პანკისის ხეობის მოსახლეობა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ადგილობრივები თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში შეიკრიბნენ და გიორგი კვირიკაშვილს ხეობაში ჩასვლისკენ და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდეს.
თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც სალაფიტური თემის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ითხოვდნენ გენერალურ პროკურორთან შეხვედრას, თუმცა ეს არ მოხდა. ახლა კი ითხოვენ პრემიერ- მინისტრთან შეხვედრას და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დეტალებით დაინტერესებას. როგორც მურად ალდამოვმა აღნიშნა, ხელისუფლების წარმომადგენლები თუ სხვა თემებზე მარტივად ჩადიან სოფელში, დროა მათი მოთხოვნაც გაითვალისწინონ და შეხვედრა ხეობაში შედგეს.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ თემირლანის ოჯახს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, თემირლანს მიენიჭოს უდანაშაულოს სტატუსი და დაისაჯოს ყველა დამნაშავე პირი. გასული წლის 26 დეკემბრის შემდეგ ველოდებით გამოძიების სწორად წარმართვას, მაგრამ რა ობიექტურ გამოძიებაზეა საუბარი, ერთი მტკიცებულება არ გვაქვს ნანახი, რის საფუძველზეც მოხდა ამ სახლში სპეცოპერაციის ჩატარება. ამიტომ, ამ ადგილიდან მოვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას და ამ საქმით დაინტერესებას. ჩვენ ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას, ვითხოვთ ხელისუფლებისგან ყურადღებას“, - განაცხადა მურად ალდამოვმა
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ფიქრობს, რომ გამოძიება ჩიხშია შესული და ობიექტურად არ დასრულდება. მისი თქმით, ხეობის მაცხოვრებლები ხელისუფლებას ულტიმატუმის ენით არ ელაპარაკებიან, ითხოვენ მოკლულის უდანაშაულოდ ცნობას, ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და დამნაშავე პირების დასჯას.
„აქამდე ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს, ამიტომ გამოძიების დასრულების, მით უმეტეს ობიექტურად დასრულების იმედი აღარ მაქვს. ჩემს ოჯახს მთელი ხეობა მხარში უდგას და დღესაც საკუთარი სურვილით შეიკრიბნენ. არც მე და არც სოფელი არ ვაპირებთ გაჩერებას. ჯერ არ ვიცი როგორი იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა, ამას დრო გვიჩვენებს. მე მინდა ჩემი შვილის უბედურებაში დამნაშავე ყველა პირის დასჯა“, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მოთხოვნები, რაც უკავშირდება გამოძიების ეფექტურად წარმოებას და დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, ლეგიტიმურია.
„ამ საქმესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა ძალიან ვრცლად ისაუბრა წლიურ ანგარიშში. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ოჯახის მოთხოვნები, რაც უკავშირდება გამოძიების ეფექტურად წარმოებას, მათ შორის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და ა.შ. ნამდვილად ლეგიტიმურია“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, პროკურატურამ აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება იმ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რასაც ადგილი ჰქონდა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ოჯახის სხვა წევრების მიმართ. როგორც მარიამ კუბლაშვილმა აღნიშნა, მალხაზ მაჩალიკაშვილს მოუწია საშინელი შეურაცხყოფების ატანა მისი შვილის მიმართ განხორციელებული ვანდალური აქტის პარალელურად. მისი თქმით, უნდა დაისაჯონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ის თანამშრომლები, ვინ მალხაზ მაჩალიკაშვილს და მისი ოჯახის წევრებს ასე მოეპყრნენ.
„სპეცრაზმელმა, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა, მასშტაბურ ოპერაციაზე პრაქტიკულად დაზიანებული იარაღი წაიღო. გავეცანი ბალისტიკურ ექსპერტიზას, რომელიც ჩაუტარდა იარაღს და გამოთხოვილ ნაწილს, რომელიც იყო დაზიანებული. ამ ნაწილით იარაღმა რამდენჯერმე გაისროლა და მხოლოდ ერთხელ გაჭედა. დასკვნა არის ორაზროვანი. ნაწილის დაზიანება გამოიწვია დგუშის წინა ნაწილში რგოლების არარსებობამ. ეს ძალიან საეჭვოა, ვინაიდან დაზიანება იმდენად აშკარაა, რომ გაუგებარია, რატომ გაიგზავნა ის ასეთ მასშტაბურ სპეცოპერაციაზე“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.