„გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, სომხეთს რუსეთს იქით გზა არ აქვს“

„გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, სომხეთს რუსეთს იქით გზა არ აქვს“

სომხეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა, როგორ განვითარდება მოვლენები ამ ქვეყანაში, ჯერ უცნობია, თუმცა როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, სომხეთის ლიდერმაც ვერ შეძლო პუტინის სქემით ხელისუფლების გახანგრძლივება.

„ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო. მე შევცდი“, - ნათქვამია სერჟ სარგსიანის განცხადებაში, რომელიც პოსტიდან მის გადადგომას ეხება.

„შექმნილი სიტუაციიდან არსებობს რამდენიმე გამოსავალი. თუმცა, მე არც ერთ მათგანს არ ავირჩევ. ეს ჩემი არ არის. ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ქუჩის მოძრაობა ჩემი დანიშვნის წინააღმდეგია. მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნას: მშვიდობას და ჰარმონიას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას“, - ნათქვამია სერჟ სარგსიანის განცხადებაში.

ოპოზიციიის პროტესტის მიუხედავად, სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, სწორედ ამ ფაქტის გამო ოპოზიციიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ხავერდოვანი რევოლუცია“ დაანონსა.

რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ სომხეთის პოლიციამ ოპოზიციის ლიდერი დააკავა, რასაც ევროკავშირის მხრიდან უმკაცრესი განცხადებები მოჰყვა - დასავლეთმა სომხეთის ხელისუფლებას აქციების ორგანიზატორის გათავისუფლება მოსთხოვა.

სომხური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფაშინიანი სომხეთის ვიცე-პრემიერის კარენ კარაპეტიანის მიერ გამართული მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლეს.

„ჩვენი ქმედებების ლოგიკა არ შეცვლილა. საღამოს რესპუბლიკის მოედანზე მიტინგი გაიმართება. მანამდე მე მიმდინარე სიტუაციას უნდა გავეცნო. გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ“, - განაცხადა გათავისუფლების შემდეგ ფაშინიანმა.

კითხვაზე, თუ რაზე მოილაპარაკა მან კარაპეტიანთან, ფაშინიანმა განაცხადა, რომ დეტალურად ამის შესახებ მიტინგზე ისაუბრებს.

შეგახსენებთ, რომ ფიშინიანის გათავისუფლებამდე აქციას სამხედროები შეუერთდნენ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ საპროტესტო აქციებში სამხედროების მონაწილეობა დაგმო და განაცხადა, რომ ამ სამხედროების წინააღმდეგ, კანონის შესაბამისად, ყველაზე მკაცრი ზომები გატარდება, ვინაიდან კანონის შესაბამისად შეიარაღებული ძალების მოსამსახურეები შეზღუდულები არიან ნებისმიერ შეკრებებში მონაწილეობის უფლებებში.

ექსპერტი, გია ხუხაშვილი თვლის, რომ როგორც არ უნდა დამთავრდეს საპროტესტო აქცია, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, სომხეთს რუსეთს იქით გზა არ აქვს.

„თუ სოციალური, ეკონომიკური ან პოლიტიკური მიზეზი არ არსებობს, მაშინ ასეთი მასშტაბური აქციის ორგანიზება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი არის ბუნებრივი და გამოწვეულია ათეულობით წლების განმალობაში დაგროვებული პრობლემებით. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ახლა უკვე ვიღაცა ამ ყველაფერს ზურგს უქმნიდეს. როგორც არ უნდა დამთავრდეს საპროტესტო აქცია, როგორც არ უნდა გადაჯგუფდეს ყველაფერი სომხები რუსეთის დაცვის ქვეშ ცხოვრებისთვის განწირულები არიან“, - აცხადებს ხუხაშვილი.

როგორც ხუხაშვილი მიიჩნევს, თუ სომხებს რუსეთის ზურგი მოეხსებათ, ისინი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებიან.

„მისი მეზობლები არიან ირანი, თურქეთი, აზერბაიჯანი - ერთდერთი გასასვლელი გარესამყაროზე - საქართველოა. ჩვენ ნეიტრალური პოზიციიდან გამოვდივართ. სომხეთი რუსეთის ქოლგის გარეშე ვერ იარსებს. შიგნით კი რაც უფრო დემოკრატიული იქნება პროცესები მით კარგი. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ სომეხ ხალხს. თუმცა, პროდასავლური ხელისუფლების მოსვლა სომხეთში წარმოუდგენელია“, - აცხადებს ხუხაშვილი.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა უკვე აღნიშნა, რომ მოსკოვი სომხეთში მიმდინარე მოვლენებში არ ჩაერევა.

„რატომ უნდა ჩაერიოს მოსკოვი? გეოპოლიტიკური განხილვა ახლა უადგილოა. ეს სომხეთის შიდა საქმეა. ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. სომხეთი ჩვენი ახლო მოკავშირეა“,- განაცხადა პესკოვმა.

ჟურნალისტების შეკითხვას, შედგა თუ არა ბოლო დღეების განმავლობაში კონტაქტი სომხეთისა და რუსეთის პირველ პირებს შორის, პესკოვმა უპასუხა, რომ კრემლიდან ერევანში პირდაპირი კონტაქტი არ ყოფილა, თუმცა რამდენიმე დღის წინ პუტინსა და სერჟ სარგსიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პესკოვი განმარტავს, რომ მაშინ პუტინმა სარგსიანს პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა.