2 მაისს პრეზიდენტს პარლამენტში ელიან, ან არც ელიან. ყოველ შემთხვევაში, სწორედ მაისის პირველ რიცხვებში მარგველაშვილი ანგარიშით უნდა წარდგეს დეპუტატების წინაშე. ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არ არის, გაიმართება თუ არა პოლიტიკური დებატები. თუმცა პრეზიდენტის მიმართ რეკომენდაციებს არ იშურებენ მმართველ გუნდში. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გარდა, მარგველაშვილმა საკუთარ საქმიანობაზეც, საკუთარ როლზეც უნდა ისაუბროს და არა მარტო ხედვებზე, რაც, პრინციპში, სუბიექტურია.
„პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენების გარკვეულ ნაწილს უნდა შეადგენდეს, თუ რა გააკეთა მან ამ ხნის განმავლობაში. საერთოდ, მოხსენება კრიტიკული უნდა იყოს, მასში უნდა აღინიშნოს პოზიტიურიც, რაც ძალიან ბევრია. სამწუხაროდ, წინა მოხსენების დროს პრეზიდენტმა ამაზე საუბარს თავი აარიდა“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.
რა აქვს პრეზიდენტს საკუთარი საქმიანობის, საკუთარი როლის თაობაზე დეპუტატებისთვის მოსაყოლი, რაც ამ მოწვევის პარლამენტარებმა ისედაც არ იციან? ამაზე მსჯელობა ხომ არ გახდება ცინიზმის საფუძველი თავად დეპუტატებს შორის?
ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პრეზიდენტი უნდა გამოვიდეს პარლამენტში და ურიგო არ იქნება, თუკი დებატებიც გაიმართება. შესაძლოა, ეს დებატები იყოს თეორიული, მაგრამ აუცილებელი. კარგი იქნება, თუ საუბარი შეეხება იმასაც, რამდენად ადეკვატურია საკონსტიტუციო მოწყობის დღევანდელი მოდელი და უნდა დასჯერდეს თუ არა პრეზიდენტი იმ ფუნქციებს, რაც მას აქვს, თუ უნდა გაიზარდოს სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციები. მტრული დამოკიდებულება ინსტიტუტებს შორის არ ივარგებს. ამის მაგალითად ვაჟა ბერიძეს პოლონეთში დონალდ ტუსკსა და ლეხ კაჩინსკის შორის დაპირისპირება მოჰყავს.
„რა სიკეთე მოუტანა ამან პოლონეთს? არანაირი. ჩვენც რა სიკეთეს მოგვიტანს პრემიერისა და პრეზიდენტის ჩუმი დაპირისპირება? არც არაფერს. თუნდაც იმავე შეწყალების აქტთან დაკავშირებით პრეზიდენტის დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო. არც ეს მიმაჩნია სწორად, რადგან იმ ტრაგედიის თავიდან აცილება, რაც მოხდა, სისტემას არ შეეძლო. ამიტომ ზედმეტია ამაზე პედალირება.
კრიტიკის ობიექტი ყველა ადამიანის ნაბიჯი უნდა გახდეს, ვინც პოლიტიკაშია. აქედან გამომდინარე, მარგველაშვილის ბოლო ანგარიში უნდა გახდეს საეტაპო საზოგადოებისთვის და არა ივანიშვილის, ან მარგველაშვილის პოლიტიკური პერსპექტივისთვის თუ იმიჯისთვის. უნდა იყოს ქვეყნის მდგომარეობისა და პერსპექტივების საქმიანი განხილვა. ზოგადად, პრეზიდენტი საინტერესო ფიგურა, საინტერესო პოლიტიკოსია. სამწუხაროდ, ის არ სჯერდება მისთვის საკონსტიტუციო მოცემულობით მიღებულ როლს და ცდილობს, გავიდეს ამ როლიდან. მან თავიდანვე გაზარდა დამოუკიდებლობის ხარისხი თავის პოლიტიკურ გუნდთან გამიჯვნით, რაც არ იყო სწორი საქციელი. ის თანდათან გახდა ახალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერი თავისი საქმიანობით. მისასალმებელია მისი შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში, რადგან ე.წ. პროდასავლური მიმართულების ფრონტზე თუ შეიქმნება ახალი პოლიტიკური დაჯგუფება მარგველაშვილის ხელმძღვანელობით, ეს ამ მიმართულებას სერიოზულად გააძლიერებს“, - აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დღეს, როდესაც პრეზიდენტს ასეთი დამცრობილი უფლებები დაუტოვეს, გია ვოლსკის მხრიდან ცინიზმად აღიქმება, რომ მარგველაშვილმა საკუთარ საქმიანობაზე, საკუთარ როლზე ისაუბროს. ვოლსკიმ მშვენივრად იცის, პრეზიდენტს რა უფლებებიც აქვს და ისიც კარგად უწყის, რომ მას დაუტოვეს მხოლოდ ერთი - შეწყალების უფლება. თუმცა ეს ერთი უფლებაც ლამის ყელში ამოუყვანონ.
„გადაწყვეტილი მაქვს, 2 მაისს საერთოდ არ ჩავრთო ტელევიზორი. ამის მიზეზი მარტივია. მაისის შუა რიცხვებში „ქართული ოცნების“ ყრილობა შედგება, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა კი დანიშნულია 2 მაისს. აქედან გამომდინარე, თქვენ ნახავთ, ტრიბუნასთან მარგველაშვილის მლანძღველების როგორი რიგი დადგება, რათა თავი მოაწონონ ლიდერს, რადგან ყველას ერთი ადგილის კანკალი აქვს, თუ ვინ დარჩება პოლიტსაბჭოში, ვის გააგდებენ პოლიტსაბჭოდან. მე თუ მკითხავთ, სულ გასაყრელია ეს ხალხი და სულ ახლებია მოსაყვანი. შეიძლება, ახლები სულაც ქუჩიდან მოიყვანონ, არ არის მაინცდამაინც აუცილებელი, „ოცნების“ წევრები იყვნენ. საერთოდ, უკეთესი იქნება, თუკი პოლიტსაბჭო პოლიტიკისთვის გამოსადეგ ახალგაზრდებს (თინეიჯერებს არ ვგულისხმობ) აკადემიური და საუნივერსიტეტო წრეებიდან შეკრებს და არ შეკრებს მხოლოდ მლიქვნელებს. თქვენ ნახავთ, რას არ დააბრალებენ ახლა მარგველაშვილს. არ გაგიკვირდეთ, ისიც დააბრალონ, რომ თავისთან, სამსახურში სულ ლამაზ გოგონებს ღებულობს, ე.ი. რაღაც ინტერესი აქვს. საკუთარ როლზე ისაუბროსო, რომ ამბობენ, ეს ნიშნავს, გამოვიდეს მარგველაშვილი და იყვიროს, მიწა ვჭამე, შემეშალა, ხალხო, რა ვქნაო? მათიკაშვილები, ზარდიაშვილები და სხვები არავის დააცლიან პრეზიდენტის ლანძღვას. პრეზიდენტის ადგილას, საერთოდ არ მივიდოდი პარლამენტში და ვიტყოდი, ასეთ გარემოში მე არ ვაპირებ მოვიდე კისერზე ბაფთაშებმული კრავის როლში, ფიროსმანის სააღდგომო ბატკანივით. წინასწარ ხომ იცის, რაც ელის პარალმენტში?!“ - აცხადებს სოსო ცინცაძე, რომლის აზრითაც, პარლამენტში პრეზიდენტის მიუსვლელობაზე სასჯელი, ალბათ, არ იქნება.