„...ერთ-ერთი ბრალდება, რომელიც ებრაელმა მღვდელმთავრებმა წაუყენეს ქრისტეს, ის იყო, ღმერთს გმობსო“

„...ერთ-ერთი ბრალდება, რომელიც ებრაელმა მღვდელმთავრებმა წაუყენეს ქრისტეს, ის იყო, ღმერთს გმობსო“

ქართლის დედისა და თამარ მეფის გამოსახულებების უწმინდურ ნივთებზე გამოსახვამ, ასევე, გიორგი გაბუნიას სიუჟეტში იესო ქრისტეს არასწორ კონტექსტში მოხსენიებამ რელიგიური გრძნობების შელახვის საკითხი დღის წესრიგში უკვე მერამდენედ წამოსწია. ღვთის გმობის გამოვლინების აკრძალვა და რელიგიური გრძნობების დაცვის უზრუნველყოფა მიმდინარე წლის 20 მარტს საპატრიარქომაც მოითხოვა.

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ამკრძალავი კანონპროექტის მიღებას 2013 წლიდან უკვე მესამედ ცდილობენ. წინა ორი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. თავის დროზე დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანსაც გაუჩნდა ინიციატივა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ცნება კანონში ჩაწერილიყო, მაგრამ მაშინდელმა ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა მსგავსი კანონის მიღება დემოკრატიის განვითარების საფრთხედ აღიქვა. ასევე, აღნიშნული კანონპროექტი უარყოფითად შეფასდა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის მიერ.

ამჯერად რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ასაკრძალად პარლამენტი სამუშაო ჯგუფს ქმნის. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტი ემზარ კვიციანის მიერ „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტის დახვეწას აპირებს. კანონპროექტის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი ხდება და ფულადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ რელიგიურ ნიადაგზე ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება სამართლებრივად უნდა გაკონტროლდეს. თუმცა პარლამენტმა არ უნდა მიიღოს ისეთი კანონი, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს, რადგან ამ კანონს მიღებიდან მალევე გაასაჩივრებენ საკონსტიტუციო სასამართლოში. ამდენად, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანთან ერთად რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებიც შევლენ.

აღნიშნულ ინიციატივას პრინციპის დონეზე მხარს უჭერს დეპუტატი გედევან ფოფხაძე, თუმცა მიიჩნევს, რომ განსასაზღვრია ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმები, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს შეურაცხყოფად.

თავად კანონპროექტის ავტორებიც იზიარებენ მოსაზრებას, რომ რთული განსასაზღვრია, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად რა უნდა ჩაითვალოს, თუმცა მიიჩნევენ, რომ, ასეთივე რთული განსასაზღვრია, რა არის ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვა, რომლის მუხლიც სამოქალაქო კოდექსის თანახმად, პრაქტიკაში მუშაობს.

„რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“ კანონპროექტში გამონაკლისის დაშვებას ითხოვს სხალთის მთავარეპოსკოპოსი სპირიდონი. ის ამბობს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მუხლი არ უნდა ეხებოდეს ქადაგებას, რადგან ქადაგებისას ხდება ოპონირება მუსლიმანებსა და ქრისტიანებს, კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის.

ამდენად, ემზარ კვიციანსაც მიაჩნია, რომ შეურაცხყოფა არ არის, რასაც ქადაგებს მამაო, არამედ შეურაცხყოფაა, როცა ჩვენს წმინდანებს, მეფეებს, უწმინდესს ლანძღავენ.

საჭიროა თუ არა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ამკრძალავი კანონპრექტის მიღება?!

თეოლოგი ლევან აბაშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს საკითხი უკვე გაიარა დასავლეთ ევროპამ, გაიარეს მოწინავე ქვეყნებმა და ჩვენი ცივილიზაცია იმ დასკვნამდე მივიდა, რომ არ შეიძლება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ამკრძალავი კანონის მიღება. არ შეიძლება მკრეხელობის აკრძალვა, რადგან, როგორც კი ჩვენ ამ საკითხს დასჯადს გავხდით, მაშინვე სახელმწიფო იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას, განსაჯოს, რა არის მკრეხელობა და რა არ არის მკრეხელობა. ეს კი ისეთი მძიმე დავალებაა სახელმწიფოსთვის, რომელსაც ის ვერ შეასრულებს და სულ იქნება ამაზე დავა, სად არის სიტყვის თავისუფლება, სად გადის ზღვარი მკრეხელობასა და არამკრეხელობას შორის, რომელია შეურაცხყოფა, არის თუ არა საერთოდ ესა თუ ის ქმედება შეურაცხმყოფელი. ამდენად, ყველაზე უფრო გონივრული გადაწყვეტილება იქნება, ასეთი კანონი საერთოდ არ გვქონდეს.

„ასეთი კანონი აქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ირანი, საუდის არაბეთი და სხვა. ჩვენ თუ გვინდა, ვიყოთ თანამედროვე ქვეყანა, მაშინ ასეთი შეზღუდვა არ უნდა გვქონდეს. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საკითხი თვითონ საზოგადოებამ უნდა დაარეგულიროს. როგორ ხდება ეს საფრანგეთში? საფრანგეთის პატივცემული გამოცემები, რომლებიც თავის რეპუტაციას უფრთხილდებიან, პატივს სცემენ რელიგიურ გრძნობებს და ისეთს არაფერს აქვეყნებენ, რომლითაც შეურაცხყოფას მიაყენებენ სხვა ადამიანების განცდებს. მათგან განსხვავებით, „შარლი ებდო“ ამას აკეთებს და მას ვერავინ, თუ არავინ უშლის ხელს ამ საქმეში. სწორედ ეს არის თანამედროვე სახელმწიფო, ხოლო დანარჩენი ირანისკენ სვლაა. მით უმეტეს, ქრისტიანი ადამიანი სახარებით ფიქრობს, სახარებაში კი პირდაპირ წერია, რომ ქრისტეს ერთ-ერთი ბრალდება, რომელიც ებრაელმა მღვდელმთავრებმა წაუყენეს, ის იყო, რომ ქრისტე ღმერთს გმობსო. ანუ სწორედ მკრეხელობა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა წაუყენეს ბრალდებად იესო ქრისტეს. ამიტომ ჩვენ როგორ უნდა განვსაჯოთ, მკრეხელობაა თუ არა, როცა ვიღაცა რაღაცას ამბობს.

შეიძლება, ვიღაცას მოეჩვენოს, რომ ეს მისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა, ვიღაცას კი მოეჩვენოს, რომ ეს სულაც არ არის გრძნობების შეურაცხყოფა. ასე რომ, ეს ძალიან საჭოჭმანო საკითხია და ამის გადაცემა იურიდიული სისტემის, სამართლისა თუ პროკურატურისთვის სრულიად კონტრპროდუქტიული იქნება“, - აღნიშნა ლევან აბაშიძემ.

რაც შეეხება იმ ადამიანების განცდებს, რომელთაც რელიგიური გრძნობი შეულახეს და, მუსლიმანების შემთხვევაში, რადიკალებად აქციეს, თეოლოგი მიიჩნევს, რომ არასწორი იქნება, კანონმდებლობა მივიღოთ იმის გამო, რომ ვიღაცამ უკანონობა ან ტერორისტული აქტი არ ჩაიდინოს. ასე, ნებისმიერი რამ შეიძლება ტერორისტს არ მოეწონოს, ჩვენ მათ გემოვნებაზე ვერ ვივლით, რომ ეს არ მოსწონთ და ამიტომ აფეთქებენ.

„ჩემი აზრით, გაბუნიას სიუჟეტი აბსოლუტურად არაფერი არ იყო. უბრალოდ, ეს იყო უაზრო, უკბილო და უშნო ხუმრობა, მეტი არაფერი. თუ ვინმეს ავნო, ისევ - თავის თავს. ისლამში კიდევ გასაგებია ასეთი წინააღმდეგობა, ქრისტიანობაში კი ეს ძალიან გაუგებარია. თვითონ იესო ნაზარეველს აყენებდნენ შეურაცხყოფას. საერთოდ, ცხოვრება მძიმეა და წერია კიდეც სახარებაში, დალხენილი ცხოვრება არ გექნებათო. თუმცა კანონში ასეთი საკითხების ჩადება გაუმართლებელია, რადგან თვითონვე წინ დახვდებათ ეს ყველაფერი. ამას მოჰყვება გაუთავებელი დავა და კამათი, მერე სტრასბურგში წავლენ, შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ან ჩვენს საერთაშორისო ხელშეკრულებებს. ამიტომ ამ კანონპროექტის ავტორებმა მოიტანონ სხვა ევროპული ქვეყნების მაგალითი, თუ სად არის ასეთი კანონი“.

ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მსგავსი კანონების მიღება კარგია, მაგრამ თავად ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს იმ დონეზე, რომ რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა არ ხდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორი კანონიც არ უნდა მივიღოთ, ის ვერ იმუშავებს, თუ საზოგადოების ცნობიერება არ ამაღლდება.

„ძალიან რთულია, განვასხვავოთ, რა არის ადამიანის რელიგიური გრძნობისთვის შეურაცხმყოფელი და რა არა. მარტო კანონით ეს ვერ დარეგულირდება. ჩვენი ისტორიის მანძილზე საქართველოში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არასოდეს მომხდარა, თორემ ამდენი სხვადასხვა ერისა და ეროვნების წარმომადგენელი არ აღმოჩნდებოდა ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა სერგო ვარდოსანიძემ.