მას შემდეგ, რაც გედევან ფოფხაძე უმრავლესობის დატოვებით დაიმუქრა, საექსპერტო და პოლიტიკურ წრეებში უმრავლესობის დაშლის პროგნოზები გაჩნდა. მმართველ გუნდში „გარჩევები“ დაიწყო და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გუნდის წევრებს შორის ურთიერთობათა ნორმების შემოღებაზე დაიწყეს ლაპარაკი. უმრავლესობა ირწმუნება, რომ პრობლემა მალე მოგვარდება, ყველაფერი კი საბოლოოდ უმრავლესობის შეხვედრაზე გაირკვევა, რომელიც არავინ იცის როდის გაიმართება. არის თუ არა მსგავსი პრობლემა პოლიტიკური კრიზისის ნიშნების შემცველი, სხვადასხვა მოსაზრება არსებობს - მიმდინარე პროცესზე, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გვესაუბრება.
გოგა ხაინდრავა: - სასურველი არ არის, როდესაც მსგავსი სიტუაცია იქმნება. ის დეპუტატები, რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ, უნდა დაფიქრდნენ - თუ პრეტენზია აქვთ, რომ ეს ერთი გუნდი და ერთი ოჯახია, პრინციპებზე რაც ნაკლებად ილაპარაკებენ მედიასთან, რომელიც ისედაც მეტისმეტად ყვითელია, უმჯობესი იქნება. თუ საჭორაოდ აქვთ საქმე, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, სერიოზული ანალიზი და შეფასება ამ სიტუაციისა არსად შემხვედრია.
თუმცა მგონია, რომ მიმდინარე მოვლენებთან შედარებით ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია - ერთსულოვნება გუნდებში, რომლებსაც პოლიტიკური ცხოვრების დიდი ისტორია არ აქვთ, ძნელად წარმოსადგენია. ამიტომ, განსაკუთრებული არაფერი ხდება, მით უმეტეს, საქართველოში მსგავს სიტუაციებს მიჩვეული ვართ. ვფიქრობ, დრო და გამოცდილება ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს და „ქართული ოცნების“ შემადგენლობაც შემდგომში აღარ იქნება ასე ჭრელი.
ვფიქრობ, რომ დღეს პირველი პრობლემაა ის ზნეობრივი კრახი, რომელიც განიცადა პრეზიდენტის ინსტიტუტმა. დიდი ხანია, ვამბობ, რომ ეს ინსტიტუტი საერთოდ უნდა გაუქმდეს საქართველოში, რადგან ხუთივე მცდელობა კრახით დასრულდა - მგონია, ამაზე ქართული საზოგადოება სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, რადგან ის, რისი მოწმეებიც უკანასკნელ დღეებში გავხდით, საკმაოდ საფუძვლიან ეჭვებს ბადებს არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ შეწყალების კომისიის მიმართაც.
აშკარად ჩანს, რომ კორუფციის ნიშნები იკვეთება?
- ვფიქრობ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, იმიტომ, რომ ის, რასაც ვისმენთ და ვხედავთ, ყველა ზღვარს სცილდება. იმ ადამიანებსაც კარგად ვიცნობ, ვინც პრეზიდენტად წოდებული ადამიანის გარშემო არიან შემოკრებილი - ან რატომ ჰგონია მარგველაშვილს, რომ იმ გუნდის გარეშე აირჩია ვინმემ, ვინც პრეზიდენტად წარადგინა, ესეც გაურკვეველია. დამოუკიდებლად რომ ეყარა კენჭი, შესაძლოა, სახლმმართველადაც არ აერჩიათ, მაგრამ ეს სხვა საკითხია,
ვლაპარაკობ მის შემდგომ ნაბიჯებზე - თავიდანვე ნათელი გახდა, რომ ის გზა, რაც მან აირჩია, ადრე თუ გვიან, კრახით დასრულდებოდა და სწორედ ამისი მოწმენი ვართ ახლა.
არ მჯერა, რომ ის ყველაფერი, რაც ხდება, შემთხვევითობის ბრალია - მძიმე დანაშაულებთან ამგვარი დამოკიდებულება, აღარაფერს ვამბობ ნარკომოვაჭრეებზე - ეს ყველაფერი, ვფიქრობ, სერიოზულ ანალიზსა და გამოძიებას საჭიროებს.
თავად მარგველაშვილი თვლის, რომ ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის კრახი კი არა, მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიაა...
- მარგველაშვილი და მის ირგვლივ შეკრებილი სექტა რას ამბობს, ეს არავისთვის არ არის საინტერესო, მათ დამოუკიდებლად არაფერი უკეთებიათ. მთავარი ის შედეგია, რაც მივიღეთ - შეწყალებულთა შორის უამრავი მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირია, რომლებმაც დანაშაულებრივი ცხოვრება გააგრძელეს. მაინც და მაინც სადისტური მკვლელობა უნდა მომხდარიყო, რომ ეს ყველაფერი სააშკარაოზე გამოსულიყო?! მაინც და მაინც ნარკოტიკების დიდი პარტია უნდა ამოეღოთ, რომ პრეზიდენტი შეჩერებულიყო?!
უფრო შემაშფოთებელია ის როტორიკა, რითაც ის და მისი გუნდი თავის მართლებას აგრძელებს - გასაგებია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემოიკრიბა ხალხი და ამ ხალხს ლაპარაკი არ უჭირს, მაგრამ პრობლემა იმაზე დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ცხადია, ეს ქართული საზოგადოების შიდა პრობლემაა, მაგრამ ვერასდროს ვერ მოერევი გარე გამოწვევებს, თუ შიგნით არ გექნება დალაგებული საქმე. ასეთი ინსტიტუციის ხელში, რადაც გადააქცია პრეზიდენტის ინსტიტუტი მარგველაშვილმა, მანამდე კი სააკაშვილმა, გარე გამოწვვებთან გამკლავება ძალიან გაგვიჭირდება.
მარგველაშვილი, ოპოზიციის ერთი ნაწილი, მათ შორის ნინო ბურჯანაძე, აცხადებენ, რომ „ევროპულ საქართველოსა“ და ბიძინა ივანიშვილს შორის გარიგებები ხდება, ფოფხაძის არგუმენტიც ის იყო, რომ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გაიყვანეს... პოლიტიკური ცხოვრებისთვის ჩვეულებრივ ამბად ითვლება ზოგიერთ საკითხებში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება. მსგავსი გარიგება რომ ყოფილიყო კიდეც, ეს მიუღებელია?
- გამორიცხულია გარიგება, რადგან „ევროპული საქართველო“ „ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტია, რომელმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა - ამას ადასტურებს ონიანის ჩვენება, რომელმაც პირდაპირ დაადო ხელი თავის პოლიტიკურ ორგანიზაციას და აღიარა, რომ მისი დავალებით პოლიტიკური ნიშნით დევნიდნენ ოპოზიციის წევრებს, მათ მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ და ა.შ. ამ პროცესის მონაწილეები არიან ბოკერიაც, რურუაც, სააკაშვილიც და ყველანი ერთად. რომელი ერთი ჩამოვთვალო? - გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, თეთრაძის, მაისაიას და სხვა უამრავი საქმე, რომელიც სასამართლოშია, სწორედ ამას ადასტურებს! ამიტომ, ყველა, ვინც საქმიან ურთიერთობას დაამყარებს ამ ადამიანებთან, ამ დანაშაულის თანამონაწილე გახდება და ვერასდროს ვერ იქნება მმართველი გუნდი.
ანუ, როცა ოპოზიცია ამ თემაზე ლაპარაკობს, ხელისუფლების დისკრედიტაციას ცდილობს?
- სად არის ოპოზიცია? ამ ქვეყნის უბედურება და „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი საფრთხე ის არის, რომ ამ ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს. არსებობენ თვითმარქვიები, რომლებიც საკუთარ თავს ოპიოზიციას ეძახიან. ოპოზიცია ის პოლიტიკური გუნდია, რომელსაც თავისი ამომრჩეველი ჰყავს, ვინმეს ინტერესს წარმოადგენს და გარკვეულ გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ რომ არის, ვწუხვარ, ამისი თქმა რომ მიწევს გია ჭანტურიას პარტიაზე, ან კიდევ „ჩვენ თვითონ“ , „ევროპელი დემოკრატები“ და ა.შ. - ესენია ოპოზიცია?! - საკუთარი თავის გარდა ვინმეს წარმოადგენენ? ყველას ერთად აღებულს, რა ძალა აქავს და სულ რამდენი მხარდამჭერი ჰყავს? - ამიტომაც არ მგონია, რომ მათი განცხადებები ყურადსაღები უნდა იყოს და შეფასებას საჭიროებდეს.
რაც შეეხება უმრავლესობის დაგეგმილ შეხვედრას, გაჩნდა მოსაზრება, რომ მმართველი გუნდისთვის სასარგებლო იქნებოდა ივანიშვილის ჩართვა. რამდენად ჯანსაღი პროცესი იქნება, თუ პოლიტიკიდან საკუთარი სურვილით წასული ივანიშვილი მსგავსი პრობლემების გადაჭრაში ჩაერთვება?
- „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი არ ვარ და არ ვიცი, შიგნით რა პრობლემებია, ან რა უნდა გამოჩნდეს ისეთი ახალი, რაც გაგვაკვირვებს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის დიდი ხანია, პოლიტიკას გაემიჯნა და თუ არ აიძულებენ დაბრუნდეს, კარგი იქნება. რაც მან გააკეთა ქართული სახელმწიფოსა და პოლიტიკისთვის, ისედაც ძალიან ბევრია - ყველა ერთად აღებული ვერ შეძლებდა ამას.
ვფიქრობ, უმჯობესია, საკუთარ საქმეს თავად მიხედონ - ბიძინა ივანიშვილზე მუდმივად აპელირება არ მგონია, ნორმალური იყოს - ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. რამეს თუ აურევ, ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ეძახდე დასალაგებლად - ეს არ არის სწორი. ყველა თუ საკუთრი საქმით დაკავდება, ქვეყანასაც კარგად წაუვა საქმე. ყველაფრის გაკეთება ბიძინა ივანიშვილს რომ მოსთხოვო, სამართლიანი არ მგონია.