საქართველოში ყველაზე სწრაფად ვალები და ფასები იზრდება. საქართველოს საგარეო ვალი ივლისში, მაისთან შედარებით, 118,660 მილიონით გაიზარდა. ჯერჯერობით ცნობილი არ არის აგვისტოს მონაცემები, მაგრამ დიდი გამოცნობა არ სჭირდება იმას, რომ ვალები ამ თვეშიც გაიზრდებოდა, საკითხავია, უბრალოდ, რა ოდენობით.
ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალი, მიმდინარე წლის 31 ივლისის მდგომარეობით, 3,584 მილიარდი დოლარით განისაზღვრა, რაც დღევანდელი კურსით 6,595მ ილიარდი ლარია.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან მრავალმხრივი კრედიტორების მიმართ ვალი 2,532 მილიარდი დოლარია, ხოლო ორმხრივი კრედიტორების მიმართ - 546,730 მილიონი დოლარი.
აღნიშნული პერიოდისთვის საქართველოს მიერ სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების ოდენობა 4 512 000 დოლარს შეადგენს, ხოლო ევრობონდების ვალი - 500 მილიონი დოლარია.
ექსპერტების განცხადებით, მალე საგარეო ვალის მომსახურებას ბიუჯეტის 26%-მდე დასჭირდება, შესაბამისად, მთავრობამ ან პარიზის კლუბში სირბილი უნდა დაიწყოს, ან კიდევ სოციალურ ხარჯები მკვეთრად შეამციროს, თუმცა ამ პრობლემების გადაჭრა, ახალ ხელისუფლებას მოუწევს. ასე რომ, 2013 წელს ბიუჯეტიდან 1,3 მილიარდი ლარი ვალების გასტუმრებას მოხმარდება.
ექსპერტებს მთავრობის თამამი ნაბიჯები ვალებთან დაკავშირებით აშინებთ. მათი განცხადებით, საქართველოს საგარეო ვალი, შესაძლოა, სერიოზული მაკროეკონომიკური პრობლემა გახდეს. საერთაშორისო კონიუნქტურისა და ჩვენი ქვეყნის საგარეო ვალის დინამიკა უკვე შეიცავს ამგვარი საფრთხის რეალურ ნიშნებს. ეკონომისტის აზრით, საგარეო ვალი საშიში არ არის, თუკი მისი ზრდის ტემპი უფრო დაბალია ვიდრე მშპ-ისა.
“ასეთი დიდი ვალის აღების აუცილებლობა იმისათვის, რომ რაღაც პროექტები განხორციელდეს, არ არის. ამითი მოხდება ის, რომ საგარეო ვალის ტვირთი სახელმწიფოს დააწვება, საქართველოს ეკონომიკაში ახლა არაფერი ისეთი ცვლილება და ძვრა არ ხდება, რომ ჩვენ ასეთი დიდი ვალის გასტუმრება შევძლოთ. მართალია, სესხი, შესაძლოა, იყოს გრძელვადიანი, მაგრამ ჩვენი საგარეო ვალი უკვე 5 მლრდ გახდება, რაც ასეთი პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრია”, - ამბობს ეკონომიკური ექსპერტი ნოდარ ხადური.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის” ინფორმაციით, საქართველოს საგარეო ვალის დასაფარად 2011 წელს - 121 მილიონი დოლარი, 2012 წელს - 257 მილიონი დოლარი, ხოლო 2013 წელს - 771 მილიონი დოლარი ექნება გადასახდელი.
ეს რაც შეეხება ძირითად თანხას, რომელსაც საგარეო ვალის მომსახურებისთვის გადასახდელი ყოველწლიური პროცენტებიც ემატება. 2010 წელს აღნიშნული პროცენტის მოცულობა 71.34 მილიონი დოლარი იქნება, 2011 წელს - 70.06 მილიონი დოლარი, 2012 წელს - 68.16მილიონი დოლარი, 2013 წელს კი - 45,72 მილიონი დოლარი.
“თავის დროზე ომგამოვლილი და კრიზისის პირას მყოფი ქვეყნისთვის საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა კარგი იყო და არსებული პრობლემების მოგვარებაში ძალიან დაგვეხმარა. ნებისმიერი ახალი დახმარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ცუდია, რომ ქვეყნის საგარეო ვალი იზრდება.
მნიშვნელოვანია, რომ აღებული კრედიტები მოხმარდეს ეკონომიკურ კეთილდღეობას და მიზნობრივად დაიხარჯოს. სამწუხაროდ, ამ მხრივ მწარე გამოცდილებები გვაქვს”, - აცხადებს ექსპერტი დავით ნარმანია.