„მარტივი სქემაა: დამოუკიდებლობით დაღლილებმა უძღები შვილის მონანიებით უნდა მივაშუროთ „მშობლიურ“ სამყაროს“

„მარტივი სქემაა: დამოუკიდებლობით დაღლილებმა უძღები შვილის მონანიებით უნდა მივაშუროთ „მშობლიურ“ სამყაროს“

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი აცხადებს, რომ ჰიბრიდული ომის პირობებში სახიფათონი არიან არა მხოლოდ რუსული იდეის ღიად მატარებელი პერსონები, არამედ ისინიც, ვინც მათ მიერ შემოთავაზებული ევროამერიკული ცხოვრების სტანდარტებით ამ სამყაროს მიმართ, სულ მცირე, გაუცხოვებას იწვევენ. ფილოსოფოსის შეფასებით, რაც უფრო გამწვავდება დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა, მით უფრო ამოქმედდება დაკონსერვებული თუ დაუკონსერვებელი აგენტურა.

for.ge ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

სუს-ის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა. ანგარიშის თანახმად, გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობები, ქვეყანაში გააძლიერონ და გააფართოონ პოლიტიკური გავლენის ინფრასტრუქტურა. ბატონო ზაზა, რამდენად რთული და საყურადღებოა ანგარიშის ეს ნაწილი და საქართველოს სპეცსამსახურებს აქვს კი ბერკეტი გაუმკლავდნენ ამ საფრთხეს?

ზაზა ფირალიშვილი: შეიძლება არ გახსოვდეთ და 1995 წელს რუსულ პრესაში გამოქვეყნდა კგბ-ს ყოფილი გენერლის მიხაილ ლიუბიმოვის წერილი „ოპერაცია გოლგოთა. გარდაქმნის საიდუმლო გეგმა“. მასში საუბარი იყო იმაზე, თუ რა გეგმით აპირებდა იური ანდროპოვი საბჭოთა იმპერიის გადარჩენას. მისი აზრით, განახლების სახელით უნდა გამოეწვიათ ძლიერი, თუმცა მართვადი საზოგადოებრივი სტრესი, ამასთან ერთად, პროვოცირებული უნდა ყოფილიყო იმ სამყაროს სრული მიუღებლობა, რომელშიც იმპერიის ნამსხვრევები აღმოჩნდა და ყველაფერი ეს უნდა დასრულებულიყო იმპერიის აღდგენისაკენ მიმართული საერთო-სახალხო ნების გაღვიძებითა და მობილიზებით. ვფიქრობ, სქემა ნაცნობია.

რამდენადაც კომუნიზმის იდეის რეაბლიტაცია შეუძლებელი იყო, წინა პლანზე მართლმადიდებელი იმპერიის რეანიმაციის იდეა აღმოჩნდა. საქართველო ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც მას სრული გაქანებით ამუშავებენ. მარტივი სქემაა: დამოუკიდებლობით დაღლილებმა და ჩვენთვის „უცხო“ სამყაროთი შეშინებულებმა უძღები შვილის მონანიებით უნდა მივაშუროთ „მშობლიურ“ სამყაროს. უკან მიბრუნების იდეა უკვე 90-იან წლებში გაისმოდა, თუმცა შედარებით იშვიათად. ჩემი თაობის ადამიანებს კარგად ეხსომებათ ეროვნული მოძრაობის ის რამდენიმე წარმომადგენელი, ერთ მშვენიერ დღეს ხმამაღლა რომ აცხადებდნენ „მასონური დასავლეთის“ გამო თავისი გულგატეხილობის შესახებ.

დღეს ეს უკვე ხშირად ისმის. უფრო მეტიც: შესაძლებელი გახდა, აღძრულიყო დისკუსიები დამოუკიდებლობის გაგებისა თუ საგარეო ორიენტირების თაობაზე. ასე პერიოდულად მოსინჯავენ ხოლმე, რამდენად პოპულარული შეიძლება იყოს ქართულ სივრცეზე რუსული იდეა. ამ მოსინჯვას კი იმდენი ფორმა შეიძლება ჰქონდეს, რამდენსაც ჩვენი ფანტაზია დაიტევს - დაწყებული ნიჰილიზმისა და უიმედობის დანერგვით და იმ „რადიკალური ვესტერნიზმით“ დამთავრებული, დასავლური ცხოვრების მიუღებელ ფორმებს რომ შემოგვთავაზებს მთელი სერიოზულობით და ამით გაგვაუცხოვებს ამ სამყაროსაგან.

გავიხსენოთ, თუნდაც, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვების შესახებ დისკუსიები. ის, ვინც ამ დისკუსიების პროვოცირებას ახდენს, ან იცის, თუ როგორი მიუღებელია ჩვენი დღევანდელი კულტურისათვის ეს ფენომენი და გაღიზიანებისა თუ აღშფოთების გამოსაწვევად ხანგამოშვებით საგანგებოდ შემოგვიგდებს ხოლმე მას, როგორც ევროამერიკული ცხოვრების ფუნდამენტურ ნორმას ან, უბრალოდ, ზერელე სნობიზმით იმეორებს „პრესტიჟულ“ და „პროგრესულ“ იდეას. ამ ცოტა ხნის წინ ერთმა ისიც კი მოგვახსენა, რომ ჩვენ უნდა დავუშვათ ეს ნორმა, ხოლო საზოგადოება, თურმე, თანდათან შეეგუება მას. იმის განსჯა, თუ რითი განსხვავდება ასეთი დამოკიდებულება ბანალური ბოლშევიზმისაგან, თქვენთვის მომინდვია.

ამიტომაც ვამბობ, რომ ჰიბრიდული ომის პირობებში სახიფათონი არიან არა მხოლოდ რუსული იდეის ღიად მატარებელი პერსონები, არამედ ისინიც, ვინც მათ მიერ შემოთავაზებული ევროამერიკული ცხოვრების სტანდარტებით ამ სამყაროს მიმართ, სულ მცირე, გაუცხოვებას იწვევენ. ვინც გაეცნო რომის კლუბის მიერ გამოქვეყნებულ საიუბილეო დოკუმენტს აღმოაჩენდა, რომ დღევანდელი დასავლური ცხოვრების მთავარ ნაკლად მისი წარმომადგენლები ღირებულებებზე ორიენტირების დეფიციტსა და ღირებულებით რელატივიზმს მიიჩნევენ - სწორედ იმას, რაც ჩვენში ბევრს თანამედროვე ცხოვრების ნიშნად მიუჩნევია.

იმასაც დაინახავდა, რომ დასავლეთის მრავალი გავლენიანი ადამიანი შეაწუხა მსოფლმხედველობრივი ცხოვრების გადატანამ „მსოფლმხედველობათა ბაზრის“ ენაზე და ხედავენ, თუ როგორ აღატაკებს ეს თავად ადამიანის იდეას. არადა, რომის კლუბში დღევანდელი მსოფლიოს პოლიტიკური, ბიზნესის და სამეცნიერო ელიტის წარმომადგენლებია გაერთიანებული. მოკლედ, როგორც ბევრ რამეში, აქაც მთელი ფაზით ჩამოვრჩით ევროპელებს. კარგია, რომ სუსმა საფრთხეების იდენტიფიცირება საჯაროდ მოახდინა.

რას გვაძლევს საფრთხეების იდენტიფიცირება?

– ეს შეიძლება ძალზე მნიშვნელოვან სიგნალად იქცეს იმისთვის, ვინც დააბნია ჩვენში აღძრულმა მსოფლმხედველობრივმა ქაოსმა. ნამდვილად ვერ გეტყვით, რა სამართლებრივ თუ ოპერატიულ ბერკეტებს ფლობს სუსი. ალათ, მის ბერკეტებზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საზოგადოების კრიტიკულად დიდ ნაწილს ესმოდეს საფრთხე და წინააღმდეგობის გაწევის ნება ჰქონდეს. თავად საზოგადოებაში უნდა იარსებოს ნებამ. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსული სპეცსამსახურები თავის მიზანს მიაღწევენ და ქვეყანაში პოლიტიკური და მსოფლმხედველობრივი რელატივიზმის ატმოსფერო გაბატონდება.

ეს კარგად იციან ჩვენმა მტრებმა. მათი მიზანია, გაანადგურონ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინსტიტუციების მიმართ ნდობა და, სამწუხაროდ, ხშირად ნაყოფიერი ნიადაგი ხვდებათ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის უგვანი ნაწილის სახით. დღეს, დღევანდელ სამყაროში ჩვენისთანა პატარა და ჯერაც დაუმკვიდრებელი სახელმწიფოსათვის ორიენტირთა და ღირებულებათა აღრევა რომ დამღუპველია, კარგად იციან ჩვენმა მტრებმა. იმპერიას რამდენიმე საუკუნის გამოცდილება აქვს, თუ როგორ უნდა ჩართოს მცირე ერებში თვითგანადგურების რეჟიმი და ხშირად წარმატებითაც იყენებს ამ ცოდნას.

სახელმწიფოებრივი ნიჰილიზმი, ურთიერთუნდობლობა, მუდმივი სამიტინგო აჟიოტაჟი, რომელიც ბევრს თავისი არსებობის მნიშვნელობის განცდას აძლევს, მაგრამ ანგრევს იმ მცირედსაც კი, რისთვისაც მიგვიღწევია, პესიმიზმის არტისტული ნიღაბი და ა.შ. ამ რეჟიმის განზომილებებია. ადრე თუ ქართულ არისტოკრატიას სთავაზობდნენ თვითრეალიზებისათვის დიდ იმპერიულ ასპარეზს, დღეს იმავეს ქართული ხელოვნების წარმომადგენლებს სთავაზობენ, და ა.შ. რაც მთავარია, ყველაფერ ამას აკეთებს ისევ ჩვენი ხელებით, ჩვენი მეშვეობით. იმედი აქვთ, რომ მთავარია ეს რეჟიმი ჩართონ და მერე ყველაფერს ჩვენვე გავაკეთებთ.

მაგრამ მათ ისიც უწყიან, რომ ჯერაც საკმაოდ ძლიერია ჩვენი ნება ჩრდილოური ირაციონალური ბარბაროსული პოლიტიკის ორბიტიდან გასვლისა და რომ დღეს ხელისუფლების სათავეში ვინც არ უნდა აღმოჩნდეს, ამ ნებას ვერ დაუპირისპირდება. მოკლედ რომ ვთქვა, არავინ დავობს, რომ დასავლეთს ბევრი ნაკლი აქვს. მაგრამ თუკი ვითარებას უმცირესი ბოროტების პრინციპით შევხედავთ, ძნელი წარმოსადგენია, ჩრდილოელებისათვის სასურველი სურათი ვიხილოთ.

საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა უცხო ქვეყნების იმ სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობას, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს წინააღმდეგჰიბრიდული ომისწარმოებაში. მათ მიერ შემუშავებული ტაქტიკა გამოირჩევა მრავალფეროვნებით და მიმართულია ქვეყანაში ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ვიცით, რომ საქართველოს წინააღმდეგჰიბრიდული ომისწარმოებაში ჩართულია რუსეთი, მაგრამ ვინ და რა ჯგუფი არის მისი საყრდენი საქართველოში და რამდენად ძლიერი ეს ჯგუფი?

– ამ ჯგუფის შემადგენლობისა და სიძლიერის შესახებ მე მხოლოდ შედეგებით შემიძლია მსჯელობა. აშკარაა, რომ რაც უფრო გამწვავდება დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა, მით უფრო ამოქმედდება დაკონსერვებული თუ დაუკონსერვებელი აგენტურა, მით უფრო გააქტიურდებიან ის ადამიანები, ვისაც საბჭოთა კორუფციისა და საყოვეთაო ქურდობის ეპოქაში ხეირი ჰქონდათ ან გადმოცემით იციან ამ ხეირის შესახებ. სუს-მა პრობლემის იდენტიფიცირება მოახდინა და, ალბათ, ხდება იმ პერსონების იდენტიფიცირებაც, რომელთა მეშვეობითაც რუსული პროექტების მხარდაჭერა ხდება ჩვენში. ეს მათი გასაკეთებელი საქმეა.

რაც ადასტურებს ლუსტრაციის კანონის შემოღების აუცილებლობას?

– მესმის, რომ ლუსტრაციის სამართლებრივი მექანიზმების შემოღება ძალზე ძნელი საქმეა. საბჭოთა ეპოქაში უშიშროების აგენტურის მასშტაბების შესახებ მიახლოებული წარმოდგენა რომ შევიქმნათ, გაგახსენებთ, რომ ესტონეთში ლუსტრაციის კანონის შემოღებას, როგორც მახსოვს, 40 000 აგენტის მხილება მოჰყვა. არადა, ესტონეთის მოსახლეობა ჩვენსაზე სამჯერ მცირეა. მაგრამ საკითხის დასმას იმის შესახებ, თუ ვინ აღმოჩნდა რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში, ვფიქრობ, არაფერი უშლის ხელს.

პრობლემა ისიც არის, რაც არაერთხელ მითქვამს: ჩვენი პროგრესისტები მნიშვნელოვანმა ნაწილმა ეროვნული იდეა თანამედროვე ღირებულებებთან შეუთავსებლად მიიჩნია და იგი, როგორც „ჩამორჩენილობის ნიშანი“ პრორუსულად განწყობილ საზოგადოებას გადააბარა და თავად განსაჯეთ, როგორი სამოქმედო სივრცე მიეცათ ამით რუსულ სპეცსამსახურებს.

მოგეხსენებათ, რომ აშშ- სასანქციო სიაში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, „გაზპრომისხელმძღვანელი და ცნობილი ბიზნესმენები მოხვდნენ. აშშ ღიად აცხადებს, რომ რუსეთი არასდროს იქნება ამერიკის მეგობარი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვსურს მასთან მუშაობა. აშშ-ის თავდაცვის მდივანის ჯეიმს მეტისის განცხადებით, რუსეთმა თავად აირჩია აშშ-სტარატეგიული მეტოქისროლი და მისი ბრალია, რომ დაახლოების ყველა მცდელობა წარსულს ჩაბარდა. გაზრდილი სანქციებისა და მძიმე დაპირისპირების ფონზე იგეგმება ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა. ბატონო ზაზა, რას ელოდებით ამ შევხედრისგან, რომელსაც მსოფლიო ელოდება?

– ბოლო დღეების განმავლობაში სიტუაცია ისე შეიცვალა, რომ უახლოეს მომავალში შეხვედრა აზრს კარგავს. სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება სირიაში პუტინის, როგორც საერთაშორისო დამნაშავის იმიჯს აყალიბებს. პოლიტიკურ ბანდიტთან დიალოგი კი, მით უმეტეს, როდესაც ეს უკანასკნელი თალთმაქცურადაც კი არ ანელებს რიტორიკას, შეუძლებელია. ამგვარ შეხვედრას სერიოზული მომზადება უნდა. და სამი მოკავშირის იერიში ამ მომზადების მნიშვნელოვანი ნაწილია. სამწუხაროდ, ეს ერთადერთი ენაა, რომელიც დღეს შეიძლება პოლიტიკური მითებით გაჯერებულმა რუსულმა პოლიტიკამ გაიგოს.

ვფიქრობ, დასავლეთში კარგად ხედავენ, თუ როგორ ამეტყველდა რუსული საზოგადოებრივი აზრი გასული საუკუნის 30-იანი და 40-იანი წლების გერმანიისათვის დამახასიათებელ მისტიკური გეოპოლიტიკის ენაზე. რუსული მასმედია გადავსებულია მითებით რუსების არიული წარმოშობის და სხვა მსგავსი მითოლოგემებით. დღეს ყველაფერ ამას აგვირგვინებს პუტინის მრჩეველი და დღევანდელი რუსული შოვინიზმის იდეოლოგიური მამა ალექსანდრე დუგინი, რომელიც რეგულარულად აპელირებს იმ შიიტურ გადმოცემაზე, რომლის თანახმადაც მეთორმეტე ფარული იმამი მაჰდი ბოროტების ძალების ლიდერს დადჯალს სწორედ დამასკოს სიახლოვეს დაამარცხებს და სასწაულებრივ იარაღს მას ზეციდან გადმოსული ისა გადასცემს.

ამ გადმოცემაში ხედავს ის მართლმადიდებლობისა და შიიზმის იდუმალი, მისტიკური სოლიდარობის იდეას. როდესაც მცირერიცხოვან ხალხებში ცირკულირებს მსგავსი თეორიები, კიდევ არაფერი, მაგრამ როდესაც საქმე ბირთვული იარაღის მფლობელ საზოგადოებასთან გვაქვს, ეს უკვე სერიოზული საფრთხეა. როდესაც რაციონალური პოლიტიკის ადგილს მისტიკური ნაციონალიზმი და ფუნდამენტალიზმი იკავებენ, ძნელია რაიმე დიალოგზე საუბარი. ლოკალური ძალისმიერი აქციები და ეკონომიკური ბერკეტები დღეს ერთადერთია, რასაც რუსეთის ამ თრობისაგან გამოფხიზლება შეუძლია. სამწუხაროა, მაგრამ ასეა. 2008 წლის ომმა და ყურიმის ოკუპაციამ რუსული პოლიტიკა რაციონალური აზროვნების ფარგლებს გარეთ გაიყვანა.

შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია ჩიხშია?

– სიტუაცია პუტინისათვის ჩიხურია. ერთი მხრივ, არიან რუსი ოლიგარქები, რომლებიც მისი პოლიტიკის წყალობით ყოველდღიურად მილიარდებს კარგავენ, ხოლო მეორე მხრივ სამხედროები, რომლებიც „სამხედრო პატრიოტული“ რომანტიკის ტყვეობაში არიან. პუტინმა თავად გააღვიძა ის ურჩხული, რომელსაც თუ არ დააკმაყოფილებს, ემსხვერპლება. ამიტომაც, ვფიქრობ, ამერიკელების მიზანია არა მხოლოდ პიროვნულად პუტინის დამარცხება, არამედ იმის გარანტირებაც, რომ მის ადგილს ვინმე კიდევ უფრო ოდიოზური არ დაიკავებს. საკმაოდ რთული სიტუაციაა და ამიტომაც შეხვედრაზე და მის შედეგებზე ლაპარაკი ძნელია.

პუტინმა ქიმიური იარაღის გამოყენებით აღადგინა პოლიტიკურ მეტოქეებთან ბრძოლის ის მეთოდი, რომელსაც სტალინი იყენებდა ევროპაში გაქცეულ პოლიტიკურ მტრების, განსაკუთრებით ე.წ. თეთრი ემიგრაციის წინააღმდეგ. ასეთმა მექანიზმმა კი, თუ დროზე არ შეაჩერეს, ინერცია იცის. არ არის გამორიცხული, რომ დასავლეთ ევროპის შემდეგ ეს მეთოდი განმეორებული იქნას შედარებით უფრო „პერიფერიულ“ ქვეყნებში იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც რუსულ პოლიტიკას ხელს უშლიან, რაც, მისი აზრით, დასავლეთისათვის ნაკლებად მტკივნეული და შესამჩნევი იქნება.

საპრეზიდენტო არჩევნებია საქართველოში. არ ვიცით ვინ იქნება მმართველი გუნდის კანდიდატი, მაგრამ სავარაუდოდ მარგველაშვილი დარეგისტრირდება როგორც კანდიდატი, ამ დრომდე უცნობია მას რომელი პოლიტიკური ჯგუფი დაუჭერს მხარს. თითქოს პრეზიდენტი არ არის მნიშვნელოვანი ფიგურა და რომც წააგოს, დიდი დანაკლისი არ იქნება მმართველი გუნდისთვის, მაგრამ სიმბოლური დანაკლისი იქნება, თუკი წაგების დაღის ნიშანი დაედება მმართველ გუნდს და ეს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს?

– ამ კითხვას მხოლოდ მოკლედ ვუპასუხებ. ცხადია, პრეზიდენტს აღარ გააჩნია აღმასრულებელი ფუნქციები, მაგრამ მისი ახალი ფუნქცია - უმაღლესი არბიტრისა და მორალური ლიდერისა - არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის. თუმცა კი ამ ფუნქციის გააზრება საკმაოდ მაღალ პოლიტიკურ კულტურას მოითხოვს. ამ ეტაპზე არც ერთ მთავარ პოლიტიკურ ჯგუფში არ გამოკვეთილა შესაძლო კანდიდატი. ამასთან, გავრცელდა ხმა, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები საერთო კანდიდატზე ფიქრობენ შეთანხმებას. თუ ასეა, ცუდი არ იქნება. ჩვენთვის უკვე ტრადიციულად იქცა აზრი, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების თანამშრომლობა მხოლოდ მანკიერი რამ არის. არადა, პოლიტიკური ძალების კონსესუსის გარეშე ქვეყანა ადგილიდან ვერ დაიძვრება. დემოკრატია მხოლოდ ურთიერთდაპირისპირებასა და პოლიტიკური ცხოვრების გლადიატორთა ბრძოლად გადაქცევას არ ნიშნავს. ასეთი კონსესუსი უნდა არსებობდეს საგარეო პოლიტიკაზე, საშინაო პოლიტიკის ბევრ საკითხზე და მნიშვნელოვანია, არსებობდეს ქვეყნის უზენაესი არბიტრის თემაზეც. მას ამა თუ იმ ხარისხით პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების დიდი ნაწილი უნდა ენდობოდეს. პრეზიდენტის ინსტიტუტი დღეს საგანგებო გამყარებას მოითხოვს და ის არ უნდა ვაქციოთ მიმდინარე და მოკლევადიანი ინტრიგების მსხვერპლად.