„საუკეთესო ვარიანტია კვირიკაშვილი გახდეს პრეზიდენტობის კანდიდატი, მისი ადგილი კი დაიკავოს ივანიშვილმა“

„საუკეთესო ვარიანტია კვირიკაშვილი გახდეს პრეზიდენტობის კანდიდატი, მისი ადგილი კი დაიკავოს ივანიშვილმა“

„ახალი მემარჯვენეების“ პრეზიდენტობის სასურველი კანდიდატი გიორგი მარგველაშვილია“ - ეს გზავნილი პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ საგანგებო ბრიფინგზე გაახმოვანა. კაციტაძის შეფასებით, ქვეყანას უპარტიო პრეზიდენტი სჭირდება იმისათვის, რომ ოპოზიციურმა ძალებმა გაერთიანება შეძლონ. ცნობილია, რომ მარგველაშვილს როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს მხარს უჭერენ „თავისუფალი დემოკრატები“.

არასაპარლამენტო ოპოზიციის მეორე ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთო კანდიდატზე მსჯელობს. ამ მიზნით შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ამსტერდამში, მიხეილ სააკაშვილთან შედგა. ოპოზიციის მესამე ნაწილი - დავით უსუფაშვილი და ალეკო ელისაშვილი არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს წარდგენას. ჯერჯერობით უცნობია რა სტატუსით წარდგება საპრეზიდენტო არჩევნებზე უპარტიო ირაკლი ალასანია. პრეზიდენტობის სურვილი დააფიქსირა „მშრომელთა“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა და საარჩევნო კამპანიაც დაიწყო.

როგორ გადანაწილდება ოპოზიციური ამომრჩევლის ხმა და რატომ არ აქვს შანსი გიორგი მარგველაშვილს - ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

ახალი მემარჯვენეებისპრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილია, თუ გავითავისწინეთ, რომ პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი არის ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე, ალბათ, მოსალოდნელიც იყო ეს სვლა. მარგველაშვილს მხარს უჭერსთავისუფალი დემოკრატებიც“, მაგრამ ორივე პარტია არის ურეიტინგო. შესაბამისად, რა შანსები შეიძლება ჰქონდეს მათ მიერ მხარდაჭერილ გიორგი მარგველაშვილს?

ვახტანგ ძაბირაძე: კარგია, რომ კანდიდატების დასახელება დაიწყო. ალბათ, ეს პროცესი გაგრძელდება, რადგან როგორ ჩამოყალიბდება საზოგადოებრივი აზრი, გარკვეულწილად მაინც ამაზე იქნება დამოკიდებული, რომელი ოპოზიციური კანდიდატი შეიძლება გახდეს მიმზიდევლი მთლიანი ოპოზიციისთვის.

ანუ, მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდო კანდიდატები დასახელდეს?

- რა თქმა უნდა. იქნება ეს ალეკო ელისაშვილი, დათო უსუფაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, შალვა ნათელაშვილი თუ ვინმე სხვა. ალბათ, კიდევ ვიღაცეები დასახელდებიან და შემდეგ აი, ამ წრიდან უნდა მოხდეს ერთიან კანდიდატზე ჩამოყალიბება. მარტო ორი პარტია და მარგველაშვილი, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის გამარჯვების მისაპოვებლად. შესაბამისად, ჯერჯერობით ადრეა ამაზე საუბარი.

პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ექნება იმისათვის, რომ მისი რეიტინგი გაიზრდება, თუ შემცირდება. ან საერთოდ როგორი იქნება პროცესი, პროცესის წარმათვასაც ექნება მნიშვნელობა. შესაბამისად, ამ წუთას არ შემიძლია იმის თქმა, რომ მარგველაშვილის კანდიდატურა ერთადერთი და უპირობო არის. სხვა კანდიდატებიც ვნახოთ და შემდეგ შევაფასოთ. ერთი რამე ფაქტია, რომ მარტო „თავისუფალი დემოკრატების“ და „ახალი მემარჯვენეების“ იმედად ძალიან გაჭირდება სერიოზული წარმატების მიღწევა.

ვინ იქნება მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი, მმართველ გუნდში ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ არის. მაგრამ უკვე დასახელებული კანდიდატებიდან: დავით უსუფაშვილი, ალეკო ელისაშვილი, სანდრო ბრეგაძე, შალვა ნათელაშვილი - რამდენად შეძლებს მარგველაშვილი კონკურენციის გაწევას?

- როგორც უკვე აღვნიშნე, ორი პარტიის მხარდაჭერა საკმარისი არ არის არა მხოლოდ გამარჯვებისთვის, არამედ იმისთვის, რომ სერიოზული კონკურენცია გაუწიოს ხელისუფლების კანდიდატს. ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი სჭირება. ლაპარაკი იმაზე, რომ პირველი ტური იქნება პრაიმერი და მეორე ტურში გასულ კანდიდატს დაუჭერენ მხარს, ასე მარტივად არ არის საქმე. მეორე ტურამდე მისვლაა საჭირო. მეორე ტურისთვის საჭიროა ერთიანი კანდიდატის დასახელება. გაბნეული ოპოზიცია ამას ვერ შეძლებს. ამიტომ, ორი პარტიის მხარდაჭერა საკმარისი არ არის. მაგრამ კარგია რომ დაიწყო კანდიდატების წარდგენა. უნდა მოხდეს ამ კანდიდატების დასახელება და შემდეგ ჩამოყალიბდნენ ვინ არის ყველაზე უფრო რეიტინგული, ან გამაერთიანებელი არა მთელი ოპოზიციური პარტიების, არამედ ოპოზიციური ამომრჩევლის - ეს სრულიად სხვა რამეა.

არ ვლაპარაკობ ოპოზიციური კანდიდატების ერთიანობაზე, არამედ ვლაპარაკობ კანდიდატზე, რომელიც შეძლებს ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანებას. აი, ეს არის აუცილებელი.

ოპოზიციას საუბრობს ერთიანი კანდიდატის აუცილებლობაზე, მაგრამნაციონალური მოძრაობაოპოზიციის ამ ნაწილს სწორედ იმიტომ აკრიტიკებს, რომ „ნაციონალებს“ ეკუთვნოდათ საერთო კანდიდატის ინიციატივაა...

- არა, არა ბატონო. გაერთიანებულ კანდიდატზე და იმაზე, რომ ოპოზიცია ერთიანი კანდიდატით უნდა წარმდგარიყო არჩევნებზე, ამ საკითხზე დიდი ხანია საუბარი მიდის საექსპერტო წრეებში. ეს სააკაშვილის იდეა ნადვილად არ არის. რა თქმა უნდა, ისინი სულ ასე ამბობენ, რომ მათი იდეა არის ყველაფერი, მაგრამ რეალობა ნამდვილად არ არის ასეთი.

ამსტერდამში გამართულ მოლაპარაკებაში, სადაც ერთაინ კანდიდატზე იყო მსჯელობა, მონაწილეობას ღებულობდნენ ის ოპოზიციური ძალები, რომლებსაცნაციონალური მოძრაობისმმართველობის დროს საზოგადოება იცნობდა როგორც ფსევდო ოპოზიციურ ჯგუფს. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეჯერდება ეს ჯგუფი ერთიან კანდიდატზე და რა შედეგს ელოდებით ამ ჯგუფისგან?

- ცოტა რთულია ამაზე საუბარი, იმიტომ, რომ ის ხალხი ვინც ამსტერდამში შეიკრიბა, ყოველთვის მოიაზრებოდნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. იქ ახალი არაფერი არ მომხდარა. შესაბამისად, მათი ელექტორატი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი. ამიტომ, ლაპარაკი იმაზე, რომ ეს გაერთიანება რაღაცა წარმატებას მიაღწევს, რა თქმა უნდა, არასწორია. ეს იქნება მაქსიმუმ 10%-იანი კანდიდატი.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა გახლავთ ის, რომ მათი რეალური მხარდაჭერთა რაოდენობა არის 8%. ასეთია NDI-ის გამოკითხვის შედეგებიც და ამას აჩევენებს ყველა არჩევნების შედეგებიც. პარტიას არ აქვს ზრდის რესურსი და პრობლემაც ეს არის. პარტიას რომ ჰქონდეს რესურსის ზრდის შანსი, მაშინ კი ბატონო, არანაირი პრობლემა არ იქნება და ვიტყოდით, რომ ყველაზე ძლიერი პარტია არის და ამიტომ, მისი კანდიდატიც უნდა იყოს. ამიტომაც ვლაპარაკობ ოპოზიციურ ელექტორატზე და არა ოპოზიციურ პარტიებზე.

ოპოზიციური ელექტორატი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ დაუჭერს. მხარს დაუჭერს ნაციონალური ელექტორატი, რომელიც იყო, გაიყო, მაგრამ დარჩა. ეს არის მათი პრობლემა და აი ეს არის მთელი ამ დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის და ვითარების დრამატიზმი. თუ ამის გააზრება არ უნდათ, ეს მათი საქმეა. იქნება კიდევ ერთი ფუჭი გასროლა, რომელიც შედეგს არც ნაციონალებს მოუტანს და არც სხვა ოპოზიციურ ძალებს. თუ ამას ვერ ხვდებიან დარჩება მხოლოდ „ქართული ოცნება“. ამიტომ, არა მგონია, რომ რაღაცა გარდატეხა შეიტანოს მათმა კანდიდატმა.

როგორი უნდა იყოსქართული ოცნებისკანდიდატი, რომელიც შეძლებს გააერთიანოს ოპოზიციური ამომრჩეველი და პარალელურად, კონკურენცია გაუწიოს ოპოზიციურ ძალებს? რამდენად რთული არჩევანის წინაშე დგას მმართველი გუნდი, რომელსაც ძალიან ბევრი კრიტიკულად განწყობილი ამომრჩეველი ჰყავს?

- ძალიან მარტივი მიზეზის გამო მმართველ გუნდს ნამდვილად არ ეჩქარება კანდიდატის დასახელება. ჯერჯერობით ოპოზიციურ ფლანგზე არ ჩანს ისეთი სურათი, რომ ვიღაცა სერიოზული და რეალური კანდიდატი შეიძლება დაუპირისპირდეს. არ ჩანს ერთიანობა და შესაბამისად, თუ ოპოზიცია იქნება ისევ გაშლილი, თუ დაშლილი, როგორც ადგილობრივ არჩევნებში, მაშინ არანაირი პრობლემა არ ექნება ხელისუფლებას - გაიმრჯვებს.

მმართველ გუნდს ნამდვილად არ აქვს კანდიდატის წამოყენების პრობლემა, ვინც არ უნდა წამოაყენონ გაიმარჯვებს. ორგანიზაციული სტრუქტურა აწყობილი აქვთ, ყველა რაიონულ ცენტრს აკონტროლებენ. სხვა საკითხია თვითონ შიგნით რამდენად უნდათ სიტუაციის დალაგება - არა პარტიის, არამედ სახელმწიფო სტრუქტურის დალაგება და გამართვა. თუ სახელმწიფო სტრუქტურის გამართვაზე იქნება საუბარი, დღესდღეობით ქვეყნისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ საუკეთესო ვარიანტია გიორგი კვირიკაშვილი გახდეს პრეზიდენტობის კანდიდატი, მისი ადგილი კი დაიკავოს ბიძინა ივანიშვილმა. ვფიქრობ, ეს საუკეთესო ვარიანტია ქართული პოლიტიკისთვის.