„ოცნებაში“ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყება პოლიტიკურ ძალთა დიფერენცირების ახალი ტალღა“

„ოცნებაში“ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყება პოლიტიკურ ძალთა დიფერენცირების ახალი ტალღა“

უმრავლესობაში დაპირისპირებული მხარეები მწვავე განცხადებებისგან თითქოს უკვე თავს იკავებენ, მაგრამ შეხვედრას, რომელმაც ყველაფერი თავის ადგილზე უნდა დააყენოს, არ ჩქარობენ. რეალურად რა პროცესი მიმდინარეობს მმართველ გუნდში - არის ეს ჩვეულებრივი, მეტ-ნაკლებად, მოგვარებადი კონფლიქტი, თუ უფრო სერიოზული პროცესის დასაწყისი - მიმდინარე პროცესზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

ვახტანგ ძაბირაძე: დღევანდელი ვითარება გამოწვეულია იმით, რომ არც ერთი დაპირისპირებულ მხარეთაგან არ ფლობს უპირატესობას. იმის მიუხედავად, გარეთ რა ინფორმაცია გამოდის, ყოველთვის ვიცოდით, რომ „ქართული ოცნება“ არ იყო ერთგვაროვანი, თანაც საქართველოში, ტრადიციულად, მეორე ვადით გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალაში ყოველთვის მიმდინარეობს პროცესი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ძირითადი ბირთვის გამოყოფა და კრისტალიზაცია.

სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს მმართველ გუნდში, რომლის თანამდევი მოვლენაა გახლეჩა, მაგრამ გახლეჩა ხდება ბოლო ეტაპზე, მას შემდეგ, როცა ყველაფერი მოსინჯულია.

ჯერჯერობით, ორივე მხარე ცდილობს, უპირატესი პოზიცია მოიპოვოს, მაგრამ რადიკალური გზით წასასვლელად, რადიკალური განცხადებების საკეთებლად არც ერთი მხარე მზად არ არის.

არ ველოდები, რომ ყველაფერი მალე დალაგდება და გადაწყდება. უფრო მგონია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ რეალურად დაიწყება პოლიტიკურ ძალთა დიფერენცირების ახალი ტალღა.

უმრავლესობის ზოგიერთი წევრი თვლის, რომ დაპირისპირების გაღვივებამდე საჭიროა იმ ადამიანების ჩართვა, ვისაც შეუძლია პასუხისმგებლობის აღება. არსებობს საფრთხე, რომ ბევრად უფრო სერიოზული კონფლიქტი მივიღოთ უმრავლესობაში, ვიდრე დღეს ჩანს?

- ასე არ გამოვა, რომ მოდით, შევრიგდეთ და მეგობრულად ვიცხოვროთ - როგორც ვთქვი, ჯერ ის ეტაპია როდესაც პოზიციებს იმყარებენ და თავს იკავებენ რადიკალური განცხადებებისგან, ამიტომ უნდა ჩაერიოს ის ხალხი, ვინც შეძლებს პროცესის დარეგულირებას თუკი ეს შესაძლებელია. თუმცა მეეჭვება, რომ ბოლომდე სიტუაციის განმუხტვა შესაძლებელი იყოს.

გამოითქვა მოსაზრება, გამოსავალი იქნებოდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება - თვლიან, რომ პრეზიდენტის პოზტზე მისი კანდიდატურის დასახელება სწორი სვლა იქნებოდა. სიტუაცია შესაძლოა, მართლაც დაარეგულიროს ამან, მაგრამ პოლიტიკურად რამდენად გამართლებულია, ხან მოხვიდე პოლიტიკაში ხან - წახვიდე...

- პოლიტიკში მისი დაბრუნება სულაც არ იქნებოდა ცუდი ქვეყნისთვის. თუმცა ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს, მაგრამ არა - პრეზიდედნტად. ივანიშვილი არ არის ის ფიგურა, რომელმაც საპარლამენტო მმართველობის დროს ის პროცესები უნდა წარმართოს, რაც პრეზიდენტს ევალება. ეს კარგი იქნებოდა თავად ივანიშვილისა და მმართველი გუნდისთვისაც - ამით დამთავრდებოდა ლაპარაკი არაფორმალურ მმართველობაზე. მაგრამ ივანიშვილის პრეზიდენტის პოსტზე მოსვლით მივიღებთ რეალურად საპრეზიდენტო მმართველობას, რომელიც იქნება გაფორმებული, როგორც საპარლამენტო - ამიტომ, ასეთ აბსურდულ წინადადებებს თავი უნდა დავანებოთ.

თუ დაბრუნდება, უნდა დაბრუნდეს პრემიერის პოსტზე, რომელიც მთელ პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ თავზე და არა გვერდიდან მაყურებლის როლში, როგორიცაა საპარლამენტო მმართველობის პრეზიდენტი.

ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნება გვერდიდან მაყურებლის როლში, მოსახლეობის მხრიდან ასე ვერ იქნება აღქმული ისე, როგორც ის არ არის აღქმული, რომ ივანიშვილი პოლიტიკას ჩამოშორდა - ყველა თვლის, რომ გადაწყვეტილებები, რომელსაც ხელისუფლება იღებს, შეთანხმებულია ივანიშვილთან. რეალობა ასეთია და ამის გაძლიერება და საპრეზიდენტო ინსტიტუტისკენ გადატანა კიდევ უფრო ცუდი იქნება. ამიტომ უმჯობესია, დაბრუნდეს პრემიერად.

ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში ჯერ მხოლოდ ვარაუდებია, რაც შეეხება არსებულ სიტუაციას, რამდენად სახიფათო ტენდენციები შეიმჩნევა და იკვეთება თუ არა პოლიტიკური კრიზისის ნიშნები? - ვიდრე ფოფხაძე განცხადებას გააკეთებდა, მანამდე იყო ლაპარაკი, პრემიერის შესაძლო გადაყენებაზე. შემდეგ აქცენტებმა პარლამენტში გადაინაცვლა და ახლა პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტი ახსენეს...

- არ მგონია, რეალურად განვითარდეს ასეთი რადიკალური სცენარი, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ვამბობ, ჯერჯერობით, იმიტომ, რომ უპირატესობა არც ერთ მხარეს არ აქვს. როდესაც გარანტირებული უპირატესობა ექნება რომელიმე მათგანს, ის ბუნებრივია, წავა რადიკალურ ქმედებებზე. ვგულისხმობ მას, ვინც დამოუკიდებლად შეძლებს უმრავლესობის შეკრებას - დღეს ასეთი ძალა არ ჩანს. რა იქნება ხვალ, ვერ გეტყვით - შესაძლოა, გამოიკვეთოს უფრო ძლიერი პოლიტიკური ძალა და გადაჯგუფებაც დაიწყოს მაგრამ დღეს მსგავსი არაფერია.

გასულ კვირას პარლამენტმა ჩააგდო ეთიკის კოდექსი, იმავე დღეს, უმრავლესობის ლიდერი არაკორექტული განცხადებებისთვის კონკრეტული დეპუტატების კაბინეტში დაბარებასა და პასუხის მოთხოვნაზე საუბრობდა. ამ მეთოდით შესაძლებელია კონფლიქტის აღმოფხვრა თუ არა შესუსტება მაინც?

- უმრავლესობის ლიდერი როგორც შს მინისტრის მოადგილე ისე არ უნდა საუბრობდეს. რაც შეეხება ეთიკის კოდექსს, ესეც არ მიმაჩნია სწორად - არ შეიძლება, დეპუტატს ეთიკა ასწავლო, შეზღუდვები დაუწესო და მიუთითო რა თქვას და როგორ მოიქცეს. მით უმეტეს, როდესაც ლაპარაკია მაჟორიტარ დეპუტატზე, რომელმაც პირდაპირ ამომრჩევლისგან მიიღო მანდატი. თუ მაინც და მაინც აუცილებელია, ვფიქრობ უმრავლესობიდან გარიცხვის წესებზე და უფრო სხვა ტიპის ზომებზე უნდა იყოს ლაპარაკი და არა ეთიკის ნორმებზე - არ მგონია, ეს სწორი მიდგომა იყოს საპარლამემტო ცხოვრებისთვის.

ვიღაცას შეიძლება ჰგონია, რომ მსგავსი ღონისძიებების გატარებით დარეგულირდება სიტუაცია, მაგრამ ასე არ არის და ვნახეთ კიდეც, რომ ჩააგდეს ეთიკის კოდექსი.