საქართველო შავ ზღვაზე ნატოს სამხედრო ძალებთან ერთად გამოჩნდება

საქართველო შავ ზღვაზე ნატოს სამხედრო ძალებთან ერთად გამოჩნდება

საქართველოში ნატოს დღეები გრძელდება. 16 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ ინფორმირების ცენტრი, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მართავს შესაბამის ღონისძიებას, რომ გაღრმავდეს მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე და მოსახლეობამ კარგად გაიგოს ის სარგებელი, რომელსაც ქვეყანა იღებს ნატო-სთან ინტეგრირების პროცესში.

როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სწორედ ამ თანამშრომლობას მოაქვს ის სტაბილურობა, რომელიც დღეს საქართველოს აქვს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, წელს განსაკუთრებულად აღინიშნება ნატოს დღეები რეგიონებში, რაც მნიშვნელოვანია ასევე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

„უნდა ითქვას, რომ ნატო-სთან თანამშრომლობა დღეს არის უმაღლეს ნიშნულზე. უმნიშვნელოვანია ის პროგრესი, რომელიც გაგვაჩნია ძირითადი პაკეტის განხორციელების პროცესში. ასევე უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც მომდინარეობს ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან და გენერალური მდივნისგან“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ნატოსთან მიმართებაში საქართველოს პასუხისმგებლიანი პოზიცია არაერთხელ დაფიქსირდა საგარეო პოლიტიკური ვექტორებით და გადაწყვეტილებებით. საქართველოს მტკიცე მონაწილეობა ნატოს მშვიდობისმყოფელ მისიებში მნიშვნელოვნადაა დაფასებული ჩვენი პარტნიორების მიერ. ასევე, ნათლად არის დაფიქსირებული საქართველოს მზაობა ჩაერთოს ნატოს ფორმატებში, სადაც საქართველოს როლი უაღრესად მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძეს განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ნატოში გაწევრიანებას აქტიურად უჭერს მხარს. მისი თქმით, უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველომ, როგორც ასპირანტმა სახელმწიფომ, აქტიური და დინამიური ინტეგრაციული პროცესი გაიარა, რაც გამოიხატა მრავალ ყოვლისმომცველ რეფორმაში.

„გატარებული ინსტიტუციური რეფორმების წყალობით, საქართველო უპრეცედენტოდ დაუახლოვდა დასავლურ ევროატლანტიკურ სტანდარტებს. თავად ალიანსის წევრებიც ერთხმად აღიარებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს როგორც შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის, ისე დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით“, - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.

ნატოს წევრობა, რომ ქართველი ხალხის არჩევანია, ამის შესახებ საუბარობს საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ამ გზაზე საქართველოს ყველა შესაბამისი სტრუქტურა სრული მობილიზაციითა და მიზნის მნიშვნელობის სრული გააზრებით მუშაობს.

„არაერთხელ აგვიღნიშნავს, რომ საქართველოს წევრობის პარალელურად საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების დისკუსიებში ადეკვატურია და საქართველო მზად არის ამ თვალსაზრისითაც შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც უფრო სტაბილურ და დაცულ რეგიონს და სამყაროს მოგვცემს. წელს მართლაც მნიშვნელოვანი წელია, ჩვენ ვემზადებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამიტისთვის და გვაქვს იმედი, რომ საქართველოს საკითხი იქნება შესაბამისად წარმოდგენილი. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიზნისთვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მიმდინარეობს საინფორმაციო და პროპაგანდისტული ომი ნატოს და ზოგადად, დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენგან კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობას და პასუხის გაცემას მოითხოვს.

„ეს არის ის პოლიტიკური რეალობა, რომელშიც არა მარტო საქართველოა, არამედ ნატოს წევრი ქვეყნებიც. ჩვენ ყველა ვერთიანდებით იმ მიზნის ირგვლივ, რომ საზოგადოება, ჩვენი მოსახლეობა მაქსიმალურად ინფორმირებულები გავხადოთ იმ სიმართლის, ჭეშმარიტების თაობაზე, რომელსაც ჩვენ ამ ღირებულებებით გაერთიანებული ქართველებიც და ნატოს ჩვენი პარტნიორებიც ვემსახურებით“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველო თანდათან უახლოვდება ნატოს, თუმცა წევრობისთვის ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. აღსანიშნავია, რომ მაისის ბოლოს ბოლოს ბრიუსელში ნატოს სამიტი გაიმართება. თუმცა, საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი არ აქვს „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი მუჩაიძეს, რომლის შეფასებით, სამიტზე იმსჯელებენ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და არ არის გამორიცხული, საუბარი იყოს საქართველოს ჩართულობით შავ ზღვაზე ნატოს სამხედრო ძალების ყოფნასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება სხვა წინსვლას, გამომდინარე იქიდან, რომ დემოკრატიული განვითარების, სასამართლოს თავისულების და არაფორმალური მმართველობის კუთხით არ არის წინსვლა. პირიქით, გარკვეული მნიშვნელოვანი ხარვეზებია, ამ კუთხით თუ ვიმსჯელებთ, სამწუხაროდ, ჩვენ ჯერჯერობით მზად არ ვართ დემოკრატიული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ეს შენიშვნები დარჩება მანან, სანამ არ იქნება დემოკრატიული რეფორმები გატარებული, როგორიც არის სასამართლოს დამოუკდებლობა, პრესის თავისუფლება და არაფორმალური მმართველობა. ანუ, მმართველობა, რომელიც გადის ხელისუფლების გარეთ, რაც სამწუხარო ტენდენცია.

რაც შეეხება თავდაცვის მიმართულებას, ამ კუთხითაც ბევრი არის გასაკეთებელი, მაგრამ ეს არის თემა და სფერო, რომლის გამო ჩვენ ნატოში წინ არ წაგვწევენ. ახლა ჯერი სწორედ ამ დემოკრატიის განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზეა და ამაზე ბევრი რამე დამოკიდებული, რომ ჩვენს სკეპტიკურ ქვეყნებს არ დაუტოვოთ არგუმენტები იმისა, რომ მომზადებული არ ვართ და წევრობისთვის გარკვეული მნიშვნელოვანი გზა გვაქვს გასავლელი“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ მხარდაჭერა, რომელიც მომდინარეობს ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან მნიშვნელოვანია, მაგრამ სიტყვიერი მხარდაჭერის გამოხატვით შორს ვერ წავალთ, თუკი შესაბამისი ნაბიჯები არ იქნა გადადგმული.

„იმიტომ, რომ ჯერჯერობით MAP-ს ვერ ვიღებთ. ახლა ნატოშიც სრული აურზაური და ქაოსია. სირიაში ნატოს პოზიცია იყო ძალიან მშრალი და არაფრისმთქმელი. ფაქტიურად, ამერიკას მოუწია სამხედრო კოალიციის შექმნა. იმიტომ, რომ ნატოს ბევრმა სახელმწიფოებმა უარი განაცხადეს და მხარი არ დაუჭირეს ამ აქციას. ამიტომ, უკვე ნატო გამოეთიშა რეგიონალური თამაშების პროცესებს.

ფაქტიურად, ავღანეთშიც ნატომ დაასრულა მოქმედება. სიტუაცია საკმაოდ რთულია. ნატოს სამიტიდან, რომელიც ბრიუსელში უნდა გაიმართოს, დიდი მოლოდინი არ მაქვს. რამე ილუზიები ნატოსთან დაკავშირებით არ არსებობს, სამწუხაროდ, ბევრს არაფერს არ უნდა ველოდოთ. მაგრამ პოლიტიკური მხარდაჭერა აუცილებელი და მნიშვნელოვანია კომპონენტია“, - ამბობს ვახტანგ მაისაია.