„პრეზიდენტის პარადული თანამდებობა, კვირიკაშვილს არ იზიდავს, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხმა, შეიძლება გავლენა იქონიოს საპარლამენტო არჩევნებზე“

„პრეზიდენტის პარადული თანამდებობა, კვირიკაშვილს არ იზიდავს, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხმა, შეიძლება გავლენა იქონიოს საპარლამენტო არჩევნებზე“

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ დავით უსუფაშვილი უფრო სერიოზული მოვლენა არის მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ვიდრე შეიძლება თავად ჩათვალოს. მისივე შეფასებით, ამ არჩევნებზე მხოლოდ პრეზიდენტის საკითხი არ წყდება, საპარლამენტო არჩევნების საკითხიც ახლა წყდება, რადგან შესაძლებელია, მმართველი პარტიის მარცხი საზოგადოებამ აღიქვას მის დასუსტებად, რაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

for.ge რამაზ საყავარელიძეს ესაუბრა.

საპრეზიდენტო არჩევნებში ერთვება დავით უსუფაშვილი. „შენების მოძრაობამონაწილეობდა თვითმმართველობის არჩევნებში, მაგრამ მაშინ უსუფაშვილის პარტიამ 1%-ის მოპოვებაც ვერ შეძლო. ამის მიუხედავად ამბობს, რომ მზად არის იყოს ერთ-ერთი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში. ბატონო რამაზ, როგორ შეიძლება აიხსნას ურეიტინგო პარტიების ჩართვა არჩევნებში, იმიტომ, რომ დაფიქსირდნენ, როგორც კანდიდატი, თუ მართლაც აქვთ მოლოდინი იმისა, რომ ხელისუფლებაზე გაბრაზებული ამომრჩეველი არჩევანს ასეთი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ გააკეთებს? ფაქტია, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი არის ურეიტინგო. მიუხედავად იმისა, რომ ცალკე აღებული დავით უსუფაშვილი არის ძალიან განათლებული პოლიტიკოსი, მას არ აქვს რეიტინგი...

რამაზ საყვარელიძე: გააჩნია რისთვის არ აქვს რეიტინგი. კერძოდ, ისეთი თანამდებობისთვის, როგორიც დღევანდელი კონსტიტუციით არის პრეზიდენტი, შეიძლება მოსახლეობის ყურადღება მიიქციოს და მისი საპარლამენტო, თუ ადგილობრივ არჩევნებში მოცემული რეიტინგი არ აღმოჩნდეს პირობა, პერსონალურად დათო უსუფაშვილის რეიტინგის შესაფასებლად. ამიტომ ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში უსუფაშვილი უფრო სერიოზული მოვლენა არის მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ვიდრე შეიძლება ჩათვალოს. იმ წრეებში ვინც იბრძვის პრეზიდენტობისთვის, მართლა სერიოზულად არის საჭირო მსჯელობა უსუფაშვილის კანდიდატურაზე.

გავლენის კუთხით?

- ჩემი ასეთი პოზიციის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში პოლიტიკურ პარტიებს დიდი მნიშვნელობა და რეიტინგი არ გააჩნიათ. ამიტომ პერსონალური რეიტინგები შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს. ჩვენ ერთხელ ვნახეთ პერსონალური რეიტინგების გავლენა თვითმმართველობის არჩევნების დროს, როდესაც ალეკო ელისაშვილმა საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები მოიპოვა. ამ შედეგბიდან გამომდინარე შეიძლება უსაფაშვილის კანდიდატურაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში აღიქმებოდეს მისი პარტიისგან დამოუკიდებლად, რაც გაზრდის მის მიმართ ამომრჩევლის ინტერესს. ამიტომ, ვთვლი, რომ უსუფაშვილის კანდიდატურა ამ შემთხვევაში სერიოზული კანდიდატურა არის.

სერიოზული კანდიდატურა არის, მაგრამ რამდენად შეძლებს კონკურენციის გაწევას? ვიცით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთვება მოქმედი პრეზიდენტი, მას მხარს უჭერს არასაპარლამენტო ოპოზიცია; ერთიან კანდიდატზე საუბრობსნაციონალური მოძრაობა“; საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება დავით ბაქრაძე; როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში შემოდის ალეკო ელისაშვილი...

- ძალიან სერიოზული კამპანია შეიკრიბა. ამიტომ უპირატესობაზე ლაპარაკი მიჭირს. მით უმეტეს, რომ ჯერ თავისი სიტყვა არ უთქვამს სახელისუფლებო კანდიდატს. ვფიქრობ, ჩამოთვლილი კანდიდატებიდან ყველა კანდიდატს თანაბარი შანსი აქვს, იმიტომ, რომ ის, რისკენაც მოსახლეობას აქვს მიდრეკილება, ეს არის უფრო გაწონასწორებული პოლიტიკოსი და პარტიულად ნაკლებად აფილირებული პოლიტიკოსებისკენ. ამ ნიშნის მატარებლები ბევრნი არიან. ჩამოთვლილი კანდიდატებიდან თითქმის ყველა პარტიის მხარდაჭერის გარეშე აღიქმება, მათ შორის უსუფაშვილიც. ერთადერთი არის დავით ბაქრაძე, რომელსაც თავისი პარტიული ფონი აქვს. ჩემი აზრით, ამან შეიძლება ხელი შეუშალოს მის კანდიდატურას. დანარჩენი ერთი მეორეზე ძლიერი ფიგურებია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, პროცესები საკმაოდ საინტერესოდ და დინამიურად ვითარდება. თითქოს პასიურიდან აქტიურ პოლიტიკაზე გადავიდნენ. პოლიტიკაში ისევ შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი. რეგიონებში შეხვედრებს მართვას პრემიერ-მინისტრი, რომლის განცხადებით, დასაფასებელია იმ ადამიანების ღვაწლი და როლი, რომლებიც ყველაზე რთულ პერიოდშიქართული ოცნებისგვერდით დადგნენ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია პარტიის განახლება. როგორ ფიქრობთ, კვირიკაშვილის ეს განცხადება ადასტურებს იმას, რომ ახალი სახე შემოვიდეს პოლიტიკაში როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი?

- საერთოს „ქართულ ოცნებას“ აქვს მიდრეკილება ახალი სახეებისკენ, მაგრამ საპრეზიდენტო კანდიდატი, განსხვავებით საპარლამენტოსგან, თავისი პიროვნული რეიტინგით იქნება მნიშვნელოვანი. ამიტომ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ახალი სახე, რომელსაც ასეთი პიროვნული რეიტინგის მოპოვების დრო, ალბათ, არ ექნება, შედეგიანი იყოს „ქართულო ოცნებისთვის“. არ ვიცი... მე მხოლოდ საღი აზრის დონეზე ვმსჯელობ, როგორ გადაწყვეტს „ქართული ოცნება“, ამის თქმა ჩემთვის ძნელია.

ქართული ოცნებაამბობს, რომ ღირსეული კანდიდატით აპირებს წარდგეს საპრეზიდენო არევნებზე და გამარჯვებაშიც დარწმუნებულია. პარტიის გამარჯვებას რამდენად უშლის ხელს დაპირისპირება მმართველ გუნდში, რომელიც ყოველდღიურად მწვავდება? როგორ ფიქრობთ, დაპირისპირება ავტომატურად მოქმედებს კანდიდატის რეიტინგზე?

- თუ გამოვალთ იქიდან, რომ ამომრჩეველი ნაკლებად ადევნებს ყურადღებას პოლიტიკურ ცხოვრებას, ზოგიერთმა ჟურნალისტმა ისიც აღნიშნა, რომ პოლიტიკური მასალის მიმართ ინტერესმა იკლოო. თუ, ამ ტენდენციას მივუმატებთ იმას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არჩევნების მიმართაც გულგრილია, სავარაუდოა, რომ მოსახლეობა არ ადევნებს თვალს იმ პერიპეტიებს, რომელსაც აკვირდება ჟურნალისტი. ჩემი აზრით ამ პერიპეტიებს არსებითი გავლენა არ ექნება.

ვფიქრობ, უფრო ზოგადი და კრიტიკული დამოკიდებულება იქნება ყველას მიმართ. ეს ყველას მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აისახება შედეგებზე. მე მგონია, რომ კონკრეტული ჯგუფის, ან პარტიის მიმართ ამომრჩეველს ჩამოყალიბებული პოზიცია არ ექნება.

როგორ ხსნით პოლიტიკურ გაუცხოებას, რატომ არ აინტერესებს პოლიტიკა ამომრჩეველს და ეს გაუცხოება თავად პოლიტიკისთვის რამდენად ცუდია, როდესაც ამომრჩეველი, საზოგადოება არ არის ჩართული პოლიტიკის შექმნაში?

- პოლიტიკის მიმართ გაუცხოება ახალი მოვლენა არ არის საპარლამენტო პრაქტიკისთვის. დასავლეთის ქვეყნებში გაუცხოება საკმაოდ ხშირია. ასე რომ, ამ მხრივ ნუ ვიქნებით ძალიან მკაცრი. მე მაინც მგონია, რომ როგორც დასავლეთში, ასევე საქართველოში პოლიტიკისადმი გაუცხოების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ პოლიტიკოსების სიტყვა აღარ ხვდება ადამიანების გულს და პოლიტიკოსები მეტ-ნაკლებად იზოლირებულ ჯგუფად აღიქმება მოსახლოების მიერ. ამიტომ, მათი არჩევის მიმართ არ აქვთ ინტერესი.

იქ, სადაც იყო ინტერესები და მაგალითად, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, როდესაც დონალდ ტრამპის საკითხი დადგა, იქ მოსახლეობამ საკმაოდ მკაფიო სიტყვა თქვა, ოღონდ რაოდენობა არ იყო ბევრი. და რატომ? - იმიტომ, რომ ტრამპის მიერ შეთავაზებული ვარიანტი ერთ-ერთი მტკივნეული თემა იყო იმდროინდელი საზოგადოებისთვის, როგორ განთავისუფლებულიყვნენ დავუშვათ დემოკრატების დიქტატურისგან. აი, ამ ფონზე ტრამპმა მოახერხა თავისი ამომრჩევის მობილიზაცია. ეს ერთ-ერთი გამონაკლისი შემთხვევა არის. ძირითადად, უცხოელები საკმაოდ გულგრილი არიან არჩევნების მიმართ.

ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამ პოლიტიკაში შექმნა განცდა, რომ პოცესები დაუბრუნდება საწყის ეტაპს, ანუ 2012 წელს როდესაცქართული ოცნებისმიმართ იყო ნდობის მაღალი მაჩვენებელი. იმისათვის, რომ ამომრჩეველს დაუბრუნდეს პოლიტიკის კეთებაში ჩართვის მოთხოვნილება, ივანიშვილის დაბრუნება არის გამოსავალი?

- არა მგონია გამოცოცხლებისთვის ივანიშვილის დაბრუნება საკმარისი იყოს. რა თქმა უნდა, ნდობის მანდატი ივანიშვილს უფრო მეტი აქვს, ვიდრე ბევრ პოლიტიკოსს საქართველოში. ამიტომ, გარკვეული გამოცოცხლება იქნება, მაგრამ ეს გამოცოცხლება სხვა რამეზეც არის დამოკიდებული. კერძოდ, თქვენ აღნიშნეთ, რომ 2012 წელს იყო ძლიერი მობილიზაცია. გეთანხმებით, რომ ასე იყო, მაგრამ ეს მობილიზაცია მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობით არ იყო განპირობებული. ამომრჩევლის მობილიზაციის მთავარი მოტივი იყო ის, რომ ალტერნატივა იყო მიუღებელი. ანუ, სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ იყო მიუღებელი საზოგადოებისთვის და ამიტომ მოახდინა მობილიზაცია. მით უმეტეს, როდესაც ალტერნატივა გახდა ბიძინა ივანიშვილი, ამან გააჩინა ოპტიმიზმი იმისა, რომ ივანიშვილი გაიმარჯვებს და მერე ქვეყანას უკეთესად მოუვლისო.

ამ ლოგიკიდან თუ ამოვალთ, დღევანდელი პასიურობის ერთერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ ალტერნატივა არ არის, კონკურენცია არ არის. სპორტის ელემენტი ყველგან არის, ასე არის ადამიანის ხასიათი მოწყობილი. თუ კონკურენცია დაახლოებით თანაბარ მეტოქეებს შორის არ არის, ამ პროცესში ჩართვის აზარტი ადამიანს არ აქვს. სპორტი შემთხვევით არ ვახსენე, იქ ჩანს ყველაზე მკაფიოდ. ამიტომ, გამოცოცხლების ერთადერთი წყაროდ მიმაჩნია ახალი პოლიტიკური ალტერნატივის გაჩენა ქართულ სინამდვილეში.

ახალი პოლიტიკური ალტერნატივის გაჩენის რესურსი არის ქართულ სინამდვილეში?

- დღეს არ არის, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ დროთა განმავლობაში არსებულ პოლიტიკურ ძალებში მომწიფდეს სიახლე. ეს არ ნიშნავს, რომ მარტო ახალი ძალები იქნება გამოსავალი. შეიძლება ძველმა სახემ შემოიტანოს სიახლე. ჩვენ გვახსოვს იგივე რეფორმატორებმა, რომლებიც შევარდნაძის გუნდის წევრები იყვნენ, როდესაც სიახლე შემოიტანეს თავიანთ პოზიციაში, ისინი ალტერნატივად აღიქვეს. ასე რომ, შეიძლება ძველმა სახეებმა შემოიტანონ სიახლე და ახალი სახეები გაჩნდეს.

ამიტომ, ვფიქრობ სასურველია ისეთი კანდიდატის წარდგენა მმართველი გუნდის მხრიდან, რომელიც ადვილად გაუწევს კონკურენციას სხვა კანდიდატებს. შეიძლება დიდი არაფერი შეცვალოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ახალმა ფიგურამ, მაგრამ შეიძლება რაღაცა ტიპის პრობლემები და თუნდაც ის, რომ მმართველი პარტიის მარცხი საზოგადოებამ აღიქვას მის დასუსტებად, ეს უკვე მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება გახდეს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამიტომ არის ასეთი ბრძოლა პრეზიდენტის თანამდებობისთვის. შესაბამისად, ამიტომ არის მნიშვნელოვანი „ქართული ოცნებისთვის“ გამარჯვების მოპოვება.

მე მგონია, რომ ასეთი გამარჯვებისთვის ყველაზე კარგი ფიგურა გახლავთ დღევანდელი პრემიერ-მინისტრი. როდესაც ვლაპარაკობდით, რომ მოსახლეობას გაწონასწორებული პოლიტიკოსის მიმართ აქვს ლტოლვა, ინტერესი, აი ასეთი გაწონასწორებული პოლიტიკოსი არის გიორგი კვირიკაშვილი. ყველა იმ უპირატესობას ფლობს, რასაც ვერ ფლობენ მისი ამჟამინდელი კონკურენტები და ამავე დროს აქვს სახელმწიფო სტურქტურებში მუშაობის უზარმაზარი გამოცდილება. ამიტომ მგონია, რომ კვირიკაშვილის ფიგურა ყველაზე მომგებიანი იქნება „ქართული ოცნებისთვის“.

როგორ ფიქრობთ, კვირიკაშვილზე შეჯერდება გუნდი? იმიტომ, რომ კვირიკაშვილის სახელს უკავშირდება გუნდში არსებული დაპირისპირება...

- კვირიკაშვილის პოზიცია სავსებით გასაგებია. რეალური ძალაუფლების მფლობელია ამჟამად და უამრავი საქმე აქვს გასაკეთებელი. მიაჩნია, რომ ბოლომდე უნდა მიიყვანოს თავისი საქმე. ამიტომ, ეს პარადული თანამდებობა, რომელსაც პრეზიდენტი წარმოადგენს, კვირიკაშვილს არ იზიდავს. მაგრამ მეორე მხრივ, საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის მარცხმა, შეიძლება გავლენა იქონიოს საპარლამენტო არჩევნების ბედზე, ეს „ქართული ოცნებისთვის“ წამყვანი მოტივი უნდა იყოს.

ამ არჩევნებზე მხოლოდ პრეზიდენტის საკითხი არ წყდება, საპარლამენტო არჩევნების საკითხიც ახლა წყდება. ამ მხრივ საყურადღებო უნდა გახდეს მმართველი გუნდის თითოეული წევრისთვის არა ის თუ ვინ, ვის გუნდშია, არამედ ის, ვის აქვს მაღალი რეიტინგი საზოგადოებაში. მეეჭვება, რომ მმართველ გუნდში ბევრს ჰქონდეს კვირიკაშვილის ანალოგიური რეიტინგი. მას მხარს უჭერს და მისაღები პოლიტიკური ფიგურა არის როგორც დასავლეთისთვის, ასევე აშშ-ისთვის. ამიტომ, პარტიაში მიმდინარე ეს ჭიდაობა დიდად საყურადღებო და მნიშვნელოვანი არ არის.