„სარქსიანმა უჟანგავი ბორკილებით მიაჯაჭვა სომხეთის ეკონომიკა და თავდაცვისუნარიანობა რუსეთს“

„სარქსიანმა უჟანგავი ბორკილებით მიაჯაჭვა სომხეთის ეკონომიკა და თავდაცვისუნარიანობა რუსეთს“

სერჟ სარქსიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მხოლოდ ერთი კვირა ეკავა. რადიკალურმა ოპოზიციამ მასობრივ აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარქსიანის კანდიდატურა წარადგინეს. სომეხმა დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყება დაანონსა, რაც ზუსტად ერთ კვირაში სარქსიანის გადადგომით დასრულდა.

სარქსიანის გუნდის შეფასებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიზანი ქვეყანაში დაძაბულობის განმუხტვა იყო. სარქსიანი გადაწყვეტილებას თანამდებობის დატოვების შესახებ მიესალმებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეაშიც და იმედი აქვთ, რომ განვითარებული მოვლენები დაპირისპირებული პოლიტიკური ძალებისთვის კონსტრუქციული დიალოგის საფუძველი გახდება. მოვლენებს აკვირდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაც. ორგანიზაცია მზადაა სომხეთს დემოკრატიის გზაზე დახმარება გაუწიოს.

სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე for.ge პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

სერჟ სარქსიანის გადადგომის შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ სომხეთის ახლი მთავრობა საგარეო კურსის ცვლილებაზე იქნება ორიენტირებული. ბატონო სოსო, როგორ ფიქრობთ, შეძლებს კი სომხეთი კურსის რადიკალურ ცვლილებას, ელოდებით პროცესების ამ მიმართულებით განვითარებას?

სოსო ცინცაძე: არა, არავითარი ცვლილება არ მოხდება. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პროტესტანთა რადიკალური დაჯგუფება მიაღწევს იმას, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და ბოლო მოეღოს რესპუბლიკური პარტიისა და მისი სატელიტი პარტნიორების კოალიციას, აი, მაშინ შეიძლება მოხდეს კურსის რადიკალური ცვლილება. მაგრამ ისიც იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ამ 10 წლის განმავლობაში სარქსიანმა ძალიან მყარი, ძლიერი და უჟანგავი ბორკილებით მიაჯაჭვა სომხეთის ეკონომიკა და თავდაცვისუნარიანობა მთლიანად რუსეთს.

მიმდინარე პროცესების ფონზე აქვს კი შანსი სომხეთს, რომ გაწყვიტოს რუსეთთან ურთიერთობა?

- წარმოიდგინეთ, რომ დღეს სომხეთს არ აქვს შანსი გაწყვიტოს რუსეთთან ურთიერთობა და იმის იმედი ჰქონდეს, რომ მდგომარეობა გამოსწორდება. ერთადერთი და ისიც მითოლოგიური შანსად შეიძლება ჩაითვალოს, თუკი ებრაული დიასპორის მსგავსად, სომხური დიასპორა როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში, რომლებიც ჯერჯერობით გულაყრილი არიან სომხეთის ღია პროპუსული პოლიტიკის გამო, გაერთიანდებიან და გიგანტური ინვესტიციები წამოვა სომხეთში, მხოლოდ ამ ერთი შემთხვევის შემდეგ შეიძლება შეძლოს სომხეთმა გაწყვიტოს ურთიერთობა რუსეთთან.

მაშინაც კი, თუ რუსეთმა გაიყვანა თავისი 2 სამხედრო გარნიზონი - გიუმრიდან და ერევნიდან?

- ალიევი ყოველდღიურად ემზადება ომისათვის. თანაც, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო პოტენციალის შედარება აღარ შეიძლება. დღეს უკვე არ არის ისე, როგორც 10-15 წლის წინ, როდესაც სომხეთს შეეძლო ერთი ერთზე გამკლავებოდა აზერბაიჯანს. ალიევმა ასობით მილიარდი დოლარი ჩაყარა შეიარაღებაში. დღეს, სომხეთისთვის გადარჩენის ერთადერთი შანსი არის რუსეთთან სამხედრო კავშირი და რუსეთის სამხედრო ბაზები, ეს არის სომხეთის ჟანგბადი. სომხები პრაგმატული და ჭკვიანი ხალხია, მათ მშვენივრად იციან რა ელით. ამიტომ, სომხეთმა ჯერ როგორმე უნდა დაარეგულიროს ურთიერთობა აზერბაიჯანთან. სხვა გამოსავალი არ აქვთ, თუ არ უნდათ, რომ ასეული წლობით იყვნენ ჩამოკიდებული რუსეთზე, მიიღონ მტკივნეული გადაწყვეტილებები იგივე ტერიტორიულ საკითხებთან მიმართებაში, გაანთავისუფლონ ის ოკუპირებული პროვინციები, რომელიც მათ უკავიათ სუფთა აზერბაიჯანული მოსახლეობით, იქ სომხური მოსახლეობა საერთოდ არ არის. ამის შემდეგ უკვე შეიძლება ნელ-ნელა დაიწყონ რუსეთის როლისაგან ნელ-ნელა განთავისუფლება, მანამდე ეს გამორიცხულია.

იმ შემთხვევაში, თუ სომხეთში ვითარება დაიძაბა, ამან შეიძლება გავლენა საქართველოს უსაფრთხოებაზეც მოახდინოს?

- როგორც უნდა დაიძაბოს ვითარება სომხეთში, ეს არ იმოქმედებს საქართველოს უსაფრთხოებაზე. სანამ იქ რუსული ჯარი დგას, რასაკვირველია, ალიევი ფართომასშტაბიან ომს არ დაიწყებს, ეს გამორიცხულია. საქართველოსთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის გაკვეთილი შეიძლება იყოს, რა შეიძლება მოჰყვეს იმას, როდესაც ხელისუფლება და ხალხი სცილდება ერთმანეთს.

სარქსიანს უკვე არ ესმოდა სომეხი ხალხის და ეს იყო მისი ტრაგედია, ამან განაპირობა მისი ფიასკო. მან დაკარგა ხალხთან კონტაქტი და ფიქრობდა, რომ ხალხი ისე ცხოვრობს, როგორც მას წარმოედგინა, როგორც „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, თუკი ქუმსიშვილი გამოვა და რაღაცა ციფრებით გვეტყვის, რომ ეკონომიკა იზრდება 3-4%-ით, მრეწველობა იზრდება, ცხოვრება საამური ხდება, ვალუტა გამყარდა, ფასებმა იკლო, მაგრამ სინამდვილეში რეალობა სხვანაირია. ე.ი. ხელისუფლებას ხალხის აღარ ესმის და ხალხს კიდევ ხელისუფლების აღარ სჯერა. როდესაც ნდობის ფაქტორი არ არის, აი, ეს საფრთხე არის.

გამოდიან და სერიოზულად გვეუბნებიან, რომ მესი ჯობდა თუ რონალდო ამაზე მოუვიდათ კამათი უმრავლესობის წევრებსო. უცხოეთში რომელი სპორტსმენი უფრო მაგარია, იმის გასარკვევად როცა მანდატურების ჩარევა გახდება საჭირო, აქ დამთავრებულია ყველაფერი. სხვა საფიქრალი და საკამათო მაგათ აღარ აქვთ, თუ რაშია საქმე? ეს უკვე ლუსტრაციაა. მართლაც რომ ამაზე ყოფილიყო კამათი, ეს როგორ წამოსცდათ, საერთოდ ფიქრობენ ეს დეპუტატები რამეზე? რისთვის ავირჩიეთ ესენი, სპორტული დავები გაარჩიონ, თუ ისეთი კანონები მიიღონ, რომ ცოტათი მაინც გაუადვილონ ხალხს ცხოვრება. ეს უკვე მათ დონზე მეტყველებს.