თურქეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის სამი თვით გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები საგანგებო მდგომარეობის ფონზე ჩატარდება. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების თარიღად 24 ივნისი გამოაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტმა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციური „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის“ ლიდერს დევლეთ ბაჰჩელის შეხვდა. ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოწოდება ერთხელ უკვე გააკეთა. ამ გადაწყვეტილებას ასევე მხარს უჭერს თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ.
ერდოღანმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და ამბობს, რომ მანიფესტს სტამბულში კონგრესზე გააჟღერებს. ერდოღანმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ქვეყნის საპრეზიდენტო მმართველობაზე სწრაფად გადასვლით ახსნა.
ოფიციალურად კი, თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო. შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმზე მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც აძლიერებენ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მხოლოდ ახალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.
ახალი კონსტიტუციით თურქეთის ლიდერს უფლებამოსილება ეზრდება. მას შეუძლია საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი დანიშნოს; ოფიციალურად ხდება შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.
როგორც უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, ეს არის აბსოლუტური მონარქიზმის ელემენტი, როდესაც საპრეზიდენტო მმართველობას მთიანად მოარგო პოლიტიკური მართვის სისტემები.
მისი თქმით, ერდოღანის გადაწყვეტილება არ არის დაკავშირებული ოპოზიციური პარტიის აქტიურობასთან, რადგან ახლა მისი მთავარი მიზანია დროზე ადრე გახდეს ავტოკრატი და ამოქმედდეს ახალი კონსტიტუცია.
„მან ჩათვალა, რომ 2018 წელი არის იდეალური ვარიანტი. ახლა ერდოღანისთვის არავის სცალია, არც ამერიკას, არც ევროკავშირს. ამიტომ გადაწყვიტა დააჩქაროს პროცესი და ქვეყანაში დაიწყოს პირდაპირი მმართველობა. ასევე, თურქეთი ცდილობს გამოიყენოს სირიაში მიღწეული წარმატებები, მისი გაზრდილი ჰეგემონიის პოზიციები აღმოსავლეთში, კავკასიაში და სხვა მიმართულებით. სანამ თურქეთის როლი გამოიკვეთა საკმაოდ საინტერესო ფორმით, ამ ფონზე ცდილობს თავისივე პარტია გაქაჩოს, მოუტანოს წარმატება და ამავე დროს ვადაზე ადრე აამოქმედოს კონსტიტუცია“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
როგორც მაისია ამბობს, ის წარმატება, რასაც თურქეთმა მიაღწია საერთაშორისო დონეზე, ამერიკელებსაც კი არ უთმობს, ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა ევროკავშირთან და თურქეთს უკვე აღარ აინტერესებს ევროკავშირის წევრობა. მისი თქმით, ბუნებრივია, რომ ერდოღანი ამ ვითარებას კარგად გამოიყენებს.
„ერდოღანი პირდება მოსახლეობას, რომ რუსეთთან ურთიერთობით განავითარებს და აღადგენს იმ ტურისტულ მიმართულებას, რომელიც თურქეთს ჰქონდა და ქვეყანას გადაიყვანს ეკონომიკური აღმავლობის გზებზე. ყველა ამ მანიპულაციის მეშვეობით, როგორც პრეზიდენტი ამომრჩევლის 60%-ს მიიღებს და შეეცდება, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა ასევე შენარჩულებული იქნას პარლამენტში“, - ამბობს ვახტანგ მაისაია.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ ძნელი ასახსნელია რა მოტივები აქვს ერდოღანის გადაწყვეტილებას. მაგრამ თუკი კლასიკური არგუმენტებით ვიხელმძღვანელებთ, ასეთ შემთხვევაში ერდოღანისთვის ჩანს, რომ ახლა მეტი შანსი აქვს გამარჯვების, ვიდრე ერთი წლის შემდეგ.
„ძნელი სათქმელია, რა შიდა პოლიტიკური გათვლები აქვს, ვინაიდან ერდოღანს დღეს მტკიცე პოზიციები უკავია ქვეყანაში. მას სომხეთის პრემიერის ბედი ჯერ არ ემუქრება. ერდოღანი როდის დანიშნავს არჩევნებს, ამას არც ჩვენთვის, არც მსოფლიოსთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ უკვე ვიცით რა რეჟიმია დღეს თურქეთში. ამ რეპრესიების ფონზე, როგორი იქნება არჩევნები და რა შედეგს ვარაუდობს ერდოღანი წელს და მომავალში, ესეც მხოლოდ შეიძლება ვივარაუდოთ“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი მუჩაიძის შეფასებით, თურქეთში სერიოზულად არის ავტოკრატიული მმართველობის ტენდენცია და შესაბამისად, არახალია მიდგომა, როდესაც ხელისუფლების გასამყარებლად იცვლება კონსტიტუცია და ხდება არჩევნების თარიღების გადანაცვლება.
„სამწუხაროდ, ეს ის ნაცადი ხერხებია, რომელსაც ავტოკრატები იყენებენ. სამწუხაროდ, ამ კუთხით თურქეთში არ არის სახარბიელო მდგომარეობა. რაც შეეხება სირიის ფრონტზე თურქეთის წარმატებას, სირიაში განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე ერთსულოვანი იყო დასავლეთი, მათ შორის ნატომ და თურქეთმაც ცალსახად მხარი დაუჭირეს ავიადარტყმებს. როგორც წესი, ძალიან იშვიათად ხდება ასეთი კონსოლიდირება საერთაშორისო თანამეგობრობაში. მართალია გერმანიამ არ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ თურქეთმა მხარი დაუჭირა განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს“, - ამბობს გიორგი მუჩაიძე.
მისივე თქმით, ეს არის ძალიან მკვეთრი და ცალსახა გზავნილი რუსეთისთვის, რომ იმ რეჟიმის დახმარება, რომელიც საკუთარ ხალხს გენოციდს უწყობს, ასე არ ჩაივლის და შესაბამის საზღაურს მიიღებს.
„ასადისა და მისი დამხმარე პუტინის რეჟიმს არ უნდა მისცენ საშუალება, რომ მსგავსი ქმედებები გააგრძელონ და საერთაშორისო არენა გადააქციონ დაუსჯელი ქმედებების ზონად, სადაც მშვიდობიან მოსახლეობას ცხოვრების ნორმალური პირობები არ ექნება. სწორედ ამის უზრუნველსაყოფად იქნა განხორციელებული ავიადარტყმები და ვფიქრობ, რომ ძალიან სეროზული შედეგი მოიტანა. კიდევ ერთხელ აჩვენა მაგალითი იმისა, რომ ერთსულოვნებას სერიოზული შედეგი მოაქვს“, - აღნიშნა გიორგი მუჩაიძემ.