკის“ მოპირდაპირე მხარეს საბურთალოსა და კუტუზოვის გადაკვეთაზე, „იმერულ დუქანში“. ამ პერიოდში ბანკის პრობლემური განყოფილებიდან მირეკავს ვინმე პაატა. ვეკითხები, რამე პრობლემა ხომ არ გაქვთ ჩემთან? არა, ბატონო მერაბ, თქვენთან პრობლემა არ გვაქვს, მე მაინტერესებს ბატონი ჯანსუღის და მისი ბიჭის მობილურის ნომერიო. მივეცი ჯანსუღის ნომერი, თან მივუთითე, აქ მუშაობს და მიაკითხეთ-თქო. მეუბნება, ჩვენ უფლება არ გვაქვს, მივაკითხოთო. ე.ი. იმის უფლება არ აქვთ, მიაკითხონ იმას, ვინც თანხა გამოიტანა და ამ დროს თავდებს მთხოვენ ფულის გადახდას.

ამასობაში ბანკის ვალებს ვინ იხდიდა?
- ამასობაში ჯანო ხაჟალიას ბანკის ვალი 2 ათასამდე ჩამოვაყვანინე. „პროკრედიტბანკში“ ხელფასი მერიცხებოდა და იქიდან ვეხმარებოდი თანხის გადახდაში. ჩემი ანგარიშებიდანაც არის გადახდილი თანხები, 700 ლარი და სხვა, მაგრამ მეც გამიჭირდა. მირეკავს ანი აბაშიძე „პროკრედიტიდან“ და მეუნება - რატომ არ იხდი ვალს? ვეუბნები, გოგო, ერთი ამიხსენი, შენ მე მომეცი ეგ ფული? მე ვარ თავდებში, შენც კარგად იცი, ჩემი ანგარიშებიდან, ხელფასიდან გადაგქონდა თანხა, რაღას მედავები? რატომ იმ ორ თავდებს არაფერს სთხოვ? იმათ ქონება არ აქვთ, რა წავართვაო. ხელფასიც კი არ აქვთო. მე ვუთხარი, მაშინ ის ორი პიროვნება როგორ დააყენე თავდებად, თუკი იცოდი, რომ მათგან ფულს ვერ ამოიღებდი? ამ სიტყვების შემდეგ გაჩერდა, აბა, მე ხომ არ გადავიხდიო? დიახ, შენ უნდა გადაიხადო მათ მაგივრად, მე, თავი დამანებე-თქო.

თქვენ რა ქონებას ფლობთ, რომლის წართმევასაც გიპირებენ?

- ბევრს არაფერს. დეიდაშვილმა ერთოთახიანი ბინა მიყიდა და იმ ბინას დაადგეს თვალი. ხოლო მაშინ, როცა თავდებად დავდექი, არც ბინა მქონდა და არც არაფერი. ახლა ამ ბინის გაყიდვით მემუქრებიან, მაშანტაჟებენ. მთელი ოთხი წელია მაშანტაჟებენ. ყველამ მითხრა, შეკრულები არიან მთავრობასთან და ბრძოლას აზრი არ აქვსო.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ვიყავი და ვთხოვე, პროკურატურაში შემატანინეთ განცხადება. რა აზრი აქვს, შენი გულისთვის არ მოცდებიანო. ვუთხარი, კაცი რომ მოვკლა, მაშინ ხომ მოცდებიან ჩემი გულისთვის, მაშინ ხომ დაკარგავენ ჩემზე დროს? კიდევ ერთ უბედურებას გეტყვით - ისევ მირეკავს კრედიტოფიცერი ანი აბაშიძე, ორი კვირის განმავლობაში ტვინს მიბურღავს, გინდა თუ არა, ვაჟა-ფშაველაზე „ვითიბი-თიბისი ბანკის“ ერთობლივ ოფისში მიდიო. მეც დავინტერესდი, წავიდე, ვნახო, რა ხდება-თქო.

როგორც კი შევაღე კარი, კრედიტოფიცერს ჩემს წინ ვიღაც ელოდა, ის უნდა შესულიყო, მაგრამ კრედიტოფიცერმა უარი უთხრა, თქვენ არაო და მე დამიძახა. სანამ მივუახლოვდებოდი, დაურეკა ანი აბაშიძეს, აშკარა იყო, გაფრთხილებული იყო, შენი კურდღელი მოვიდა, ჩემთან არისო. ანუ ქონების გამოძალვაზე მუშაობენ და ამას არც მალავენ. ვეუბნები, მე ბანკის ვალი არ მაქვს, რას მედავებით? ამის პასუხად კრედიტოფიცერი ურეკავს ვიღაც გიოს და ჩემს შესახებ ეუბნება, თანხის გადახდაზე უარს ამბობს, ვალი არ მაქვს და რა ვქნაო? ამასობაში მესმის, გიო რასაც ეუბნება ტელეფონში, საპატრულოთი დააშინე, თუ არადა, მერე ტკბილად დაელაპარაკეო. მე დავუწერე, ბანკის ვალი არ მაქვს, რას მედავებით? ხელი მოვაწერე ამაზე. არა, მასე არ უნდა დაწეროო,  დამიხია და გადამიყარა ფურცელი. მეორედაც იგივე დავუწერე, არც ეს მოეწონა. მესამედ ვიფიქრე, უნდა გავყვე ამათ კვალს, მოვიგებ თუ წავაგებ, თუ კაცს მოვკლავ, სულ ერთია, უნდა გავიგო, რას აპირებენ. ამიტომ მის მიერ მოცემულ საბუთზე მოვაწერე ხელი. იქ ეწერა, ვითომ ვალი მქონდა.

ამის შემდეგ ქუთაისიდან ვიღაც ავთო ნუცუბიძე მიგზავნიდა წერილებს, შემდეგ ვიღაც გოგო მიგზავნიდა ისევ წერილებს, არც ბეჭედი ჰქონდა, არც შტამპი. დავურეკე ავთო ნუცუბიძეს, რა ხდება-მეთქი? მითხრა, წადი აღსრულების ბიუროში და იქ გეტყვიან, რას გააკეთებენო. არ წავედი, ამასობაში მირეკავენ „ტრიბადან“ (პრობლემური აქტივების მართვის კომპანია), რომლის მეშვეობითაც ადამიანებს ძარცვავენ. ნათია შარიქაშვილი და თამარ აფრიამაშვილი მირეკავენ და მეუბნებიან, თქვენ ვალი არ გაქვთ, პრობლემა ჩვენთან არ გაქვთ და გვაინტერესებს, ჯანო ხაჟალიას ტელეფონის ნომერი. ვაძლევ ამ ნომერს, 2-3 თვე არავინ მეხმაურება, მერე ისევ მირეკავენ და ისევ მაშანტაჟებს ეს „ტრიბა“, ქონებას წაგართმევთ, ქუჩაში დაგტოვებთ, თუ თანხას არ გადაიხდითო.

ბანკიდან სხვისთვის გამოტანილი ძირი თანხის ნაცვლად, ალბათ, გაცილებით მეტი დაგაკისრეს.  

- ჯანსუღ ხაჟალიამ თავის დროზე 17 ათასი გამოიტანა, თუმცა თავისი პროცენტებით 25 ათასამდე ავიდა ეს ვალი. ბოლოს 2 ათასამდე ვალი დარჩა გადასახდელი და ამ 2 ათასის გამო მე  დამადეს ყადაღა. ბანკის ვალს ჯერ ჯანო იხდიდა, მეც ვიხდიდი და ვეხმარებოდი. როგორც კი ჩემს სახელზე არსებული ბინა დამიყადაღეს, ვუთხარი თამარ აფრიამაშვილს, 2 ათას ლარს გადავიხდი (რაც იყო ძირი დარჩენილი), დანარჩენს მე ნუ მედავებით, თავი დამანებეთ-თქო. აფრიამაშვილმა დაუკრეკა ვინმე გიოს, მერაბ ბაპაშვილი ამბობს, 2 ათასს გადავიხდი, მეტს არაო. გიომ კი უპასუხა, მაგი უნდა მოვწველოთ, სულ უნდა გადავახდევინოთო. შემდეგ თამარ აფრიამაშვილმა მითხრა, ჯანსუღიც მოიყვანეო. როგორც იქნა, მივიყვანე ჯანსუღ ხაჟალია. ნათია შარიქაშვილმა უთხრა ჯანოს, მე გავამზადებ საბუთს, მერაბ ბაპაშვილი გავათავისუფლოთ თანხის გადახდისგან და შენზე დარჩება ის ვალი, დაგირეკავთ ამ ორ დღეშიო.

ჯანსუღ ხაჟალიას ქონება აქვს?

- ჯანოს ბინა არ აქვს, ცოლის სახელზე აქვს ყველაფერი გაფორმებული და ცოლთან თითქოს გაყრილია. დამიბარეს აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ვეკითხები, გთხოვთ, ამიხსნათ, რისთვის მახდევინებთ თანხას. ამხელა ინსტანცია გამოვიარე და არც ერთს არ უთხოვია იმ ქვითრების ჩვენება, რა თანხებიც მე გადავიხადე. მხოლოდ ჩემი ბინა და ჩემი განადგურება უნდათ.                               

პროკურატურას თუ მისწერეთ?

 

- ირაკლი შოთაძის სახელზე შევიტანე განაცხადი, იმან ვიღაც იოსებს გადასცა, იოსებმა ვიღაც ილიას გადასცა, ილიამ ისევ აღსრულებას გაუგზავნა. აღსრულებიდან მომივიდა არაფრისმთქმელი ფორმულა, ესა და ეს მუხლებიო... ახლა ვაპირებ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილეს მივწერო, რომ ეს ფორმულები ჩემთვის ნაცნობია და გამარკვიონ, სად არის ჩემი უფლება. მე ხომ ამდენი თანხა გადავიხადე!

თავდებში ჩამდგარ სხვა ადამიანებს კვლავაც არ სთხოვენ თანხის გადახდას ?

- რაც მე ავყვირდი, ახლა ირინა ხავთასთან უბრალოდ მიდიან და მოდიან. მის სახელზე სახაჭაპურეა, არაფერს იხდის. უბრალოდ, ჩემზე არიან ჩასაფრებულები, რადგან ვერ მოუნელებიათ, რატომ გავუშიფრე ანი აბაშიძეს სქემა. დღემდე ხელფასიდან 50 ლარს მიკავებენ. ეს 2 ათასი ლარი კი უკვე 10 ათასზე აიყვნეს, ჯარიმები და საურავებიო. უფრო სწორად, მთლიანობაში, 20 ათას ლარზე აიყვანეს, 10 ათასი მე დამაწერეს და ამდენივე დააწერეს ირინას. აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემავსებინეს ბლანკი. იქაც დავუწერე, რატომ არ სთხოვთ ვალს სხვა თავდებებს? რატომღაც ის ფურცელი დაიკარგა. ახლა განცხადება უნდა შევიტანო შს სამინისტროში.

მაინტერესებს, რას დასდევენ უცხოეთში კრიმინალებს, როცა საქართველოში უარესი ქურდები ჰყავთ ბანკების სახით? განცხადებით მივმართე „ტრიბას“, თამარ აფრიამაშვილს, მენეჯერს, გთხოვთ ამიხსნათ, რის საფუძველზე, რატომ დამიყადაღეთ ქონება და რატომ გაათავისუფლეთ პასუხისმგებლობისგან ჯანსუღ და ჯონდო ხაჟალიები, ასევე, ირინა ხავთასი? ორი თვის განმავლობაში პასუხი ვერ მივიღე, მივაკითხე თამარ აფრიამაშვილს, გთხოვთ, მომცეთ პასუხი ჩემს განცხადებაზე. მიპასუხა, ჩვენი იურისტები ახლა სწავლობენ თქვენს საკითხსო. ვუთხარი, განაჩენი გამოტანილი გაქვთ, დაყადაღებული გაქვთ და ახლა სწავლობთ, თუ რატომ დამიყადაღეთ, რატომ მძარცვავთ და მაშანტაჟებთ-თქო? მეორე განცხადებაც შევიტანე „ტრიბაში“, მაგრამ თვენახევარი გავიდა და პასუხი ვერ მივიღე. ისევ თამარ აფრიამაშვილს ვურეკავ, ჩვენს უფროსს უნდა თქვენი ნახვაო. კიდევ კარგი, მარტო არ მივედი, ამხანაგი გოგო ვიახლე, თორემ იქ სისხლი დაიღვრებოდა. ვეუბნები, განცხადებაზე პასუხი მომეცით, რის საფუძველზე დამიყადაღეთ და მძარცვავთ? უფროსი ვიღაც ნიკა მეუბნება, ხოში მაქვს, მინდა, მოგცემ პასუხს, მინდა, არ მოგცემო.

„თიბისის“ ხელმძღვანელობას თუ მიაკითხეთ?

- ვახტანგ ბუცხრიკიძის სახელზე დავწერე განცხადება. ორი კვირის წინ მირეკავს ვიღაც ქალი, იურისტი, სავარაუდოდ, ბუცხრიკიძის მოადგილე. ვუთხარი, თქვენ ხართ ადამიანები, თქვენ ხართ ცხოველები, ჩანაწერიც მაქვს, ვერსად გამექცევით, ჟურნალისტებს გადავცემ-თქო. მართლაც ასე მოვიქცევი. მე არ გავჩერდები, სამართალს სანამ არ მივაღწევ. ისიც ვუთხარი, იმ 2 ათასს განა ვერ გადავიხდიდი, მაგრამ პრინციპის ამბავია, მარტო მე რატომ უნდა გადავიხადო? ბუცხრიკიძის მოადგილემ მიპასუხა, მაგდენი ჩვენ არ ვიცოდით, გავარკვევთ, რა ხდებაო. მას შემდეგ არ დაურეკავთ. ესენი ფიქრობენ, მე თუ გადავიხდი იმ თანხას, მერე მიადგებიან ირინას და იმასაც გაძარცვავენ.

რაც შეეხება ჯანსუღ ხაჯალიას, ის არაფერს იხდის. უფრო მეტიც, ჯანომ მითხრა, ბანკმა მე გამათავისუფლა თანხის გადახდისგან, არ მთხოვს არაფერს და შენ რა გინდა, რა გამი...ე საქმეო. მოდი ახლა და მოძებნე სამართლი.

ამას წინათ ბანკების მიმართ საყვედურით გამოვიდა კვირიკაშვილი, მაგრამ საყვედურმა საყვედურად ჩაიარა. ამის შემდეგ დახურული სხდომა ჩაატარა და, როგორც ჩანს, მორიგდნენ ბანკებთან. თუ ასე არ არის,  რატომ არ ასრულებენ მკაცრ დანაპირებს ბანკების მიმართ? ასევე არ შესრულდება მამუკა ბახტაძის ნათქვამიც. ფინანსთა მინისტრად რომ დადგა, თქვა, ბანკები ეკონომიკას აფერხებენო. მეორე დღეს კი ისევ დახურული სხდომა ჩატარდა. თუ პირველ დღეს მამუკა ხაზარაძეს ყბა აუცახცახდა, დახურული სხდომიდან გამოსვლის შემდეგ სახე უკვე გაბრწინებული ჰქონდა. ამის შემდეგ სად უნდა ეძებო სამართალი?

შს მინისტრი რომ იძახის, თაღლითები, ქურდები და ბანდიტებიო, რომელი ქურდი დაიჭირეს? გვერდით ჰყავთ ბანკები, იგივე კანონიერი ქურდები. სამწუხაროდ, ჩვენი ხალხი უცხოეთში იპარავს და ამ ნაძარცვი ფულით სამშობლოში თავისიანებს ინახავს, ბანკები კი საკუთარ  სამშობლოში საკუთარ ხალხს ატყავებენ. მე არ გავჩერდები. შარშან, 2017 წლის 9 მარტს ჩემი ყველა ანგარიში დააყადაღეს, ფაქტობრივად, რვა თვე უხელფასოდ დამტოვეს, თავად მიჰქონდათ ჩემი ფული. ოღონდ როგორ ინაწილებდნენ, ვის რა მიჰქონდა, მე არ ვიცი. მე მაქვს ორი სესხი -„ექსპრესსესხი“ 1500-ლარიანი და „თიბისი-ქარდი“. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ დაყადაღების და უხელფასობის მიუხედავად, ორივე მათგანს პროცენტები ემატებოდა. ანუ ანგარიშები რომ დამიყადაღეს, მაინც არ შემიჩერეს პროცენტები. თანხა ვერ შემქონდა ანგარიშებზე და ის თანხებიც დამაწვა კისერზე.

მე ბანკებს ვამდიდრებ, ამ დროს კი თერჯოლაში დის შვილი მყავს გათხოვილი, რომელსაც პატარა ბავშვი ჰყავს, ბავშვი სულ ავადმყოფობს და წამლები სჭირდება. ასეთ დროს ამ პროცენტებს ვიხდი. ამ ორიოდე თვის წინ კი, 3 თებერვალს ნეკნები დალეწილი მქონდა, რადგან შიმშილისგან თავბრუ დამეხვა, კიბეზე ავედი და ჩამოვვარდი. საავადმყოფოდან როგორც კი გამოვეწერე და სახლში წამოვედი, იმ საღამოსვე აღსრულება დამადგა თავზე. საიდან გაიგეს, სახლში რომ მივედი, არ ვიცი. ტელევიზორი და სხვა ნივთები წაიღეს. სტუმრები მყავდა და იმათაც წაართვეს თანხა, ვითომ ბანკში შესატანად უნდოდათ. ვუთხარი, მომიტანეთ საბუთი, ვინ ხართ-მეთქი, მაგრამ არ მომიტანეს. ამის შემდეგ მომადგა ვიღაც ფორმიანი, ტანსაცმელზე ეწერა „აღსრულების პოლიცია“ და 200 ლარი წაიღო. ვეუბნები, მომეცით საბუთი, რაში მახდევინებთ, ან რისთვის წაიღეთ ტელევიზორი, მაცივარი. საბუთიც არ მოაქვთ, რომ გავიგო, სადმე თუა აღრიცხული ჩემგან წაღებული თანხა.

ვისთანაც მივედი, სამართალი ვერსად ვნახე. მივედი იუსტიციის სახლში, სადაც ეროვნული ბანკის წარმომადგენლები სხედან, ვინმე ბელა გამომეხმაურა და მითხრა, ჩვენ ბანკებთან საქმე არ გვაქვს, დავურეკავ და გავარკვევ თქვენს საქმესო. საღამოთი დამირეკეს აღტაცებული ხმით, თქვენ ხომ მორიგდით, სიტყვიერი შეთანხმება გაქვთო. მე ვუთხარი, რომელი სიტყვიერი შეთანხმება, მძარცვავ და კიდევ სიტყვიერ შეთანხმებაზე მელაპარაკები? ეს ხომ ქვეყანა არ არის. აღარ მინდა აქ ცხოვრება, წავიდოდი და მეღორედ ვიმუშავებდი საზღვარგარეთ, ოღონდ ამათ მოვცილდე, მაგრამ არც აქედან მიშვებენ. ეგ არის უბედურება.