„ლომბარდში ჩადებული ქონებიდან მიღებული თანხა სათამაშო ბიზნესს ხმარდება“

„ლომბარდში ჩადებული ქონებიდან მიღებული თანხა სათამაშო ბიზნესს ხმარდება“

ქართული ეკონომიკის დამამუხრუჭებელი საბანკო სისტემის გაკიცხვის შემდეგ ლომბარდების ჯერიც დადგა. ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ბიზნესის წახალისებას ნამდვილად არ ემსახურება ის ფაქტი, რომ ლომბარდებს აქვთ უფლება, უძრავი ქონება გარანტად მიიღონ. მისი თქმით, საზოგადოებაში დაგროვილია კითხვები ლომბარდების მიმართ. ამიტომ უნდა განისაზღვოს იმ აქტივების ჩამონათვალი, რომლებიც სალომბარდე საქმიანობაში არ უნდა მონაწილეობდნენ. ეს უნდა შეეხოს არა მხოლოდ უძრავ, არამედ მოძრავ ქონებას - ავტომობილებსაც.

რას მოიტანს სალომბარდე საქმიანობის გაკონტროლება? ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე ესაუბრა.

ლომბარდების მიმართ საზოგადოების განწყობა ერთგვაროვანია, რომ ეს ბიზნესი კი არა, გაჭირვებაში ჩავარდნილი კაცის დახრჩობაა. ფაქტია, რომ ლომბარდში ოქროს ან ძვირადღირებულ ნივთს მიიტან და მისი ღირებულების მხოლოდ ნახევარ თანხას გაძლევენ. შესაბამისად, მაღალია პროცენტები. რამდენად მძიმე ტვირთად აწევს ლომბარდები მოსახლეობას და ამ თემის გააქტიურებაც არჩევნებისთვის ხალხის გულის მოგებას ხომ არ ემსახურება?

- დავიწყოთ იქიდან, რა კატეგორია მიმართავს ლომბარდებსა და მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს? მიმართავს ის კატეგორია, რომელსაც ბანკში უარი უთხრეს რაღაც მიზეზების გამო სესხის დამტკიცებაზე, ან არ მიესვლება ბანკში ე.წ. შავი სიის გამო და ცუდი გადამხდელია. ამ შემთხვევაში, მას გააჩნია მინიმალური უძრავი ქონება და მიმართავს ლომბარდს. მეორე საკითხია, რისთვის მიმართავს ლომბარდს? თუ მართლაც ბიზნესის დასაწყებად მიმართავს, ფაქტია, რომ ის თანხა, რომელსაც ლომბარდიდან აიღებს უძრავი ქონების, ავტომობილის დაგირავებით, სრულიად არ არის საკმარისი ბიზნესის დასაწყებად. თუ ლომბარდს იმისთვის მიმართავს, რომ თვიდან თვემდე თავი გაიტანოს, ირჩინოს თავი, სწავლის ან ჯანმრთელობის საფასური გადაიხადოს, მაშინ კიდევ გამართლებულია, მაგრამ ყველაზე მეტად სამწუხარო ის არის, რომ ძირითადად ლომბარდში ჩადებული ქონება და იქიდან მიღებული თანხა არამიზნობრივადაა გამოყენებული. თანხის ძირითადი ნაწილი მიდის ტოტალიზატორებზე, სათამაშო ბიზნესზე.

ცალკეული ექსპერტები ირწმუნებიან, თითქოს, თუკი ადამიანი ლომბარდში თავის სახლს გარანტიის სახით ჩადებს და იქიდან ფულს მიიღებს, ამით ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა ექნება. თუმცა მამუკა ბახტაძე არასერიოზულად მიიჩნევს დალომბარდებული სახლიდან მიღებული თანხის სასტარტო კაპიტალად გამოყენებას.

- თუ მოხდება ბალანსის დადგენა, სად მიდის ლომბარდიდან გასული თანხები, ტოტალიზატორსა და სათამაშო ბიზნესში წასული თანხები ლომბარდის თანხებს დაემთხვევა. რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის განცხადებას, მხოლოდ განცხადებით ან შემაშინებელი ტონით არ უნდა შემოიფარგლონ. თავის დროზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს დაუდგინეს საპროცენტო განაკვეთის ზედა მარჟა. საჭიროა გარკვეული რეგულაციების, ჩარჩოების გამოძებნა ლომბარდებისთვის თუ ბანკებისთვის. თორემ გაივლის ორი თვე და ეს საუბარი დარჩება საუბრად, თუ ამას არ მოჰყვა რეალური ქმედება.

უნდა არსებობდეს კანონი, ან მარეგულირებელი აქტი, რომელიც შეზღუდავს უძრავი ქონების დაბანდებას ლომბარდში. მხოლოდ ფინანსთა მინისტრი ამას ვერ გააკეთებს. თუ ბანკებზეა საუბარი, მაშინ ეროვნული ბანკი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. მთავრობის მთლიანი სპექტრის გადასაწყვეტია ეს საკითხი. საინტერესოა კიდევ ერთი მომენტი, ლომბარდში ქონებას ძირითადად რა ასაკის ხალხი აბანდებს? ცხადია, 18 წლამდე ასაკის ადამიანი ვერ დააბანდებს, რადგან მას ხელი არ მიუწვდება ავტომობილზე თუ ბინაზე. ძირითადად აქ არიან 40 წლამდე ასაკის ადამიანები და, სამწუხაროდ, ძალიან მცირე წილია მათგან ბიზნესის დაწყების.

თუკი ხელისუფლება ლომბარდებს თამაშის წესებს დაუდგენს, ხომ არ დაიწყებენ პროტესტს, რომ საქართველოში კერძო ბიზნესი ზეწოლას განიცდის?

- ჩვენ ნამეტანი გადავერთეთ ე.წ. ლიბერალური თუ არარეგულირებადი ეკონომიკისკენ. არც ერთ ქვეყანაში ასე არ არის. აშშ ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა, საბაზრო ეკონომიკის იდეალთან მიახლოებული ქვეყანა. იქაც კი არსებობს რეგულირების საკმაოდ დიდი მექანიზმი. იმის შიშით, რომ ვიღაცამ კერძო ბიზნესში ჩარევა თუ რეგულირების მაღალი დონეების დაწესება არ დაგვწამოს, პრაქტიკულად არაფერი კეთდება. ანუ მშენებლობას ვერ გააკონტროლებ, რადგან კერძო ბიზნესია, შახტაში შრომის უსაფრთხოების ნორმებს ვერ გააკონტროლებ, რადგან აქაც კერძო ბიზნესია. როგორც ლიბერალური ეკონომიკის შემომტანი საქართველოში იტყოდა, რესტორანში თუ ადამიანი მოიწამლა, იმ რესტორანში სხვა აღარ შევა და ეს არის თურმე კონტროლის მექანიზმი.

ეკონომიკის ფუნდამენტი საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებაა. ეკონომიკის მთავარი პრინციპია თითოეული მოქალაქის მაღალ დონეზე ცხოვრების უზრუნველყოფა. ამიტომ საბაზრო ეკონომიკის ეს მთავარი პრინციპი არ უნდა გადაჰყვეს ლიბერალურ ეკონომიკას.

განვითარებული ქვეყნები-ევროპა, აშშ, გარკვეულწილად, უკვე მიდიან რეგულირებისკენ, რადგან ფინანსური და სხვა სახის კრიზისიდან გამომდინარე, ისინი დარწმუნდნენ იმაში, რომ რეგულირების გარეშე არაფერი არ ხდება. რეგულირება არ ნიშნავს ვიღაცის კერძო საკუთრების ხელყოფას, ცხოვრების უფლების ჩამორთმევას და დიდ ჩარჩოში ჩასმას. სრულიად მიუღებელია, რომ ეკონომიკური ზრდა სადღაც 3-5%-ის ფარგლებში იყოს და ამ დროს საბანკო სექტორის შემოსავალი იზრდებოდეს 15-20%-ით. შარშან დაფიქსირდა მილიარდზე მეტი ზრდა მხოლოდ საბანკო სექტორში. ეს ნიშნავს, რომ ბანკები ორიენტირებულნი არ არიან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. სრულად არ ვეთანხმები ფინანსთა მინისტრს, რომ ბანკები ბიზნესის მუხრუჭები არიან, მაგრამ რეალურად ბანკი თავისი პოლიტიკით, თუნდაც სატარიფო, საგანაკვეთო, საპროცენტო პოლიტიკით, არანაირად არ უდგას მხარში ბიზნესის და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ალბათ, სხვა ქვეყნებშიც ასეა, მაგრამ ჩვენთვის საქართველოა მთავარი და ყველას თავისი ქვეყნის ბედი აღელვებს.

რამდენად მძიმეა ჩვენი მოსახლეობისთვის ჭარბვალიანობის ზრდაზე ორიენტირებული სისტემა, რის შეცვლასაც დაგვპირდა ფინანსთა მინისტრი?

- ამას წინათ ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, ჩემს დროს ბანკები ასე არ იქცეოდნენო. საბანკო სისტემამ სწორედ სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ დროს გაშალა ფრთები, რადგან ყველა ბანკს თავისი პატრონი ჰყავდა. იყო გამორჩეული ბანკები, რომლებიც აბსოლუტურად ყველას აძლევდნენ კრედიტს. ჩვენ გვახსოვს ის დრო, როდესაც წლიური განაკვეთები 25-30-36%-იც იყო. ეს ხდებოდა 2002-2009 წლებში. ახლა კი საპროცენტო განაკვეთი შემცირდა. რაც შეეხება ვალების სიდიდეს, ეს მოსახლეობის წლიდან წლამდე დაგროვილი ვალებია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ვალების დაგროვებას ხშირ შემთხვევაში მოჰყვება ფატალური შედეგები, სუიციდი და სხვა. ვისაც ვალი აქვს, ისიც პრობლემურია. ადამიანი ფიქრობს, რომ, თუ დაიმალება და არ განაცხადებს, ის ვალი ჩამოშორდება, მაგრამ გადავადების თუ შეღავათის შესაძლებლობა უნდა მივცეთ ადამიანებს. არა მგონია, ბანკები არ დათანხმდნენ ამას.

ვფიქრობ, საბანკო პოლიტიკა მამუკა ბახტაძის განცხადების შემდეგ საქართველოში შეიცვლება, მაგრამ, თუ ზეპირ განცხადებას თან გარკვეული კანონი, ან რეგულირება არ მოჰყვება, სიტუაცია უფრო გაურესდება. საქართველო ეს არის ბანკების ხელისუფლება, პრაქტიკულად, ყველა მოქალაქე მეტ-ნაკლებად დაკავშირებულია ბანკთან და იშვიათია საქართველოში ისეთი ოჯახის გამონახვა, რომელსაც ბანკის ვალი არ ჰქონდეს.

ბანკებისადმი სამართლიანი შეტევა წინასაარჩევნო პერიოდში ხომ არ ნიშნავს, რომ ბანკების მოთვინიერებაა საჭირო და ხომ არ სჭირდებათ საბანკო თანხების წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება?

- ასეთი ეჭვიც შეიძლება გვქონდეს, რომ სახელმწიფოს გააჩნია გარკვეული კოზირები, რომელსაც თანდათანობით აჩენს დამძიმებული სოციალური ფონის, საპროტესტო აქციების კვალდაკვალ. ასეთ დროს გამოდის ფინანსთა მინისტრი, იკავებს მოქალაქეთა პოზიციას და გვესმის საყვედური, რომ ბანკები ცუდად იქცევიან, ბიზნესს არ აფინანსებენ, აფერხებენ ეკონომიკას. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებაც ებრძვის ბანკებს. ასეთი კოზირები, ალბათ, კიდევ აქვს ხელისუფლებას შემონახული, მაგრამ ზეპირად, ერთჯერადი აქტით ასეთი საქმე არ გამოვა, ამას უნდა მოჰყვეს რეალური ბერკეტი. რაში სჭირდებათ წინასაარჩევნოდ თანხების მოძიება? ბანკი ყველაზე დიდი თანხის გადამხდელია. ამ შემთხვევაში, მისდამი დაყვავება და სასათბურე პირობების შექმნა უფრო უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ხელისუფლებაში იგრძნეს, რომ მთლად ასეც არ არის საქმე და სოციალურმა პროტესტმა შეიძლება უფრო ცუდი შედეგი მოიტანოს. ამიტომ ყველაზე სუსტ და ყველაზე რისხვამიმართულ სეგმენტზე- ბანკებსა და, ზოგადად, საფინანსო სექტორზე მიზანმიმართული წერტილოვანი დარტყმით გადაწყვიტეს საზოგადოების გულის მოგება.