„ქართულ ოცნებას“ მესამე შანსს აღარავინ მისცემს“

„ქართულ ოცნებას“ მესამე შანსს აღარავინ მისცემს“

ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ ჯერ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს, ხოლო შემდეგ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში საკადრო წმენდის მოლოდინი გაჩნდა - რას ცვლის ივანიშვილის მხრიდან გარკვეული პასუხისმგებლობის აღება ქვეყნისთვის და მმართველი გუნდისთვის - მიმდინარე აქტუალურ პროცესზე ექსპერტი, გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

გია ხუხაშვილი: ქვეყნისთის ეს პოზიტივია და აგიხსნით, რატომ - შესაძლოა ეს კარგი არ არის, მაგრამ ქვეყანაში არსებობს ერთადერთი ძალის ცენტრი, როგორც სტაბილურობის გარანტი და ეს არის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. ცუდია, მაგრამ ეს მოცემულობაა. აქედან გამომდინარე, როგორც კი ივანიშვილმა დისტანცირება მოახდინა ამ პროცესისგან, მივიღეთ, თუ შეიძლება ითქვას, ინსტიტუციონალური ქაოსი, რაც ბოლოს გამოიხატა მმართველობითი სისტემის სერიოზულ კრიზისში. ამას ვადევნებდით თვალს პარლამენტსა და მთავრობას შორის, ან თვითონ უმრავლესობის შიგნით დაძაბულობის სახით და ამ პროცესის ძალიან ბევრი სხვა ინდიკაციაც არსებობდა.

გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ მას შეეძლო ამ მმართველობითი სისტემის კრიზისის დაძლევა, ივანიშვილმა გადაწყვიტა პოლიტიკაში რეინტეგრაცია და დარწმუნებული ვარ, ეს იყო მისთვის ძალზე მძიმე გადაწყვეტილება, თუმცა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მან ეს ნაბიჯი გადადგა.

რაც შეეხება ცვლილებებს, სახელმწიფოებრივად შეიცვლება ბევრი რამ, დარწმუნებული ვარ, რომ ის ადვილად გადალახავს შიდა პარტიულ, ანუ მმართველობითი სისტემის კრიზისს. ვიცით, რომ პოლიტსაბჭო ფორმალურ, გაუგებარ ორგანოდ იყო ქცეული ბოლო პეიოდში და ვიღაცეები ცდილობდნენ, ისე ემართათ ქვეყანა, რომ არავის არაფერი ეკითხა - ესეც იყო ერთ-ერთი პრეტენზია უმრავლესობაში.

ვფიქრობ, რომ ივანიშვილის სტილი არ არის ფასადურ პროცესებში მონაწილეობა და ის ფუნქციონალურს გახდის პოლიტსაბჭოს. უნდა ვივარაუდოთ, რომ იქ აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც შეეძლებათ, მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებასა და აღსრულებაში.

ამას წმენდას არ დავარქმევდი, ეს ჩეულებრივი, რეორგანიზაციის პროცესია, ბუნებრივია, პარტიის შემდეგ ეს პროცესი გადავა ყველა იმ ინსტიტუტზე, რომელზე პასუხისმგებლობაც აქვს აღებული მმართველ პარტიას. ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლება, პარლამენტი თუ სხვა.

მოლოდინია, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყობის შემდეგ სამთავრობო გადაადგილებები დაიწყება. ეს შეიძლება იყოს მინისტრების ან პრემიერ-მინისტრის დონეზე? არის კი რადიკალური ცვლილებების საჭიროება, რადგან, როგორც აღმოჩნდა, მაინც ერთ ადამიანზეა დამოკიდებული ბევრი რამ?

- პრემიერის ნამოღვაწარს თუ გადავხედავთ, ის ისედაც არ მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ორი გადაწყვეტილება მიიღო, როგორც ჩანს, დამოუკიდებლად და ორივეჯერ წაიფორხილა, ერთი - ის არაადეკვტური წერილი რომ მისწერა რუსეთს და მეორე - სარქისიანს მიულოცა გაპრემიერება, რომელიც იმავე დღეს გადადგა. პრემიერის ფიგურა არასდროს არ ყოფილა პოლიტიკური ფაქტორი და ამისი გაფორმება ტექნიკის საკითხია, როდის მოხდება ეს, არჩევნებამდე თუ მას შემდეგ, არსებითად არაფერს ცვლის.

რეალურად, სახელების კი არა, სისტემის პრობლემა გვაქვს - მთავრობას უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების, შემდეგ მისი სწრაფად აღსრულების უნარი. დღეს არც გადაწყვეტილებებს იღებენ და არც ასრულებენ, იმის შიშით, რომ არაფერი არ გააფუჭონ.

ეს პრობლემაა და პერსონალიებში ეს როგორ გამოიხატება, ამაზე არ ვისაუბრებ. ფაქტია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გვჭირდება გუნდი ერთიანი ხედვით. არა ისე, რომ ეს ამის ლობირებულია, ის - იმის, ეს ეკლექტური სურათი საბოლოო ჯამში, პრობლემებს ქმნის. რეფორმატორთა გუნდია საჭირო, რომელიც დააბრუნებს ქვეყანას სწრაფი განვითარების გზაზე - არა ისე, რომ დღეები გადააგორონ.

არის რესურსი, რომ ასეთი გუნდი შეიკრიბოს?

- ფუნდამენტი, ალბათ, შიდა რესურსიდან შეიძლება მოიძიონ, დანარჩენის გარედან მოზიდვაც შეიძლება. რეფორმატორული პოტენციალი რამდენიმე ადამიანში ნამდვილად ჩანს - კახა კახიშვილმა მოახერხა რეფორმის შედეგის დადება - დაგვანახა, რომ შესაძლებელი ყოფილა რაღაცის გაკეთება. იგივე, ახალი მინისტრები, რომლებიც ინტრიგებში არ ყოფილან ჩართული და ცდილობენ რეფორმატორული ტალღა შემოიტანონ - ეს არის გახარია, რომელიც ცდილობს, შს სამინისტროში რაღაც გააკეთოს; ბახტაძე, რომელსაც რამდენიმე ძალიან საინტერესო ინიციატივა ჰქონდა ბოლო პერიოში; მაია ცქიტიშვილი, რომელიც თავისი პროფესიონალიზმით მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს. ეს არის ის გუნდი, რომელზეც შეიძლება რაღაცის აგება.

არ ვამბობ იმას, რომ ყველა გასაშვებია მთავრობიდან, ბევრი შეიძლება დარჩეს, მთავარია, გამოჩნდეს, რომ ერთ გუნდად შეიკრა ყველა და ერთიანი გრძელვადიანი ამოცანა დაისახა. შესაბამისად, გააზრებულად და სწრაფად დაიწყეს რეფორმები. თუ ეს არ მოხდა, დიდი პრობლემა იქნება ქვეყნისთვის.

დღეს, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებით მცირე იმედი გაჩნდა, რომ ჭაობიდან ამოსვლას დავიწყებთ, ამიტომაცაა საჭირო დინამიური ცვლილებები.

როდესაც ის ახალი სახეები გამოჩნდნენ მთავრობაში, ვინც თქვენ ჩამოთვალეთ, სწორედ ასეთი მოლოდინი გაჩნდა, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც შეუძლიათ სწრაფი და პოზიტიური ცვლილებების გატარება, თუმცა პროცესი ვერ წავიდა სასურველი ტემპით - ეს მთავრობის ხელმძღვანელის პრობლემაა?

- აქ იყო გადაწყვეტილების მიღების პრობლემა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში რეინტეგრაციით ამ პრობლემის გადაჭრის საფუძველი შიქმნა - გუნდიც თუ სწორად დაკომპლექტდა, რთული ამოცანა იქნება შესასრულებელი, მაგრამ შანსი, რომ რეფორმატორული დინამიკა აიკრიფოს, ნამდვილად გაჩნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ კრიტიკული პრობლემები შეექმნება - მესამე შანსს აღარავინ მისცემს.

ალბათ, არა მხოლოდქართულ ოცნებას“, რადგან ქვეყანაში არ არსებობს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი...

- გეთანხმებით, სწორედ იმიტომ, რომ ალტერნატივა არ არსებობს, სახელმწიფოს პრობლემაში გადიზრდება. შეიძლებოდა, ალტერნატივის არსებობის პირობებში ასე დრამატულად არ ყოფილიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ პრობლემა ქვეყნის პრობლემაა.

რამდენად არის შესაძლებელი ალტერნატიული ცენტრი შეიკრიბოს მარგველშვილის ირგვლივ? ოპოზიციის ბოლო განცხადებებიდან ჩანს, რომ მის ირგვლივ გაერთიანებას გეგმავენ...

- ვერ ვხედავ ამის შესაძლებლობას. მარგველაშვილს რამდენიმე ხნის წინ, შესაძლოა, ასეთი შანსი ჰქონდა, მაგრამ დღეის მოცემულობით, ბუნდოვნად ვაფასებ ამ შანსებს. ოპოზიციის გაერთიანება რას ნიშნავს, ესეც ვერ გავიგე, ვინ უნდა გაერთიანდეს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“? - „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“? - ის პარტიები ჩამოვთვალე, ვისაც პულსი ესინჯება, მაგრამ მათ შორის ისეთი ანტაგონიზმია, რომ ალბათ, ერთმანეთი უფრო ეზიზღებათ, ვიდრე „ქართული ოცნება“. ამიტომ, მათი გაერთიანება მარგველაშვილის ირგვლივ ილუზიაა.

მარგველაშვილის ირგვლივ შეიძლება გაერთიანდნენ არაკვალიფიციური სუბიექტები, რომლებიც ვირტუალურად არსებობენ. ელექტორატის თვალსაზრისით, ნულოვანი შედეგი აქვთ და ნული ასზე რომ გაამრავლო, მაინც ნულია. აქედან გამომდინარე, მათი გაერთიანების დალოდება არარეალურია.

თანაც, მარგვერლაშვილთან არსებობს სხვა კითხვებიც. შესაძლოა, მის მიმართ განწყობა არ იყოს ცუდი, მაგრამ მისი ხუთწლიანი მოღვაწეობიდან შედეგი რა მივიღეთ? საზოგადოება ამ კითხვას ხომ დასვამს? გარდა ამისა, ხელისუფლება მას ასეთ შემთხვევაში ყოველგვარი რესურსის გარშე დატოვებს და ამ სამი სერიოზული პრობლემის გადალახვა პრაქტიკულად, შეუძლებელია.

სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს, ერთადერთ ოპოზიციურ ძალად ისევ რჩება „ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილის ბოლოდროინდედლი აქტიურობა იმის მაჩვენებელია, რომ სურს, ისევ შეინარჩუნოს ოპოზიციუირი ცენტრის სტატუსი. „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანა ახლა არ არის ხელისუფლებაში მოსვლა - მათ სურთ ერეთადერთი ოპოზიციუირი პოლუსის სტატუსი. ელექტორალური პოტენციალის ზრდის პერსპექტივა არ აქვთ, ამიტომაც, რაც გააჩნიათ, იმის შენარჩუნებას ცდილობენ. ეს აწყობს „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და ხელისუფლებასაც. სააკაშვილის აქტიურობით ხდება შუას გაკრეფა, და ორივე, „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ ამით ასრულებს თავის ამოცანას.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ივანიშვილის რეინტეგრაციით გადაწყვეტილების მიღების პრობლემა გვარდება. რა რანგში უნდა ვიხილოთ ივანიშვილი, რომ გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციის თემა არ გახდეს აქტუალური?

- ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, პრეზიდენტად ეყარა კენჭი. შესაძლოა, ახლა მმართველობითი სისტემის პრობლემები გადალახოს, მაგრამ სერიოზული რეფორმების გასატარებლად სახალხო მხარდაჭერის დადატურება სჭირდება. ასეთი მხარდაჭერის დადასტურება ხდება არჩევნების გზით - დღეს ბევრი ლაპარაკობს, რომ ხალხი აღარ უჭერს მხარს და ა.შ. თუ არჩევნების გზით დაადასტურებდა ხალხის მხარდაჭრას, ეს ბევრად უფრო კომფორტული იქნებოდა მისთვის და უფრო მყარი ზურგი ექნებოდა სერიოზული და სწრაფი რეფორმების გასატარებლად.

თუმცა, გადაწყვეტილების მიმღები და რეფორმების გამტარებელი პრემიერია...

- კი, პრემიერია, მაგრამ ის არის პარტიის წარმომადგენელი. ანუ სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს პარტია, შესაბამისად, პოლიტიკასაც განსაზღვრავს პარტია. შესაძლებელია, ყველაფერი ისე დაეწყოს, რომ საერთოდ შეწყდეს არაფორმალურ მმართველობაზე ლაპარაკი.

ყველაფრის დალაგება შესაძლებელია, მანამდე უნდა დავინახოთ, რამდენად არსებობს პოლიტიკური ნება, რომ რეალურად, პოზიტიურად განვითარდეს პროცესები და ძალაუფლების პრიზმაში არ ვუყუროთ სახელმწიფოს მართვას. იმედი ვიქონიოთ, რომ უკეთესობისკენ წავა ყველაფერი. თუ ასე არ მოხდა, მაშინ, ჩავთვალოთ, რომ პრობლემა აქვს „ქართულ ოცნებასაც“ და ქვეყანასაც.