საქართველოში პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირება იგეგმება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ დედამიწის დღესთან (22 აპრილი) დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი ინიციატივა პლასტიკის პარკების შემცირების შესახებ მთავრობაში დასამტკიცებლად მალე შევა, რაც გარემოს დაბინძურების პრევენციის კუთხით მნიშვნელოვანი იქნება.
For.ge ადრეც წერდა, რომ პოლიეთილენის პარკების გადაყლაპვის შედეგად ერთ წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება. პლასტიკის წვა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, რადგან წვის პროცესში გამოყოფილი მავნე ტოქსინები აბინძურებს ატმოსფეროს. ეს პროცესი ხელს უწყობს სათბურის ეფექტის შექმნას, რაც კლიმატის გლობალურ ცვლილებაზეც აისახება. ფაქტობრივად, პლასტიკი გვევლინება „უკვდავი ნაგვის“ სახით, რაც დიდ ზიანს აყენებს ბიომრავალფეროვნებას და ეკოსისტემას.
თავისი ქიმიური შემადგენლობის გამო პლასტიკის პარკი ბუნებაში ასწლეულების განმავლობაში რჩება. ის არ არის ბიოდეგრადირებადი და რთულად იშლება. ხოლო დაშლის დროს (თუკი ასეთი ხდება) ტოქსიკური ნივთიერებებით აბინძურებს ნიადაგს, მიწისქვეშა წყლებს, აღწევს საკვებ ჯაჭვში და რეალურ საფრთხეს უქმნის ცოცხალ ბუნებას. ქარის მიერ ტოქსინები ადვილად გადაიტანება მდინარეში, ზღვაში, ტბაში, ტყეში.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში იმპორტირებული თუ წარმოებული ბიოდეგრადირებადი პარკები არ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტს და მისი სრულად დეგრადირება არ ხდება. ამიტომაც საქართველოში აიკრძალება ოქსო-დეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი.
პოლიეთილენის პარკების მავნებლობაზე საუბრისას ექიმი-ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ დროა, გადავიდეთ მუყაოს პარკებზე, როგორც ეს ბევრ ევროპულ ქვეყანაშია. მიუხედავად იმისა, რომ ხის გახშირებული ჭრა არ არის გამართლებული, პოლიეთილენი იმდენად მავნებელია, რომ სჯობს, ამ კომპრომისზე წავიდეთ და მუყაოს პარკები გამოვიყენოთ. პოლიეთილენით არა მარტო ბინძურდება გარემო, არამედ უვარგისი ხდება ამ პარკებში შენახული პროდუქციაც. ამას გარდა, არის კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც ევროპა უარს ამბობს პოლიეთილენზე. საქმე ისაა, რომ ევროპულ ქვეყნებში ფასიანი გახდა პოლიეთილენის პარკები. ამან გამოიწვია, რომ ჩვენი ბებიებისა და ბაბუების მსგავსად, ევროპელებიც სახლიდან ატარებენ ტომსიკების მაგვარ პარკებს. ევროპაში ოჯახის დიასახლისს დააქვს ნაჭრის ან ქაღალდის პარკი, რომელიც მრავალჯერადი გამოყენებისაა და სწორედ ამ პარკით მიაქვს შინ მაღაზიაში ნაყიდი პროდუქტი.
„ბუნებასაც რომ არ მივაყენოთ დიდი ზარალი, აჯობებს, ნაჭრის პარკებიც გამოვიყენოთ. ამით მუყაოს პარკებზე მოთხოვნილება შემცირდება. გარდა ამისა, შენახვის წესები უნდა დავიცვათ და პროდუქტი ჰერმეტულად დაცულ გარემოში შევინახოთ, რათა არ გაფუჭდეს, ან შემდგომში ტოქსიკური ზემოქმედება არ მოახდინოს ორგანიზმზე. მაგალითად, ბოლო დროს გამყიდველები მინის ქილების უქონლობის გამო კლიენტს მაწონს მინის ქილიდან პირდაპირ პოლიეთილენის პარკებში უსხამენ. არადა, მაწონი უნდა შევინახოთ მინის ჭურჭელში და არა პოლიეთილენში, ასევე, რძეც ჯობია მინის ჭურჭელში შევინახოთ. რაც შეეხება ხორცს, ის მშრალ მდგომარეობაში უნდა შევინახოთ და უმჯობესია, ჰერმეტულად დახურულ ყუთში გვქონდეს, რომ გაყინვისგან არ დაზიანდეს და შემდგომში მავნე ზემოქმედება არ გამოიწვიოს ორგანიზმზე. ხშირად ჩვენი მომხმარებლები პლასტმასის კონტეინერებებზეც არ ამბობენ უარს. რეალურად შუშის კონტეინერი სჯობს, მაგრამ სატარებლად ცოტა რთულია. ხოლო, თუ პლასმასი ისეთი შემადგენლობისაა, რომ თერმოზემოქმედებას კარგად უძლებს, ცხელ საკვებ პროდუქტს ინახავს და არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, მაშინ მისი გამოყენება დასაშვებია. თუმცა, რა თქმა უნდა, უმჯობესია მინის ან ემალირებულ ჭურჭელში იყოს შენახული საკვები პროდუქტები“,-აღნიშნა შოთა ჯანჯღავამ.
საკონსულტაციო კომპანია Key Communications-ის დამფუძნებელი თეონა ბაღდავაძე, რომელიც პლასტმასის ბოთლების შუშით ჩანაცვლების ინიციატივით გამოდის, For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პლასტმასის ბოთლებისა და პოლიეთილენის პარკებისგან მიყენებული ზიანი ერთი და იგივეა. სამწუხაროა, რომ ჩვენთან პლასტმასის ბოთლების გადამუშავება არ ხდება, თუმცა მსოფლიო იცნობს ისეთ შემთხვევებს, როცა გზის მშენებლობაშიც იყენებენ გადამუშავებულ პლასტმასს.
„პლასტმასისა და პოლიეთილენის ჩანაცვლება საკმაოდ რთული და გრძელვადიანი პროცესია. ჩვენი პირველადი ამოცანაა მოსახლეობის ინფორმირება პლასტმასის ბოთლების გამოყენების მავნებლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, როდესაც აქ საუბარია მრავალჯერად გამოყენებაზე. სახლში მომზადებული პროდუქციის დიდი ნაწილიც კი ინახება პლასტმასის ბოთლებში. ჩვენ კომპანიებსაც მოვუწოდეთ, შეეცვალათ პლასტმასის წარმოება სხვა ტიპის ორგანული შესაფუთი მასალით. პირველი ნაბიჯები უკვე ჩანს. მაგალითად, რამდენიმე კომპანიამ პლასტმასი ჩაანაცვლა თუნუქით, რომელიც უფრო მოსახერხებელი და ნაკლებად ტოქსიკურია. რაც შეეხება მინას, როგორც კომპანიები ამბობენ, მინა შედარებით ძვირი სიამოვნებაა. აქედან გამომდინარე, მაინც უფრო ეკონომიური შეფუთვის გამოყენება ურჩევნიათ.
ფაქტია, რომ პლასტმასის ბოთლებსა და პოლიეთილენის პარკებს ებრძვის როგორც მსოფლიოს განვითარებული ნაწილი, ისე საქართველო. პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია ჩვენს ცნობადობასა და ინფორმირებულობაზე, ასევე, ბიზნესზე, თუ რამდენად შეძლებს ახალ მოდელზე გადასვლას“, - აღნიშნა თეონა ბაღდავაძემ.