„თურქები ჩვეული აღმოსავლური ეშმაკობით იქცევიან, თან ნატოდან არ გადიან, თან რუსეთთან კარგი ურთიერთობები აქვთ“

„თურქები ჩვეული აღმოსავლური ეშმაკობით იქცევიან, თან ნატოდან არ გადიან, თან რუსეთთან კარგი ურთიერთობები აქვთ“

„ნატოში საქართველოს გაწევრიანება თურქეთს ნატოსთვის უსარგებლო ქვეყნად აქცევს“, - ასეთნაირად ეხმაურება აზერბაიჯანული გამოცემა „ნოვოე ვრემია“ თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მევლუდ ჩავუშოღლუს განცხადებას იმის თაობაზე, რომ თურქეთი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას მხარს უჭერს.

აზერბაიჯანული მედიის განმარტებით, უცნაურად გამოიყურება ჩავუშოღლუს ნათქვამი, რომ ანკარა მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებას აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში, რადგან განა თურქეთის ინტერესშია ნატოს გაფართოება? ეს ხომ საეჭვოა?

„ნოვოე ვრემიას“ თანახმად, 1925 წლიდან თურქეთი ნატოს წევრია, ალიანსში მისი მიღება ნატოს პირველ გაფართოებად ჩაითვალა. მანამდე სამხედრო ბლოკში მხოლოდ 12 დამფუძნებელი ქვეყანა შედიოდა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, თურქეთი ნატოს სამხრეთ ფლანგს იცავდა, მაგრამ, თუ ადრე აშშ და ნატო თურქეთს მოკავშირედ მიიჩნევდნენ, დღეს ვაშინგტონი და ბრიუსელი ანკარას მტრებად თვლიან.

„საიდუმლოს არ გავამხელთ, თუ ვიტყვით, რომ ნატოში საქართველოს მიღება, ანუ ალიანსის მოსვლა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში ჩვენს რეგიონში სახიფათო დაძაბულობას შექმნის. ნატოში საქართველოს გაწევრიანება და, შესაბამისად, ალიანსის გამოჩენა შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე თვითონ თურქეთს აქცევს ნატოსთვის უსარგებლო ქვეყნად. არასტაბილურობის რკალი, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან იწყება, სამხრეთ კავკასიასაც გადაფარავს, მოსკოვი მდუმარედ არ დააკვირდება ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის მიახლოებას მის საზღვართან და ადეკვატურად უპასუხებს ალიანსის ნაბიჯებს“, - მიიჩნევს აზერბაიჯანული გამოცემა „ნოვოე ვრემია“ და ნატოში საქართველოს გაწევრიანებას წამგებიან ფაქტად აფასებს როგორც აზერბაიჯანისთვის, ისე თურქეთისთვის.

ამის მიუხედავად, ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი გვამშვიდებს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა არის ყველაზე ძლიერი, ვიდრე აქამდე გვახსოვს.

ნატოში საქართველოს გაწევრიანება გადააქცევს თუ არა თურქეთს ნატოსთვის უსარგებლო ქვეყნად?!

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი თამარ კიკნაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ძალიან რთული ურთიერთობებია და ბევრ რამეშია წინააღმდეგობა ამერიკასა და თურქეთს შორის. წარმოვიდგინოთ, თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, მეორე ჯარი ჰყავს აშშ-ს შემდეგ და ამ დროს კიდევ ლაპარაკია რუსეთიდან „C-400“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შეძენაზე. გარდა ამისა, თურქეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია და ირანთან ერთად სირიის საკითხთან მიმართებით ერთ მხარეს დგანან. ამას ემატება ისიც, რომ თურქებმა რუსებთან გაზსადენ „თურქული ნაკადის“ მშენებლობას მოაწერეს ხელი, შემდეგ ატომური სადგური აშენდა რუსეთის დაფინანსებით და რუსი სპეციალისტების საშუალებით.

„თურქები ჩვეული აღმოსავლური ეშმაკობით იქცევიან, თან ნატოდან არ გადიან, თან რუსეთთან კარგი ურთიერთობები აქვთ. ფორმალურად, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, საქართველოს ასიმილირებასა და ნატოსთან მიერთებას უჭერენ მხარს, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობისას როგორ პოზიციას დაიჭერენ, ეს კიდევ საკითხავია. საერთოდ, ვიმყოფებით მსოფლიო წესრიგის გადანაწილების პროცესში. რა ფუნქცია ექნება ევროკავშირს, ნატოს, როგორ გადანაწილდებიან დიდი მოთამაშეების ძალები, ამ ყველაფრის ფორმირების პროცესში ვიმყოფებით და სირიაში მიმდინარე პროცესებიც ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა. გადააქცევს თუ არა ნატოში საქართველოს გაწევრიანება თურქეთს ნატოსთვის უსარგებლო ქვეყნად?! ცხადია, საქართველო პატარა ქვეყანაა და იმ ფუნქციას ვერ იკისრებს, რასაც თურქეთი კისრულობს, თუნდაც ჯარის თვალსაზრისით. საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ საქართველოს ნატოში შესვლაზე არ იქნება კონსენსუსი იმავე დასვლეთის ქვეყნებს შორის. მოგეხსენებათ, მიღება ხდება კონსენსუსის გზით. ასე რომ, იმის იმედი არ მაქვს, რომ საქართველოს ნატოში გაერთიანება მოხდება“, - განმარტა თამარ კიკნაძემ.

„სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის“ დირექტორი, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ნოვოე ვრემიაში“ დაბეჭდილ ამ განცხადებას და მის ავტორს არ იცნობს, ამიტომ უჭირს მისი შეფასება, თუ რა პოლიტიკური მიზნები უნდა ჰქონდეს ამის დამწერს. რაც შეეხება რეალობას, თურქეთის პოზიცია ნატოში საქართველოს გაწევრიანებისა და ნატოს გაფართოების თაობაზე რამდენიმე დღის წინ მკაფიოდ ჩამოაყალიბა ბატონმა ჩავუშოღლუმ და პირდაპირ განაცხადა, თურქეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს ამ მისწრაფებას.

„ამის საფუძველს იძლევა ის, რომ თურქეთის ინტერესებშია, მის ჩრდილოეთ საზღვრებთან იყოს მოკავშირე ქვეყანა. დღეს ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და, თუკი თანამშრომლობა თურქეთსა და საქართველოს შორის გაღრმავდება, განსაკუთრებით, სამხედრო-პარტნიორულ, სტრატეგიულ სფეროში, ეს თურქეთის ინტერესშია. რაც შეეხება აზერბაიჯანული მედიის განცხადებას, მსგავსი რამ ბევრი შეიძლება მოვისმინოთ, მაგრამ ეს სრულიად უსაფუძვლოა და სავსებით შესაძლებელია, ამის უკან დაინტერესებული ძალები იდგენენ. მათ შორის, ის ძალაც, რომელიც არც აზერბაიჯანშია, არც საქართველოშია. ალბათ, ხვდებით, ვისაც ვგულისხმობ“,-განაცხდა ირაკლი მენაღარიშვილმა.