გარდაბანში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები იმ მოზარდების სკოლიდან გარიცხვას ითხოვენ, რომლებმაც მე-7 კლასელ ბავშვზე ჯერ კიდევ სექტემბერში იძალადეს და ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში 20 აპრილს ატვირთეს. ამის მიუხედავად, ერთ-ერთი მოძალადე ბავშვი ისევ გამოცხადდა გარდაბნის სკოლაში და სასწავლო პროცესს დაესწრო.
როგორც გარდაბნის სკოლის დირექტორი აცხადებს, დაუშვებელია ამ ინციდენტში მონაწილე ორივე მხარისთვის განათლების უფლების შეზღუდვა. ამდენად, სამი მოძალადე მოზარდის სკოლიდან გაშვება გამოსავლი არ არის, ბავშვებთან ფსიქოლოგმა უნდა იმუშაოს, რადგან ორივე მხარე დაზარალებულია, ისინი ჩვენი საზოგადოების წევრები არიან და მათი ცნობიერება უნდა შეიცვალოს.
ამასთან, სკოლის დირექტორი ირწმუნება, რომ ეს ბავშვები ძალადობაში მანამდე არ იყვნენ შემჩნეულნი. დაზარალებული მოსწავლის დედა კი ამბობს, რომ მისი შვილი ნაცემია და ვიდეოში ყველაფერს ძალდატანებით ყვება, რადგან მოზარდები აგრძელებდნენ მის ცემას.
ვიდეომასალაში ჩანს, როგორ აიძულებდნენ მოზარდები ატირებულ ბავშვს სავარაუდო სექსუალური კავშირების შესახებ ესაუბრა. ეს სავარაუდო სექსუალური კავშირები, დაზარალებული ბავშვის დედის თქმით, რეალურად არც მომხდარა.
ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლაიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ასეთი ვიდეოების ატვირთვა უნდა აიკრძალოს. თუმცა პრობლემაა, რომ მოძალადე მოზარდების იდენტიფიცირების მიუხედავად, ამ მოსწავლეებს ვერ სჯიან. მათ სკოლიდან ვერც რიცხავენ, რადგან არსებობს დროებითი გარიცხვის წესი- 5 და 10-დღიანი გარიცხვა და მოსწავლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ ხდება.
„14 წლამდე ასაკის ბავშვებს რეალურად ვერ სჯიან. ამიტომ აუცილებელია გონივრული მიდგომა და სასჯელი. სისხლის სამართლის დანაშაულს თუ ჩაიდენს ბავშვი, განა 14 წლამდე ასაკში არ ისჯება? ცხადია, სხვადასხვა სახის გონივული სასჯელები უნდა არსებობდეს. მოსწავლის სტატუსის შეწყვეტაც უნდა აღდგეს, რაც გარიცხვას ნიშნავს. სკოლის დირექტორსაც უნდა ჰქონდეს უფლებამოსილებები. ძალადობა რისი ბრალია? იმის, რომ სკოლაში ნორმალური სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი არ არის.
ძალადობა გაქრება, თუკი სკოლაში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი აღდგება. აღზრდელობითი სისტემა მოსპეს. ამიტომ უნდა შეიცვალოს ზოგადი განათლების კანონი და ქვეყანაში ჩამოყალიბდეს აღმზრდელობითი სისტემა, რომელმაც უნდა აღზარდოს მოქალაქე. სხვათა შორის, ძნელად აღსაზრდელი ბავშვებისთვის სამტრედიაში არსებობდა სპეციალიზირებული სკოლა. რამდენადაც ვიცი, ეს სკოლა დღესაც არის. ეს ბავშვები უნდა გადაიყვანონ ძნელად აღსაზრდელთა სკოლაში. მე-7 კლასელ ბავშვზე ძალადობის ჩამდენი მოსწავლეები უნდა გარიცხონ და დასაჯონ კიდეც, მათი იზოლირება აუცულებელია. ასეთი ქმედების ჩადენა არ შეიძლება, ეს კაცის კვლის ტოლფასია. რასაც ეს მოსწავლეები აკეთებდნენ, ეს ცინიზმია.
ცინიკოსი ყველაზე საშიში პიროვნებაა. პრაქტიკულად, ცინიკოსი არ ემორჩილება აღზრდას. ყველაფერი უნდა გააკეთოს ოჯახმა თუ სისტემამ, რომ მოზარდი ცინიკოსად არ ჩამოყალიბდეს, ხოლო, თუ ჩამოყალიდა, მერე მისი აღზრდა ძალიან ძნელია, პრაქტიკულად, შეუძლებელია“, - აღნიშნა მანანა ნიკოლაიშვილმა და დაუშვებლად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მოსწავლეებისთვის სტატუსის შეწყვეტა ამოიღეს კანონიდან.
მისივე თქმით, არა მარტო მოსწავლის სტატუსის შეჩერების მუხლი უნდა აღდგეს, არამედ სისხლის სამართალშიც უნდა აღდგეს მთელი რიგი მუხლები მოზარდის დასჯის კუთხით. არ შეიძლება, მოზარდები ასე დაუსჯელად იყვნენ. ქურდობა, ყაჩაღობა ამ ასაკის ბავშვების მიერაც ხდება. პატარა ბავშვებისგან ბანდები შექმნეს, რომლებიც ტეხენ სახლებს და ამ დროს კანონი უძლურია. ეს გამოსასწორებელია.
უნდა დარჩეს თუ არა იმავე სკოლაში მე-7 კლასელი მოზარდი, რომელზეც იძალადეს და, რომელმაც ამხელა სტრესული მდგომარეობა გადაიტანა? მანანა ნიკოლაიშვილის აზრით, გააჩნია, სკოლაში როგორი ატმოსფეროა. თუ ცინიკოსი ბავშვები ჭარბობენ, მაშინ არ უნდა დარჩეს, მაგრამ, თუ ნორმალური ბავშვები არიან, ნორმალურად მიუდგებიან საქმეს და სწორი აღმზრდელობითი პროცესი წარიმართება მთელ სკოლაში, მოზარდი თავის სკოლაში უნდა დარჩეს. ეს უნდა გააკეთონ დირექტორმა, მასწავლებლებმა და ფსიქოლოგებმა.
საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თვმჯდომარის მოადგილე, ექსპერტი განათლების საკითხებში, პროფესორი ზურაბ ვახანია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გარდაბნის სკოლიდან მოძალადე სამი მოზარდის გარიცხვით საქმეს არ ეშველება, ეს დროებითი ღონისძიებაა, მაგრამ, მეორე მხრივ, გარიცხვის გარდა სხვა გამოსავალი არ არის. აგრესიული ბავშვების იქ გაჩერება არ შეიძლება. თუმცა უფრო სერიოზული და მკვეთრი ცვლილებებია საჭირო და წვრილმანი ცვლილებები ვერაფერს გააუმჯობესებს.
„ვისზეც იძალადეს, ის უნდა დარჩეს თუ არა იმ სკოლაში? გააჩნია შემთხვევას, ჯერ უნდა გაესაუბრონ ბავშვებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს. ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, ათასი წვრილმანია დასაზუსტებელი და ამის შემდეგ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება. ზოგადად, აგრესიას ბავშვებში მრავალი მიზეზი აქვს და ეს კომპლექსური საკითხია. აგრესიის მიზეზები იგივეა, რაც ნარკომანიის მიზეზები. საზოგადოდ, ყველანაირი გადახრის მიზეზი აგრესიული აღზრდაა. ანუ ოჯახში არ არის კარგი მდგომარეობა, ინტერნეტის საშინელი გავლენაა. ამას ემატება გადატვირთული სასწავლო პროგრამა, რომელიც ბავშვს გულს უცრუებს სწავლაზე და ქუჩა ხდება მისი თავშესაფარი. გარდა ამისა, დამრიგებელს დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკოლაში. ახლა ისეთი კანონია დაწერილი, რომ ყველა მასწავლებელი გადატვირთულია და დამრიგებელს იმისთვის არ სცალია, თავის კლასს მიხედოს. ამას დამატებითი დაფინანსება სჭირდება. დამრიგებელს ცოტა საათები უნდა ჰქონდეს და ძირითადად საკუთარ კლასთან უნდა იყოს“, - აცხადებს ზურაბ ვახანია.