„ბიძინა ივანიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, დაიწყება ლაპარაკი არაფორმალურ მმართველობაზე, რომ პრეზიდენტი ივანიშვილი საკუთარ ნებას ახვევს პარლამენტს“, -აცხადებს For.ge-სთან საუბარში ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი და განმარტავს, თუ რა მოხდება ბიძინა ივანიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში.
ცალკეული ექსპერტები და კონსტიტუციონალისტები ერთადერთ გამოსავლად მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს, რაც ჩვენს ქვეყანაში ინსტიტუციურ წესრიგს აღადგენს. მართლაც „დალაგდებიან თუ არა „ოცნების“ შიგნით მყოფი თინეიჯერები“ ყოფილი პრემიერის ამ ნაბიჯით?
- ეს არის მძიმე შეცდომა, რასაც გია ხუხაშვილი ამბობს. თუკი ინსტიტუციურ წესრიგზე ვსაუბრობთ, ამ ინსტიტუციური წესრიგისთვის მთავარია ის, რაც კონსტიტუციაში გვიწერია, ანუ საპარლამენტო რესპუბლიკა. საპარლამენტო რესპუბლიკაში კი ბიძინა ივანიშვილი რომ გახდეს პრეზიდენტი და იმ პოსტიდან შეეცადოს მთავრობისა და პარლამენტის დალაგებას, მაშინ სწორედ ივანიშვილი გამოვა კონსტიტუციური წესრიგის დამრღვევი. ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტს თავისი პოზიციიდან გამომდინარე, უკვე არავითარი ბერკეტი არ აქვს და არც შეუძლია, პოლიტიკაში ჩაერიოს. ის უნდა იყოს დისტანცირებული პოლიტიკისგან.
თუკი ბიძინა ივანიშვილს ამხელა ავტორიტეტი აქვს, პრეზიდენტი რომ გახდება, თავისი ავტორიტეტით ვერ ჩაერევა მთავრობის ან პარლამენტის საქმიანობაში?
- ეს ისევ კონსტიტუციის საწინააღმდეგო იქნება. ანუ რას გვთავაზობს გია ხუხაშვილი? რომ ბიძინა გახდეს ინსტიტუციური წესრიგის საფუძველი თავისი ავტორიტეტით? ეს ხომ იმთავითვე ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
ამ იდეის ავტორები ქვეცნობიერად ხომ არ ფიქრობენ, რომ ისევ ძველი კონსტიტუცია აღდგეს და ახლად მიღებული, ათასჯერ დაწუნებული კონსტიტუცია შეიცვალოს თუნდაც მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილებების კონტექსტში?
- თუ გია ხუხაშვილი ამას ამბობს, რომ გადავიდეთ ისევ საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე, მაშინ ბიძინას აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების შანსი დღესაც არის, კერძოდ, საპარლამენტო რესპუბლიკაშიც. მაშინ ივანიშვილი უნდა გახდეს ჯერ პარტიის აქტიური თავმჯდომარე (საპატიო თავდმჯდომარე ისედაც არის), მერე კენჭი იყაროს, შემდეგ პარლამენტის წევრი გახდეს ან თუნდაც პრემიერ-მინიტრად მოგვევლინოს ისევ. ეს არის უფრო მოკლე და რეალური გზა.
პრემიერად ხელახლა გახდომა რას შეცვლიდა და სურს კი მას ერთხელ უკვე გადადგმული ნაბიჯის ხელახლა გადადგმა?
- ბიძინა ივანიშვილს ნებისმიერ დროს შეუძლია პრემიერი გახდეს, მაგრამ ამას არ აკეთებს იმიტომ, რომ სწორედ ინსტიტუციური წესრიგის მომხრეა. ის ცდილობს, დღეს მოქმედი პოლიტოკოსების საქმიანობაში გარედან კი არ ჩაერიოს, არამედ თვითონ დალაგდნენ ისინი. ბიძინა დამლაგებელი კი არ არის, ახლა ზოგიერთები იმასაც ამბობენ, სკოლის მასწავლებელია ბიძინაო. არც სკოლის მასწავლებელი არ არის ის კაცი, გაანებონ რა თავი, ბიძინა სწორად იქცევა, ის დისტანცირებულია და ელოდება, რომ სიტუაცია თვითონ დალაგდება. პარტიები სანამ თვითონ არ დალაგდებიან და, სანამ გარედან რომელიმე პატრონზე იქნებიან დამოკიდებულნი, დაძაბულობა არ გაქრება. ჭიჭინაძის კონფლიქტიც სინამდვილეში ეს არის. ჭიჭინაძეს თავი აქვს წარმოდგენილი პატრონის კლიენტელად. თავის დროზე ასეთი პატრონი იყო ბიძინა ივანიშვილი და ჭიჭინაძეს ახლა ჰგონია, კვირიკაშვილიც ასეთივე პატრონი და ბიძინას ნაცვალია. ეს პატრონ-კლიენტალური ურთიერთობებია. აქედან გამომდინარე, ჭიჭინაძე სხვაგვარი წესრიგის წინააღმდეგია, რასაც ცდილობენ ახალგაზრდები თუ ძველგაზრდები, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რომ ეს პარტია დაალაგონ. აქ დისციპლინაზეა საუბარი და ორგანიზაციული ფორმის მიღებაზე. პარტია სწორედ წესრიგთან არის ასოცირებული, მას გარკვეული იდეების, გარკვეული პროგრამის, კონცეფციების გატარება სჭირდება. ჭიჭინაძეს რამე განსხვავებული კონცეფცია, პროგრამა არ აქვს, უბრალოდ, ვერ ეგუება იმას, რომ დაწერილი წესები გაჩნდეს. ეს არის მთელი კონფლიქტის თავი და თავი.
პატრონ-კლიენტალური ურთიერთობები ყველა პარტიას აქვს და ეს არის მთავარი პრობლემა. მართავს არა კანონი და წესები, არამედ მართავენ პიროვნული ურთიერთობები. ჭიჭინაძე ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს ბიძინასთან და კვირიკაშვილთან და ახლა რაღაც წესების წინააღმდეგია. ამას ამბობს, ძველი სახე ვარო, და რა წესები მინდაო.
ეს არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ წიაღში ძველი სახეების ბრძოლას ახალ სახეებთან? ეს ასაკობრივი დაპირისპირებაა?
- არა, ირაკლი კობახიძე რომელი ახალი სახეა? ვინც ამას ამტკიცებს, მან ისტორია არ იცის. ირაკლი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთაგანია. ის უარღესად აქტიური იყო. „ოცნების“ საარჩევნო პროგრამა რომ კეთდებოდა, იმთავითვე სერიოზული მონაწილეობა აქვს მიღებული იმ საარჩევნო პროგრამის შექმნაში. შემდეგ ის აქტიურად მონაწილეობდა პირველსავე არჩევნებში, დუშეთის არჩევნებმა მის ზურგზე გადაიარა.
ბიძინა ივანიშვილი ერთხელ უკვე იყო აქტიურ პოლიტიკაში. ახლა მას დარჩა იმის რესურსები, რომ პირვანდელი ეფექტი მოახდინოს აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებით?
- იგი ერთხელ უკვე იყო პოლიტიკაში, ბიძინას აქვს უზარმაზარი გავლენა და ავტორიტეტი. სამწუხაროდ, ჩვენი პოსტსაბჭოური სისტემა ისეთია, რომ ბიძინა აღიქმებოდა არა მხოლოდ ლიდერად ამ პარტიის, როგორც ევროპული გაგებითაა ლიდერი, არამედ აღიქმებოდა პატრონად. პატრონი-კლიენტი, პატრონი-ყმა, ასეთი ურთიერთობები იყო. ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეთ. ბიძინას უზარმაზარი ავტორიტეტი ყოველთვის ექნება, მაგრამ პოლიტიკაში მისი დაბრუნებით ინსტიტუციური წესრიგი კი არ გვექნება, არამედ ბიძინა გვეყოლება. ეს უნდა დამთავრდეს. ბიძინამ ეს გზა მონახა, თვითონ იმიტომ გაეცალა არენას, რადგან ინსტიტუციური წესრიგის მომხრეა. სხვათა შორის, ზაზა პაპუაშვილმა გააკეთა სწორი კომენტარი, არ შეიძლება, ამ ერთ კაცზე, ყოჩია იგი, ლიდერი თუ პატრონი, ჩამოკიდებული იყოს მთელი პოლიტიკა.
„ქართული ოცნება“ უნდა გაიზარდოს, პოლიტიკურ პარტიად, სტრუქტურირებულ ევროპული ტიპის პოლიტიკურ პარტიად უნდა შედგეს. თუ „ოცნებამ“ ეს ვერ მოახერხა და ჭიჭინაძის გზას დაადგა ისევ, ეს იგივე გზაა, რაც გაიარა ყველა მისმა წინამორბედმა - ზვიადის დროსაც ასე იყო, შევარდნაძისა და სააკაშვილის დროსაც ასე იყო. არც „მრგვალი მაგიდა“ იყო პარტია, არც „მოქალაქეთა კავშირი“, არც „ნაციონალური მოძრაობა“. ესენი იყვნენ ტიპური კლიენტელები. კლიენტელა არის პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით პატრონის გარშემო შემოკრებილ ადამიანთა ჯგუფი, სადაც ურთიერთობები წესებს კი არ ეფუძნება, არამედ პირად დამოკიდებულებას. პირადი ურთიერთობა როგორიც გაქვს პატრონთან, ისე ხარ შენც. ჭიჭინაძეს ეს უნდა, წესების შემოღება იმიტომაც არ სურს.
ამ კონსტიტუციით, პრეზიდენტის ინსტიტუტი დამცრობილია, მაგრამ იქნებ, ამ დამცრობილი საპრეზიდენტო მმართველობის პირობებშიც კი უკეთესი კანდიდატურა ვერ ნახეს და ისევ ბიძინას კანდიდატურას, თუნდაც უფუნქციო საპრეზიდენტო ამპლუით დაუწყეს ძებნა?
- ახლა არის სხვა პოლიტიკური სისტემა, საპარლამენტო რესპუბლიკა, კოლეგიალური მართვის რეჟიმი. მართავს არა ერთი კაცი, რომელიც ხალხისგანაა არჩეული, არამედ მართვის მანდატი ჩაბარებული აქვს ადამიანთა ჯგუფს, გუნდური, კოლეგიალური პრინციპით. საპარლამენტო რესპუბლიკაში სწორედ პოლიტიკური პარტიები არიან მთავარი სუბიექტები. ეს პოლიტიკური პარტიები თუ არ დალაგდებიან, ინსტიტუციურად თუ არ გაიზრდებიან, წესებს თუ არ დაექვემდებარებიან, არაფერი გვეშველება. საპრეზიდენტო რესპუბლიკაში კი მმართველობის მთელი ვერტიკალი დაფუძნებულია მანდატირებულ პრეზიდენტზე, პლებისციტირებულ ქვეყნის ლიდერზე, ეს სისტემა უკვე შეიცვალა. რომელი სისტემა ჯობს, ეს ცალკე თემაა და დიდი განხილვა სჭირდება. ევროპაშიც ასეა მიღებული, ერთი კაცი კი არ მართავს, არამედ ბევრი ადამიანი მონაწილეობს მართვაში. ახლა უკუღმა გვთავაზობენ. ახალი კონსტიტუციის პირობებში ძალიან არასერიოზულია ბიძინას განხილვა პრეზიდენტის პოსტზე.
გულისხმობთ იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ძლივს გაასწრო და ჩამოშორდა აქტიურ პოლიტიკას პრემიერის რანგში?
- დიახ და ასეთი ვარიანტი არც განიხილება საერთოდ. ზუსტად ვიცი, ეს საკითხი პარტიის შიგნით არც განიხილება. ისეთი ავტორიტეტული ადამიანი, როგორიც ბიძინაა, ისეთ პოსტზე, რომელიც მმართველობით გადაწყვეტილებებში ვერ ჩაერევა, შეუძლებელია იყოს. ეს კონსტიტუციიდან გამომდინარე სრულიად გაუგებარი იქნება. ამ პოსტზე მისი ადგილი არ არის. თუ ის პოლიტიკაში დაბრუნდება, დაბრუნდება ისეთ ადგილზე, სადაც გადაწყვეტილების მიღების ბერკეტები ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიწყება ლაპარაკი არაფორმალურ მმართველობაზე, რომ პრეზიდენტი (ბიძინა ივანიშვილი) საკუთარ ნებას თავს ახვევს პარლამენტს. საფუძველიც ექნებათ ამის, რადგან მართლა ექნებათ არაფორმალური მმართველობის დამამტკიცებელი საბუთები, რაც კონსტიტუციის საწინააღმდეგოა და ყველანაირი ინსტიტუციური წრისთვის დამანგრეველია.
ფიქრობთ, რომ ცარიელ ადგილს სთავაზობენ ბიძინა ივანიშვილს უფუნქციო პრეზიდენტობის სახით?
- ბიძინა ივანიშვილს სთავაზობენ ისეთ პოსტს, რომელიც კონსტიტუციას დაანგრევს. ეს ძალიან დამაბნეველია. ინსტიტუციური წესრიგის საფუძველი ან ბიძინა, ან სხვა ვინმე კი არ არის, არამედ კონსტიტუციაა. საქართველოში მთავარი პრობლემაა, რომ პარტიები შედგნენ, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავარი სუბიექტები არიან პარტიები, რომლებიც მერე უნდა მოხვდნენ პარლამენტში და პარლამენტიდან ჩამოაყალიბონ მთავრობა. თუ პარტიები არ გაიზარდნენ, არ ჩამოყალიბდნენ პარტიებად და დარჩნენ ისევ კლიენტელებად, მაშინ ეს საპარლამენტო რესპუბლიკა არ შედგება და მარტო ოცნებაში დარჩება. სულ ყოველთვის დასჭირდებათ ვინმე გარედან, ან მითითება იქნება მიშაზე, რომ მიშა ჩამოვა და გვეშველება, ან ბიძინა დაბრუნდება და გვეშველება. ეს აბსურდია და არ გამოვა.