აზიურ ქვეყნებში მოძალადის როლში ძირითადად მამაკაცები გვევლინებიან და ოჯახური ძალადობა იქ ნორმალური მოვლენაა. ამას თავისებური ახსნაც მოეპოვება, მამაკაცი ცდილობს, წარმოჩნდეს ლიდერად და ზოგჯერ ეს სურვილი აგრესიულობაში ვლინდება. რაც შეეხება მანდილოსნებს, ისინი უფრო ემანსიპაციის შედეგად ავლენენ აგრესიას და ქალები უფრო ფსიქოლოგიურად ძალადობენ მსხვერპლზე, ვიდრე ფიზიკურად.
როგორია მოძალადის ფსიქოტიპი, ამის შესახებ For.ge-ს „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის“ აღმასრულებელი დირექტორი მარინა კურატაშვილი ესაუბრა.
პოლიციელებისთვის აუცილებელია მოძალადის ფსიქოტიპის შესწავლა, მაგრამ, ამასთან ერთად არც მსხვერპლის ფსიქოტიპია უარსაყოფი. როგორ ყალიბდება ეს ორი ფსიქოტიპი და რა გადაკვეთის წერტილები აქვთ მათ?
- მსხვერპლის ფსიქოტიპზე მეტად ძალიან მნიშვნელოვანია, მოძალადის ფსიქოტიპის შესწავლა, თუ ვინ იყო ეს ადამიანი, ხომ არ ჰქონდა გადატანილი რაიმე სახის ფსიქიკური პრობლემები. მე მაინც მგონია, რომ მოძალადე ადამიანების უმრავლესობას წარსულში გადატანილი ჰქონდა ესა თუ ის ფსიქოლოგიური პრობლემა თავად, ან ჰქონდა რაიმე სახის აშლილობა, რაც იყო მისი თანდაყოლილი, ხასიათობრივი თვისებები. სტრესული სოციალური გარემოს შედეგად კი მოხდა ფსიქიკური პრობლემის გაჩენა. ე.ი. მოხდა რაღაც და მოძალადის თანდაყოლილ ნიშან-თვისებებს, დაემატა მძიმე სოციალური პრობლემები, რამაც შეცვალა პიროვნების ფსიქიკა.
თუ ადამიანი ფეთქებადი, ფიცხი, მოუთმენელი, არაადეკვატური თვითშეფასების მქონეა, რომელსაც ემოციების რეგულაციის პრობლემა ახასიათებს, მაშინ გარემო პირობების გამო სერიოზულად ირღვევა მათი ფსიქიკა. აქედან გამომდინარე, ირღვევა მათი ქცევაც და გარემო ფაქტორებზე მათი პასუხიც არაადეკვატური ხდება. ზოგიერთი მათგანი, პირიქით, თვითონ ხდება მსხვერპლი, ზოგიერთი კი თავად ხდება მოძალადე. ასე რომ, მოძალადის მიმართ კანონის გამკაცრება გარეგანი შემაკავებელი იქნება, მაგრამ, თუ ძირითად მიზეზს არ ვუმკურნალეთ, ეს პატარა კოსმეტიკურ შესწორებას დაემსგავსება და რადიკალურ ცვლილებებს არ გამოიწვევს. პირველ რიგში, მოძალადეების ინდივიდუალური შემთხვევები უნდა განვიხილოთ.
თუ ეს ადამიანები დაჭერილები არიან, ციხეში როგორ უნდა უმკურნალონ?
- როგორც წესი, ეს ადამიანები ბოლომდე ვერ აცნობიერებენ თავიანთ პრობლემას, ან თვალს ხუჭავენ. შესაძლოა, დაახლოებით ხვდებიან კიდეც პრობლემას, მაგრამ ცდილობენ, გაექცნენ ამ პრობლემას და არასწორ კომპენსატორულ მექანიზმებს მიმართავენ. ასეთ ადამიანებს უნდა დავეხმაროთ, დაინახონ თავიანთი პრობლემები და საკუთარი ემოციების მართვა ისწავლონ, რაც მერე ქცევაშიც გამოვლინდება. თუ შენ სწორად მართავ ემოციებს და იცი, როცა გაბრაზდები, რა გააკეთო, კი არ წახვიდე და ყელი გამოჭრა მეორე ადამიანს, არამედ დაჯდე და მოსთხოვო, მოდი, ვილაპარაკოთ, თანაც, არგუმენტირებულად უნდა შეძლო ამის თქმა, პრობლემა გაცილებით გამარტივდება. ასევე, დამარცხებაც უნდა შეგეძლოს ამ საუბარში. შენ უნდა დაუშვა, რომ შეიძლება თავად აღმოჩნდე არასწორი. ეს ყველაფერი ცვლის და არბილებს მდგომარეობას.
ადამიანს უნდა ასწავლო, პრობლემის გადაჭრის როგორი გზები არსებობს და მხოლოდ ძალადობა არ არის ერთადერთი გზა. ჩვენ გვგონია, რომ ეს იციან ადამიანებმა, სინამდვილეში, არ იციან. შეიძლება, თეორიულად იციან, მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ავიწყდებათ, რადგან ემოციები გამოდის წინა პლანზე. აქ ვსაუბრობთ არა მძიმე ფსიქიკურ დარღვევებზე, არამედ პიროვნულ აშლილობაზე, პიროვნულ პრობლემებზე, რომელიც ფსიქიკაზე მოქმედებს. პიროვნება ფსიქიკაა.
სხვათა შორის, ერთი მაგალითი გამახსენდა. ზუსტად ეს ტრაგიკული ამბები როცა მოხდა, შემთხვევით თბილისში ხალხმრავალ ადგილას ასეთ სიტუაციას შევესწარი. ქმარი ძალიან ხმამაღლა აგინებდა ცოლს. იქნებოდნენ სადღაც 50 წლამდე ასაკის ადამიანები. მეორე ქალი, რომლიც იქვე იდგა და, როგორც ჩანს, ამ წყვილს იცნობდა, ქალს ეუბნებოდა, ხომ ხედავ, მე გეუბნები, გაჩერდი და დაუჯერე შენს ქმარს, ნუ ეწინააღმდეგები, რადგან ეს კაცია, კაცი ადგება და წავა, ხოლო შენ მარტო დარჩები და რა გეშველება? ამ მაგინებელი კაცის ფონზე ისევ ამ ქალბატონს ამტყუნებდნენ, აშინებდნენ ქმრის წასვლით და ასე „არიგებდნენ“ ჭკუას. ამას რა ჰქვია? ეს ხომ საზოგადოების განწყობაა? სწორედ ასეთი მიკროკლიმატი შეიმჩნეოდა. მე რომ რაღაც მეთქვა, მეტყოდნენ, შენ ვინ გკითხავსო.
საერთოდ, ცნობილია, ადამიანს მაშინ კი არ უნდა ასწავლო ჭკუა, როცა ცუდადაა, არამედ როცა დაწყნარდება. იმ წუთას, იმ მონენტში ის ქალი იყო მსხვერპლი და მას აგინებდნენ. ახლა მანამდე რა იყო, მე არ ვიცი. ეს არის საზოგადოებაში არსებული განწყობა, ტრადიციები, არასწორი შეხედულებები, რომელიც ასეთ არასწორ გამოსავალს გაძებნინებს. მსხვერპლს „აძებნინებს“ გამოსავალს, რომ მარტო არ უნდა დარჩეს. რეალურად, ასეთი კაცისგან მარტო თუ დარჩები, კარგადაც უნდა იგრძნო თავი. ისევ მივდივართ საზოგადოებრივი განათლების ამაღლებაზე, სწორი წარმოდგენის ჩამოყალიბებაზე, რაღაცების შეცვლაზე, რაც ტრადიციული სიმახინჯე მგონია.
ტრადიციულად, ქალის კულტი იყო საქართველოში, ეს კი რაღაც ავადმყოფური დამოკიდებულებაა.
- ან იყო ქალის კულტი, ან არ იყო. რას ეძახიან ქალის კულტს, ასეთ ვითარებაში, უკვე აღარ ვიცი. თამარ მეფე რომ გვყავდა? მე თუ მკითხავთ, კულტი არაფრის არ უნდა იყოს, არც ქალის, არც კაცის, არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის, არც ივანიშვილის. სიტყვა კულტი უკვე ცუდია. თუ ადამიანი მორწმუნეა, მისთვის უფალია ავტორიტეტი. დანარჩენი, ყველანი ვართ თანაბარი, არავის მონები არ უნდა ვიყოთ, მით უმეტეს, აზრობრივი მონები.
ხანდახან მართლმადიდებელ ეკლესიასაც აბრალებენ, რომ სწორედ ეკლესია მოუწოდებს მრევლს, კაცი ოჯახის თავია და მას უნდა დაემორჩილოს ქალი.
- მეც მრევლი ვარ და ესეც არასწორად ესმით. კაცი ქცევის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს. თუ კაცი, უკაცრავად და, საყვარლებში დადის და ილანძღება, ასეთი კაცი აღარ არის ავტორიტეტი. რა მაგალითსაც აძლევს, იმას იმეორებენ სხვებიც და იგივე უბრუნდება. ქალს და კაცს ზუსტად ერთნაირი მოვალეობები აქვთ და ერთნაირად მოეთხოვებათ წესიერება. ყოველ შემთხვევაში, მართლმადიდებლობაში ასეა. უბრალოდ, მამაკაცს ეუბნებიან, რომ ანატომიურად, ფიზიკური მონაცემებით მას უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე ქალს. ქალი შვილს აჩენს და ის უნდა დაიცვას მამაკაცმა. ეს ისეთ კაცზეა ლაპარაკი, რომელიც ეკლესიურია არა პირჯვრის წერით, არამედ თავისი ცხოვრების სტილით, იცავს სხვა მცნებებსაც, პატივს სცემს ყველას, მათ შორის, მშობლებსაც.
არის მოსაზრება, რომ ნაწილობრივ, თავად მსხვერპლიც უბიძგებს მოძალადეს, ჩაიდინოს დანაშაული.
- მსხვერპლის ფსიქიკა არსებობს და ყალიბდება ისე, რომ ზოგს მოსწონს, როცა მუდმივად მსხვერპლის როლშია. მინახავს ასეთებიც, ჩვენდა სამწუხაროდ, მათ შორის, არიან ინტელექტუალებიც. ისინი ცდილობენ, ამით მეორადი სარგებელი მიიღონ, რადგან ისინი ყველას ეცოდება. რატომ იღებენ ამით სიამოვნებას, ვერ გავიგე, მაგრამ, როგორც ჩანს, იღებენ ამით კმაყოფილებას. სხვანაირად ასეთ ადამიანებს ყურადღების მიქცევა არ შეუძლიათ და ყურადღების მისაქცევად სწორედ ასეთი არასწორი ფორმა შეარჩიეს.