„თავად ბიძინა ივანიშვილს რომ ეყარა კენჭი პრეზიდენტად, ერთადერთი, ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური გადაწყვეტილება, რაც ინსტიტუციურ წესრიგს აღადგენდა ამ ქვეყანაში და რაღაც შანსს გააჩენდა. ივანიშვილი ლეგალურად რომ გამხდარიყო სახელმწიფოს მეთაური, ამით ინსტიტუციური წესრიგი აღდგებოდა და შანსები გაჩნდებოდა, რომ ჩვენ დავუბრუნდებოდით დემოკრატიული განვითარების გზას“,-აცხადებს For.ge-სთან საუბარში ექსპერტი გია ხუხაშვილი და მიიჩნევს, რომ ივანიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, „თინეიჯერები დალაგდებიან“.
მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ ძველ შემადგენლობას არ მოსწონს გადამწიფებული თინეიჯერების დომინირება პარლამენტში. კიდევ სხვა ამბიციებიც აქვთ ამ თინეიჯერებს, კერძოდ, კობახიძის ჯგუფს, ეკრანებზეც ისინი არიან, პარლამენტშიც ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს. ეს საკმაოდ მცირერიცხოვანი ჯგუფია, ამ ჯგუფს არც კომპეტენცია აქვს, არც დამსახურება და, ბუნებრივია, სწორედ ეს იწვევს უმრავლესობის უმრავლესობაში პროტესტის გრძნობას. ისინი ხედავენ, რომ ეს ხალხი არაფრით იმსახურებს იმას, რაზეც პრეტენზია აქვთ. ასე რომ, ეს „ოცნების“ წიაღში ქვედა დონის წინააღმდეგობაა.
„სახელმწიფოებრივად არაფერს ნიშნავს, ვინ გაძლიერდება შიგნით და ვინ დასუსტდება, საერთოდაც, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, რადგან იქ არც ერთი ლიდერის გენერირება არ მომხდარა. აქ საინტერესოა მხოლოდ ის, „ოცნების“ შიგნით დიდი ბოსტანი ვის ექნება და ვის ექნება პატარა ბოსტანი. ესკალაცია, ტემპერატურის აწევა გაგრძელდება მანამ, სანამ საპრეზიდენტო კანდიდატი არ გამოიკვეთება. ამ ჯგუფების დღის წესრიგი არის სწორედ საკუთარი პრეზიდენტობის კანდიდატის ლობირება. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი პიკს მიაღწევს.
საქმეს იქამდე მიიყვანენ, რომ მერე ბიძინამ მიაქციოს ამას ყურადღება და სიტუაცია დაალაგოს. ბავშვები რომ საბავშვო ბაღში იჩხუბებენ, აღმზრდელიც მივა და სიტუაციას დაალაგებს, ამას წაუთაქებს, იმას წამოუთაქებს. აქეთკენ მიჰყავთ სიტუაცია. ეს არ არის სახელმწიფოებრივი სკანდალი, ეს არის შიდა გარჩევები, რომელიც უნდა დამთავრდეს მომრიგებელი მოსამართლის მიერ სიტუაციის ჩაცხრობით. აქამდე იმიტომ მიჰყავთ სიტუაცია, რომ ბიძინა ბიძია არ ელაპარაკება და არ ინტერესდება მათი ბედით. ამით არიან დაზაფრულები და ცდილობენ, ტემპერატურა იმდენად ასწიონ, ბიძინას ყურამდე მივიდეს ეს ყველაფერი და სიტუაცია მერე იმან დაალაგოს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, როგორი დამოკიდებულებაც არსებობს საზოგადოებაში ბიძინა ივანიშვილის მიმართ, იმ თანამდებობაზე, რომელსაც ჰქვია საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ანუ პრეზიდენტი, ივანიშვილი შეძლებს სტაბილური პოლიტიკური სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებას. მას ექნება მორალური ავტორიტეტი და სამართლებრივი მანდატი მიღებული ხალხისგან, რათა დაალაგოს ის ურთიერთობები, რომელიც ვერა და ვერ დალაგდა უმაღლეს ორგანოთა შორის.
„მე ბატონ გია ხუხაშვილზე ადრე ვთქვი, რომ ერთადერთი სერიოზული ან დამაჯერებელი გამოსავალი, რათა ინსტიტუციური სისტემა ეფექტურად ამოქმედდეს, არის ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში. ეს აზრი იმ პერიოდში გამოვთქვი, როცა ახალი გადამდგარი იყო ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან. ახლაც გავიმეორებ იმას, რასაც ბევრი ექსპერტი, მათ შორის, გია ხუხაშვილი, ლევან ბოძაშვილი და სხვები თვლიან, რომ ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში ახლაც შესაძლებელია და სასურველიც არის პრეზიდენტის ამპლუაში. კარგი იქნება, თუკი იგი იყრის კენჭს პრეზიდენტად. დარწმუნებული ვარ, მას აირჩევს უმრავლესობა. მიუხედავად იმისა, თითქოს დიდი ბერკეტები არ აქვს საქართველოს პრეზიდენტს ახალი რედაქციის მიხედვით, ის მაინც შეძლებს, აამოქმედოს ის საპარლამენტო რესპუბლიკა, რომელიც არის ახალი რედაქციით დამტკიცებული“, - აღნიშნა ავთანდილ დემეტრაშვილმა და შეკითხვის საპასუხოდ, აქტიური პოლიტიკით გაბეზრებულ ივანიშვილს ექნება კი სურვილი პრეზიდენტის ამპლუაში მოგვევლინოს, განმარტა, „რა თქმა უნდა, არ ექნება ასეთი სურვილი, მაგრამ საზოგადოებას სჭირდება მისი დაბრუნება არა როგორც ბელადის, არამედ იმ პარტიის დამფუძნებლის, რომელიც დღესდღეობით მმართველია. ამ პარტიას შეუძლია პოზიტიური ნაბიჯები გადადგას ქვეყნის განვითარების გზაზე“.
კონსტიტუციონალისტის თქმით, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ვერავინ დაავალდებულებს, დაბრუნდეს პოლიტიკაში, მაგრამ სასურველია, სწორედ მან იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე, რადგან მისი ავტორიტეტი გაცილებით მაღალი იქნება, როცა ის მანდატს ხალხის უმრავლესობისგან მიიღებს.
„მას პრეზიდენტის თანამდებობაზეც შესაძლებლობა ექნება, უზრუნველყოს პრემიერის, პრეზიდენტისა და მთავრობის ნორმალური ფუნქციონირება. რაც შეეხება თინეიჯერების პრობლემას „ქართულ ოცნებაში“, რომლებიც „უნდა დალაგდნენ ბიძინას გაპრეზიდენტების შემთხვევაში“, მე მათ ასე არ დავყოფდი, რომ ესენი არიან თინეიჯერები, ახლები ან ძველები. ალბათ, აქ უფრო საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე უნდა ვიფიქროთ და ლიბერალური დემოკრატიისადმი დამოკიდებულებაზე. არ ვიცი, მიაქციეთ თუ არა ყურადღება იმ ფაქტს, რომ ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევისთანავე თითქმის ყველა საპარლამენტო მუდმივ კომიტეტში სწორედ მისი მომხრეები აირჩიეს. ის კი არა, მიუხედავად იმისა, რომ გია ვოლსკის ჰქონდა მორალური უფლება, პრეტენზია განეცხადებინა პირველ ვიცე-სპიკერად, მაინც არჩეულ იქნა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ასოცირებულია თინეიჯერად. არა მგონია, აქ ღრმა კრიზისი იყოს, ეს ყველაფერი დალაგდება სამომავლოდ პრეზიდენტის არჩევის შემდეგ. პრეზიდენტის არჩევამდე კი შეიძლება გართულდეს სიტუაცია ქვეყანაში, ვინაიდან პირობითად რომ ვთქვათ, ახლებსა და ძველებს, ალბათ, თავისი პრეფერენციები, თავისი პრიორიტეტები ექნებათ კანდიდატურების შერჩევის პროცესში. არ მინდა ამაზე ვისაუბრო, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, უკვე არის კიდეც რამდენიმე კანდიდატურა „ქართულ ოცნებაში“, რომელთა მომხრეებიც ეცდებიან გაიყვანონ თავიანთი საპრეზიდენტო კანდიდატურა“.