დაბრუნება ხუთწლიანი ტაიმ-აუტის შემდეგ. 2013 წელს, როცა პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებდა, ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი დაგვიტოვა, სადაც აღნიშნა, რომ კულუარებიდან ქვეყნის მართვას არ აპირებდა და პოლიტიკაზე დადებით გავლენას მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების წევრის ამპლუაში მოახდენდა. ამიტომაც პოლიტიკიდან წასულმა ივანიშვილმა შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“. თუმცა აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება მას ისევ მოუწია.
ხელმეორედ დაბრუნება პოლიტიკისთვის უცხო არ არის. ეს ერთგვარი პოლიტიკური ტრადიციაც კია თუნდაც საფრანგეთში, სადაც ლიდერები გარკვეული ხნის დასვენებისა და არენიდან გაქრობის შემდეგ ახალი ენერგიითა და გაწმენდილი სახელით ბრუნდებიან პოლიტიკაში.
ამის მაგალითია შარლ დე გოლი. პოლიტიკურ სცენას გარიდებული დე გოლი მემუარების წერით იყო დაკავებული, როცა ქვეყანაში შექმნილმა კრიზისულმა ვითარებამ, მთავრობის არასტაბილურობამ და კოლონიური ალჟირის აჯანყებამ აიძულა, დაბრუნებულიყო. სცენარი აქაც ნაცნობია, პოლიტიკურმა სპექტრმა საშველად ისევ დე გოლს უხმო და ისიც დაბრუნდა.
რას მოუტანს საქართველოს ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში? ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე ესაუბრა.
თქვენ ხშირად მოუწოდებდით ყოფილ პრემიერს, დაბრუნებულიყო არაფორმალური მმართველობიდან, რადგან ევროპელები ეჭვის თვალით გვიყურებდნენ ზუსტად ამ არაფორმალური მმართველობის გამო და ამ მითქმა-მოთქმის დასამთავრებლად სასურველი იყო ივანიშვილის დაბრუნება. მისი ახლანდელი ნაბიჯი გახდება იმპულსის მიმცემი „ქართული ოცნებისთვის“ და გადაიქცევა ტრამპლინად პრეზიდენტობის ან პრემიერობის გზაზე?
- თავისთავად ცხადია, არაფორმალური მმართველობა მიუღებელია ქართული საზოგადოებისთვის, მიუღებელი იყო ჩვენთვის, ანალიტიკოსებისთვის, ასევე, მედიის წარმომადგენლებისთვის, მიუღებელია იგი დასავლური დემოკრატიისთვის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რომლებიც რეალურად არიან ამ ეტაპზე ჩვენი პარტნიორები. ეს აისახა კიდეც ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში. ამდენად, ადრე თუ გვიან არაფორმალური მმართველობა უნდა დამთავრებულიყო. ბიძინა ივანიშვილი რეალისტი პიროვნება, აზარტული მოთამაშეა. მან დაინახა, თუ ამ პრობლემას არ მოაგვარებდა, პოლიტიკური სტაგნაციის პროცესი ქვეყანაში უსასრულოდ გაგრძელდებოდა მის განმუხტვამდე. ამიტომ მიიღო საკმაოდ სერიოზული, იოლად არმისაღები გადაწყვეტილება და გადადგა სარისკო და გაბედული ნაბიჯი. ამით მან მოახდინა თავისი რეალური მდგომარეობის ფორმალიზება და ეს გამოსავალი თვითონვე მოძებნა. ამიერიდან ის გახლავთ საჯარო პირი.
ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, ამდენად, ის იქნება პასუხისმგებელი მთავრობის საქმიანობაზე, პარლამენტის მუშაობაზე, საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე და ყველაფერზე, როგორც მმართველი პარტიის ხელმძღვანელი. რამდენადაც მთავრობას ეს პარტია აკომპლექტებს და საკონსტიტუციო უმრავლესობასაც იგი ფლობს. ამით ივანიშვილმა გაითვალისწინა ქართული საზოგადოების მოთხოვნა და გადადგა ეს ნაბიჯი. ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ ცალსახად პოზიტიური უნდა იყოს, რადგან ეს ადამიანი საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას მოვლენათა განვითარებაზე.
აქ ერთი მომენტიცაა, ვის მოსწონს და ვის არ მოსწონს, რომ ჩვენ ცალსახად დასავლეთის ფარვატერში (ვისიმე გავლენის ქვეშ ყოფნა) ვართ, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე, ანგარიშს ვუწევთ შეერთებულ შტატებს, ბრიტანეთს, საფრანგეთს, ევროკავშირის ქვეყნებს, სადაც არ მოსწონთ არაფორმალური მმართველობა. სავარაუდოა, რომ ღიადაც და უფრო მეტად კულუარული კონტაქტების დროსაც ამის თაობაზე იქნებოდა არაერთი საუბარი. ამის საპასუხოდ, როგორც რეალისტმა ადამიანმა-ივანიშვილმა გადადგა ეს ნაბიჯი, რითაც, ფაქტობრივად, მოხსნა პრობლემა და დაამთავრა საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე.
მეორე მხრივ, მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ორი წელია დარჩენილი. საპრეზიდენტო არჩევნები კი შემოდგომაზე იქნება. ამ ნაბიჯით ივანიშვილმა ახალი დინამიზმი შესძინა მმართველ პარტიას, რომელიც, ფაქტობრივად, დეზორგანიზებული იყო და არ არსებობდა, რამდენადაც მისი ლიდერებიდან კვირიკაშვილი მთავრობის თავმჯდომარის ურთულეს ფუნქციას ასრულებდა, გენერალური მდივანი -კალაძე კი თბილისის მერის საპასუხისმგებლო პრობლემას შეეჭიდა. ამასთან, საპარლამენტო დეპუტაცია დაუპირისპირდა ერთმანეთს, პარტიის სტრუქტურირება შეფერხებული იყო. მოიძებნა იოლი გამოსავალი და რეგიონულ ორგანიზაციებში ლიდერებად „ქართული ოცნება“ ირჩევს გამგებლებსა და რწმუნებულებს, რაც არა მგონია, პარტიული მშენებლობის საუკეთესო გზა იყოს. ამიტომ არ შეიძლება, პოლიტიკური ძალა იყოს ერთი ადამიანი, პარტიის გარეთ მყოფი და პირადი კონტაქტებით თუ შუამავლების მეშვეობით აძლევდეს მიმართულებას აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს.
ყველა თვალსაზრისით, ივანიშვილის ასეთი გადაწყვეტილება სწორია. თუმცა ეს იოლი გადაწყვეტილება არ არის. ქვეყნის წინაშე მდგარი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას დარჩენილი დრო არ ეყოფა. თუმცა შესაძლებელია, პოზიტიური იმპულსების მიცემა პროცესებისთვის, რასაც ქართული საზოგადოება შეაფასებს კიდეც. ამით „ქართულ ოცნებას“ მომდევნო ვადით ხელისუფლებაში დარჩენის შანსი მიეცემა. მმართველი ძალის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ თვალსაზრისითაც მისასალმებელია ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯი.
პარტიული ინტერესები გასაგებია, მაგრამ საზოგადოებრივი ინტერესის პრიზმაში რამდენად მისაღებია ეს ცვლილება? რამდენად მოახერხებს საჯარო სივრცეში მოქმედებას ბიძინა ივანიშვილი?
- საზოგადოებრივი ინტერესისთვისაც ეს მისაღებია, რადგან ჩვენ გვექნება საშუალება, რეალურად არსებულ სიტუაციას შევხედოთ და საჯარო სივრცეში გამოვიდეს ყველა პრობლემა. თუმცა როგორ მოახერხებს საჯარო სივრცეში ყოფნას ბიძინა ივანიშვილი, ცოტა ძნელი წარმოსადგენია. პარტიის ლიდერობა მხოლოდ ფორმალური სტატუსი არ არის. ეს ნიშნავს, რომ იგი უნდა იყოს ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში, მას ელის შეხვედრები მოქალაქეებთან, რაც მთავარია, საზოგადოებასთან ფაქტობრივად ჩატეხილი ხიდის აღდგენა დგას დღის წესრიგში, რადგან მმართველი ძალა ნელ-ნელა კარგავს საზოგადოების მხარდაჭერას. ამ პროცესის შეჩერება საჭიროა საზოგადოებასთან ინტენსიური კონტაქტებით, თანამედროვე საინფორმაციო პოლიტიკის წარმოებით, უახლესი პიარტექნოლოგიების მოშველიებით, რასაც დღემდე ჩვენი ხელისუფლება ვერ ახერხებდა. ეს არის შეჩერებული პოლიტიკური პროცესის გახსნა. ჩვენ ვსაუბრობდით პოლიტიკის დეპოლიტიზაციაზე. დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანას ეს არ ახასიათებს დადებითად. გარკვეული თვალსაზრისით, მართლაც ხდებოდა პოლიტიკის დეპარტიზაცია, ანუ პარტიები სულ უფრო ნაკლებ როლს ასრულებდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში იმის გათვალისწინებით, რომ „ნაცმოძრაობაც“ ქვეყნის გარეთ მყოფი პირის მიერ იმართებოდა, ხოლო ყველა დანარჩენ პარტიაზე შეიმჩნეოდა ივანიშვილის გავლენა. პარტია უნდა გამოხატავდეს გარკვეული სოციუმის ინტერესებს, რომელიც უნდა აღემატებოდეს 1-3%-ს. მოგვწონს თუ არა, პარტიების გარეშე, სამწუხაროდ, პოლიტიკის გენერირება და პოლიტიკური კურსი, დისკუსიები წარმოუდგენელია. ამიტომ ეს ნაბიჯია დეპარტიზაციაზე უარის თქმისთვის.
რაც შეეხება ტრამპლინს პრეზიდენტობის ან პრემიერობის გზაზე?
- ეს შეიძლება იქცეს გარკვეულ შუალედურ ნაბიჯად, მაგრამ, ჩემი აზრით, ასეთი გადაწყვეტილება ივანიშვილს ამ ეტაპზე არ მიუღია. ის შეხედავს და დააკვირდება სიტუაციას, რამდენადაც კულუარული ინფორმაცია მოძრაობს და ვიცით, რომ ბევრ კანდიდატზე ფიქრობენ იმ ჯგუფში, რომელიც მართავს ამ პარტიას. ჯერჯერობით თვალსაზრისები შეჯერებული და შეთანხმებული არ არის, რადგან ყველა სავარაუდო კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას ახლავს გარკვეული უარყოფითი მომენტები, რაც ამ კანდიდატების კონკურენტუნარიანობას ამცირებს. თუ ჩაითვალა, რომ, მიუხედავად გარკვეული უკმაყოფილებისა, ივანიშვილი საზოგადოების 50-60%-ის მიერ მხარდაჭერილი იქნება, მაშინ რატომაც არა, იგი მოსინჯავს საპრეზიდენტო გზასაც. პოლიტიკური პასუხისმგებლობა მმართველი პარტიის პირველი პირის ამპლუაში არანაირად არ არის უფრო მცირე, ვიდრე სახელმწიფოს მეთაურის პოსტი დღევანდელი საკონსტიტუციო მოცემულობით. ამიტომ, თუ პოლიტიკაში დაბრუნების ძნელი გადაწყვეტილება მიიღო ივანიშვილმა, უკვე აღარ გამოირიცხება, რომ ის პრეზიდენტის თანამდებობაზეც მოგვევლინოს, მაგრამ ეს იქნება ძნელი სვლა. გარკვეული თვალსაზრისით, ესეც იძულებითი სვლა იყო, შეცდომაც კი იყო პოლიტიკაში მისი დაბრუნება, რადგან პიროვნულად ივანიშვილს ბევრი კონკრეტული ვალდებულება აქვს აღებული ქვეყნის წინაშე. ძალიან მნიშვნელოვან ვალდებულებებს (ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ინტერნეტიზაციის პროექტი) მისი მხრიდან ზედამხედველობა და კონტროლი სჭირდება. ამას კიდევ ემატება ყველა პრობლემა, რაც ქვეყანაში არსებობს. როცა ყველაფერ ამის წინაშე აღმოჩნდება მდიდარი კაცი და ყველაფერზე საზოგადოება მისგან მოითხოვს უმოკლეს დროში ვითარების რადიკალურ გაუმჯობესებას, ეს მარტივი არ იქნება ისეთი ემოციური ადამიანისთვის, რომელიც პატრიოტია და შეყვარებულია ამ ქვეყანაზე. ამდენად, ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება ბატონი ბიძინა, მაგრამ ის რისკიანი კაცია, აზარტული მოთამაშეა. დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაში ბევრჯერ შეუგდია ყველაფერი სასწორზე. ამ შემთხვევაშიც შეაგდო თავისი რეპუტაცია, თავისი მდგომარეობა სასწორზე და მიიღო არცთუ იოლი გადაწყვეტილება, ერთი შეხედვით, შეცდომა, მეორე თვალსაზრისით, ქვეყნისა და საზოგადოებისთვის უაღრესად სასარგებლო გადაწყვეტილება, რადგან არაფორმალური მმართველობის პრობლემა ამით ფორმალურად დაძლეულია. ახლა ინსტიტუციურად როგორ მოწესრიგდება ეს ყველაფერი, ესეც რთული სამუშაოა. ივანიშვილს ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარების პოლიტიკურ ნებასა და სურვილში ვერ შეედავები. მე არ მაქვს კითხვითი ნიშნები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მე კითხვები მაქვს, რამდენად შეუძლია მას პოლიტიკურ პროცესთა მართვა და მენეჯმენტი, ასევე, პარტიული მშენებლობის პროცესი, რომელიც სპეციფიკური საქმეა. ამას ემატება გარშემო უნარიანი ადამიანების შემოკრება და რეალური ლიდერობა. სულ სხვა რამეა, როდესაც შენ ხარ მდიდარი ადამიანი, ქვეყნის გულშემატკივარი, პატრიოტი და გინდა, რაღაც სიკეთე მოუტანო საზოგადოებას, მაგრამ ცოდნა სჭირდება ამას, როგორ უნდა გააკეთო ეს. მე მაინც კრიტიკული ვიქნები და ამ ცოდნას ჯერჯერობით ივანიშვილს ვერ ვატყობ. იგივე საკადრო პოლიტიკა, ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუციონალიზაცია, დემოკრატიის განვითარება, უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯები გადაიდგა ხელისუფლებაში მისი მოსვლით, მაგრამ რეალურად დარჩა ისეთი ნეგატივი, როგორიცაა კონკურენციის გაქრობა პოლიტიკიდან, ეკონომიკიდან, ბიზნესიდან. ეს ყველაფერი პოლიტიკური მსოფლგაგებისა და პოლიტიკური ხედვების სფეროა, სადაც ივანიშვილს სჭირდება მეტი გამჭრიახობის გამოჩენა, მეტის შესწავლა, გაგება და თავის გუნდთან ერთად ამ საკითხების კრიტიკულად შეხედვა. აქ კი პრობლემაა. აქედან გამომდინარე, თუ ვინ იქნება პრეზიდენტი ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში, ივნისამდე, აქტუალური არ მგონია. ივანიშვილი დააკვირდება ვითარებას, თუ არ მოიძებნა კონკურენტუნარიანი კანდიდატურა, მაშინ არ გამოვრიცხავ, მან იყაროს კენჭი ამ პოსტზე, რაც იძულებითი შეცდომა, დიდი რეპუტაციული რისკი იქნება მისთვის, მაგრამ ეს იქნება გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან, რადგან ახალი პოლიტიკური ძალა, ამ ძალის რეალური ალტერნატივა ჯერჯერობით არენაზე არ ჩანს და ესეც კონკურენციის შეზღუდვის შედეგია.
დღევანდელი მმართველი ძალა, ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქმნის ისეთ გარემოს, რომ ახალი კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გაერთიანება ვერ ჩამოყალიბდება. ძველები კი საბიუჯეტო დაფინანსებით არსებობენ და ვერ ვითარდებიან ისევ არაკონკურენტული გარემოს გამო. ეს მიდგომაც უნდა შეიცვალოს, რადგან სწორედ კონკურენციულობაა დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მთავარი სტიმული და კატალიზატორი. ამის შეზღუდვა უკვე პიროვნული ამბიციების მიმართულებით საზოგადოების გადანაცვლებას განაპირობებს, რადგან საქართველო, თავისი წარსულითა და მენტალიტეტით ისეთი ქვეყანაა, რომელიც პიროვნებების მხრიდან მართული ვერ იქნება. ამას მეფის ინსტიტუტისადმი ქართველების დამოკიდებულებაც ცხადყოფს წარსულში.
ხალხს მეფის ინსტიტუტი უყვარდა, მოსწონდა, მაგრამ მეფეებს- დავით აღმაშენებელს, გიორგი ბრწყინვალეს, ერეკლე მეორეს სისხლისა და ბრძოლის ფასად უხდებოდათ თავიანთი მდგომარეობის შენარჩუნება და დიდგვაროვნების დაშოშმინება. ეს კიდევ სხვა საკითხია. აქ ერთი პირის ავტორიტეტზე საზოგადოების პერსპექტივის მიბმა ვერ მოხდება, როგორც აზერბაიჯანშია ალიევის ოჯახზე მიბმული საზოგადოება და ეს მასშტაბურ პროტესტს არ იწვევს. საქართველოში ამის გამეორება დაუშვებელი იქნება. ამიტომ სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი, ფაქტობრივად, ამიერიდან ფორმალიზებული ლიდერის მიერ.
საინტერესოა, თავად გუნდში რა ხდება. ლაშა ნაცვლიშვილის შეფასებით, „ოდისევსი დაბრუნდა და პენელოპეს საქმრონი შიშისგან ძრწიან“. ვისი მისამართითაა ეს ნათქვამი და ბიძინას დაბრუნებამ მართლა დაძაბულობა და დაბნეულობა შეიტანა თუ არა გუნდში?
- ცვლილებები რომ იქნება, ეს ცხადია. ამ ცვლილებების ვისაც ეშინია, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის. მართალი რომ გითხრათ, პორტირებული „ნაცების“ თემა არ მაღიზიანებს, რადგან ჩვენ ბევრი რამ დავკარგეთ იმით, რომ არენიდან გავრეკეთ ჯერ საბჭოთა ფუნქციონერები, მერე ზვიადისტები, მერე შევარდნაძისტები, მერე „ნაციონალები“. ამ პატარა ერს არ აქვს იმხელა ინტელექტულური პოტენციალი და ისეთი ფუფუნების უფლება, რომ თავისი ხალხის ნაწილს აშორებდეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს. ეს ბუნებრივი ამბავია, რომ ვიღაცას ეშინია ცვლილებების, ვიღაცას არ ეშინია. მე მაინც ვფიქრობ, ყველაფერი ჩვენი სახელმწიფოსთვის უმტკივნეულოდ წარიმართება.
„ოცნებაშიც“ აღიარებენ, რომ ბუნებრივი ლიდერები ვერ წარმოიშვნენ, მაგრამ კახა კალაძე მზარდი პოპულარობის მქონედ ითვლებოდა. ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლით კალაძის ადგილი სად იქნება?
- კახა კალაძე მზარდი პოლიტიკოსია. პოლიტიკაში შემოსვლისას კახა კალაძე და კალაძე დღეს, ეს არის ცა და დედამიწა. ძალიან დიდი პროგრესი განიცადა ამ პიროვნებამ, რომელიც ნიჭიერი სპორტსმენი იყო და დღესაც ნიჭიერი პოლიტიკოსია. გააჩნია, როგორ და რამდენად სწრაფად გაიზრდება იგი პოლიტიკური ლიდერის ამპლუისთვის, იქნება ეს თბილისის მერის ამპლუა, მთავრობის თავმჯდომარე თუ პრეზიდენტი. ამის მონაცემები უდავოდ აქვს.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ კალაძე ერთადერთი გამონაკლისი და ბუნებრივი ლიდერია „ქართულ ოცნებაში“?
- მოდით, ასე ვიტყვი, კალაძე ცდილობს შემოიკრიბოს გარშემო ნიჭიერი ახალგაზრდობა, თუმცა ის, რომ მხარდამჭერების სოციუმს ავიწროებს და მხოლოდ თინეიჯერები და მზარდი ახალგაზრდები უდგას გვერდით, ეს მისი ხედვის ნაკლი მგონია. ქვეყანას ახალგაზრდების იმედი უნდა ჰქონდეს და ამ ქვეყანას ახალგაზდებს უნდა აბარებდეს, მაგრამ ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი 50-70 წლის მოქალაქეებისგან შედგება საქართველოში, დანარჩენი შრომისუნარიანი მოსახლეობა გასულია ქვეყნიდან. როდესაც შენ მხოლოდ ახალგაზრდებში ეძებ თანამებრძოლებს, ეს სოციუმი შენ არ გიყურებს საიმედოდ და არჩევნებში ბევრ რამეზე დაფიქრდება. ამიტომ ბევრი რამის გადახედვა მოუწევს კალაძეს, ამ პერსპექტიულ და მზარდ პოლიტიკოსს.