„ხალხი თუ გაუბედურდა, ღამე თუ არ ეძინა და დაიტანჯა, ასეთი „ღამის ეკონომიკა“ ვის რად უნდა?“

„ხალხი თუ გაუბედურდა, ღამე თუ არ ეძინა და დაიტანჯა, ასეთი „ღამის ეკონომიკა“ ვის რად უნდა?“

„ღამის ეკონომიკის“ პროექტის წარდგენისას კახა კალაძემ იმ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც ღამის მყუდროებისთვის ხელის შემშლელია. კერძოდ, მისი თქმით, უსაფრთხოების საკითხი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რისთვისაც დედაქალაქის მერია აქტიურად თანამშრომლობს შს სამინიტროსთან. ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა თბილისელების ღამის მოსვენების დარღვევა და ღამის საათებში ხმაურის რეგულირება.

თბილისის მერს მიაჩნია, რომ ღამის ეკონომიკისთვის აუცილებელია დედაქალაქის სხვადასხვა უბნის განვითარება. ამდენად, კონცენტრირება მხოლოდ თბილისის ცენტრალურ რაიონებში კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ ქალაქის განვითარება თანაბრად უნდა განხორციელდეს.

„ღამის ეკონომიკის“ განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე აცხადებს, რომ ღამის ეკონომიკა იქნება ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული პროექტი, რომელშიც მას მიუღია მონაწილეობა. მისივე თქმით, კონცეფციის ავტორებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში კონსულტაციები გაიარეს მსოფლიოს დიდი ქალაქების წარმომადგენლებთან და მათი გამოცდილება შეისწავლეს.

„რა არის ღამის ეკონომიკა? საღამოს 20.00 საათიდან ქალაქში განსხვავებული ეკონომიკური აქტივობები იწყება და ზოგიერთი სექტორის როლი უფრო მნიშვნელოვანი ხდება. იზრდება გართობის, დასვენების ღონისძიებები, ღამის ეკონომიკის კომპონენტები“, - აღნიშნავს სერგი გვარჯალაძე და ღამის საათებში ტრანსპორტის პრობლემას, ხმაურის რეგულირებას სერიოზულ გამოწვევად მიიჩნევს ქალაქისთვის.

უკვე ცნობილია, რომ აღნიშნულ პროექტში ჩაეთვება კულტურისა და სპორტის ინდუსტრია, ასევე, ვაჭრობისა და ტურიზმის სექტორები.

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისთვის რთულია იმაზე საუბარი, რას გულისხმობენ ამ პროეტის ავტორები „დღის ეკონომიკისა“ და „ღამის ეკონომიკის“ ცნებაში. ასეთი კატეგორიებით საუბარი არასწორია, რადგან ეკონომიკა მაინც ეკონომიკაა, გინდა დღისით კეთდებოდეს ფული და გინდა ღამით. თუ აქ საუბარია ღამის ცხოვრების გააქტიურებაზე, რომ ამან ეკონომიკური ეფექტი მოიტანოს, რასაკვირველია, ამის განხორციელება შეიძლება, მაგრამ დიდი რისკებიც ახლავს.

„ეს რისკები რაღაცით უნდა დაბალანსდეს. თუნდაც იგივე ხმაურის თემა. მე ტაბიძის ქუჩაზე, თავისუფლების მოედანთან ვცხოვრობ და წარმოუდგენელია, რაც იქ ხდება. იქ მცხოვრებ ადამიანებს, პრაქტიკულად, საკონცენტრაციო ბანაკის ვითარებას უწყობენ. ადამიანებს ტანჯავენ, აწამებენ და ცხოვრება შეუძლებელია ღამის ხმაურის, რია-რიას გამო. ფაქტობრივად, ადამიანი ვერ ისვენებს. თუ აქ საუბარია კრეატიულობასა და არა ველურ სიტუაციაზე, მაშინ შეიძლება დავფიქრდეთ „ღამის ეკონომიკაზე“. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სრულიად ველური სიტუაციაა, რადგან საცხოვრებელი განაშენიანების ზონაში ღამის კლუბების გაკეთება ველურობაა.

ასეთი აზრიც მომისმენია, რა ვქნათ, ბიზნესს სჭირდება ასე და მოქალაქეებმა უნდა მოითმინონო. რა უნდა მოითმინონ? ასეთი ბიზნესი რად გვინდა? ეკონომიკა ადამიანისთვის გვინდა, ადამიანი ხომ არ გვინდა ეკონომიკისთვის? ხალხი თუ გაუბედურდა, ღამე თუ არ ეძინა და დაიტანჯა, ასეთი ეკონომიკა ვის რად უნდა?“ - აინტერესებს დავით ზარდიაშვილს.

ამასთან, ანალიტიკოსი უბნების რეგენერაციასა და განტვირთვას მიესალმება. მისი მოსაზრებით, თბილისის ცენტრალურ უბნებში საოცარი მდგომარეობა, ურბანული კოლაფსია შექმნილი -საბურთალოზე, ვაკეში, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ კილომეტრზე 20 ათასს აღემატება. დიდ მეგაპოლისებშიც ასეა, ტოკიოშიც და სხვაგანაც. ამის საწინააღმდეგოდ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე შეიძლება ისეთი ადგილებიც შეგვხვდეს, როგორიც სოფლის დასახლებაშიც არ შეგხვდება, ანუ კვადრატულ კილომეტრზე მხოლოდ 20-25 კაცი ცხოვრობს. ამდენად, დედაქალაქის თანაბარზომიერი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რათა განიტვირთოს ცენტრი და განვითარდეს ქალაქის პერიფერიები. თუ ეს მოხერხდება და ღამის კლუბებიც გადავა პერიფერიებში, ბევრად უკეთესი იქნება.

„მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ღამის ეკონომიკის“ პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ცხოვრებაში ახლის ძიება აუცილებელია.

„ჩვენთან ოდითგანვე ასე იყო, რომ ახალ ინიციატივას მოწინააღმდეგები გამოუჩნდებოდნენ ხოლმე. მართალი გითხრათ, ჩემზე მეტი შენიშვნები ამ პროექტთან დაკავშირებით შეიძლება არავის ჰქონდეს, მაგრამ აჯობებს, თავად შევხვდე ქალაქის მერს და პირადად ვუთხრა ამ შენიშვნების შესახებ. მით უმეტეს, ითქვა კიდეც, რომ ვისაც მოსაზრებები, შენიშვნები, წინადადებები აქვს, კარები ღიაა და ვითანამშრომლოთო. ადამიანს აქვს ინიციატივა და ეჭვი არავის ეპარება, რომ მას კარგი უნდა ქალაქისთვის.

ღამის ხმაური, უსაფრთხოების დაცვა, ეს უკვე ის დეტალებია, რომლებიც მოგვარებადია. ცხადია, უცხოეთში განვითარებულია „ღამის ეკონომიკა“. ეს უფრო არასამუშაო დღეების თავისუფალი დროის განკარგვის პროცედურებია. „ღამის ეკონომიკა“ ცოტა განსხვავებულია ჩრდილოეთის ქვეყნებში, სადაც მოკლე დღეებია და ადრე ღამდება. სხვანაირად ხდება ეს იტალიასა და ესპანეთში, სადაც ფიესტაა. სიცხის გამო იქ ძალიან ადრე ასრულებენ სამუშაოს, მთელი დღის განმავლობაში მცხუნვარე მზეს ეფარებიან შენობებში და შემდეგ გამოდიან. ამ შემთხვევაში, საქართველო შუალედშია.

არ შეიძლება გადმოვიღოთ მოდელები შვედებისგან, ან იტალიელებისგან. კლიმატური ფაქტორებიც უნდა გავითვალისწინოთ“, -აღნიშნა ირაკლი როსტომაშვილმა.