„ხელკეტიან ქალსა და კაცს, რასაც მანდატური ჰქვია, სკოლაში არაფერი ესაქმება“

„ხელკეტიან ქალსა და კაცს, რასაც მანდატური ჰქვია, სკოლაში არაფერი ესაქმება“

„სკოლაში პოლიციის ადგილი არ არის“,- შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის თქმით, მანდატურის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს მანდატურისთვის განუსაზღვრელი უფლების მინიჭებას და სკოლაში პოლიციური კომპონენტის შეტანას. ამის მიუხედავად, ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლაიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით სწორედ პოლიციის როლი იზრდება სკოლებში.

მოზარდებს შორის მომატებული აგრესიის პირობებში რას მოიტანს განათლების სამინისტროსა და შს სამინისტროს მხრიდან მანდატურის სამსახურთან დაკავშირებით მომზადებული ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივა?

- საერთოდ, მე მანდატურის სამსახურს ვეწინააღმდეგები. სკოლაში მანდატურის ინსტიტუტი არ უნდა იყოს. 2005 წელს, სკოლებში მანდატური როცა შეიყვანეს და ზოგადი განათლების შესახებ ანტიმეცნიერული კანონი მიიღეს, განათლების სისტემა დაინგრა. განათლების სისტემა ეფუძნება მეცნიერებას და ეს არის პედაგოგიკა. მანდატურისთვის მიცემულმა დიდმა უფლებამოსილებამ პედაგოგიკის ძირითადი პრინციპები დაანგრია. თანაც, დასმენის ინსტიტუტი შემოვიდა. მასწავლებელზე, დირექტორსა და დირექციაზე უფროსი იყო მანდატური. ასე გაგრძელება არ შეიძლება. შესაძლოა, რაღაც სამსახური დარჩეს, რომელიც სკოლის დაცვაზე, უსაფრთხოებაზე იზრუნებს, მაგრამ მასწავლებლისა და დირექციის ფუნქციებში მანდატური არ უნდა იჭრებოდეს.

რაც შეეხება ახლანდელ ცვლილებებს, მოდით, ჯერ ფინანსურ მხარეს შევეხოთ. 10 მილიონ 600 ათასი ძალიან დიდი დანახარჯია, დაახლოებით 11 მილიონამდე თანხაა 2018 წლის ბიუჯეტში მოსაძიებელი, ხოლო 2018 წელს სკოლებში 70 მანდატური უნდა შეიყვანონ, 2019 წლის იანვრიდან კი კიდევ დამატებით 200. დღეს კი 458 სკოლაში 1300 მანდატურია. ასევე, მანდატურის სამსახურს ფუნქციები ემატება და რესურსცენტრებში ფსიქოლოგების შტატებს ამატებენ. ეს ყველაფერი ნახევარ მილიონ ლარამდეა. მომდევნო წლებში უფრო მეტი, ანუ მილიონამდე იქნება ეს დანახარჯები და ზემოთ ხსენებული 10 მილიონ 600 ათასი გაორმაგდება, გასამმაგდება და გაათმაგდება, რადგან მანდატურების რიცხვი რომ გაიზრდება, მათ ხელფასები დასჭირდებათ.

როგორც ჩანს, ხელისუფლება ფიქრობს, რომ სკოლებში მანდატურის როლი უმნიშვნელოვანესია. მანდატურის გარდა თუ არსებობს სხვა მექანიზმი, რომლითაც სასწავლო პროცესის სიმყუდროვე შენარჩუნდება?

- ფსიქოლოგები შეიყვანონ ყველა სკოლაში. დიდ სკოლაში რამდენიმე ფსიქოლოგია საჭირო. ექიმის კაბინეტი შექმნან და ექიმიც შეიყვანონ სკოლაში. ექიმი მარტო მაშინ კი არ უნდა მიეხმაროს სკოლას, როცა ბავშვი ცუდად გახდება, არამედ შეისწავლოს ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ყველანაირი ცნობა ჰქონდეს მათი ჯანმრთელობის შესახებ და ბავშვი ექიმის, ფსიქოლოგების, პედაგოგების ერთობლივი დაკვირვების ქვეშ იყოს. ბავშვები ასეთ მძიმე დანაშაულს, გაუკუღმართებულ ძალადობას როცა ჩადიან, ვერავინ დამარწმუნებს, რომ ისინი ნორმალურები არიან. მათ რაღაც ფსიქიკური გადახრები აქვთ. ამ ყველაფერს ექიმი, ფსიქოლოგი მიხვდება, ისინი თვითონვე იმუშავებენ ბავშვებთან. თუ სკოლის პირობებში ეს საკმარისი არ იქნება, მაშინ მიმართავენ იქ, სადაც საჭიროა. კვალიფიციურ რჩევას მიიღებს მშობელი.

სკოლა ყოველგვარი აღმზრდელობითი სისტემის გარეშეა დარჩენილი. ხელკეტიან ქალსა და კაცს, რასაც მანდატური ჰქვია, არაფერი ესაქმება სკოლაში. სკოლაში არ უნდა იყოს ხიშტი და მუშტი, ფიზიკური ძალა. დანაშაულია ამ კანონპროექტის ასე დაწერა, რომლითაც ფიზიკური ძალის გამოყენება შემოაქვთ სკოლაში, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება აღმზრდელობით თეორიას, პედაგოგიკას. საერთოდ ეწინააღმდეგება ღმერთის ცნებას. სარწმუნოების რომელი მიმართულებაც არ უნდა იყოს, აკრძალულია ადამიანის, მით უმეტეს, ბავშვის ფიზიკურად დასჯა და ცემა. თანაც, საშუალო სკოლისა და ზოგადი განათლების კანონში როგორ უნდა ჩაწერო ფიზიკური ძალის გამოყენება?

მაშინ რატომ ამბობენ, პოლიციის ადგილი სკოლაში არ არისო?

- ამას სიტყვიერად ამბობენ, თორემ პოლიციური რეჟიმი მყარდება სკოლაში. ბარემ პოლიციელები დანიშნონ სკოლის დირექტორებად. საბოლოო ჯამში, მაინც ყველაფერზე პოლიციელებს იძახებს მანდატური. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებისას მანდატურმა თუ აღმოაჩინა სამართალდარღვევის ჩადენის რაღაც სავარაუდო ნიშნები, ატყობინებს სამართალდამცავ ორგანოებს. ასევე, შემოდის მოსწავლის განცალკევების ინიციატივა ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში. თითქოს ეს უწყინარი რაღაცაა, მაგრამ მანდატური აქაც პოლიციას ატყობინებს და პოლიციელი მიჰყავს სკოლაში, ანუ თავისუფლების შეზღუდვა ხდება მანდატურის მხრიდან. ასევე, ატყობინებს მშობელს და მოსწავლის მიერ სამართალდარღვევის შემთხვევაში - სამართლდამცავ ორგანოს, ე.ი. აქაც პოლიციას ეძახიან.

ასევე, შემოაქვთ მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების წესი (მუხლი 48.6). რა თქმა უნდა, აქაც ატყობინებენ პოლიციას. ე.ი. სამი საკითხია აქ, ანუ უკონტაქტო დათვალიერებისას პოლიცია ერევა საქმეში, მოსწავლის განცალკევების დროსაც პოლიცია ერევა, ფიზიკური ძალის გამოყენების დროსაც პოლიცია ერევა. არადა, საერთოდ არ უნდა იყოს ასეთი პუნქტი - ფიზიკური ძალის გამოყენება. არც ის არის სწორი, რომ მანდატურს აქვს უფლება, ფიზიკური ძალა უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენოს და ფიზიკური ძალის გამოყენება წარმოქმნილი საფრთხის პროპორციული იყოს. ამ ინიციატივის თანახმად, მანდატური ფიზიკურ ძალას იყენებს, როცა დასაცავია საგანმანათლებლო დაწესებულებებში მყოფი პირების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ან, თუ პირი მიიმალება, ან ზიანს მიაყენებს გარშემომყოფთ, საჭიროა სამართალდამცავ ორგანოებს წარვუდგინოთ დამნაშავე მოზარდი.

არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება ასეთი მუხლი არსებობდეს ზოგადი განათლების შესახებ კანონში. აქ, ალბათ, სულ სხვა რამის ჩაწერა უნდოდათ და სულ სხვა რამ გამოუვიდათ. არანაირი გამართლება ამას არ აქვს, ეს მუხლი უნდა ამოიღონ. ამას სჯობს, როგორც იყო, ისე დარჩეს მანდატურის სამსახური.

ამიერიდან მანდატურს სკოლის დირექტორი ვერც დანიშნავს და ვერც გაათავისუფლებს, არამედ მანდატურის სამსახურს ექნება ამის უფლებამოსილება.

- სააკაშვილის დროს მანდატურს დირექტორი არ ნიშნავდა, არამედ მინისტრი ნიშნავდა და ათავისუფლებდა. „ქართული ოცნება“ რომ მოვიდა, შევიდა ცვლილებები და მანდატურს უკვე დირექტორი ნიშნავდა და ათავისუფლებდა, რაც ძალიან სწორია. ახლა კი მას მანდატურის სამსახურის უფროსი დანიშნავს და გაათავისუფლებს. სკოლაში მანდატურის შეყვანამ მასწავლებლისა და დირექტორის ავტორიტეტი დასცა. თუ მასწავლებლის და დირექციის ავტორიტეტი არ არის სკოლაში, მაშინ სკოლა არც იმართება. სკოლაში უნდა იყოს არა ძალის გამოყენება, არამედ „შეგნებული დისციპლინა“, რაც პედაგოგიკის ნომერ პირველი ტერმინია. ასე რომ, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, სკოლებში დიდი დოზით შემოდის შს სამინისტრო.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შსს-სთან ერთობლივად, კოორდინირებულად იმოქმედებს, ინფორმაციებს გაცვლიან ერთმანეთში. მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ შს სამინისტროსთან კოორდინაცია გაძლიერდეს სამინისტროების დონეზე. არც იმას ვეწინააღმდეგები, რომ სკოლის გარეთ შეიქმნას არასრულწლოვანებისთვის მტკიცედ ჩამოყალიბებული სისტემა შს სამინისტროს, პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს მონაწილეობით. ცალკე უნდა იყვნენ მოსამართლეები, რომელთაც არასრულწლოვანების საქმეების განხილვა აბარიათ. უნდა იყვნენ სპეციალიზირებული პროკურორები, რომლებიც არასრულწლოვანებზე იმუშავებენ. ასეთი რამ არსებობდა ჩვენს ქვეყანაში, კომუნისტების დროს კარგი სისტემა იყო ჩამოყალიბებული არასრულწლოვანთა კუთხით, მაგრამ ყველაფერი დაშალეს.

არასრულწლოვანებისთვის ცალკე იყო გამოყოფილი უბნის ინსპექტორი, რომელიც მოზარდთან დაკავშირებით მუშაობდა და სკოლას ეკონტაქტებოდა. თუმცა სკოლებში ეს არ შეინიშნებოდა და ეს გამართლებული იყო. სკოლაში პოლიციური და ძალოვანი სამინისტროების გავლენა არ უნდა შეინიშნებოდეს. სკოლა არის ჰუმანური, პედაგოგიკური, სიყვარულის გამომხატველი, თბილი დაწესებულება. იქ არ შეიძლება ძალისმიერი ქმედებები, ხელკეტები. იყოს მეტალოდეტექტორი, სკოლის გარეთ ხდებოდეს პერიმეტრის გაკონტროლება პოლიციის მიერ, მანდატურები კი შეზღუდული უფლებით აღიჭურვონ, როგორც დღეს არის. ეს ფული დახარჯონ იმაში, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ანუ ფსიქოლოგები დანიშნონ ყველა სკოლაში. ახლა ტერიტორიულ ორგანოებში ნიშნავენ ფსიქოლოგებს. რესურსცენტრში ერთი ფსიქოლოგი რომ იჯდება, სკოლას როგორ მიეხმარება? მაგალითად, 51-ე სკოლას ფსიქოლოგთა ბრიგადა სჭირდება. 2500 თუ 3000 ბავშვი რომ ჰყავთ იქ შეყრილი, ფსიქოლოგების ბრიგადაა საჭირო. ფსიქოლოგმა თითოეულ ბავშვთან უნდა იმუშაოს. ევროპისკენ მივდივართო, რომ იძახიან, ყველა ევროპული ტიპის სკოლაში ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური ლაბორატორიაა. ყველა მაღალი დონის სკოლაში ფსიქოლოგები და მასწავლებლები ერთად მუშაობენ, სამედიცინო კაბინეტებია მოწყობილი. სამედიცინო ყუთი რომ დაიდო, ეს კი არ არის მთავარი, არამედ ექიმი უნდა იყოს სკოლაში და აკვირდებოდეს თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ვიდეოგადაღების სისტემით აღიჭურვება სკოლები. ეს ხომ აქამდეც ხდებოდა?

- ეს უფრო კერძო სკოლებში იყო. თუმცა ვიდეოს გადაღებასაც მივესალმები. ვიდეოთვალთვალსაც დიდი თანხები დასჭირდება. 2082 საჯარო სკოლაა და მხოლოდ 429 საჯარო სკოლაშია განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერები, დანარჩენი აღსაჭურვია. უმჯობესია, მანდატური დარჩეს თავის უფლებებში და ეს თანხები მიმართონ დამრიგებელთა ხელფასის გასაზრდელად, რომელთაც საათებს ცოტათი თუ შეუმცირებენ, ბავშვებს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ. სკოლის დირექციასაც გაუზარდონ ხელფასები, კარგა ხანია, არ გაზრდიათ.