მოკლული თაკო გამრეკელაშვილის შვილები სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ არიან

მოკლული თაკო გამრეკელაშვილის შვილები სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ არიან

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის შვილების ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. შემდგომი გართულებების თავიდან არიდების მიზნით, ჯერჯერობით, ოჯახი ბავშვების ნახვისგან თავს იკავებს. არასრულწლოვნები ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან, რადგან მოკლულის 3 და 6 წლის ბიჭები არიან შეშინებულები, დაძაბულები და გაორებულები.

მოკლული თაკო გამრეკელაშვილის შვილებთან იმყოფებოდნენ კახეთის სამხარეო ცენტრის უფროსი, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. ისინი ადგილზე გაეცნენ ბავშვების მდგომარეობას და საჭიროებებს. როგორც სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია აცხადებს, პატარებს სიტუაციის არასრულფასოვანი აღქმა და ფაქტების გაორებული ხედვა აქვთ, პერიოდულად უარყოფენ მომხდარს, ზოგჯერ კი აცნობიერებენ ტრაგიკულ მოვლენას.

„სოციალურმა მუშაკმა ბავშვებთან სამუშაოდ და დახმარების აღმოსაჩენად ოჯახის წევრთა შორის შეარჩია დეიდა, რადგან მას ბავშვების აღზრდაში მნიშვნელოვანი ჩართულობა აქვს. დეიდას კითხვებს უპასუხა ფსიქოლოგმა. მისივე რჩევით, დაკრძალვის შემდეგ ბავშვებს აუცილებლად უნდა განემარტოთ სიტუაცია, რათა არ ჰქონდეთ ცრუ მოლოდინი და მათ აზროვნებას დამატებით ტრავმა არ მიადგეს. ოჯახს აქვს ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის საკონტაქტო ინფორმაცია, გაეწევა მუდმივი მეთვალყურეობა და კონსულტირება საჭიროების მიხედვით“, - აცხადებს ეთერ ცხაკაია.

ფსიქოლოგი მაკა იმანაშვილი, რომელიც მოკლულის შვილებთან იმყოფებოდა, ამბობს, რომ პატარების ფსიქოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ რთულია, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ მათ თვალწინ მოხდა ეს ტრაგედია. თუმცა, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი მდგომარეობის შესახებ დამატებით კომენტარს არ აკეთებს, რადგან ინფორმაცია ბავშვების შესახებ არის კონფიდენციალური.

„ბავშვის შესახებ ინფორმაციას ვერ მოგცემთ. ფსიქოლოგის კონსულტაცია გაეწია დეიდას, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე ახლოს არის ბავშვებთან. დეიდა ჩართული იყო ორივე ბავშვის გაზრდაში, დას ეხმარებოდა. აქედან გამომდინარე დეიდას გაეწია კონსულტაცია ამ ეტაპისთვის როგორ იურთიერთოს ბავშვებთან, როგორ აუხსნას ის რაც მოხდა და დედის გარდაცვალების შესახებ როგორ უთხრას ბავშვებს. მათ აქვთ იმის საშუალება, რომ მუდმივი კონსულტაცია იქონიონ ჩვენთან. ბავშვები მოიყვანონ, ასევე ბავშვებთან იმუშავებს ფსიქოლოგი. თუ საჭირო იქნება სოციალური მუშაკი. სახელმწიფო ყველანაირად დაეხმარება მათ, რომ როგორმე ეს ტრავმა გადალახონ“, - ამბობს მაკა იმანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა. ვეფხია ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაკავებულის ადვოკატის ლევან მარსაგიშვილის შუამდგომლობა ბარლდებულის გირაოს სახით, 20 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ. მოსამართლის განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან არაერთხელ ყოფილა ძალადობრივი აქტები გარდაცვლილის დედის მიმართ, იგი მიდრეკილია დანაშაულისკენ. მისივე შეფასებით, არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე.

ლევან მარსაგიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს, თუმცა კვალიფიკაციას, კერძოდ, დამამძიმებელ გარემოებებს არ ეთანხმება.

„ვეფხია აღიარებს ფაქტს, მაგრამ არ აღიარებს იმ დამამძიმებელ გარემოებებს, რის გამოც ეს კვალიფიკაცია მიიღო გამოძიებამ. არ აღიარებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას“, - ამბობს ლევან მარსაგიშვილი.

საქმის პროკურორის იოსებ ხუციშვილის განმარტებით, გამოძიება ამ დრომდე მუშაობს მტკიცებულებების მოპოვებაზე და საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ საქმე არსებით განხილვაზე გადაიგზავნება. ვეფხია ბაქრაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

მისი თქმით, ბრალდებული ბაქრაძე ყველა გზით ცდილობდა მოკლულის დედასთან, ნათელა გუბაძესთან შერიგებას, თუმცა ნათელა და მისი ქალიშვილი ეწინააღმდეგებოდნენ, რის შემდეგაც ნაქირავებ ბინაში მივიდა, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ნათელა გუბაძის შვილს 3 და 6 წლის ბავშვების თვალწინ.

პროკურორის მტკიცებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბრალდებულს განზრახული ჰქონდა თაკო გამრეკელაშვილის მოკვლა, რასაც ბრალდებულსა და მოკლულს შორის წინა დღით შემდგარი კომუნიკაცია მოწმობს, როდესაც ვეფხია ბაქრაძე გამრეკელაშვილს დაემუქრა.

„ბრალდებულს ჰქონდა განზრახული თაკო გამრეკელაშვილის მოკვლა, წინა საღამოს სწორედ მას დაემუქრა. შედგა სატელეფონო კომუნიკაცია გარდაცვლილსა და ბრალდებულს შორის. დაძაბულობა იყო მათ შორის იმის გამო, რომ გარდაცვლილი წინააღმდეგი იყო ბრალდებულისა და მისი დედის ურთიერთობის, კერძოდ, წინააღმდეგი იყო რომ დედამისი შერიგებოდა მოძალადეს და არ ეცხოვრა მასთან ერთად.

რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ დაუკავშირდა მოკლულის დედა შემთხვევის შემდეგ ბრალდებულს - გარდაცვლილმა და დედამისმა ტელეფონები გაცვალეს, შესაბამისად გარდაცვლილს ჰქონდა თან დედის ტელეფონი. როდესაც დედამ თავისივე ტელეფონზე დარეკა, უპასუხა ბრალდებულმა. როცა ჰკითხა: რატომ პასუხობ შენ ამ ტელეფონზეო, მან უპასუხა რომ თაკო მიწაშია“, - აღნიშნა იოსებ ხუციშვილმა.