მარგველაშვილის შეწყალების ფილოსოფია

მარგველაშვილის შეწყალების ფილოსოფია

შეწყალების კომისიას სასჯელაღსრულების სამინისტროდან ახალი წევრი დაემატება. ასევე, შესაძლოა, შეიცვალოს შეწყალების პროცედურა. არსებული მოდელით შეწყალების კომისიის წევრები მსჯავრდებულთა საქმეებს მათთან გასაუბრების გარეშე განიხილავდნენ. შეწყალების კომისიის წევრები საქმეების ზეპირი განხილვის პარალელურად, უკვე ციხეში შესვლას და პატიმრებთან პირადად გასაუბრებას შეძლებენ და მხოლდ ამის შემდეგ მიიღებს კომისია შეწყალების გადაწყვეტილებას.

შეწყალების 13- კაციან სიაში სასჯელაღსრულების სამინისტროდან ახალი წევრის დამატების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბარნოვის ქუჩაზე სადისტური მკვლეობა მოხდა. პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა ვეფხია ბაქრაძემ საკუთარ გერს, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრა. მომხდარ ტრაგედიაზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ აღებს და ამტკიცებს, რომ ხმაური შეწყალების თემაზე და პერეზიდენტის დადანაშაულება, მხოლოდ „შავი პიარის“ ნაწილია.

თუმცა, ფაქტი ერთია - გიორგი მარგველაშვილის მიერ შეწყალებულთა უმრავლესობა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს. პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში მოხვდა მისივე ოჯახის წევრები, ცოლის ნათესავები და მეგობრები. შეწყალების კომისიამ და პრეზიდენტმა 5 წლის განმავლობაში 3617 ადამიანი შეიწყალა, აქედან 82,4% მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს. შეწყალებულებიდან 575-მა განმეორებით ჩაიდინა ისევ დანაშაული.

პრეზიდენტის შეწყალებულთა სიაში აღმოჩნდა მისი ცოლის მაკა ჩაჩუას ძმა, მიხეილ მგალობლიშვილი, რომლესაც 17 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, საიდანაც მხოლოდ სასჯელის სამი წელი ჰქონდა მოხდილი. პრეზიდენტმა ის შეწყალების წესით გაათავისუფლა, თუმცა მგალობლიშვილი დღეს კვლავ პატიმრობაშია. ამჯერად მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღების უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავება.

პრეზიდენტმა ასევე შეიწყალა მკვლელობისათვის გასამართლებული პატიმარი, გიორგი ოქროპირიძე მეტსახელად „ოქრიკა“. თუმცა, „ოქრიკა“ შეწყალებიდან მალევე დააპატიმრეს 24 წლის ლაშა მახარაძის მკვლებობის ბრალდებით.

გიორგი მარგველშვილმა შეიწყალა 2008 წელს, დიღომში, სასტიკად მოკლული მზია ბორტიშვილის მკვლელი. 2014 წელს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანისთვის რამდენიმე დღის წინ დაკავებული ირაკლი ქორიძე, რომელის მეუღლე ნატალია ჩიჩუა, პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას ბიძაშვილია. გარდა იმისა, რომ ქვეყნის პირველმა პირმა მკველობაში და ნარკოდანაშაულში მსჯვარდებული პირები შეიწყალა, მსჯავრდებული ნიკოლოზ თავაძე ისე შეიწყალა, რომ მის საქმეზე სასამართლო განხილვები დასრულებული არ იყო.

პროკურორის ინფორმაციით, არც შეწყალების კომიასიას და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციას საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუმართავს ინფორმაციის მისაღებად იმის შესახებ დასრულებული იყო თუ არა საქმეზე სასამართლოს სამივე ინსტანციაში განხილვა.

მოქმედი კანონმდებლობით, იმისათვის, რომ პირი შეწყალებული იქნას, სამივე ინსტანციის სასამართლოს მიღებული უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილება. მართალია, ვეფხია ბაქრაძის შეწყალება სასამართლოს დასრულების შემდეგ მოხდა, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ოჯხურ ძალადობას ეხებოდა. როგორც წესი, ოჯახურ ძალადობაზე და მით უფრო, როცა საქმე ქალბატონებს ეხება, შეწყალების კომისია ასეთი მსჯავრდებულების საქმეს არ განიხილავს.

მაგრამ კომისიის ეს წესი არ შეეხო ვეფხია ბაქრაძეს. მსჯავრდებულმა შეწყალების კომისიას ორჯერ მიმართა, თუმცა, როგორც for.ge-ს შეწყალების კომისიის ერთ-ერთმა წევრმა უთხრა, ბაქრაძეს შეწყალებაზე კომისიის ყველა წვერმა უარი უთხრა. ამის შემდეგ კი, შეწყალების კომისიაში მეორე თხოვნა შევიდა. ამჯერად მეორე თხოვნას თან ახლდა ოჯახის, მეუღლის სურვილი მის გათავისუფლებაზე.

საქმეს ერთვოდა მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ ის 4 შვილის მამა იყო. ბრალდებულის ყოფილი მეუღლე, ნათია გობაძე ამბობს, რომ ვეფხია ბაქრაძის ციხეში ყოფნის პერიოდში განცხადება დაწერა, თუმცა არა გათავისუფლების მოთხოვნით, არამედ მისი შვილის სოციალური დახმარების საკითხზე. ბაქრაძის მეორე თხოვნა კომისიამ გაითვალისწინა, თუმცა ერთიანი არ იყო კომისიის ყველა წევრი.

რატომ დაუშვა მოძალადის შეწყალება კომისიამ, ჩვენ ამ საკითხზე პასუხის მისაღებად შეყალების კომისიის თავმჯდომარეს, ზვიად ქორიძეს დავუკავშირდით, თუმცა მან for.ge-ს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. ჩვენი ინფორმაციით, ბაქრაძეს თანხმობა მისცა კომისიის წევრმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

for.ge შეეცადა ინფორმაცია გიგაურთან გადაემოწმებინა, თუმცა უშედეგოდ. გიგაურმა სატელეფონო ზარს არ უპასუხა. მის პრეს-სამსახურში კი ჯერ კითხვის გაგზავნა შემოგვთავაზეს, უარის შემდეგ კი დაინტერესდნენ ვინ იყვნენ ჩვენი რესპოდენტები. უარყოფითი პასუხის შემდეგ კი გვითხრეს, რომ საქმეზე კომენტარს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე აკეთებს.

შეწყალების საკითხთა კომისიის წევრი, იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია for.ge-სთან ადასტურებს, რომ პირველი განხილვაზე ბაქრაძის შეწყალებაზე ყველა წინააღმდეგი იყო. მისი თქმით, მერე მეორე განხილვაზე, როცა თავად მსხვერპლმა შემოიტანა განცხადება, კომისიამ ჩავთვალა, რომ ეს ოჯახის გადაწყვეტილება იყო, რადგან თავად დაზარალებული ითხოვდა შეწყალებას.

„როგორც კი ოჯახზე ძალადობის მუხლი ჩნდება, არც ვიხედებით შიგნით, თუკი რამე განსაკუთრებული არ არის. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული გარემოება იყო ის, რომ თავად მსხვერპლი ითხოვდა შეწყალებას და თან 4 შვილი ჰყავდა. იქ არ იყო შვილების ასაკი მითითებული. ახლა ვნახე, რომ სრულწლოვანები არიან, მაგრამ მე ჩავთვალე და ალბათ, სხვებამაც ასე იფიქრეს, რომ ბავშვები მცირეწლოვანი იყვნენ, 4 შვილი მშიერი დარჩა და რაკი ცოლი ითხოვს შეწყალებას, ჩავთვალეთ, რომ აუცილებელია ამ კაცის ოჯახში დროზე დაბრუნება“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.

კითხვაზე, მეორე განხილვაზე კომისიამ ხმათა უმრავლესობით მიიღო თუ არა გადაწყვეტილება, იურისტი ამბობს, რომ არ ახსოვს.

„ნამდვილად ვერ გეტყვით ხმების რაოდენობა როგორი იყო, მაგრამ როგორც წესი, უმრავლესობით გადის. ეს კაცი 6-7 თვით ადრე გამოვიდოდა, თუ გვიან, ამას მაინც ჩაიდენდა. შეწყალება მართლა არაფერ შუაში არ არის. გასულია წელიწადზე მეტი, ამიტომ, შეწყალებაზე აქცენტის გაკეთება არ არის უპრიანი.

ახლა გასარკვევია ასეთი კონფლიქტური სიტუაცია რომ ჰქონდათ, თუ იცოდა ვინმემ და თუ მიმართა პოლიციას, რომ შემაკავებელი ორდერი გამოეწერათ იმ კაცისთვის, ან ისევ შეებრუნებინათ ციხეში, თუ ასეთი მოძალადე იყო. ახლა ცოლი ამბობს, რომ ისე დავწერეო, ისე არავინ არ წერს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრიამ.

გამომდინარე იქიდან, რომ ბაქრაძის შეწყალებიდან დიდი დრო არის გასული, ყოფილ ომბუდსმენს, კომისიის წევრს უჩა ნანუაშვილს არ ახსოვს, კონკრეტულად ვინ რას დაუჭირა მხარი.

„გასულ წელს კომისიის რამდენიმე სხდომაზე ვერ მივიღე გადაწყვეტილება. ფიზიკურად არ ვიყავი საქართველოში და ამიტომ, გამიჭირდება ამ საკითხზე საუბარი. მთავარი რაც მახსოვს და რაც ნამდვილად ვიცი, ზოგადად ასეთ ოჯახურ ძალადობაზე კომისია იყო ძალიან მკაცრი, მაქსიმალურად უარს ვეუბნებოდით ყველას. ყოველთვის ეს პოლიტიკა იყო კომისიაში. გასულ წელს 26 ქალი იქნა მოკლული, მათ შორის 14 ოჯახური ძალადობის ნიადაგზე.

ეს ფართო და მასშტაბური პრობლემაა ქვეყანაში, ყველას და მათ შორის სამართალდამცავ სტრუქტურების და მათ შორის საპარლამენტო პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობ. პარლამენტში ორჯერ იყო შეტანილი ინიციატივა, რომ მომხდარიყო ფემიციდის დეფინიცია და სასჯელის გამკაცრება ქალთა მკვლელობების. თუმცა, პარლამენტმა ორივე შემთხვევაში ეს ინიციატივა უარყო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას უჩა ნანუაშვილი.

ბაქრაძეს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე 6-ჯერ უთხრა უარი ე.წ. უდოს კომისიამ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დახასიათება, რომელსაც აგზავნის პენიტენციური დაწესებულება, არ შეიცავს არც დადებით და არც უარყოფით შეფასებას, არამედ შეიცავს მხოლოდ იმ ობიექტური გარემოების აღწერას, რომელიც გამოიხატა კონკრეტული მსჯავრდებულის მხრიდან სასჯელის მოხდის პროცესში.

„სწორედ ამ დახასიათებაზე დაყრდნობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების კომისიის მიერ, ისე სასჯელაღსრულებაში, ე.წ. უდოს საბჭოს მიერ. ექვსჯერ იქნა ჩვენი მხრიდან უარყოფითი გადაწყვეტილება მიღებული მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მანამდე სამჯერ იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება მიღებული უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე. ანუ, ჯამში ცხრაჯერ იქნა განხილული და ცხრაგზის უარყოფითი გადაწყვეტილება მივიღეთ“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს, ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, პრეზიდენტს უნდა ჩამოერთვას შეწყალების უფლება და კომისიის მუშაობაში ჩაერთოს პროფესიული ექსპერტული კომპონენტი. მისი თქმით, პრობლემები და კითხვები, რაც შეწყალების კომისიის გარშემო დაგროვდა, უნდა დააფიქროს არა მარტო პრეზიდენტი და შეწყალების კომისია, არამედ საკანონმდებლო ორგანოც. მისი თქმით, მოსაწესრიგებელია შუა რგოლი, როგორ მიდის სია პრეზიდენტამდე.

„არ შეიძლება ამ საკითხის დატოვება პრეზიდენტების პირად მოსაზრებად და პოზიციად. არ ვარგიან ჩვენი პრეზიდენტები ამ საკითხის მოგვარებისთვის. არ ვიცი როგორ, მაგრამ საკანონმდებლო ორგანომ უნდა იფიქროს ამ საკითხზე. პრეზიდენტს ან ჩამოერთვას, ან შეეზღუდოს შეწყალების უფლება. აუცილებელია კომისიის მუშაობაში ჩაერთოს პროფესიული ექსპერტული კომპონენტი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი ამბობს, რომ პრეზიდენტისთვის შეწყალების უფლებამოსილების ჩამორთმევა, ან შეზღუდვა, შეუძლებელია, რადგან შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციური პრეროგატივაა.

„კანონით ამას ვერ შეცვლი. მაშინ კონსტიტუცია უნდა შეიცალოს. კონსტიტუციაში წერია, რომ შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივა არის. არა მარტო საქართველოში, არამედ სახელმწიფოს მეთაურების უმეტესობას გააჩნია ეს უფლება. ამიტომ ამ უფლების პრეზიდენტისთვის ჩამორთმევა, არასწორია“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას გიორგი კახიანმა.