„შეწყალება არის ის, რაც გასულია სამართალწარმოების სივრციდან და, რაც საზოგადოებაში სიმშვიდის დამკვიდრებას უნდა ემსახურებოდეს“

„შეწყალება არის ის, რაც გასულია სამართალწარმოების სივრციდან და, რაც საზოგადოებაში სიმშვიდის დამკვიდრებას უნდა ემსახურებოდეს“

უნდა შენარჩუნდეს თუ არა შეწყალების ინსტიტუტი, ვის უნდა ჰქონდეს შეწყალების დისკრეციული უფლებამოსილება და ვის უნდა დაეკისროს ბარნოვზე მომხდარი მკველობის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა?! ამის შესახებ For.ge-ს ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ესაუბრა.

უხეში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა, რაღაც მომენტში რადიკალურად შეიცვალა და, ზოგ შემთხვევაში, გაუმართლებლად ჰუმანური გახდა“, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა. თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტების გათვალისწინებით, ხომ არ აპირებს შს სამინისტრო კანონის გამკაცრებას? ხომ არ მიანიშნებენ ჩვენი ხელისუფალნი, რომ გაუმართლებლად ჰუმანური გახდა კანონები და ტოლერანტობის პოლიტიკა უნდა გამკაცრდეს?

- კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, რაც არ უნდა მძიმე და სამწუხარო იყოს ეს ფაქტი, სისხლის სამართლებრივი, პენიტენციალური ან შეწყალების პოლიტიკის მიბმა არასწორია. მით უმეტეს, ამგვარ ფაქტებთან დაკავშირებით ჯერ საჭიროა გამოძიების ჩატარება, განაჩენის აღსრულება. ზოგადად, როდესაც ხდება ან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების, ან შეწყალების შესახებ განცხადების განხილვა, გამართლებულად მიმაჩნია კონკრეტულ საქმეზე კონკრეტულ პირთან გასაუბრება. ეს ჩვენ გვინახავს უწინ და ამ მხრივ ძალიან დიდი პრაქტიკაა უცხოეთის ქვეყნებშიც. გადაწყვეტილების მიმღები პირი უნდა დარწმუნდეს იმაში, თუ რამდენად შესაძლებელია ამ ადამიანის რესოციალიზაცია თავისუფლებაზე მისი ყოფნის შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ ოჯახური ძალადობის აღსაკვეთად კანონები გასამკაცრებელი კი არ არის, არამედ გაცილებით უფრო ყურადღებიანი მიდგომაა საჭირო კონკრეტული საკითხებისადმი. ანუ ერთი და იგივე მსგავსი შემთხვევა შეიძლება საჭიროებდეს სრულიად რადიკალურად განსხვავებულ მიდგომას.

ერთ შემთხვევაში, შეიძლება მისაღები იყოს სასჯელის შემცირება ან პირის გათავისუფლება, ხოლო მეორე შემთხვევაში, ზუსტად ანალოგიური მუხლით გასამართლებული პირის გათავისუფლება შეიძლება დაუშვებელი იყოს.

არის ასეთი მოსაზრებაც, რომ კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით შეწყალება უარესი შედეგის მომტანია. ამიტომ საჭიროა, დავფიქრდეთ, ღირს თუ არა იმ პირთა შეწყალება, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის გამო არიან მსჯავრდებულნი?

- საერთოდ, თუ ჩვენ იმგვარად მივუდექით საკითხს, რომ კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით ავკრძალეთ შეწყალება და პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება, ეს პრაქტიკა სრულიად გაუმართლებლია. საერთოდ, რა მექანიზმია შეწყალება? შეწყალება არის ის, რაც გასულია სამართალწარმოების სივრცის სფეროდან. ეს არის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლის უფლება, რომ, ზოგადად, სამართლიანობის დამკვიდრებისა და სამართლიანობის განცდის გაღრმავებისათვის ისე, რომ ის არ შევიდეს სასამართლოს გადაწყვეტილების სისწორეში, მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს საზოგადოებაში სიმშვიდის დამკვიდრებას და გაზრდას. თუ ჩვენ ვიღებთ ამის საპირისპირო შედეგს, ე.ი. რაღაც რიგზე არ არის. მაგრამ რომ ავდგეთ და ყველაფერი ერთ საცერში გავატაროთ, სწორი არ იქნება.

დისკრეციის უფლებაზეც საუბრობდნენ და პოპულარული გახდა მსჯელობა, რომ უნდა ჩამოერთვას პრეზიდენტს ეს უფლება, ვინაიდან არაადეკვატურად დიდია პრეზიდენტის მიერ მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირთა შეწყალების ციფრი.

- ეს მაგონებს კვოტებს და კვოტებით საუბარი დაუშვებელია. ჯერ ერთი, ამის უფლება უნდა ჰქონდეს ქვეყნის უმაღლეს ხელისუფალს. მეორეც, არავითარი კვოტის დაწესება არ შეიძლება. ვინც იმსახურებს შეწყალებას, ან პირობით ვადამდელ გათავისუფლებას, ის შეწყალებულ უნდა იყოს. აქ რომელიღაც ციფრი განვსაზღვროთ და ამის მიხედვით შევიწყალოთ ადამიანები, არ შეიძლება. თუმცა აქ სხვა პრობლემაა. ცოტა მექანიკურად, ავტომატურ რეჟიმში ხდება ეს ყველაფერი. მაგალითად, არის მუხლი, არის თხოვნა, ასევე, ოჯახის წევრების თხოვნაც, არის კიდევ არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიცია და ეს ადამიანი ექვემდებარება ან გათავისუფლებას, ან დატოვებას სასჯელაღსრულებით სისტემაში. ეს არის ყველაზე არასწორი, ამაშია პრობლემა. ჩემი აზრით, შეწყალება ყველაფერზე უნდა გავრცელდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი შეიცვალა და საზოგადოებისთვის აღარ არის საშიში. მედიასაშუალებებში გაჩაღებული დისკუსია სრულიად არკომპეტენტური და ემოციებზე აგებულია და პოლიტიკური სარგებლის მიღებას ემსახურება. თუ ჩვენ გვინდა შედეგს მივაღწიოთ, ასე არ უნდა ხდებოდეს. შეწყალების საქმეში ჩართულნი უნდა იყვნენ სისხლის სამართლის სპეციალისტები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, რადგან აქ წყდება არა მხოლოდ მათი ბედი, ვინც უნდა გამოუშვან, არამედ საზოგადოების ბედიც.

თქვენ ბრძანეთ, რომ უნდა ვნახოთ, გამოსწორდა თუ არა პიროვნება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ციხეში არ ხდება ადამიანის გამოსწორება. როგორც წესი, ასეთი დანაშაულები რეციდივის სახით გამოირჩევა. ამიტომ ღირს ასეთი პირების შეწყალება?

- მაშინ გამოსავალი ყოფილა ის, რომ, თუ ადამიანი ოჯახური ძალადობისთვისაა გასამართლებული, ის არასდროს ციხიდან არ გამოვიდეს. მაშინ ამაზე ადვილი რა არის? იჯდეს სამუდამოდ ციხეში და ამით პრობლემა მოიხსნება. სინამდვილეში, ასე არ არის. ინდივიდუალიზაცია იმიტომაა საჭირო, რომ ეს ყველაფერი კარგად ჩამოყალიბდეს და გაირკვეს.

სასჯელაღრულების მინისტრი კახა კახიშვილი ძალადობის პრევენციისთვის ახალ ინიციატივას გვთავაზობს, რომ ყოფილი მეუღლეების მიმართ სატელეფონო ზარები შეიზღუდოს, როცა ეს ზარები არასასურველია. ნათია მეზვრიშვილი საუბრობს, რომ შემაკავებელი ორდერებია დასახვეწი.

- ეს კომპლექსური ღონისძიებებია, რაზეც საუბრობს ბატონი კახი კახიშვილი, ან ქალბატონი ნათია მეზვირიშვილი. ზოგად ჭრილში ამას ვეთანხმები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. აქ კომპლექსურად მოსაფიქრებელია, რა შეიძლება გაკეთდეს.

ძალადობის მსხვერპლი ქალბატონები ხშირად არ საუბრობენ მომხდარზე და, თუკი მიმართავენ შინაგან საქმეთა ორგანოებს, შემდეგ პირვანდელ ჩვენებას გადათქვამენ. როგორ უნდა დაეხმარო მსხვერპლს, თუ ის ძალადობის ფაქტს მალავს?

- თვითონ ეს თემაა მგრძნობიარე, რადგან ოჯახს წევრებს შორის ხდება ხშირად ეს ყველაფერი. აქ არის შვილების, ნათესავების ფაქტორი, ადამიანებს ეცვლებათ ხასიათი. ამიტომ ერთი საზომით მიდგომა რთულია. სამაგიეროდ, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, მას უნდა ჰქონდეს მყარი სტანდარტი, მარტო თხოვნაზე არ უნდა იყოს აგებული პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება და შეწყალება.