„მსხვერპლის ბუნება იმდენად დასუსტებულია, რომ ხან იცავს მოძალადეს, ხან ამტყუნებს“

„მსხვერპლის ბუნება იმდენად დასუსტებულია, რომ ხან იცავს მოძალადეს, ხან ამტყუნებს“

ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა გოგონას სასტიკი მკვლელობის შემდეგ ხელისუფლება მოძალადის მიმართ კანონის გამკაცრებაზე ალაპარაკდა. ინიციატივები ინიციატივებს ემატება, მაგრამ არავინ იცის, რას მოგვიტანს მხოლოდ კანონის გამკაცრება.

სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი ოჯახური ძალადობის პრევენციისთვის ახალი ინიციატივით გამოდის, რაც მსჯავრდებულის მხრიდან ციხიდან ოჯახის წევრებთან განხორციელებული ზარების მონიტორინგს ეხება. მისი თქმით, არა მხოლოდ შემაკავებელი ორდერებია დასახვეწი, არამედ სატელეფონო ზარების საკითხიც გადასახედია. ხშირია შემთხვევა, როცა ყოფილი და მოქმედი მეუღლეების თაობაზე ქალბატონები განცხადებას წერენ, რათა რამენაირად გაკონტროლდეს ამ ადამიანთა მხრიდან არასასურველი სატელეფონო ზარები. ამდენად, თუკი სამართლებრივი მექანიზმი ამუშავდება, შესაძლებელი გახდება არასასურველ სატელეფონო ზარების შეზღუდვა.

გარდა ამისა, ოჯახში ძალადობის მიმართულებით შსს-მ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადა. შსს მკაცრ პოლიტიკას უჭერს მხარს და მომხრეა, მოძალადის მიმართ უკიდურესი იძულების ღონისძიებები გამოიყენონ, როგორიცაა ამ ადამიანების დაკავება.

კიდევ ერთ ახალ ინიციატივას გვთავაზობს შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, რომლის თქმითაც, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი იქნება მნიშვნელოვანი ბერკეტი, რათა დაზარალებულმა ქალბატონებმა ჩვენება აღარ შეცვალონ და მოძალადეები ციხიდან აღარ გამოვიდნენ. გარდა ამისა, 112-ში უკვე დაინერგა მობილური აპლიკაცია, რომელიც მსხვერპლს საშუალებას აძლევს ჩუმი შეტყობინება დროის მოკლე მონაკვეთში გაგზავნოს.

რას მოგვიტანს საკანონმდებლო აქტები და გააუმჯობესებს თუ არა მანდილოსნების მდგომარეობას?

ფსიქოლოგი რუსუდან ფხაკაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საკანონმდებლო აქტები, ცვლილებები ყოველთვის ხორციელდება და ისინი თეორიულად კარგად არის დაწერილი, თუმცა პრაქტიკაში ვხედავთ მის ხარვეზიან მხარეს და განხორციელების შეუძლებლობას. როდესაც ციხიდან გამოდის ადამიანი, შეიძლება, კარგადაც მოიქცეს და არ არის აუცილებელი, ამ ერთი ტრაგიკული ინციდენტის კვალობაზე ავაგოთ მთელი სისტემა. მით უმეტეს, რომ ციხიდან გამოსული ადამიანები, ცუდ მდგომარეობაში იმყოფებიან, მაგრამ არც ისე ყოჩობენ, როგორც ადრე იყო.

„რისკჯგუფს მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომლებსაც ძალადობა თავად აქვთ გადატანილი ბავშვობაში, ან მომსწრენი არიან ოჯახში ძალადობის და ძალადობის ირიბი მსხვერპლნი არიან. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი შემდეგ აუცილებლად გახდებიან მსხვერპლები, პირიქით, შეიძლება მოძალადეებიც გახდნენ. ამიტომ სწორხაზოვანი დამოკიდებულება, რომ აღარ გამოიტანოს პირველად შეტანილი საჩივარი მსხვერპლმა და მოძალადეს ციხის დატოვების საშუალება არ მიეცეს, ეს ისევ თავისებური ზეწოლა გამოდის მსხვერპლზე, რადგან მსხვერპლს ეს საჩივარი თავისი ნებით არ შეაქვს.

მსხვერპლის ბუნება იმდენად დასუსტებულია, რომ მას ნებელობა შინაგანად წართმეული აქვს, ამიტომ ხან ასე იტყვის, ხან ისე. ამიტომ პედალირება იმაზე, რომ მსხვერპლმა მაინცდამაინც ასე უნდა გააკეთოს, ნიშნავს, რომ მსხვერპლის ფსიქოლოგიურ ბუნებას არ ვიცნობთ. ამიტომ არ შეიძლება, ეს კანონის ენაზე გადაიტანონ, აქ ფსიქოლოგის ენაა საჭირო. ფსიქოლოგის ენა უნდა გაითვალისწინოს კანონაქტებმა. ადამიანი თუ მართლაც მსხვერპლია, ამას ადგენს საიდენტიფიკაციო ჯგუფი“, - აცხადებს რუსუდან ფხაკაძე.

კანონის გამკაცრებას მიესალმება თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგი მანანა მელიქიშვილი და მიიჩნევს, რომ ეს გარკვეულ შედეგზე გაგვიყვანს, მაგრამ ამით პრობლემა მთლიანობაში არ მოიხსნება. For.ge-სთან საუბარში მანანა მელიქიშვილი აცხადებს, რომ დამატებით საჭიროა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, თავად ქალების ცნობიერების ამაღლება და დამოკიდებულება ძალადობის ფაქტის მიმართ.

„მსხვერპლი არასდროს არ არის დამნაშავე, მსხვერპლს არ შეუძლია თავის დაცვა და ამიტომაც არის მსხვერპლი. დამნაშავე არის ყოველთვის მოძალადე. თუმცა არსებობს გარკვეული ნიშნები, რომლებიც შეიძლება მაპროვოცირებელი გახდეს იმისა, რომ ესა თუ ის ქალი იქცეს მსხვერპლად. ანალოგიურად, ცალკეული ადამიანის ბრალი არ არის, რომ ის მახინჯია და შეიძლება მისი გარეგნობა გახდეს მაპროვოცირებელი, რომ ადამიანი გახდეს ძალადობის მსხვეპლი. არსებობს რაღაც ნიშნები, რომლებმაც შეიძლება მეტი პროვოცირება გაუკეთონ ძალადობას, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში, ეს არ არის მსხვერპლის ბრალი. მხოლოდ კანონის გამკაცრება საქმეს არ უშველის. უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოების დამოკიდებულება ძალადობის მიმართ, უნდა იყოს სარეაბილიტაციო დაწესებულებები, მსხვერპლს უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ის არ არის მარტო და არსებობს ისეთი ორგანიზაცია, დაწესებულება, სადაც მას დაეხმარებიან და მხარში ამოუდგებიან“, - აღნიშნა მანანა მელიქიშვილმა.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს საკითხი არაკვალიფიციურადაა შესწავლილი, რადგან ასეთ მძიმე თემებს აუცილებლად სჭირდება ოპერატიული მართვა და სამეცნიერო დონეზე შესწავლა, რათა, ერთი მხრივ, ტრაგედიების დინამიკა უსწრაფესად შეამაცირონ, ხოლო, მეორე მხრივ, შეისწავლონ, რა იწვევს აგრესიას და როგორ უნდა მოხდეს ამის მართვა.

„სიღრმისეული მიდგომის ნაკლებობაა, ამიტომაც ემჩნევა სახელმწიფოს ზედაპირული მიდგომა ბევრ თემაში. ფაქტია, რომ სიტუაციის ამ დონეზე დატოვება არ შეიძლება, რადგან ძალადობის დინამიკა იმატებს. ის დინამიკა, რაც ჩვენ გვაქვს, ძალიან სერიოზული დაფიქრების საგანია, ფსიქოლოგიური საკითხია. შესაძლოა, კანონის გამკაცრებამ გარკვეული ეფექტი შექმნას, თორემ ძალადობის აბსოლუტური აღმოფხვრა შეუძლებელია დედამიწის ზურგზე. რამდენად ექნება შედეგი, ამაზე საუბარი ძნელია. მაგრამ ოპერატიული მიდგომები აუცილებელია“, - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.