სახიფათო „ხავერდოვანი რევოლუცია“

სახიფათო „ხავერდოვანი რევოლუცია“

კვირაზე მეტია, სომხეთში დაუმორჩილებლობის მოძრაობა მიმდინარეობს, რომელშიც რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს. ორგანიზატორები მოძრაობას „ხავერდოვან რევოლუციას“ უწოდებენ, თუმცა, უცნობია, რამდენად გადაიზრდება პროტესტი რევოლუციაში.

მოძრაობის ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი თვლის, რომ გაიმარჯვებს ის, ვინც ნერვების ბრძოლებს მოიგებს. პერმანენტული აქციები დედაქალაქში ტრანსპორტრის მოძრაობისა და ხელისუფლების საქმიანობის პარალიზებას ისახავს ამოცანად, დაუმორჩილებლობის მოძრაობის საბოლოო მიზანი კი პრემიერ-მინისტრ სერჟ სარქისიანის თანამდებობიდან გადადგომაა.

ოპოზიციის განცხადებით, სარქისიანმა ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა და ცდილობს ძალაუფლება რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს, გაყალბების, მოსყიდვის და დაშინების ხარჯზე.

თავად სარქისიანი სომხურ ტელეკომპანია „შანტ“-თან საუბრისას აცხადებს, რომ იძულებითი ღონისძიებების გამოყენების სურვილი არ აქვს, მაგრამ ქვეყანაში განუკითხაობას ვერ დაუშვებს.

სარქისიანი თვლის, რომ მის ხალხს გამოხატვის საკმარისი თავისუფლება აქვს, მაგრამ თუ პროტესტის ფორმა კანონთან შეუსაბამობაშია, ეს დაუშვებელია. სომხეთის პრემიერს სჯერა, რომ ხალხი სიბრძნეს გამოიჩენს და დასაშვებ ზღვარს არ გადააბიჯებს. სარქისიანი იმ ადამიანების უფლებებსაც ახსენებს მომიტინგეებს, რომლებსაც საპროტესტო მსვლელობების გამო დისკომფორტი შეექმნათ.

მოძრაობის აქტივისტები ერთდროულად ქალაქის რამდენიმე ნაწილში აგრძელებენ ქუჩების გადაკეტვას. პოლიცია ჯერჯერობით ახერხებს გადაკეტილი ქუჩების გახსნას და მოძრაობის აღდგენას. ამავდროულად, აფრთხილებს მომიტინგეებს, რომ აქცია უკანონოა და მონაწილეებს დააკავებენ, რაც პერიოდულად ხდება კიდეც.

სომხეთში უკვე დაკავებულები არიან იმ პარტიის წევრები, რომლებიც სერჟ სარქისიანის ხელისუფლების გახანგრძლივების წინააღმდეგ გამოდიან.

სომხეთის პოლიციამ მომიტინგეები გააფრთხილა, რომ მზად არის, ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენოს.

„პოლიცია ახორციელებს ყველა საჭირო ქმედებას, რაც საჭიროა დანაშაულებისა და სამართალდარღვევების აღსაკვეთად. პოლიციის მოთხოვნების შეუსრულებლობა წარმოადგენს სამართალდარღვევას, რომელიც იქნება აღკვეთილი. ამისთვის სამართალდამცველებს ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება შეუძლიათ“, - ნათქვამია სომხეთის პოლიციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რადიკალურ ოპოზიციად წოდებული პოლიტიკური ძალა სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს ატარებდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის კანდიდატურის დაყენების გამო, მაგრამ აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარქისიანი პრემიერ-მინისტრად მაინც აირჩია.

როგორც ორგანიზატორი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებამ უნდა აჩვენოს, რომ პრემიერ-მინისტრი სერჟ სარქისიანი ქვეყანაში სიტუაციას ვერ აკონტროლებს.

„ჩვენ ვიწყებთ სატვირთო ავტომობილებით გზების ბლოკირების ოპერაციას. დღეს მნიშვნელოვანი დღეა. თუ ჩვენი გეგმა შესრულდება, გამარჯვებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩება“, - განაცხადა ფაშინიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

სამართალდამცველები პერმანენტულად აკავებენ აქციის მონაწილეებს, დაკავებულებს შორის არის აქციების ერთ-ერთი ინიციატორი დავიდ სანასარიანი, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობის ბლოკირებას ცდილობდა.

ერევნის ცენტრში დაწყებული პროტესტი ახლა უკვე ქალაქის ქუჩებში გრძელდება, რადგან მთავარ მოედანზე აქცია პოლიციის სპეცრაზმებმა დაშალა. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ერევანს გაათავისუფლებენ კრიმინალური მმართველებისგან - სერჟ სარქისიანს სურს, ბიუჯეტთან ერთად მთელი ქვეყანა შეჭამოს, ამიტომ მას არ მისცემენ მართვის საშუალებას.

ექსპერტი, სოსო ცინცაძე თვლის, რომ გამორიცხული არაფერი არ არის, რადგან როგორ ჩანს, დღევანდელ აქციებს ღრმა ფესვების აქვს და უკმაყოფილებას მათში მხოლოდ პრეზიდენტი არ იწვევს. თუმცა ცინცაძე იმასაც ვარაუდობს, რომ ყველაფერზე წავა ოფიცილური სომხეთის ხელისუფლება და რუსეთიც, რომ რევოლუცია არ მოხდეს.

ექსპერტი თვლის, რომ რუსეთი ასე იოლად არ შეელევა თავის ერთადერთ მოკავშირეს სამხრეთ-კავკასიაში.

„თანაც, სახიფათო ის არის, რომ გვერდით მდებარეობს აზერბაიჯანი, რომლის პრეზიდენტიც თავის საათს ელოდება, იქ არ არის ამგვარი აქტიური სამოქალაქო პროტესტი, იქ სხვა სიტუაცია და რეალობაა, მაგრამ ის, რომ ალიევი ღიად ემზადება ომისათვის და ღიად იმუქრება, ცხადია“,- აცხადებს ცინცაძე.

სწორედ ამ დღეებში ილჰამ ალიევმა ოფიციალურად მეოთხედ დაიკავა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანამდებობა და აზერბაიჯანის კონსტიტუციასა და ყურანზე ფიცი დადო, რომ დაიცავს ქვეყნის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას.

მართალია, საერთაშორისო დამკვირვებლები აზერბაიჯანულ არჩევნებს არადემოკრატიულად აფასებენ, მაგრამ ექსპერტები თვლიან, რომ აზერბაიჯანში სულ სხვა ვითარებაა და ნაკლებად სავარაუდოა, ერევნის რევოლუციური ტალღა ბაქომაც „დაიჭიროს“.

ექსპერტულ წრეებში დიდი ხანია, გაჩნდა პროგნოზები, რომ ალიევი შეეცდება, მთიანი ყარაბაღის მიძინებული ვულკანი გააღვიძოს - სწორედ ამიტომ, საკითხავია, რამდენად ნოყიერი ნიადაგი შეექმნება სომხურ ოპოზიციას რევოლუციის მოსაწყობად, რომელიც ამ მომენტში შესაძლოა, ამ ქვეყნის შიდა ინტერესის ამსახველია, მაგრამ არახელსაყრელი და სახიფათო - საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით.