ტოპ-მოდელები პირდაპირ ბილბორდებიდან თბილისში

ტოპ-მოდელები პირდაპირ ბილბორდებიდან თბილისში

დღეს 7 ივლისს, 21 საათზე, თბილისში, რიყეზე, ახლადგახსნილ პარკში მისული სტუმრები განსაკუთრებული მოვლენის მოწმეები გახდებიან. უკრაინელი, მსოფლიოში ცნობილი ტოპ მოდელები, პირდაპირ ბილბორდებიდან, პრიალა ჟურნალების პირველი გვერდებიდან  თბილისში საერთაშორისო სამოდელო სააგენტოს „ნიკიტა მოდელსის“ წარმომადგენლობის გრანდიოზულ გახსნაში მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია. სხვათა შორის, სააგენტოში დარწმუნებულები არიან, რომ საქართველო მსოფლიო  პოდიუმებისთვის შოკისმომგვრელად სასიამოვნო სიახლე იქნება და ძალიან მალე, მათი დახმრებით  მსოფლიო ბრენდების სახეებად ბევრ ქართველ გოგონას ვიხილავთ.

ინფორმაციისთვის: „ნიკიტა მოდელსი“ საერთაშორისო სამოდელო სააგენტოა, საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, სადაც მის ფილიალს შეხვდებით. უკრაინის, ბარსელონისა და ჰონ-კონგის ულამაზესი მოდელები „ნიკიტა მოდელსის“ დამსახურებით არამარტო მსოფლიო პოდიუმებს, არამედ ყველაზე ცნობილი ბრენდების ბილბორდებს ალამაზებენ. საქართველოს შემდეგ იგეგმება ფილიალის გახსნა მონრეალში. კომპანიას  მსოფლიოს მასშტაბით ორას ორმოცდაათზე მეტი პარტნიორი ჰყავს. ამავე სააგენტოს მოდელია ისეთი პრესტიჟული საავტომობილო ბრენდის სახე, როგორიცაა “Jaguar”.  

„ნიკიტა მოდელსის“ ხელმძღვანელის, ფოტოგრაფისა და მხატვრის იგორ ამიროვის განცხადებით, სააგენტოს მოდელები მუდმივად მონაწილოეობენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი დიზაინერების ჩვენებებში, მათ იღებენ ჰოლივიდურ ფილმებში, ცნობილი მწარმოებლების, მათ შორის „კოკა-კოლას“ და „პეპსის“  სარეკლამო რგოლებში.

„ჩვენი მოდელები მუდმივად მონაწილეობენ ისეთი ბრენდების ჩვენებებში როგორებიცაა DIOR, Max Mara, Poul Smith, Celine, Zuhair Murad, Frankie Morello, ESCADA.  სააგენტოს მოდელები სხვადასხვა დროს დაკავებულები იყვნენ ისეთი ბრენდების ფოტოსესიებისთვის, როგორებიცაა : “Dolce & Gabbana”“MTC”, “Life”, “PEPSI”, “Coca-Cola”, “Samsung”, “LG”, “Honda”  და სხვა.

 „ნიკიტა მოდელსში“ ისეთივე მაღალი სტანდარტებია, როგორიც მსოფლიოს წამყვან სამოდელო სააგენტოებში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საქართველოს ბაზარზე მუშაობა წარმატებული იქნება და ბევრ ქართველ მოდელს გავუხსნით გზას მსოფლიო პოდიუმებისკენ,“- აცხადებს ამიროვი.

სხვათა შორის, „ნიკიტა მოდელსის“ სახეები არიან მოქმედი მის უკრაინა და მის კიევი და საერთოდ, სააგენტო კონკურსებში თავისი სახეების წარმოჩენის მომხრეა. ამიროვი დარწმუნებულია, რომ ქართველი მოდელების სილამაზეს და გამორჩეულობას, ნიკიტა მოდელსის დახმარებით, მალე მთელი მსოფლიო აღიარებს.  

სააგენტოს მოდელებს დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შეხვდებით, სადაც ისინი ყველაზე ცნობილ სააგენტოებთან თანამშრომლობენ, მაგალითად: ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, აშშ-ში, იაპონიაში, კორეში, ჩინეთში, ინდოეთსა და   ლიბანში.

7 ივლისს, რიყეზე გამართულ ღონისძიებაში იმპროვიზებულ პოდიუმზე უკრაინის ყველაზე წარმატებულ მოდელებს იხილავთ, რამდენიმე მათგანი ერთი კვირაა უკვე თბილისშია და სხვადასხვა პრომო-გადაღებაში იღებს მონაწილეობას. მათ შორის არის, „მუმია 3“-ის ვარსკვლავიც. უკრაინულ მხარეს ოლეგ სკირდა წარმოადგენს, დიზაინერი, რომლის კოლექცია  J’adore la Couture ანუ მე ვგიჟდები ოტ კუტიურზე - მაღალ მოდაზე უდიდესი წარმატებით აღინიშნა, თანაც სკირდა ერთადერთია, ყოფილი პოსტ საბჭოთა სივრციდან, რომლის საცურაო კოსტიუმიც 12 ათას ევროდ გაიყიდა. რაც შეეხება მეორე დიზაინრეს, ირა კრასილნიკოვას,  ის  უკრაინული ელიტის უსაყვარლესი დიზაინერია, მან სახელი გაითქვა იმით, რომ ყველაზე ახალგაზრდა მოდელიორია, რომელმაც მონაწილეობა უკრაინის ფეშენ ვიკში მიიღო. პოდიუმზე „ნიკიტა მოდელსის“ დამწყები მოდელები–ბავშვებიც გაივლიან, რომლებიც ბრენდების აბსორბას, ჟან პოლ გოტიეს, კენზოს და ჟან ბურჟუს კოლექციებს გამოიტანენ. თუ ვინ წარმოადგენს ქართულ მხარეს, ჯერ საიდუმლოა. დედაქალაქში უკვე განთავსებულ ბანერებზე უკრაინელი ტოპ-მოდელები ავთანდილ ცქვიტინიძემ შემოსა. უკვე ცნობილ მოდელებამდე პოდიუმზე პატარა მოდელები გაივლიან.

ორგანიზატორებმა ღონისძიების წაყვანაც უკრაინულ-ქართულ დუეტს დაავალეს, არ იფიქროთ, ძველი და ნაცნობი წყვილია, პრეზენტაციას ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „თბილისი Live“-ს პროდიუსერი, ეროვნებით უკრაინელი ალინა არველაძე მსახიობ გიორგი დევაძესთან ერთად წაიყვანს, დევაძე ახმეტელის თეატრის მსახიობია, პარალელურად ბიზნეს-პრეზენტაციები, ივენთ-საღამოები მიჰყავს. შეგახსენებთ: ალინა ტელეკომპანია „იმედის: გენერალური დირქტორის გიორგი არველაძის მეუღლეა.

პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრობს სხვა სიურპრიზიც ელოდებათ. ბევრი ნიუანსი გასაიდუმლოებულია, თუმცა, ცნობილია, რომ საგანგებოდ სააგენტოს პრეზენტაციისთვის თბილისში ჩამოვა უკრაინის ყველაზე ცნობილი ქალი დიჯეი - ლერა თავის ბოდი არტ-ბალეტთან ერთად.