თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მათ საკუთრებაში არსებულ სავარგულებს არ აითვისებენ, გამორიცხული არ არის, ისინი დაავალდებულონ, რომ ეს მიწები გაასხვისონ. როგორც აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია აცხადებს, საუბარია 45-50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების მფლობელობაშია.
ამ საკითხთან დაკავშირებით For.ge ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, გაეროს სერთიფიცირებულ ექსპერტს უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში ანზორ მესხიშვილს ესაუბრა.
თავის დროზე თქვენ ეწინააღმდეგებოდით ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისებას. ოთარ დანელიას აღნიშნული ინიციტივა იქნება გამოსავალი, რომ ჩვენი მიწები ისევ ქართველების ხელში გადმოვიდეს?
- ზუსტად ეს არის ამ პროექტით გათვალისწინებული. პირადად მე ამ კანონპროექტის მესამე ვარიანტში 12 შენიშვნა შევიტანე. ძალიან კარგია, რომ უცხოელი ფიზიკური პირი მიწას ვერ იყიდის, მიწა შეუძლია იყიდოს მხოლოდ იურიდიულმა პირმა, რომელიც საქართველოში დააფუძნებს იურიდიულ ორგანიზაციას და მისი წილი ამაში იქნება 49%, ხოლო 51% იქნება ქართველების წილი. ასე რომ, თუ ეს კანონი გავიდა, კარგი იქნება. პირიქით, მე ისიც დავუმატე ამ კანონპროექტს, რომ არა მარტო იმ უცხოელებს ჩამოერთვათ მიწა, რომლებიც არ დაამუშავებენ სავარგულებს, არამედ ქართველებსაც, რომლებმაც იყიდეს მიწა, ან რეფორმის პერიოდში მიიღეს თბილისის ზღვაზე, ტაბახმელაზე და სხვადასხვა ადგილებში, მაგრამ არც მიდიან და არც ამუშავებენ. ორი წლის განმავლობაში თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა დანიშნულებისამებრ ათვისებული არ იქნება, ის უნდა ჩამოერთვას უცხოელსაც და ქართველსაც, რეზიდენტსაც და არარეზიდენტსაც.
მორატორიუმის გამოცხადებამდე ძალიან ბევრი უცხოელი ქართულ მიწას ჩალის ფასად ყიდულობდა იმ იმედით, რომ მომდევნო წლებში ბევრად ძვირად გაყიდდა, ანუ მიწა სჭირდებოდათ გადაყიდვის მიზნით.
- თავად ერთ-ერთმა ირანელმა აღიარა, რომ ირანში ერთი ჰექტარი მიწა გაყიდა და იმ თანხად საქართველოში 100 ჰექტარი იყიდა. მცხეთის რაიონის ოთხ სოფელში (საგურამოში, წეროვანში) მიწები ნაყიდი აქვთ უცხოელებს. გაყიდვის მიზნით მათ მიწები დაყვეს პატარ-პატარა ფართობებად. ასე რომ, მომავალში კიდევ ოთხ არაქართული დასახლების სოფელს მივიღებთ. ასევე ხდება კახეთში, სამეგრელოში.
უკვე 50 ათასი ჰექტარი მიწაა გაყიდული უცხო ქვეყნის ფიზიკურ პირებზე. ეს ჩვენისთანა მცირემიწიანი ქვეყნისთვის ადეკვატურია?
- ეს ძალიან ბევრია. რომ ლაპარაკობენ, არაფერია, სულ რაღაც 1-2%-იაო, არასწორად ანგარიშობენ მთლიანი მიწის ფართობიდან, ანუ 7 მილიონ 700 ათასი ჰექტრიდან. არადა, ჩვენ ახლა საქართველოში, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით, გვაქვს 800 ათასი ჰექტარი სახნავი მიწა. ფაქტობრივად, 2004 წლის შემდეგ აღარ ხდება მიწების აღრიცხვა. დღეს ჩვენ არ ვიცით, რამდენი გვაქვს სახნავი, საძოვარი, სათიბი მიწა. არ ვიცით მიწების შემადგენლობა დანიშნულებისა და კატეგორიების მიხედვით, ანუ რამდენი ვენახი გვაქვს, რამდენია ჩაისა და ციტრუსის პლანტაციები. ეს აღარ რეგისტრირდება, რაც დანაშაულია ქართული მიწის წინაშე. 2004 წელს რომ გააუქმეს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, ეს ქართველი ერის წინაშე ჩადენილი დანაშაული იყო.
უცხოელები ვისზე აპირებენ მიწების გაყიდვას, ქართველებზე თუ ისევ უცხოელებზე?
- თავიანთ თანამოქალაქეებზე, ანუ უცხოელებზე. ძირითადად მიწებს ყიდულობენ ირანელები, ინდოელები, თურქები, ჩინელები, მეზობელი აზერბაიჯანელებიც. ღია წერილი დავწერეთ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სახელზე, იქ აღვნიშნავთ, რომ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი უნდა აღდგეს. რატომღაც ახალ კანონპროეტში ჩადებულია, რომ შეიქმნას მიწის მართვის სააგენტო გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. ეს არასწორია, რადგან მიწის მართვის სააგენტო უნდა იყოს დამოუკიდებელი, არავის უნდა ემორჩილებოდეს, ის უნდა შედიოდეს მთავრობაში და პრემიერ-მინისტრს ემორჩილებოდეს. ეს სერიოზული ნაკლია და მეორე ნაკლია, რომ ბანკებს აძლევენ საკუთრებაში მიწის ფლობის უფლებას. ბანკებს ისიც ეყოფათ, რომ ხალხი გამოასახლეს სახლებიდან. ათასობით ოჯახი გამოყარეს ბინებიდან, ახლა კი უნდათ, მიწებიც გასცენ იპოთეკით ფერმერებზე, გლეხებზე, მერე ისინი გამოყარონ და დაისაკუთრონ მიწები. კატეგორიული წინააღმდეგნი ვართ, რომ ბანკებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ჰქონდეთ საკუთრებაში.
ბანკებს შეუძლიათ უცხოელებზეც გასცენ ეს მიწები?
- ბანკების დამფინანსებლები ძირითადად უცხოელები არიან და არ იქნება სწორი, ბანკებს ეს უფლება მივცეთ.
პრობლემად რჩება, რომ უცხოელებს შეუძლიათ ქართველ მეუღლეებს ამოეფარონ და ისევ იყიდონ მიწები.
- დიახ, ასეთი რამ შეიძლება. ასევე, მთავარი პრობლემაა, რომ სასოფლო-სამეურნეო ტიპის მიწა გადაჰყავთ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით და მერე ყიდულობენ, როგორც არასასოფლო- სამეურნეო მიწას, რადგან მასზე არ არის შეზღუდვა და არასასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა უცხოელსაც შეუძლია.
გადაყვანა ფასიანია?
- 1997 წელს, როცა ეს კანონი მიიღეს, სასოფლო-სამეურნეო მიწის გადაყვანა არასასოფლოში ფასიანი იყო. 2012 წელს კანონში შეიტანეს ცვლილება და უფასო გახადეს, გარდა თბილისისა და ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრებისა და რეკრეაციული ზონებისა - ბახმარო, ბაკურიანი, გუდაური და ურეკი. ახლა ურეკი რეკრეაციული ზონიდან ამოიღეს. ასე რომ, ერთი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის გადაყვანა არასასოფლოში ბათუმსა და თბილისში 34 001 ლარი ღირს, რეკრეაციულ ზონაში კი ღირს 10 000 ლარი. დანარჩენი ყველგან უფასოა, რაც დაუშვებელია.
ერთ მაგალითს გეტყვით, გარდაბანში სასოფლო-სამეურნეო მიწა არასასოფლოში გადაიყვანეს და ისრაელიდან ჩამოსულმა ძალიან ბევრმა ებრაელმა იყიდა ეს მიწები. ფაქტობრივად, ახლაც ის მიწები დაუმუშავებელია. ებრაელები ფიქრობდნენ, რომ ამ მიწებს გაყიდდნენ მაშინ, როცა საქართველო ნატოს წევრი გახდებოდა და მიწის ფასი გაიზრდებოდა, მაგრამ საქართველო ვერ გახდა ნატოს წევრი და მიწის ფასიც არ გაზრდილა.
თქვენ ამბობთ, რომ უცხოელები აპირებენ თავიანთ თანამემამულეებს მიჰყიდონ მიწები. რა განზრახვით, რომ სამუდამოდ საქართველოში დამკვიდრდნენ?
- რასაკვირველია, ახლა ეს კანონი თუ მიიღეს და მიწის გაყიდვა ფიზიკურ პირებზე აკრძალეს, მიწებს ვერ გაყიდიან, თორემ ისე, ყველასთვის აშკარაა, რომ უცხოელებს საქართველოში დასახლება უნდათ. ინდოელები და ჩინელები ვეღარ ეტევიან თავიანთ სახელმწიფოებში და ჩამოდიან საქართველოში. მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20-ის დასაწყისში ლაგოდეხის რაიონში ვაჩნაძეების ოჯახმა სამი აზერბაიჯანული ოჯახი ჩამოასახლა მწყემსებად. დღეს ის სამი ოჯახი გახდა 16 ათასი და სოფელი კაბალი ყველაზე დიდი სოფელია. ამ დროს ყველაზე დიდი სოფელი-მარტყოფი გადავიდა მესამე ადგილზე, პირველ ადგილზეა იორმუღალო, შემდეგ კაბალი და მერე მოდის მარტყოფი. ასევე მოხდა ოსების ჩამოსახლების შემდეგაც.
ახლა „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია ამბობს, მერე რა, იყიდონ უცხოელებმა მიწები, ზურგზე ხომ ვერ მოიკიდებენ და წაიღებენო? ზურგზე ვერ მოიკიდებენ, მაგრამ გამრავლდებიან და გაგვყრიან საქართველოდან. ამის მაგალითი ჩვენს ისტორიაში ბევრია.
ახალი კანონპროექტით, უცხოელების ხელში არსებული დაუმუშავებელი მიწების გასხვისება ვისზე უნდა მოხდეს-უცხოელებზე თუ ქართველებზე?
- კანონში წერია, რომ უცხოელების ხელში არსებული დაუმუშავებელი მიწების გასხვისება ისევ ქართველებზე უნდა მოხდეს. ოთარ დანელიას მიერ მომზადებული კანონპროექტი კარგია. სულ არარაობას, ეს ჯობია, მაგრამ სერიოზული შენიშვნები გვაქვს და, თუ გაითვალისწინეს, კარგი იქნება.
თქვენ ამბობთ, თუ ქართველებმა ვერ დაამუშავეს მიწები, უნდა ჩამოერთვათო, მაგრამ ქართველების დიდ ნაწილს ძალიან უჭირს, საკუთარ სოფლებში ვერ მიდიან, გზის ფული არ აქვთ, გზები არ არის, არ არის წყალი. ასეთ პირობებში რატომ უნდა ჩამოერთვათ?
- ვინც ვერ ამუშავებს, იმან უნდა გაყიდოს მიწა და სხვა საქმეს მოჰკიდოს ხელი. მე-19 საუკუნის დასაწყისში აშშ-ის სოფლის მეურნეობაში დასაქმებული იყო მოსახლეობის 53%, დღეს კი ამერიკის სოფლის მეურნობაში დასაქმებულია 1,5-დან 3%-მდე, ევროპის მოწინავე სახელმწიფოებში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია მხოლოდ 3-დან 7%-მდე. ამ დროს საქართველოს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია 46%. ამდენად, საქართველოში, ვინც მიწას ვერ ამუშავებს, უნდა გაყიდოს, პატარ-პატარა მიწების კონსოლიდაცია მოახდინონ. თორემ ნახევარ და ერთ ჰექტარ მიწაზე მიღებული მოსავლით შედეგი არ იქნება.
თუკი ადამიანს უყვარს მამა-პაპის მიწა და ვერ ელევა მას იმ დრომდე, სანამ წყალს არ გაუყვანს სახელმწიფო, გზას არ დაუგებს, რომ სოფლამდე მივიდეს, როგორ უნდა გაყიდოს?
- თუ უყვარს, დაამუშაოს და დაანებოს თავი დომინოს თამაშს. ცხადია, დიდი პრობლემაა, რომ სახელმწიფო ხელს ვერ უწყობს ადამიანს, დაუბრუნდეს საკუთარ სოფელს. მსოფლიოში ყველგან სოფლის მეურნეობა პროტექციონიზმის გზით ვითარდება. სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ არის.